პოლიციის განყოფილება სიდნი ჯეიმსისთვის პრაქტიკულად მეორე სახლი გახდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქალი ოფიცრებს ეუბნებოდა, რომ ვიღაც გამუდმებით უთვალთვალებდა. შვიდი წლის განმავლობაში მანიაკი თავს ესხმოდა, ცეცხლს უკიდებდა სახლს და ძალადობით ემუქრებოდა. მისი ცხედარი საბოლოოდ მიტოვებული სახლის ეზოში იპოვეს. მაგრამ პოლიციას ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვს მომხდართან დაკავშირებით.
სიდნი ჯეიმსი დაიბადა 1944 წლის 12 ივნისს კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის პატარა სანაპირო ქალაქ რიჩმონდში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონა საექთნო სკოლაში შევიდა. მაშინ არ იცოდა, როგორ შეცვლიდა ეს გადაწყვეტილება მის ცხოვრებას.
19 წლის სიდნის თავისი 37 წლის მასწავლებელი შეუყვარდა. როი მეიქპისი დაქორწინებული იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სტუდენტთან რომანის გაჩაღებაში.
სინდის სკოლის დამთავრების შემდეგ, მამაკაცმა გადაწყვიტა ოჯახი დაეტოვებინა და თავისი ცხოვრება საიდუმლო საყვარელს დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ საკამათო ჩანდა, მათი ურთიერთობა ჰარმონიული იყო.
ქორწილის შემდეგ სიდნიმ სამსახური მიიღო ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვთა ცენტრში, ხოლო მისმა ქმარმა მიიღო ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის განყოფილების დეკანის თანამდებობა. ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა 1981 წლის გაზაფხულამდე, 12 წლიანი ქორწინების შემდეგ ჯეიმსმა განქორწინება მოითხოვა. რამ აიძულა მას ეს გადაწყვეტილება მიეღო, ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად ამისა, განშორების შემდეგ ყოფილმა მეუღლეებმა განაგრძეს ურთიერთობა და რამდენჯერმე ერთად წავიდნენ შვებულებაშიც.
როისთან დაშორების შემდეგ სიდნიმ უცნაური ზარების მიღება დაიწყო. თავიდან ეს ხდებოდა რამდენიმე დღეში ერთხელ, მაგრამ შემდეგ გახშირდა: მედდა ყოველ საათში იწყებდა უცნაური ზარების მიღებას.
ამასობაში ვითარება უარესდებოდა. ერთ ღამეს ქალმა თავისი სახლის ვერანდაზე უცნაური ნაბიჯების ხმა გაიგო. დილით გაღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ ვიღაცამ სატელეფონო კაბელი გადაჭრა. ხანდახან საფოსტო ყუთში მუქარის შემცველი წერილები ჩნდებოდა. სინდის მეგობარი აგნესი იხსენებს:
„საშინელება იყო. არაერთხელ ვიპოვე შემზარავი ჩანაწერები მის კართან. ერთხელ საჩუქრად მკვდარი კატაც გამოუგზავნეს, წარწერით: ''შენ იქნები შემდეგი''. სიდნი შეშინებული იყო. დეპრესიაში ჩავარდა და საკუთარ თავში ჩაიძირა. მას არ სურდა ამ ინციდენტებზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი უარესდებოდა“.
1985 წელს მან ფსიქიატრს სთხოვა ქალის მდგომარეობის შეფასება. სინდისთან ურთიერთობისა და პოლიციის მრავალი მოხსენების საფუძველზე, ექიმმა ენტონი მარკუსმა განაცხადა, რომ იგი განიცდიდა იდენტობის დისოციაციურ აშლილობას. ფსიქოთერაპევტი ალან კონოლი, რომელიც აქტიურად მუშაობდა მსხვერპლთან სამი წლის განმავლობაში, დაჟინებით მოითხოვდა მის ადგილობრივ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას.
1989 წლის დასაწყისში სიდნი ჯეიმსის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. ზარები და შევიწროება ძალზე იშვიათი გახდა და საბოლოოდ მან რაღაც სიმშვიდე იგრძნო. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან იმავე წლის მაისის ბოლოს იგი უკვალოდ გაუჩინარდა.
მალე მისი მანქანა სახლიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ ავტოსადგომზე იპოვეს. მანქანის სავარძლებზე სისხლის კვალი აღმოჩნდა. სინდის ცხედარი იპოვეს 1989 წლის 8 ივნისს, ერთ-ერთი მიტოვებული სახლის ეზოში. მკლავზე ინექციების კვალი შეინიშნებოდა, სისხლში კი ნარკოტიკული საშუალების უზარმაზარი დოზა. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.