„ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ… 21-ში 7 საათიდან ვიყავი დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც სტუდენტებს ვუმღერე რამდენიმე სიმღერა…“ – ასე ეხმაურება მომღერალი, თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მან სამთავრობო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მას ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მონაწილეობა არ მიუღია.
მომღერალი „ინსტაგრამზე“ წერს, რომ დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა სადაც სტუდენტებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა:
„ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ… 21-ში 7 საათიდან ვიყავი დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც სტუდენტებს ვუმღერე რამდენიმე სიმღერა… სამწუხაროდ არ მაქვს სუპერ ნიჭი, რომ 2 ადგილას ერთდროულად ვიყო, თუმცა ქართველ ხალხს აქვს ნიჭი, გაგანადგუროს, დაგაგდოს და გადაგიაროს დაუსაბუთებლად“ – წერს ჯამბურია“ – წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში.
თიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.