გასული წლის ზაფხულის შემდეგ, ალბათ, საქართველოში ცოტა ადამიანი დარჩა, ვინც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სახელები და გვარები, მათი კარიერის მნიშვნელოვანი დეტალები თუ ოჯახური ამბები არ იცის.
გიორგი მამარდაშვილის, ნიკა კვეკვესკირის, გიორგი ქოჩორაშვილის, ოთო კიტეიშვილის, ზურიკო დავითაშვილის, ბუდუ ზივზივაძის, ხვიჩა კვარაცხელიასა თუ სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავის შესახებ ჩვენ არაერთხელ შემოგთავაზეთ ისტორიები, ამჯერად კი გიზიარებთ ჟურნალი OK!-ის ძალიან საინტერესო ინტერვიუს ამონარიდებს გიორგი ჩაკვეტაძესთან.
ძალიან სიმპათიურია, ხშირად და მომხიბლავად იღიმის, გაწონასწორებული და მოკრძალებული ადამიანია – ასეთია ცხოვრებაში ჩაკვე, რომელიც მოედანზე შესვლისთანავე ცეცხლს ანთებს, მატჩის ბოლო წამამდე იბრძვის და ყოველ ჯერზე დიდ თავის ტკივილს უჩენს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს. წარსულში რთული, ტრავმული ეპიზოდების შემდეგ დღეს ის შესანიშნავ ფორმაშია.
"საკმაოდ ადრე, 6-7 წლისა მივხვდი, რომ ფეხბურთი ჩემი იყო. რთული ტრავმები მქონდა. ბევრ ფეხბურთელს შეიძლება საერთოდ დაენებებინა ფეხბურთისთვის თავი. ალბათ ფსიქოლოგიურად ძლიერი აღმოვჩნდი, არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და ამის გახსენება. მთავარია, რომ ახლა ყველაფერი ჩავლილია, ჯანმრთელად ვარ, ვაგრძელებ და ვუბრუნდები ფორმას.
შეიძლება იყოს კრიტიკული მომენტი ცხოვრებაში, ხან ჩავარდნებიც, მაგრამ თავს სულ უნდა შევუძახოთ და გვჯეროდეს, რომ შევძლებთ.
სამშობლო ჩემთვის პირველ ადგილზე დგას. სულ მიხარია, როცა ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვდივარ და თამაშის წინ ჰიმნს ვმღერი. გულში ჩემთვის ვმღერი ხოლმე. აქ რომ ჩამოვდივარ, პირველ რიგში, სახლში, ოჯახის წევრებთან მომიხარია. ხშირად არ მაქვს მათი ნახვის ფუფუნება, სამწუხაროდ, არ მიწევს ხშირად ჩამოსვლა საქართველოში.
ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, თავისუფალი ბიჭი ვარ", - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე ინტერვიუში, რომელსაც სრულად ჟურნალი OK!-ში ნახავთ.
1999 წლის 29 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მისი მშობლები მთვარისა რუხაძე და მერაბ ჩაკვეტაძე არიან.
გიორგის მამა აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან იძულებით დევნილია. გიორგიმ ვარჯიში ნორჩ დინამოში დაიწყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელი იყო თამაზ კოსტავა. „ნორჩ დინამოელს“ მოჰყვა თბილისის „დინამოს“ აკადემია და შემდეგ ძირითადი გუნდი. ჩაკვეტაძე, ქართული ფეხბურთის ფლაგმანში 2015 წელს ჩაირიცხა და 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, დებიუტი კი 2016 წელს თანაქალაქურ „ლოკომოტივთან“ ჰქონდა, როდესაც ოთარ კიტეიშვილი შეცვალა.
2017 წელს თბილისში გამართულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე დატოვებული კარგი შთაბეჭდილების შემდეგ, ჩაკვეტაძის შეძენით წამყვანი ევროპული გუნდები დაინტერესდნენ, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა გუნდების შესახებ, რომელთა შორისაც იყვნენ „ლევერკუზენი“, „ჰოფენჰაიმი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“ და „ბაიერნი“, განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი ამ უკანასკნელისგან, რომლის პრეზიდენტი ული ჰიონესი პირადად იყო ტრანსფერის განხორციელებით დაინტერესებული. საბოლოოდ, გიორგის აგენტების გოგა გახოკიძისა და ლაშა ჯაკობიას ჩართულობით, გიორგიმ ბელგიურ გუნდ „გენტზე“ შეაჩერა არჩევანი, რომელთანაც კონტრაქტს 2017 წლის აგვისტოში მოაწერა ხელი. კლუბში ჩაკვეტაძეს საყვარელი 7-ნომრიანი მაისური გადასცეს, რა ნომრითაც გიორგის კუმირი კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობს.
2017 წლის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგისა და სლოვანის რიგებშიც ვიხილეთ. 2023 წლიდან კი ის უოტფორდის ფეხბურთელია.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ნანო თენოშვილი