ბრენდმა River Island-მა, ბრიტანელ დიზაინერ Georgia Hardinge-თან ერთად, კაფსულის კოლექცია წარმოადგინა, მაგრამ ინგლისელებმა ვერ შეძლეს, სათანადოდ შეეფასებინათ მოდელიერის ნიჭი: როგორც კი ლუკბუკი საზოგადოების სამსჯავროზე გაიტანეს, ბრენდს მაშინვე წარუდგინეს ბრალდება.
ადრე თუ გვიან ყველა მოდური ბრენდი იმსახურებს კრიტიკას საკუთარი სარეკლამო კამპანიების გამო. მოდელების ძალიან ახალგაზრდა ასაკი, ქალების სექსუალიზაცია, ზედმეტი წონის ან პირიქით, ანორექსიის პროპაგანდა, – ეს ბრალდებებია ძირითადად ცნობილი ბრენდების წინააღმდეგ წაყენებული.
ამჯერად ბრიტანულ მარკას, River Island-ს ადანაშაულებენ. მისი ახალი კოლექციის ლუკბუკმა, რომელიც მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გამოვა, დიდი ხმაური გამოიწვია.
ძლივს შესამჩნევი წელი, ჩამოყრილი მხრები და ხელები, უფრო ხის ტოტებს რომ მოგაგონებთ, - მოდელი, რომელიც ახალი კოლექციის რეკლამას აკეთებდა, იმდენად მინიატურული აღმოჩნდა, რომ მარკის მომხმარებლები აღშფოთდნენ. სარეკლამო კამპანიის მოწინააღმდეგეები განსაკუთრებით იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ მოდის სამყარო ჯერ კიდევ ნული ზომის მოდელების დამღუპველი გავლენის ქვეშ იმყოფება.
ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა სარეკლამო კამპანიის მოწინააღმდეგეებს მხარი აუბა და ბრენდის რეკლამას ანორექსიის პროპაგანდა უწოდა. "იმედს ვიტოვებთ, რომ ბრენდისთვის ეს გაკვეთილი იქნება. მათი კოლექცია ჯანმრთელ სხეულზე ბევრად მომხიბვლელი გამოჩნდებოდა " – ნათქვამია სტატიაში.