მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა გურული ან გაკავშირებთ თუ არა რაიმე საქართველოს ამ შესანიშნავ კუთხესთან, ალბათ, შობა გურული ღვეზელის გარეშე წარმოუდგენელია.
გურული ღვეზელის ისტორია უკავშირდება გურიის რეგიონს და შობის დღესასწაულს, რაც ქართულ კულინარიულ ტრადიციებში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. ეს უნიკალური ღვეზელი, რომელიც შიგნით მოხარშული კვერცხითა და ყველით მზადდება, არამარტო საოჯახო ტრადიციად, არამედ შობის სიმბოლოდაც იქცა.
გურული ღვეზელის წარმოშობა დაკავშირებულია გურიის სოფლის ტრადიციულ ცხოვრებასთან. მარხვის შემდეგ შობის წინა დღეებში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სადღესასწაულო კერძების მომზადებას. ღვეზელი ამ პერიოდში დიდი დატვირთვის მატარებელი იყო, რადგან იგი სიმბოლურად ასახავდა დღესასწაულის სიხარულს.
გურიაში არსებობდა და დღემდე არსებობს ტრადიცია, რომ შობის ღამეს „ალილოზე“ მომღერალმა ბავშვებმა სოფელი უნდა მოიარონ, ხოლო ოჯახები მათ ტკბილეულითა და ღვეზელებით უმასპინძლდებოდნენ. გურული ღვეზელი სწორედ ამ ფუნქციისთვის იდეალური იყო: კომპაქტური, გემრიელი და ნოყიერი.
ხშირად, ოჯახში იმდენ ღვეზელს აცხობენ, რამდენი წევრიცაა. ერთ-ერთ მათგანს კი შიგთავსში მონეტას აყოლებენ და სწამთ, რომ ვისაც მონეტიანი ღვეზელი შეხვდება, შობას ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აუსრულდება.
ჩვენ გთავაზობთ გურული რეცეპტის ტრადიციულ, ძალიან მარტივ რეცეპტს. გამოდის ძალიან გემრიელი და ნოყიერი. ამ პროპორციებით მოამზადებთ 6 ცალ ღვეზელს.
ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
- ფქვილი - 800 გ.
- რძე - 500 მლ.ლ.
- კვერცხის გული -1 ც.
- არაჟანი ან მაწონი - 3 ს/კ.
- ზეთი - 3 ს/კ.
- მშრალი საფუარი - 1ს.კ.(არასავსე)
- მარილი - 1ს/კ.(არასავსე)
- შაქარი - 1ჩ/კ.
- ყველი - დაახლოებით 1.5 კგ.(იმერული+ სულგუნი, ან თქვენი სურვილით.)
მომზადება:
თბილ რძეს ვუმატებთ საფუარს და შაქარს ვურევთ კარგად და ვაყოვნებთ 10-15წთ. საფუვრის გააქტიურების შემდგომ ვუმატებთ: კვერცხის გულს, მარილს, არაჟანს და ფქვილს. ვზელთ რბილ ცომს, ბოლოს ჩავზელთ ზეთით და ვაყოვნებთ სითბოში ასაფუებლად (დაახლოებით 1 საათით).
შიგთავსისთვის დაგვჭირდება: ვიყენებთ დაახლოებით იმ რაოდენობის ყველს, რამდენიც გვაქვს ცომი. მოვხარშოთ კვერცხი მარილიან წყალში 15 წუთის მანძილზე, შემდეგ კი გადავიტანოთ ცივ წყალში. გაგრილებული კვერცხი გავათავისუფლოთ ნაჭუჭისგან, გავჭრათ შუაზე და მოვბრაწოთ კარაქიან ტაფაზე.
გაბრტყელებულ გუნდაზე ვათავსებთ ყველს, შემდეგ მოხარშულ კვერცხს, ვკრავთ ცომს ისე, რომ ნახევარმთვარისებური ფორმა მივცეთ. ღვეზელს ზემოდან გადავუსვათ 2 კვერცხის გულისა და 2 ჩ/კ. არაჟნის კარგად არეული მასა. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
გამოდის 6 ცალი საშუალო ზომის ღვეზელი, არის საოცრად ფაფუკი და გემრიელი.
გემრიელად მიირთვით! გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ფოტოები: Tamo Guraspashvili
რეცეპტი: IFIF ANA