უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი დღეს 43 წლის იუბილეს აღნიშნავს. მისმა ქმარმა, პრინცმა უილიამმა, მათ ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე ქეითის აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ფოტოგრაფმა მეთ პორტუსმა გასულ ზაფხულს გადაიღო.
ოფიციალური სოციალური მედიის პლატფორმებზე, როგორც ინსტაგრამზე, ასევე X-ზე, პრინცმა უილიამმა იუბილარ ქეითს, როგორც "საუკეთესო დედასა და მეუღლეს", ემოციური სიტყვები მიუძღვნა და, ფოტოსთან ერთად, გულისამაჩუყებელი წერილიც გამოაქვეყნა:
„ყველაზე საოცარი ცოლი და დედა. სიძლიერე, რომელიც შენ გასულ წელს გამოიჩინე, გასაოცარია. ჯორჯი, შარლოტა, ლუი და მე ძალიან ვამაყობთ შენით. გილოცავ დაბადების დღეს, კატერინა. ჩვენ გვიყვარხარ", - ვკითხულობთ წერილში.
კეთრინ (კეით) მიდლტონი დაიბადა 1982 წლის 9 იანვარს, რიდინგში. მან დაამთავრა წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტი და სწორედ აქ შეხვდა 2001 წელს უილიამს, რომელიც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა. 2010 წლის 16 ნოემბერს ის და უილიამი დაინიშნნენ, ხოლო 2011 წლის 29 აპრილს დაქორწინდნენ.
უილიამსა და კეთრინს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯ, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუი.
უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონს 2024 წლის იანვარში ლონდონის კლინიკაში მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც პრინცესამ საავადმყოფოში 10-14 დღე გაატარა და შემდგომი მკურნალობა სახლში განაგრძო.
მარტში გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონს სიმსივნე დაუდგინდა, რის გამოც მან ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო. საჯარო გამოსვლისას პრინცესამ აღნიშნა, რომ მკურნალობის პროცესში იმყოფება და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა.
ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ მე უნდა გავიარო პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი და ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ჩვენი ოჯახის გამო.
ალბათ, წარმოიდგინეთ, ამას დრო დასჭირდა, დრო დამჭირდა, რომ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, დამეწყო მკურნალობა, მაგრამ რაც მთავარია, დრო დაგვჭირდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ავუხსნათ მათთვის შესაფერისი სახით და დავარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები.
როგორც მათ ვუთხარი, მე კარგად ვარ და დღითი დღე ვძლიერდები იმ საკითხებზე ფოკუსირებით, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში, უილიამის გვერდით ყოფნა ასევე კომფორტისა და სიმშვიდის დიდი წყაროა.
ალბათ, ხვდებით, რომ ახლა ჩვენი ოჯახისთვის დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანად უნდა გადავერთო გამოჯანმრთელებაზე", - ამბობდა ქეითი მაშინ.
გასული წლის ზაფხულში ქეითი საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა და უიმბლდონზე გამოჩნდა. პრინცესას ხალხი დიდი სიხარულითა და ოვაციებით შეეგება. პრინცესა ახალ თავს კარგად გრძნობს.