ავა გარდნერი 1940-იანი და 1950-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ამერიკის კინოინსტიტუტის ვერსიით იგი ჰოლივუდის ყველა დროის უდიდეს კინოვარსკვლავთა სიაში 25-ე ადგილს იკავებს.
ადრეული ცხოვრება
მომავალი მსახიობი ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა, ფერმერების ოჯახში და იყო მეშვიდე, უმცროსი შვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ ავა შევიდა ატლანტიკის ქრისტიანულ კოლეჯში, სადაც მდივნის პროფესიას დაეუფლა. იმ დროს გოგონებს იშვიათად შეეძლოთ მეტის მიღწევა. 1941 წელს, 18 წლის გოგონა ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც მისი ერთ-ერთი უფროსი და ცხოვრობდა. დის ქმარი ფოტოგრაფი იყო, მან ავას რამდენიმე სურათი გადაუღო და თავისი ატელიეს ფანჯარაში გამოფინა. ფოტოები MGM-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნახა და მალე გარდნერი გასაუბრებაზე მიიწვიეს.
კარიერის დასაწყისი
18 წლის ასაკში ავამ MGM-თან გააფორმა კონტრაქტი. კონტრაქტის თანახმად დამწყებ მსახიობს კვირაში 50 დოლარს გადაუხდიდნენ.
პირველი ხუთი წლის განმავლობაში, მას ეპიზოდურ როლებს აძლევდნენ . ფართო პოპულარობას 1946 წელს მიაღწია, ფილმში "მკვლელები". 1950-იან წლებში ეკრანზე გამოვიდა ფილმები: "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა" და "მოგამბო". პარალელურად, მსახიობს ახალი ტიტული „დედამიწაზე ყველაზე ლამაზი არსება“ დაერქვა.
1960-იან წლებში მისმა კარიერამ დაკნინება დაიწყო. ბოლო მთავარი როლი შედგა ფილმში "იგუანას ღამე", რომელიც 1944 წელს გამოვიდა. ამ როლმა, გარდნერს ოქროს გლობუსის ნომინაცია და სან სებასტიანის კინოფესტივალზე პრიზი მოუტანა.
პირადი ცხოვრება
ავა გარდნერს სამი ქმარი ჰყავდა, რომანები - ბევრად მეტი ჰქონდა. ავა ცხოვრებით ტკბებოდა. იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც მას სხვადასხვა ხანგრძლივობის ურთიერთობა ჰქონდა, არიან მილიარდერი ჰოვარდ ჰიუზი, მუსიკოსი მელ ტორმი, მსახიობი რობერტ ტეილორი, პოლიტიკოსი ჯონ კენედი და მრავალი სხვა.
1950 წელს ოცდაექვსი წლის ავა გარდნერი და ოცდაცამეტი წლის ფრენკ სინატრა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ამ დროისთვის გარდნერი უკვე ცნობილი კინოვარსკვლავი იყო და მას „მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მტაცებელს“ ეძახდნენ. გარდნერი მეორე ქმართან, სახელგანთქმულ კლარნეტისტ არტი შოუსთან ერთად უკვე აღარ ცხოვრობდა, თუმცა ოფიციალურად გაყრილები არ იყვნენ. გარდნერმა ფრენკ სინატრა გაიცნო ფილმის „ჯენტლმენები ქერებს ამჯობინებენ“ პრემიერაზე. მომრეალმა პირველი დანახვისთანავე მოხიბლა გარდნერი.
ქორწილი ფილადელფიაში გადაიხადეს, თაფლობის თვე მაიამიში გაატარეს. ისე ჩქარობდნენ, რომ ბარგი დაავიწყდათ. ავამ საქორწინო საჩუქრად წაულის ქურქი მიიღო საფირონისთვლიანი შესაკრავით, ფრენკმა - ოქროს მედალიონი ავას ფოტოთი. ერთად 6 წელი გაატარეს, დაშორდნენ, მაგრამ მეგობრებად დარჩნენ.
სიცოცხლის ბოლო 20 წლის განმავლობაში გარდნერი ლონდონში ცხოვრობდა. იგი 1990 წელს, პნევმონიით გარდაიცვალა.