"არ მინდოდა არანაირი სტატუსის დაწერა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რატომ? მოვერიდე ბულინგს, ავირიდე შეურაცხყოფების კასკადი, რომლითაც ასე “გვანებივრებს” საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ჰოდა, მოგმართავთ თქვენ, იმ (არა)ადამიანებს, ვინც აფთრებივით დაესიეთ ჩემს შვილს, ნინი ქარსელაძეს, თქვენ ხართ მკვლელები!
თქვენ ერთხელ უკვე სცადეთ ჩემი მოკვლა, როცა ჩემი შვილი და ოჯახი ჩართული იყო, აწ უკვე თქვენი საყვარელი ლიდერის და ერთადერთი იმედის, სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში. დიახაც, ჩემი შვილის მიმართ თქვენმა აგრესიამ და ბულინგმა დამმართა სიმსივნე! დიახ, ჩემმა ფსიქიკამ და ორგანიზმმა ვერ გაუძლო მაშინდელ თქვენს თავდასხმებს. გადავრჩი ღმერთის, ჩემი შვილის, ოჯახის, უამრავი მეგობრის და, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის წყალობით. მისი მადლიერი ვიქნებით მე და ჩემი ოჯახი სიცოცხლის ბოლო წუთამდე!
რაც შეეხება ნინის გამოგონილ სტატუსს, რომელსაც დააფრიალებთ კედლიდან კედელზე - დიახ, ნინი იღებს მონაწილეობას, ბევრ სხვა მომღერალთან ერთად, საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც იმართება რეგიონებში და ბევრ სიყვარულს ჩუქნის განსაკუთრებით ბავშვებს, ვისაც გულით უხარია ახალი წელი.
ხელები შორს ჩემი შვილისგან! განსაკუთრებით დედაკაცებო, ეკლესიის ფონზე, შვილიშვილებთან ერთად ფოტოებით!! თქვენი ბოღმა, ბოროტება, თქვენს ოჯახში დაიტოვეთ!
დაბოლოს, ამ დედამიწაზე ყველაზე კარგი შვილი მყავს, სიკეთით, სიყვარულით სავსე! ნინი ქარსელაძე, მიყვარხარ და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ღმერთს მადლობას შევწირავ, რომ შენი თავი გამომიგზავნა! ვამაყობ შენით, ჩემო",- წერ ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში.
ხათუნა ჟორდანიამ შვილის, მომღერალი ნინი ქარსელაძის შესახებ ვრცელი წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ბოლო დღეების მანძილზე სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ქარსელაძის მონაწილეობას მთავრობის მიერ დაგეგმილ საახალწლო კონცერტებში
ნინი ქარსელაძესთან ერთად ამ სხვადასხვა რეგიონში გამართულ კონცერტებში "ქუჩის ბიჭები", ნუცა ბუზალაძე, თაკო გაჩეჩილაძე და სხვა ქართველი მომღერლებიც მონაწილეობდნენ. ზოგიერთმა მათგანმა კი ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე უარი ამ ღონისძიებებში ჩართვაზე საჯაროდ განაცხადა, მათ შორის, ნინი ბადურაშვილმა, ანრი ჯოხაძემ, ვერიკო ტურაშვილმა და სხვებმა.
28 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, შედეგებმა კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე.
კობახიძის განცხადებას მალევე მოჰყვა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. აქციები დღემდე გრძელდება და მედია აქტიურად აშუქებს სპეცრაზმის მიერ პროტესტის მონაწილე ადამიანებზე ძალადობის, დარბევის, მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტებს.
საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას.
2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა...გაგრძელება