მივდიოდი, მაგრამ მხოლოდ ფეხები მოძრაობდა ჩემი, ისიც მექანიკურად. იცოდნენ, რომ მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბინაში უნდა შესულიყვნენ, თორემ გონებას სულაც არ მიუხაროდა იქითკენ.
როცა მის ოთახს მივუახლოვდი, სამჯერ ფრთხილად დავაკაკუნე – კაკ! კაკ! კაკ! _ და სუნთქვა შევიგუბე, თუმცა უცნაური ის იყო, რომ დაძაბულობა ეგრევე მომეხსნა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობ მეგობართან შევდიოდი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა.
_ ღიაა! _ გაისმა შიგნიდან ხმა.
ოჰო! ჩემი ხალათივით ღუნღულა ხმა არ ჰქონია? სწორედ ასეთი ხმა მოუხდებოდა მისი თვალების პატრონს. სხვანაირს არც ველოდი, თუმცა ხშირად სრულიად საპირისპიროს ვაწყდებით.
კარი გაუბედავად შევაღე, თეფში მოხერხებურად ჩავიჭირე თითებში და მორიდებით ვიკითხე:
_ შეიძლება?
ცა და ზღვა კიდევ ერთხელ შეერწყა ერთმანეთს. ღმერთო, რა საოცარი თვალები ჰქონდა! ნაძალადევად გავიღიმე დაბნეულმა.
_ გამარჯობა, ბექა! მე სონია მქვია, თქვენი მეზობელი ვარ.
ის ფაქიზად გასწორებულ ლოგინზე ზემოდან იწვა და სპეციალურ პატარა სადგამზე, რომელიც მუცელზე გარდიგარდმო ედგა, ლეპტოპი ედო. ეტყობოდა, ძალიან მაღალი ბიჭი იყო, საწოლს მთელ სიგრძეზე ავსებდა. აფსუსი არ იყო ამისთანა მამაკაცის დახეიბრება? როგორი ულმობელია ცხოვრება ხანდახან.
ჩემს დანახვაზე დიდრონი თვალები გაოცებისგან უფრო გაუფართოვდა, ნოუთბუკი სწრაფი მოძრაობით გვერდზე გადადო და მისი დასადები პატარა მაგიდაც მოიშორა მუცლიდან. ისე შეირხა, თითქოს წამოდგომას აპირებსო და მეც არ დავაყოვნე:
_ იყოს, იყოს, იწექით, არ შეწუხდეთ! _ ვთქვი და მაშინვე ენაზე ვიკბინე. რისი წამომდგომი იყო ხეიბარი? სულელი სონია! ეგ რამ მათქმევინა!
ბექამ მწარედ გაიღიმა.
_ მეც უცებ არ წამოვფრინდე! _ თქვა და ხელი უკან, ბალიშებისკენ წაიღო, მათ უფრო ასამაღლებლად.
თეფში იქვე მდგარ მაგიდაზე დავდე, რომელიც ლამის მთლიანად დაეკავებინა კომპიუტერის ვეება მონიტორს და ჩემთვის უცნობ კიდევ რაღაც მოწყობილობას.
_ ხაჭაპური მოგიტანეთ, ცხელია, ახალი გამომცხვარი. შეჭამთ? _ თვითონაც არ ვიცოდი, რას ვბოდავდი, მაგრამ ჩუმად ვერ ვიქნებოდი, რაღაც უნდა მეთქვა, რომ დაძაბული ატმოსფერო როგორმე განმემუხტა.
არა, მე კი არ ვიყავი დაძაბული, ბექა იყო გაოგნებული ჩემი მოულოდნელი შემოჭრით. მისთვის უჩვეულო ამპლუაში აღმოჩნდა, თანაც უცნობი გოგოს პირისპირ, თანაც საკუთარ სახლში, თანაც მწოლიარე.
_ რატომაც არა, შევჭამ. _ თითქოს უცებ მოცოცხლდა, უფრო ხალასად გაიღიმა და ხელი გამომიშვირა.
მეშველა! მგონი, განიმუხტა სიტუაცია! შემსუბუქებულმა დავტაცე ხაჭაპურიან თეფშს ხელი და მივაწოდე.
რახან ბალიშები უკვე აიმაღლა, თეფში მკერდზე დაიდო და ერთი ნაჭერი აიღო.
_ შენ არ შეჭამ? _ ისე შინაურულად მომმართა, ვითომ უცხო სულაც არ ვყოფილიყავი.
_ არაა, წეღან ვჭამე, მეტი აღარ მინდა. მომსუყება იცის მერე, _ მეც გავუშინაურდი.
_ ოუ, მაგარი გემრიელია! _ შესძახა, როგორც კი ჩაკბიჩა, _ შენ გამოაცხვე?
_ მე არა, ბაბაკომ, _ ვუპასუხე და კიდევ ერთხელ გავუღიმე.
_ დაჯექი, რატომ დგახარ?
მეც მაშინვე ჩავჯექი კომპიუტერთან მდგარ საოფისე მბრუნავ სავარძელში, მაგრამ იმსიმაღლეზე იყო აწეული, ფეხები ჰაერში დამრჩა, ფეხის ჩამოსადებამდეც კი ვერ ვწვდებოდი.
_ აი, დაბლა რომ “რიჩაგი” აქვს, იმას დააწექი და ჩაიწევა, _ მასწავლა, როგორ დამედაბლებინა სავარძელი.
როგორც იქნა, საჭირო დონეზე დავაყენე და გემრიელად დავჯექი.
_ ბაბაკო ვინაა? დედაშენი? _ მკითხა ლუკმით პირგამოტენილმა.
_ არა, დედა არ მყავს. ბაბაკო ბებიაჩემია. აი, ის, წეღან რომ იყო მოსული თქვენთან.
_ ა, ის ლამაზი ქალი? გასაგებია. ისე, ჰგავხარ, ხომ იცი, მაგრამ თვალები სხვანაირი გაქვს.
_ ჰო, სხვანაირი მაქვს. _ დავეთანხმე.
_ ლამაზი ხარ, _ დაამატა და წარბები აზიდა ჩემკენ მომართული მზერით, ზედმეტი ხომ არ მომივიდაო.
_ ისე რა. უფრო ლამაზებიც არსებობენ. _ თავმდაბლობა გამოვიჩინე.
_ შენ იცნობ უფრო ლამაზებს? _ ჩამეკითხა და ამასობაში მეორე ნაჭერზე გადავიდა, _ ისეთი გემრიელია, კი არ ვჭამ, ვყლაპავ, მგონი, _ გაიცინა.
_ კი, ვიცნობ, უამრავს, თან… შეგერგოს. კიდევ შემოგიტან, არაა პრობლემა, _ ვერც ვიგრძენი, „შენობითზე“ როგორ გადავედი.
_ მე არა… _ თქვა უცებ.
_ რა არა? _ ვერ მივხვდი.
_ მე არ ვიცნობ უფრო ლამაზებს.
კინაღამ ვუთხარი, სახლიდან არ გადიხარ და საიდან გაიცნობ-მეთქი, მაგრამ ამჯერად მოვასწარი ენაზე კბილის დაჭერა. პასუხად მხოლოდ კეკლუცი ღიმილი დავუბრუნე.
_ მერე რა? გაიცნობ, რა პრობლემაა, _ მხრების აჩეჩით ვუთხარი და სავარძელი აქეთ-იქით მივაბრუნ-მოვაბრუნე, _ კარგი სავარძელია.
_ სპეცშეკვეთაა, მეგობრებმა მაჩუქეს.
_ მაგარია. ყურადღებიანი მეგობრები გყოლია.
_ კი, არ ვუჩივი, ჯიგრები არიან… ოუჰ… მეტს ვეღარ შევჭამ, დიდი მადლობა, მაგრად გამისწორდა. _ თქვა და უცებ რაღაცას დაუწყო თვალებით ძებნა.
მეც მივადევნე მის მზერას თვალი, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რას ეძებდა. იქნებ თითების გაწმენდა უნდა? მაგრამ ხელსაწმენდი იქვე ედო, ხაჭაპურს ზემოდან დავაფარე, სანამ წამოვიდოდი.
უცებ ბალიშის ქვეშ შეაცურა ხელი და იქიდან ნახევარლიტრიანი პლასტამასის ბოთლი გამოძვრინა, რომელიც ცარიელი იყო.
_ აუ, სონია, სამზარეულოდან წყალს ვერ მომიტან? გათავებულა ეს დედააფეთქებული, _ მითხრა და ბოთლი გამომიწოდა.
_ კი, როგორ არა, ახლავე! _ მივუგე და წამოვხტი.
კი გავემართე სამზარეულოსკენ, მაგრამ ფეხები თითქოს დამებორკა. დარწმუნებული ვიყავი, თვალს მაყოლებდა, ამიტომაც ლამის ამეწვა ზურგი.
წყალი მოვუშვი და ბოთლი ავავსე. უკან საკმაოდ გამართულად მოვბრუნდი. ახლა პირისპირ ვუყურებდი და უხერხულობას აღარ ვგრძნობდი.
_ მადლობა, _ მითხრა ბექამ, ხელი ჯერ ჩემს მაჯას ჯვარედინად დაადო, მადლობის ჟესტის გამოსახატავად და ბოთლი მხოლოდ ამის მერე გამომართვა, მერე კი თეფში გამომიწოდა, რომელზეც ერთი ნაჭერი ხაჭაპური დარჩენილიყო.
_ ჭიქაც ხომ არ მოგიტანო?
_ არა, ასე უფრო გემრიელად ვსვამ, _ მითხრა და ბოთლი მოიყუდა, _ უჰ, ჩაწმინდა, რასაც ჰქვია. მართლა ვისიამოვნე. შენს ბაბაკოს ჩემგან დიდი მადლობა.
_ გადავცემ, _ ისევ დავაფრქვიე ჩემი ღიმილი და კვლავ სავარძელში მოვკალათდი.
_ სონი ვინ დაგარქვა? _ მკითხა, როცა ბოთლს საცობი მოარგო და გვერდით დაიდო.
_ ბაბაკომ.
_ და რაღა მაინცდამაინც რუსული სახელი?
_ დაქალი ჰყავდა უკრაინელი და მის პატივსაცემად დამარქვა.
_ ააა, გასაგებია. ისე, მაგარი ლამაზი სახელია. უცხოელებსაც ჰქვიათ, სხვათა შორის. აი, სონია რიკელი, მაგალითად, გაგიგია?
_ კი, როგორ არა.
_ იცი შენი სახელის წარმოშობის ისტორია?
_ არა, _ ვუპასუხე და გავწითლდი. არასდროს დავინტერესებულვარ ჩემი სახელის წარმოშობით.
_ მაშინ მე მოგიყვები, გინდა?
_ მინდა, კი. საინტერესო იქნება. სირცხვილი ჩემი, აქამდე რომ არ მომაფიქრდა.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სახელით დიდად აღფრთოვანებული არ ხარ.
_ აი, ეგ კი მართალია. ვერ ვიტან, სონია რომ მქვია.
_ არადა, ულამაზესი სახელია. ამბობენ, რომ სონია სოფიასგან წარმოიშვა ან სოლომონიასგან და მათი შეკვეცილი ვარიანტია, თუმცა წმინდა რუსული სახელია. რუსულად კი იცი, რას ნიშნავს?
_ ვიცი. „ძილისგუდას“, ჩემი ბაბა ასე მიხსნის.
_ ჰო, ეგრეა. ძილის მოყვარულს, ძილისგუდას, მაგრამ თუ სოფიას სახეცვლილებაა, მაშინ სიბრძნეს ნიშნავს.
_ ო, ეგ არ ვიცოდი.
_ არა უშავს. სამაგიეროდ, აწი გეცოდინება. კითხვა გიყვარს?
_ ძალიან.
_ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ თუ წაგიკითხავს?
_ კი, წამიკითხავს. სონია მარმელადოვაც მახსოვს, თუ ამიტომ ახსენე დოსტოევსკი. „ომი და მშვიდობის“ სონიაც ვიცი, ტოლსტოის რომანის გმირი.
_ ყოჩაღ! ეს მომწონს. ამით იმის ხაზგასმა მინდოდა, რომ სონია განსაკუთრებული სახელია. შეიყვარე შენი სახელი.
გავწითლდი. ისე საყვარლად მირჩია, გული ამიჩქროლდა. არადა, ბაბაკოს მეგობარი სონია ჩემთვის იდუმალებით მოცული პიროვნებაა. ბევრს მიყვება ხოლმე ბაბა სონიაზე, მაგრამ კრინტს არ ძრავს იმაზე, რატომ გაიქცა იგი საქართველოდან და განუყრელი მეგობარი რის გამო მიატოვა. ამაზე მხრებს იჩეჩს, არ ვიციო, მე კი არ მჯერა. დარწმუნებული ვარ, ამ „არ ვიცის“ უკან ადას კიდევ ერთი საიდუმლო იმალება.
_ კარგი, ბექა, მე წავალ ახლა და მერე კიდევ გინახულებ, _ ვთქვი აწითლებულმა და ავდექი.
_ ცოტა ხანს კიდევ დარჩი, რა, კარგი? _ რაღაც უცნაური ხმით მთხოვა, იმდენად უცნაურით, რომ… დავრჩი.
***
როგორი კარგი ბიჭი ყოფილა ბექა. სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, მე რომ მეგონა _ აგრესიული, ღვარძლიანი და ეგოისტი, თავისი მდგომარეობით რომ სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, დედა ძალიან უყვარს და პატივისცემითაც ეპყრობა. მე როგორ შემხვდა?! თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით. აშკარად განათლებული ადამიანია, ჩემი სახელის წარმოშობაც კი სცოდნია. მე კი გამოლენჩებულივით ვიჯექი მის წინ და ვუსმენდი. სირცხვილი არ არის, ამხელა გოგომ არ ვიცოდე, რა თვისებების მატარებელია შენი სახელი? თავი მომეჭრა, რასაც ჰქვია. არა რა, ბაბაკო ხანდახან მართალია, როცა მეუბნება, ზარმაცი ხარ, თორემ შენი ხნის გოგო უფრო ერუდირებული უნდა იყოსო.
ბაბაკოს ძალიან მოეწონება ბექა, ოღონდ ეგაა, რომ სლენგებით საუბრობს. აი, მაგაში კი ნამდვილად ვერ შეთანხმდებიან. თუმცა რა უჭირს მერე, ბაბა რისი ბაბაა, მაგ პრობლემას ვერ მიხედოს? ყოველ ჯერზე შეუსწორებს, როგორც სჩვევია და იმდენ ხანს გაგრძელდება ასე, რომ ბოლოს ბექა ან დაიწყებს გამართული ქართულით საუბარს, ან საერთოდ დამუნჯდება.
დასანანია, ასეთი ბიჭი რომ ხეიბარია. ისეა დაკომპლექსებული თავისი ავადობით, რომ გარეთაც არ გადის. ვითომ ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული? ერთი შეხედვით, ამას ვერ იტყვი. მშვენივრად გავერთეთ. რამდენი მაცინა, რამდენ ჩემთვის უცხო ამბავს მომიყვა. მოწყენა წამითაც არ მიგრძნია და არც ის, რომ დათრგუნვილია. შეიძლება მარტო როცა რჩება, მაშინ დგება ცუდ ხასიათზე ან დედამისს, უბრალოდ, ეჩვენება, რომ უხასიათოდაა. დედაა და ნერვიულობს, გასაგებია. ამაში უჩვეულო არაფერია.
ბექასგან რომ გამოვედი, უკვე შებინდებული იყო. ქალებს კარგა გვარიანად დაელიათ და შეჭიკჭიკებულები დამხვდნენ. აი, იმ მდგომარეობამდე იყვნენ მისული, პირს რომ მოაღებ და შენს ყველა დაფარულ თვისებას რომ აშიშვლებ. გულახდილობაცაა და გულახდილობაც. პეპელა ისე იყო როლში შეჭრილი, მეც კი გამაოცა _ ის ქმართან თავისი ურთიერთობის ამბავს ჰყვებოდა _ კვირაში რამდენჯერ ჰქონდათ სექსი, როგორ „უსწორდებოდა“ მის ანანიას ოდნავ ნასვამ ცოლთან „ძიგძიგი“ და ამისთვის ღვინოს გამიზნულად რომ ასმევდა ხოლმე. ჩემთვის სრულიად უინტერესო იყო ეს საუბარი, მაგრამ ადასა და ჩარიტას სახეებს რომ შევხედე, სიცილი ძლივს შევიკავე. ადა ოდნავ გაღიზიანებული ჩანდა, ჩარიტა _ გაოცებისგან ყბაჩამოვარდნილი. მართლაც, რა საჭიროა ჯერ კიდევ უცხო ადამიანებთან ასეთ თემებზე საუბარი? საწყალი ბაბაკო, რამდენი ათეული წელია უკაცოდ დადის და კიდევ ამის მოსმენა უნდა? ისედაც არ უყვარს მსგავს თემებზე ლაპარაკი. ჩარიტა კიდევ _ მთლად უარესი! შინაბერა ქალისთვის საშინელებაა ალბათ ასეთი რამეების მოყოლა.
_ მოხვედი, სონია? _ ბაბამ ჩემი მოსვლით ისარგებლა და საშუალება მიეცა, პეპელა როგორმე გაეჩუმებინა.
_ ჰო.
_ რაო, გაიცანით ერთმანეთი?
_ ხაჭაპურისთვის დიდი მადლობაო, ძალიან მოეწონა.
_ გაიხარე-თქო! _ ჩაიღიმა ბაბაკომ.
_ კარგად შეგხვდა, შვილო? _ პეპელას სასმლისგან აბრჭყვიალებული თვალები მიებლიტა.
_ კი, კი. უამრავ რამეზე ვილაპარაკეთ. ძალიან განათლებული ბიჭი ჩანს, _ მივუგე და ზრდილობის გულისთვის ცოტა ხნით სუფრას მივუჯექი.
_ გაიხარე, სონია, გენაცვალე! კი არის განათლებული, მაგრამ რაში არგია მაგ საცოდავს, _ სატირლად გაემზადა პეპელა.
_ პეპელა, მეორედ არ გამაგონო ასეთი რამეები! _ საჩვენებელი თითი მაგიდას ჩამოჰკრა ბაბამ, _ რას მიქვია საცოდავი! ან ეს წუწუნი რა უბედურებაა? საწუწუნო არაფერი გჭირს. ღვთის მადლით, ცოცხალია და რაღაცის კეთება შეუძლია. აცალე ცოტა, თანდათან უფრო მომაგრდება და მეტი ინტერესი გაუჩნდება. თუ ასე ჩააგონე წარამარა, „ვაი, შე საცოდავო, როგორ დამეჩაგრეო“, _ აქ ბაბაკომ სხვა ტონალობით და შეცვლილი ხმით წუწუნა ქალი განასახიერა, _ იმასაც გაუჯდება გონებაში, მართლა საწყალი ვყოფილვარო და უფრო ჩაიკეტება. პირიქით, არც უნდა აგრძნობინო, მასზე რომ დარდობ. ისე უნდა მოექცე, როგორც ჯანმრთელ შვილს მოექცეოდი. გესმის?
_ ადა მართალს გეუბნება, მოუსმინე მას. ადა უ ნას უმნიცა! _ აჰყვა ბაბაკოს ჩარიტაც, _ ეჰ, გოგოებო, მგონი, ჯობია დავიშალოთ, თორემ ღამდება ნელ-ნელა.
_ გაიხარეთ, მეზობლებო, გაიხარეთ! _ წამოხტა პეპელა, _ ისე შემამსუბუქა თქვენთან ყოფნამ, ყველა სადარდებელი გადამავიწყა. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და კი დავმთვრალვარ ამასობაში… უი, როგორ შემაქანა! _ ფეხზე ამდგარი პეპელა თავს ძლივს იკავებდა.
ადას გაეცინა, ჩარიტამაც გაიღიმა, მერე ორივე აქეთ-იქიდან შეუდგა ახალ მეზობელს და თავის ახალ ბინაში პეპელასავით „მიაციმციმეს“.
გაგრძელება იქნება