ქეთა ბაღაშვილი ქალებისთვის ყველაზე სასარგებლო და საყვარელი ჯგუფის Beauty Lab-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2017 წელს გასართობად და სილამაზესთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად შექმნილი ჯგუფი დღეს უკვე დიდ მასშტაბებზეა გასული და 100,000-ზე მეტ ქალს აერთიანებს.
2019 წელს ქეთამ თავის თანადამფუძნებელთან ერთად საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტის პროგრამით 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა იდეის განხორციელებისათვის. სწორედ ასე შეიქმნა Beauty Lab App, რომელიც 2020 წელს ჩაეშვა და დღესდღეობით 50-ზე მეტ სალონს ეთანამშრომლება.
"დღევანდელი გადასახედიდან ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანს. შეგიძლია, გააკეთო „ფეისბუქჯგუფი“ – ერთი იდეის გარშემო გააერთიანო ბევრი ადამიანი და ეს ჯგუფი ბიზნესად აქციო. თუმცა, ხუთი წლის წინ, როცა „ბიუთი ლაბი“ შეიქმნა, მსგავსი პრეცედენტი არ არსებობდა და მაგალითსაც ვერავისგან ავიღებდი. ასე რომ, ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ჩვენი მაგალითის შემდეგ ბევრს აქვს სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული ქეისების შექმნის მცდელობა, მაგრამ ჩვენ წინამორბედი არ გვყოლია და არც ბიზნესის გასაკეთებლად დაგვიწყია ეს საქმე. ყველაფერი დაიწყო 2017 წელს, როცა მე და ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა და მეგობარმა „ბიუთი ლაბის“ „ფეისბუქჯგუფი“ შევქმენით. ჩვენ ამას არ ვუყურებდით, როგორც სარგებელს, მხოლოდ საინტერესო კონტენტის განთავსება და საჭირო ინფორმაციის დადება " - ამბობდა ქეთა.
აღსანიშნავია, რომ შემდგომი ეტაპისთვის ქეთა ბაღაშვილი საქართველოში ესთეტიკური ტურიზმის განვითარებაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს. თვლის, რომ სილამაზის ინდუსტრია ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია არა მარტო მსოფლიოს, არამედ ახლა უკვე საქართველოს მასშტაბითაც კი. დღესდღეობით Beauty Lab-ი სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება სილამაზესთან დაკავშირებულ ყველა ახალ ქართულ წამოწყებას და ხელს უწყობს განვითარებასა და ზრდაში.
ქეთა ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს და მეგობრებსა და გამომწერებს ამერიკული ცხოვრების დეტალებს უზიარებს. სახალისო კონტენტთან ერთად, მის ინსტაგრამ თუ ტიკტოკ გვერდებზე ბევრ სასარგებლო ინფორმაციასაც შეხვდებით.
"ნიუ-იორკი ჩემთვის სამყაროში პირველი ადგილია, სადაც დაბრუნება არასდროს მომბეზრდება და ალბათ, ყოველღამე მესიზმრება. წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა ჩემზე და იქ ცხოვრებამ სრულიად ამოაყირავა ჩემი სამყარო. ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს სლოვენია. იქ ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, არაჩვეულებრივი, ძალიან შთამაგონებელი ბუნებაა და საკუთარ თავში კრეატიული მხარის გახსნის საშუალებას გაძლევს. ამასთან, ცხოვრობს ფანტასტიკური ხალხი, რომელთანაც უკვე დიდხნიანი მეგობრობა მაკავშირებს. თავგადასავლების მნიშვნელოვანი ნაწილი არიან ადამიანები, რომლებიც გზადაგზა გხვდებიან, ამიტომაც არის განსაკუთრებული მარტო მოგზაურობა."
ამჯერად ქეთა ბაღაშვილის ვიდეოს ამერიკული ტიკტოკ არხი Behind The Screen აქვეყნებს. არხის მიზანია, ქუჩაში, უცნობ ადამიანებს ჰკითხოს, რა არის მათი ტელეფონის ეკრანის მთავარი ფოტო და რა ისტორია იმალება მის უკან: "Stories through wallpapers, texts, & more". ერთ-ერთი რესპონდენტი სწორედ ქართველი ქეთა ბაღაშვილი გახდა.
"ჩემი ტელეფონის ეკრანზე მე და მამაჩემი ვართ. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მას შემდეგ ეს ფოტო არ შემიცვლია. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა. ამ ფოტოზე, დაახლოებით 18 წლის ვარ. მისი გარდაცვალების შემდეგ შევინახე ეს ფოტო. განსაკუთრებული ამ კადრში არაფერია, უბრალოდ მახსენებს, რომ ის ყოველთვის ჩემთანაა", - თქვა ქეთამ.