მსახიობის, ნანუკა სტამბოლიშვილის შესახებ როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში საუბარი ამ დრომდე არ წყდება. ამჯერად ნანუკა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იღებს მონაწილეობას, მისის პოპულარობა კი თანდათან უფრო იზრდება.
ოჯახი
ნანუკა თავისი ცხოვრების მთავარ ადამიანებად ოჯახს ასახელებს. მისი თქმით, ყველაფერს რასაც აკეთებს, მის შვილს ეძღვნება. რაც შეეხება მეუღლეს, ამბობს, რომ მისმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ის გააოგნა, მხარი დაუჭირა და არ მისცა საშუალება, უარი ეთქვა შემოთავაზებაზე. „როცა უკან კლდესავით ადამიანი გიდგას, ყველაფერს აკეთებ, რაც საჭიროა... თავისუფლად, იმედიანად“, - ამბობდა ნანუკა.
ნანუკას მეუღლე ლაშა მგელაძეა. ურთიერთობის შესახებ მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:
„16 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლიდან გასტროლზე, კაბადოკიაში მივდიოდით. ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი და გასტროლზე გამოგვაყოლა მისი შვილი. იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველასგან განსხვავებული.
16 წლიდან 20 წლამდე ვიყავით შეყვარებულები და 20 წლის ასაკში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავოჯახებულიყავით.
ჩემი მეუღლე ეკონომისტია, მერიაში მუშაობს. ახლა ქონების მართვის განყოფილების უფროსია. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია, პატივცემული. იცით, როგორი ადამიანია? ყოველთვის მაოცებს მისი გადაწყვეტილებებით. ეს გადაწყვეტილებაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ, რომ იმიტომ... მაინც. ჩამოდის ხოლმე ჩემთან, მენატრება, რა თქმა უნდა...“ - თქვა ნანუკა სტამბოლიშვილმა.
სერიალი
ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. სერიალი უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ-ერთ ქართულ არხზე გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ. მთავარ როლებს სერიალში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ ასრულებდნენ, თუმცა სილას მოულოდნელად წასვლის შემდეგ მისი როლი ნანამ დაიკავა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პროექტს ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანიც დაემშვიდობა. ჯეიჰანს სერიალ "დაკარგული ქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკ ჯელილაი შეცვლის.
"ხაზი მინდა გავუსვა, რომ მთავარ როლს ვასრულებთ ორი უცხოელი და ეს თურქულ სერიალებში პირველი შემთხვევაა. ძალიან გვიხარია, რომ პირველები ჩვენ ვართ. ნიკი თურქულის გასაუმჯობესებლად დათანხმდა ამ პროექტს. მეც ამის მოლოდინი მქონდა, რომ უფრო და უფრო გავაუმჯობესებდი [თურქულს]. ნიკი უფრო კარგად საუბრობს…" - ამბობდა ნანუკა.
მიუხედავად ცვლილებებისა, ნანა საკუთარ საქმიანობას აგრძელებს და კვლავ სარგებლობს მაყურებელთა დიდი სიყვარულით.