მსახიობი ეკა ნიჟარაძე ჟურნალ „გზასთან“ სოფლის ცხოვრების შესახებ საუბრობს, რომელიც კახეთში აქვს…
– საქართველოში როგორია თქვენი ცხოვრება, ყოველდღიურობა?
– გარკვეულ დროს სოფელში, გარკვეულ დროს კი აქციებზე ვატარებ… სოფელ ართანაში სახლი 2016 წელს ვიყიდე, მაგრამ სამწუხაროდ, ვენახის გარდა, პანდემიამდე ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე. პანდემია რომ დაიწყო, მაშინ მივხვდი, ეს ჩემი ოცნების სახლი ძალიან მჭირდებოდა. ამიტომაც კრედიტი ავიღე და სახლი ნელ-ნელა იმ დონემდე მივიყვანე, იქ ცხოვრება რომ შესაძლებელი ყოფილიყო. მოგეხსენებათ, დიდი ოჯახი მყავს: შვილები, შვილიშვილები…
– ყველაზე მეტად ვინ გიჭერდათ მხარს?
– ჩემი შვილები, რომლებიც სულ გვერდით მიდგანან… მანამდე სოფელთან შეხება არ მქონია, არანაირი გამოცდილება არ გამაჩნდა. ბავშვობაში რვა წელი გარიყულაში ვისვენებდი, მაგრამ იქ მხოლოდ დასვენება და გართობა მიწევდა. ვგიჟდებოდი, იმდენად მიყვარდა იქ ყოფნა, ეს დიდი სიყვარული დღემდე მომყვება. ამიტომაც, ყოველთვის მინდოდა, ჩემი სახლი მქონოდა, სადაც ჩემი შვილები, მეგობრები ჩამოვიდოდნენ. რაც მთავარია, თავად ვიქნებოდი იქ, სადაც თავს კარგად ვიგრძნობდი.
– სოფლის რა საქმის შესრულება მოგიხდათ, რომელიც მანამდე არ გაგიკეთებიათ და ვერც წარმოიდგენდით, თუ შეძლებდით?
– დედაჩემი რომ მირეკავს, სულ ვპასუხობ, რომ რაღაცას ვაკეთებ… აბსოლუტურად სწორად არის ნათქვამი, რომ სოფელში სულ საქმეა. როცა ჩადიხარ, აბლაბუდა, მტვერი გვხვდება, სახლი სულ რომ ორი დღით დატოვო, მაინც ასეა. სანამ ერთ ოთახს დავალაგებ, მეორეში რომ გავდივარ, უკვე აბლაბუდებია, რაც ბავშვებს ძალიან არ მოსწონთ. ზამთარშიც კი ბევრი საქმეა, მიუხედავად იმისა, რომ გარე – ბოსტნის, ვენახის – სამუშაოები მოლეულია. თითქოს უნდა დაისვენო, მაგრამ ასე არ არის, შეშა უნდა შემოზიდო, ღუმელი ან ბუხარი აანთო, ათასი რამეა…
– სახლს ღუმლით ათბობთ?
– მაქვს ცენტრალური გათბობა, მაგრამ ძალიან ძვირია. წარმოუდგენლად დიდი გადასახადი მოდის. ეტყობა, გაზი არ არის კარგი ხარისხის. თბილისში რა გადასახადიც მოდის, იმას ბევრად აღემატება და რთულია. თან ისე ვერ ათბობს, როგორც ღუმელი ან ბუხარი. სვანური ღუმელი მაქვს, რომელიც ანთებისთანავე საოცარ სითბოს და სიმყუდროვეს ქმნის.
– ზამთარშიც სოფელში ხართ?
– დიახ, თუ საქართველოში ვარ, ზამთარშიც სოფელში გახლავართ…
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ეკა ნიჟარაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. მას არაერთ ცნობილ ფილმსა და სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც თავად ამბობს, მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა და გადაწყვეტილება ბოლო კლასში მიიღო. ეკა ნიჟარაძე მეუღლესთან, მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად კახეთში, სოფელ ართანაში ცხოვრობს.