„თქვენ თუ გველის წელში დაიბადეთ, იცოდეთ, რომ ბუნებამ თანდაყოლილი ნებისყოფით, ინტუიციით და გამჭრიახობით დაგაჯილდოვათ… – ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ ადამიანებს. მოდელი კრისტი ყიფშიძე გველის წელიწადშია დაბადებული და ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს ასტროლოგიის შესახებ.
კრისტი ყიფშიძის ინტერვიუ:
– გველის წელში დაბადებული სასწორი ვარ. ოჯახში ბევრი გველი ვართ. გველის წელშია დაბადებული ნატალია, გიორგი, ზურა, ლენუკას შვილი. კი მერიდება, მაგრამ გეტყვით, როდესაც პირადი რუკა შემიდგინეს, მითხრეს, „ბრძენი ლამაზმანი” ხარო და ძალიან მესიამოვნა. ყოველთვის მირჩევნია, მითხრან, „რა ჭკვიანი ხარ”, ვიდრე „რა ლამაზი ხარ”, ეს სიტყვები ბოლო დროს ძალიან გაუფასურდა.
– რა განცდით შეეგებე 2025 წელს?
– ვიცი, კარგ ამბებს მოგვიტანს. უკვე აღვნიშნე, ოჯახში ბევრი გველი ვართ. რომ დავორსულდი, 2000 წელი იყო და შემდეგ წელს მოდიოდა გველის წელი. მეც და გიორგისაც გვიხაროდა, რომ ჩვენი შვილიც ჩვენს წელში იბადებოდა. სხვათა შორის, ნატალიასაც აქვს სურვილი, რომ შვილი გველის წელში გააჩინოს. გამიგონია, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსებიც ასტროლოგებს რჩევებს ეკითხებიან, გეგმავენ შეხვედრებს, საჯარო გამოსვლებს… ჩემთვის ეს სფერო ასეთი მნიშვნელოვანი არ არის, ამით ცხოვრებას ვერ დავგეგმავ, მაგრამ ვთვლი, რომ ცოდნაში ცუდი არაფერია.
კრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე ძველი თაობის იმ მოდელებს მიეკუთვნება, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობას დღემდე აქტიურად აგრძელებენ. კარიერა 30 წლის წინ დაიწყო - მისი სახელი ყველასთვის ცნობილია. გამორჩეული გარეგნობის გარდა, ძალიან დიდ ყურადღებას იქცევდა მისი პირადი ცხოვრებაც.
"დავიბადე თბილისში, ეს ჩემი საყვარელი ქალაქია. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ცხოვრება თბილისის გარდა სხვაგან არ შემიძლია. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, კარგი მოსწავლე ვიყავი. მოდელობაზე არასდროს მიოცნებია. სკოლის პერიოდში სპექტაკლებში მიმიღია მონაწილეობა და სცენა ძალიან მიყვარდა.
1994 წელს დავიწყე სამოდელო კარიერა. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მეგობარმა შემომთავაზე ჩვენებაზე გამოსვა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და დაუჯერებელი შემოთავაზება იყო. მაშინ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა იყო, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის კარგი გამოწვევა იყო და მაშინვე დავთანხმდი.
ჩვენებაში ჩემთან ერთად ლიკა ქავჟარაძე გამოდიოდა. კარიერაში წარმატება თავისით მოდიოდა. რა თქმა უნდა, ნიჭი, გარეგნობა და შრომისმოყვარეობაც უნდა გქონდეს. მუშაობა არასდროს მეზარებოდა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ბედნიერებას მანიჭებს" - ამბობდა კრისტი ყიფშიძე.