_ ნაცნობია, ჩვენი ახლობელი, უნდა შევხვდე.
_ მეც წამოვალ, ცოტა გვიან ისევ ჩამოვიდეთ, _ თქვა მაიამ, ადგა და სილა ჩამოიფერთხა.
_ შენ დარჩები? _ ლუკას მივუბრუნდი.
_ კი, _ მიპასუხა ლუკამ და საყვედურით სავსე მზერა მესროლა.
_ გნახავ! _ ორაზროვნად ვუთხარი და ვაგრძნობინე, შეხვედრა არ გადამიფიქრებია-მეთქი.
_ რა თქმა უნდა, _ უნდობლად ჩაილაპარაკა და ნაძალადევად გამიღიმა.
მობიდურის ნომრები გავცვალეთ, რომ ყოველი შემთხვევისთვის, შევხმიანებოდი.
მაიაც დაემშვიდობა ლუკას და ქალებმა სანაპირო დავტოვეთ. უკან არ მიმიხედავს, ვიცოდი, ლუკა თვალს მაყოლებდა. ახლა არ მინდოდა მისთვის შემეხედა.
გია დანიშნულ ადგილზე დამხვდა, გადავკოცნეთ ერთმანეთი. მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ შევხვედრივარ. მას ეს არ გამოპარვია.
_ არ უნდა ჩამოვსულიყავი, არა? _ დაღვრემილად მკითხა, თან მაია მოიკითხა.
_ არა, რატომ. ეს ზღვა მარტო ჩემთვის კი არ არის, საზოგადოებრივია, _ გავიცინე.
_ სად ხართ გაჩერებული?
_ აი, იმ სახლში, _ თითი გავიშვირე ჩვენი ბინისკენ.
_ მე ცოტა ქვევით ვარ, ახალი კერძო სასტუმრო რომ აშენდა, თეთრი ფერის შენობაში.
_ ვიცი, კარგი ადგილია.
_ რა ვქნათ, გავისეირნოთ სადმე? მანქანით ვარ.
_ ვიცი, მანქანით რომ ხარ, მაგრამ ძალიან დავიღალეთ. მთელი დღეა ნაპირზე ვყრივართ. ცოტა თუ არ წავუძინე, შეიძლება მოვკვდე. იქნებ მოგვიანებით შევხვდეთ?
გიას ნირი წაუხდა, სახე შეეცვალა ამის გაგონებაზე, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია.
_ მოგვიანებით იყოს. მითხარი, სად და რომელ საათზე.
_ შვიდზე აქ გამოვალთ მე და მაია. კიდევ ერთი ჩვენი ახლობელი იქნება, შენ არ იცნობ. ერთად ვივახშმოთ.
_ კარგი, შვიდზე აქ დავერჭობი, თუმცა რაღა დარჩა იქამდე, _ თქვა და გატრიალდა.
_ გია, _ დავუძახე.
შედგა და მოიხედა.
_ არ გეწყინოს, რა, კარგი? მართლა ძალიან გადავიღალე.
_ არა, რა სისულელეა, არა გრცხვენია? ჩვენ შორის ეგეთები არ მოსულა, _ ცივად გაიღიმა და მანქანის კარი გამოაღო…
7 7 7
ძალაგამოლეული მივესვენე საწოლზე. რა ვქნა, რადგან გია ჩამოვიდა, აღარ მომეშვება, წარამარა ჩვენ გვერდით იქნება. არა უშავს, საღამოს ლუკასაც წამოვიყვან და… გია მიხვდება ალბათ, რომ ლუკა ვიღაც არ არის და იქნებ დამანებოს კიდეც თავი. როგორმე უნდა გადავაყვარო ამ ბიჭს თავი, უარი უნდა ვათქმევინო ჩემს სიყვარულზე. სხვანაირად საბასთან ურთიერთობის გაგრძელება ილუზია იქნება და მეტი არაფერი. გამოჩნდება კი საბა? ეყოფა ძალა, დაძლიოს «კაცური მომენტი»? ძმაკაცს «ქალს» ხომ არ «დააწერს»? მინდა კი საბას სიყვარული? ახლა ხომ ლუკა გამოჩნდა. ცოლმა მიატოვა, ქარივით თავისუფალია. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან, დიდი ხანია, ვიცნობ, მისი ყველა თვისება ვიცი, მას კარგად ვეწყობოდი. მშვენიერი წყვილი ვიქნებით. გიასთანაც არ მომიწევს ახსნა-განმარტება და თავის მართლება. ლუკა მაინც არ არის მისი ნაცნობი და ჯგუფელ-მეგობარი, რომ რამეზე საყვედური მითხრას. ამ ფიქრებით ვინუგეშებდი თავს.
ექვს საათზე მაიამ შემახსენა, თავი მოიწესრიგე, ერთ საათში უნდა გავიდეთო. ზლაზვნით ავდექი. სულაც არ მქონდა გიასთან ვახშმობის სურვილი, მაგრამ თავს ძალა დავატანე, ახლა სხვანაირად არ შეიძლებოდა. ლუკასაც დავურეკე, გამოდი, ერთად ვივახშმოთ-მეთქი. ღამის შეხვედრა ხომ არ გადაიფიქრეო, მკითხა. არაფერი შეცვლილა, როგორც შეგპირდი, ისე იქნება-მეთქი.
რვის ათი წუთი იყო, მე და მაია «პაემანზე» რომ გამოვცხადდით. ლუკა და გია ერთმანეთის მოშორებით იდგნენ და გველოდნენ. მამაკაცები ერთმანეთს გავაცანი. გია მტრულად შეხვდა უცნობ მეტოქეს. არც ლუკას შეტყობია აღფრთოვანება. აშკარა იყო, მათ შორის ფარული ომი დაიწყო…
გიამ თავი გაიგიჟა, სასტუმროს რესტორანში შევიდეთ, მე გეპატიჟებით, კარგი დრო უნდა გაგატარებინოთო.
_ გია, მე დიდხანს ვერ დავრჩები, ცხრა საათზე სახლში უნდა ვიყო, _ მკაცრად გავაფრთხილე.
_ იყავი მერე, ვინ გიშლის. იქამდე ჯერ ორი საათია დარჩენილი. ნუ მეწინააღმდეგები, მე ვიცი, სადაც გეპატიჟები. ნახავ, წამოსვლა არ მოგინდება.
რას გავაწყობდი, დავთანხმდი. ლუკამ შორს დაიჭირა ჩვენთან ერთად ვახშმობა, თბილისში მაქვს დასარეკი, უნდა დაგტოვოთ, მოგვიანებით შემოგიერთდებითო. მივხვდი, რატომაც გაგვერიდა. რადგან გიამ თავის თავზე აიღო ჩვენი გამასპინძლება, თვითონ ვერ გაიკრავდა ჯიბეზე ხელს, ამიტომაც გაცლა ამჯობინა. გული დამწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მალე ვნახავდი, მაინც მოვიწყინე. არ გინდოდა ორი საათი გიას გაძლება? მაშინ, როცა წინ გადამწყვეტი შეხვედრა მელოდა _ ჯერარგანცდილი, იდუმალი, მაგრამ ალბათ სასიამოვნო…
* * *
უხასიათობა მაშინვე შემეტყო. გიამ ეს ადვილად შეამჩნია, ამიტომაც «სვლები» შეცვალა. ძალიან ბანალურ ხერხს მიმართა, თუმცა ამან მხოლოდ გამახარა, რადგან საბაბი მომეცა, ადვილად დამეძვრინა თავი დანიშნულ დროზე. რა იყო მისეული მეთოდი? მაიკოსთან გააბა ფლირტი. თავს ევლებოდა, კომპლიმენტებს არ იშურებდა, ისე იქცეოდა, თითქოს მე არც კი მამჩნევდა. მაია გაოცებული მიყურებდა. მე თვალი ჩავუკარი, ვანიშნე, შენც აჰყევი-მეთქი. გია მიხვდა, რისი თქმაც მინდოდა და… სმას მოუმატა. მე ლუკმა არ გადამდიოდა ყელში. ისე ვნერვიულობდი ლუკასთან შეხვედრის გამო, ადგილს ვერ ვპოულობდი.
_ რატომ აქამდე ვერ შევამჩნიე, შენ რომ ასეთი ლამაზი თვალები გქონდა, მაიკო? _ ხშირ-ხშირად იმეორებდა გია ამ ფრაზას, თან თვალს ჩემკენ აპარებდა.
მე არაფერს ვიმჩნევდი, ჩემთვის ვწრუპავდი ანანასის წვენს.
_ მაგდა, შენ რატომ არაფერს ამბობ, ჩუმად რატომ ზიხარ? _ ახლა მე მომიტრიალდა გია.
_ მგონი, მაიკოსთანაც მშვენივრად გრძნობ თავს, _ ნაზად გავუღიმე და ნიშნისმოგებით წარბები ავწკიპე.
_ რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. ასეთი ლამაზი გოგო, პირდაპირ მიკვირს, როგორ გამომრჩა მხედველობიდან, _ გია ხაზგასმით ამბობდა ყველა წინადადებას.
_ ფართოდ უნდა გაახილო თვალები, _ მწარედ ვუკბინე.
_ ჰოდა, ვახელ, ხომ ხედავ… გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ, _ გიას სასმელი საკმაოდ მოეკიდა.
მას ნაკლებად ვუსმენდი და წარამარა მობილურის ეკრანზე დამონტაჟებულ საათს დავცქეროდი, რომ დროზე გავცლოდი ამ მასკარადს.
_ რაღაც ხასიათი გაგიფუჭდა, თან არაფერს ჭამ, არც სვამ, რამე ხომ არ გეწყინა? _ ირონიულად მომმართა გიამ.
_ არა, რა უნდა მწყენოდა. გადასარევ ხასიათზე ვარ.
_ რომ არ გეტყობა? _ ჩამაცივდა მამაკაცი.
_ უბრალოდ, დღეს ძალიან დავიღალე და გამოძინებაც ვერ მოვასწარი. ყველაფერი ამის ბრალია.
_ მაგდამ დღეს ცუდი სიზმარი ნახა. როგორც ჩანს, ამას განიცდის, _ «მიშველა» მაიკომ.
_ მართლა? ვინ დაგესიზმრა?
_ შენ, _ მივახალე და თვალი თვალში გავუყარე.
_ მე-ე? _ საჩვენებელი თით მკერდზე მიიდო გიამ, _ არ არსებობს, პონტია!
_ ნამდვილად შენ დამესიზმრე. თუ გინდა, მაიას ჰკითხე.
_ მოიცა, მოიცა, _ შეცბა გია, _ როგორ დაგესიზმრე?
ჩამეცინა.
_ რომ მოგიყვე, გუნება გეცვლება, ჯობს, არაფერი ვთქვა, _ თითები მაგიდაზე ავათამაშე.
_ მოყევი, იმაზე მეტი რა უნდა დამემართოს, რაც მჭირს.
_ კარგი, მოვყვები და მერე წავალ, უნდა დავიძინო, _ ვთქვი, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და მოკლედ მოვყევი.
_ მე უფსკრულში ვიჩეხებოდი, შენ კი… უკანმოუხედავად გაიქეცი, _ კისკისი ამიტყდა.
მაია გაფითრდა. არ ეგონა, ასე უმოწყალოდ რომ მოვიტყუებდი.
არც გიას დადგომია უკეთესი დღე. სახე მოეღუშა, ნაკვთები გაუმკაცრდა. ხელები მოკუმა და მაგიდას ჩააშტერდა. კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. მე კმაყოფილი შევყურებდი ამ სცენას. მაიამ საწყალობელი მზერა მესროლა, რას აკეთებო.
ბოლოს გიამ თავი ასწია, ჯერ მაიას შეხედა, მერე _ მე და ხმადაბლა თქვა.
_ შეუძლებელია, შენს სიზმრებში მე მთავარი მოქმედი გმირი ვყოფილიყავი. შეუძლებელი კი არა, გამორიცხულია. თუ მართლა ასე იყო, ალბათ… _ და შეყოვნდა.
_ რა, ალბათ? _ დაკონკრეტება მოვითხოვე.
_ ალბათ შენ მომეცი ამის საბაბი.
_ კარგი, რა, გია, გეხუმრე, რა ყველაფერს იჯერებ, არ გრცხვენია? _ ისევ ავკისკისდი.
გაოცებული მზერით შემომხედა.
_ შენი აზრით, ეს სახუმარო თემაა?
_ არ მეგონა, თუ ასე გულთან მიიტანდი ჩემს ხუმრობას, თორემ როგორ ვიზამდი მაგას, _ მხრები ავიჩეჩე და წამოვდექი, _ მე წავალ, მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ. იმედია, კარგ დროს გაატარებთ… უჩემოდ, _ დემონსტრაციულად გადავიკიდე ჩანთა და თავაღერებული გავშორდი მაგიდას.
ესეც ასე. დარჩეს მაიკოსთან და იფლირტაოს, რამდენიც უნდა. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი. ისე, მშვენიერი წყვილია, რას ვერჩი. როგორც ჩანს, მაინც მომხვდა გულზე გიას საქციელი. რა იზამ, ასეთი ვართ ქალები. შეიძლება ვიღაც ან რაღაც ჩვენთვის არ გვინდა, მაგრამ არც სხვისთვის გვემეტება. ცუდად გამომივიდა.
გარეთ გამოვედი. ცხელოდა. ნელა დავუყევი ქუჩას. ათი წუთი დარჩა შეხვედრამდე. ლუკა არ მირეკავდა. გასაგები იყო მიზეზი _ ის ჩემგან ელოდა ზარს. ხუთი წუთი რომ დააკლდა ცხრას, დავურეკე. პირველსავე ზარზე მიპასუხა.
_ გადაიფიქრე?
_ არა, მოვდივარ. სად ხარ?
_ შენი სახლის წინ გელოდები.
_ სად მივდივართ?
_ ისეთ ადგილას, ვერავინ რომ მოგვაგნებს.
დამფრთხალი ხმა ჰქონდა. შემეცოდა, იგი უკანასკნელ წუთამდე არ დაიჯერებდა, რომ არ ვატყუებდი და მასთან დაწოლაზე თანახმა ვიყავი.
… კარგა ხანს მიცქერდა დაკვირვებით.
_ რატომ მიყურებ ასე?
_ არ მჯერა, რომ გადაწყვიტე, _ თქვა და მკლავში ჩამავლო ხელი.
_ რატომ?
_ არ ვიცი, ასე მგონია, ბოლო წუთებში მაინც გადაიფიქრებ.
_ წავიდეთ, _ მტკიცედ ვთქვი და გზა განვაგრძე.
_ მოიცა, მანქანას გავაჩერებ.
_ არ გვინდა მანქანა, ფეხით გავიაროთ.
_ შორი მანძილია გასავლელი, დრო დაგვეკარგება.
_ კი მაგრამ, ასეთ ადგილას სად მივდივართ?
_ ვაგზალთან ავიღე ერთი ოთახი.
_ გასაგებია, მაშინ მანქანით აჯობებს.
გაგრძელება იქნება