ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, ცნობილი, როგორც პელე - 1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა.
მამამისი ჟოაო რამოს დუ ნასიმენტუ ფეხბურთელი იყო. 40-იან წლებში სპორტის ეს სახეობა შემოსავლიანი სულაც არ იყო, ჟოაოს ოჯახის შენახვა უჭირდა. ახალგაზრდულ ასაკში მან სერიოზული ტრავმა მიიღო და ფეხბურთის თამაშის ნაცვლად საავადმყოფოში სანიტარად დაიწყო მუშაობა.
როდესაც ბიჭი 7 წლის იყო, მამამ ის ადგილობრივ ბავშვთა გუნდში ჩაირიცხა. ოჯახს ბუცების ფული არ ჰქონდა, ამიტომ ფეხბურთის მომავალ მეფეს ფეხშიშველი მოუწია თამაში. ძალიან ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, რადგან ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა მიმტანად ან ფეხსაცმლის მწმენდავად - მაგრამ მაინც ითვლებოდა კლუბის საუკეთესო და ყველაზე ძვირფას მოთამაშედ.
პირველ მსოფლიო ჩემპიონატს 10 წლის ასაკში უყურა. მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში პელემ გაიხსენა, რომ იმ დროს ფინალში ურუგვაის და ბრაზილიის გუნდები იბრძოდნენ - და ამ უკანასკნელის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. პელეს მშობლებმა მეზობლები მიიწვიეს, მოამზადეს სადღესასწაულო ვახშამი, მთელი ფული დახარჯეს და მხიარული მოლოდინით დასხდნენ მატჩის საყურებლად.
სამწუხაროდ, ურუგვაიმ მოიგო ანგარიშით 2:1. მომავალი ჩემპიონის მამამ მწუხარება ვერ დამალა და ცრემლები ვერ შეიკავა, პელემ კი სანუგეშებლად უთხრა: „ნუ ტირი, მე შენთვის მოვიგებ მსოფლიო თასს“ - ეს დაპირება მან სამჯერ შეასრულა.
1956 წელს მწვრთნელმა დე ბრიტომ პელე ინდუსტრიულ და საპორტო ქალაქ სანტუსში წაიყვანა და ადგილობრივი კლუბის ხელმძღვანელობას 15 წლის ფეხბურთელი წარუდგინა.
გამოსაცდელი პერიოდისას „სანტოსის“ მწვრთნელ ლუის ალონსო პერესზე პელემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და 1956 წლის ივნისში გუნდთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. იმ დროიდანვე, ადგილობრივი მედია ფეხბურთელს მომავალ სუპერვარსკვლავად მოიაზრებდა. კლუბში მისი დებიუტი 1956 წლის 7 სექტემბერს შედგა Corinthians Santo Andre-სთან და შეხვედრაში, რომელიც სანტოსმა 7–1 მოიგო, ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა; ამ დროს ის 16 წლის იყო. სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა პელემ თავისი პირველი ოფიციალური გოლი კარიერაში.
1958 წელს, „სანტოსთან“ ერთად, პელემ პირველი მთავარი ტიტული — პაულისტას ლიგა მოიგო; მან ტურნირი საუკეთესო ბომბარდირად დაასრულა 58 გატანილი გოლით, რაც დღემდე სარეკორდოა.
ფეხბურთელს პროფესიონალებთან ერთად ვარჯიშის საშუალება ჰქონდა, კლუბი კი ყოველი ახალი თამაშით სულ უფრო და უფრო მაღლა იწევდა სატურნირო ცხრილში. პელეს ნიჭი აღიარეს მისმა მეტოქეებმაც კი, რომლებიც ყოველი მატჩის შემდეგ ენთუზიაზმით ამბობდნენ: "ის გახდება ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელი".
პელეს კარიერის საუკეთესო მომენტი 1958 წელს მოვიდა, როდესაც ის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. მაშინ ის მხოლოდ 17 წლის იყო, მაგრამ ყველა თამაშში შესანიშნავად გამოდიოდა და ხელმძღვანელობდა. მანამდე ქვეყნის გუნდს არასოდეს მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ აქ, ყველასთვის მოულოდნელად, სამართლიანად აღიარეს პლანეტის საუკეთესო გუნდად.
ბევრ ექსპერტს ჯერ კიდევ არ შეუძლია ზუსტად უპასუხოს კითხვას, რა არის პელეს ფენომენი და როგორ მოახერხა მან ფეხბურთის ნამდვილი მეფე გამხდარიყო. თითქმის ყველა თანხმდება ერთ რამეში: ის წარმოუდგენელი ნიჭით დაიბადა, რომელიც მძიმე ვარჯიშის შედეგად სრულყო.
პელემ მსოფლიო ჩემპიონისთვის განკუთვნილი ნიკეს თასი 1962 წელსაც მოიპოვა, თუმცა ბოლო მატჩებში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია. იგი 1966 წელს პორტუგალიელმა მცველებმა დაამტვრიეს და მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისი გახდა, ხოლო 1970 წლის მუნდიალი პელეს ჩემპიონატადაა ისტორიაში შესული. იგი იმ დროს უკვე 29 წლისა გახლდათ და მხოლოდ გოლების გატანაზე როდი ზრუნავდა – თამაშის ორგანიზებით იყო დაკავებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც გოლებზე ამბობდა უარს.
ნიკეს ლამაზი თასი ბრაზილიელებმა 1970 წელს მესამედ მოიგეს და სამუდამოდ დაეპატრონნენ… თუმცა სამუდამოდ არა, ათი წლის შემდეგ თასი ბრაზილიის მუზეუმიდან მოიპარეს და დღესაც არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი.
მისმა სახელმა ნიგერიაში ომის შეწყვეტაც განაპირობა: სამოქალაქო ომის მსვლელობისას ნიგერიის დედაქალაქ ლაგოსში პელე მშვიდობის მატჩის ჩასატარებლად ჩავიდა. ეს ამბავი რომ გაიგეს, მებრძოლებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში აღარ უომიათ.
პოპულარობას ახალი მეტსახელი მოჰყვა – „ფეხბურთის მეფე“.
დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ პელემ გააფორმა კონტრაქტი კორპორაცია პეპსისთან და დაიწყო დამწყები თინეიჯერი ფეხბურთელების მომზადება. მანაც აისრულა ძველი ოცნება და სკოლას დაუბრუნდა. ატესტატის მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო და ეკონომისტი გახდა.