ცნობილი მშობლების შვილი, ნანა ჩარკვიანი საზოგადოებისთვის მამის მსგავსად საინტერესო პიროვნებაა. ირაკლი ჩარკვიანი ცხოვრების მანძილზე სამჯერ იყო დაოჯახებული და ქორწინებებიდან 2 შვილი ჰყავს: ნანა და მაქსიმე ჩარკვიანები.
ირაკლის შვილებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და მათი ერთად გამოჩენა საზოგადოებისთვის მუდმივად საინტერესოა.
ნანა გლობალური ჰუმანიტარის ფაკულტეტზე სწავლობს, ეუფლება - ფილოსოფიას, ხელოვნებასა და პოლიტიკას. წერს მუსიკას, რომლის მოსმენაც იუთუბარხზეა შესაძლებელი.
"ირაკლი ფიზიკურად არ მახსოვს, მაგრამ მისი მენტალური სურათი თავში ბავშვობიდან მაქვს. მასთან ისეთი მოგონებები არ მაკავშირებს, როგორიც სხვა ბავშვებს – მამებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. ვთვლი, რომ ირაკლისთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს.
ცნობიერად არაფერი მახსოვს გარდა მისი ზურგისა, მაგრამ მისი სიღრმე და უვადობა საოცრად მავსებს. ირაკლი ჩემთვის დიდი მოტივაციაა! ის ჩემი სულიერი თანამგზავრია.
ხშირად მეუბნებიან, რომ მისი თვალები მაქვს. მიხარია – ძალიან ღრმა თვალები ჰქონდა. ქეთათო ხანდახან ძალიან მამსგავსებს და ფოტოებს მიღებს."
"ჩემი და გელას ურთიერთობა წლებთან ერთად ძალიან იხვეწება. უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ ჩვენ შორის დიალოგები ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანია. შეიძლება, ვახშმის მენიუს შერჩევიდან ფილოსოფიის ან პოლიტიკის განხილვაზე გადავიდეთ. ყოველთვის ვცდილობთ, არ მოვიწყინოთ. ჩემმა ბებია-ბაბუებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში", - ამბობდა ნანა ბაბუაზე, გელა ჩარკვიანზე.
ნანასთვის ბაბუის, როგორ უახლოესი მეგობრის გარდაცვალება, რთული აღმოჩნდა. საყვარელი ადამიანის არყოფნით გამოწვეულ სევდას კი წლების შემდეგაც გრძნობს.
„ბაბუა გარდაიცვალა, როდესაც უნივერსიტეტის პირველი წელი მქონდა. ძალიან რთული იყო… გაშეშების მომენტი მქონდა. ემოცია არ დამიძრავს პირველი დღის ტირილის მერე. წელს, როცა ორი წელი გავიდა, შფოთვითი ტირილი მეწყება, გახსენებისას. ირაკლი რომ გარდაიცვალა და ოჯახის სხვა წევრები, პატარა ვიყავი, ასეთი ახლო მეგობარი არასდროს დამიკარგავს. ის მაბედნიერებს, რომ გელას ჰქონდა მიზნად, რომ ბევრი რამ ჩემთვის დაეტოვებინა, ვიცი, რომ რაც მას დაუტოვებია ჩემთვის, ჩემია და ყოველთვის შემიძლია დავუბრუნდე…“
ნანა მრავალმხრივი ადამიანია. აქვს ბევრი ინტერესის სფერო და არ ეშინია, საკუთარი ძალებ განსხვავებული მიმართულებით მოსინჯოს. ცხოვრების ამ ეტაპზე ის სტარტაპერია -მან შექმნა ბრენდი WYNFlair, რომელიც საქართველოსა და მის რეგიონში მცხოვრები შშმ ადამიანებისთვის მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებულ ტანისამოსს ქმნის. სტარტაპის მიზანს შშმ პირების აქტიურ ცხოვრებაში ჩართვა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ხშირად ამბობენ, რომ ნანა სწორედ ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბდა, როგორსაც მისი ოჯახი ისურვებდა - განსაკუთრებით კი მისი ბაბუა, გელა ჩარკვიანი. გელამ, რომელმაც ახალგაზრდა შვილი დაკარგა, მთელი ძალისხმევა შვილიშვილში ჩადო - მას ასწავლიდა ყველაფერს, რაც იცოდა, მას უზიარებდა ცხოვრების გამოცდილებას, მასთან ერთად დადიოდა კინოში, თეატრში, სასეირნოდ და, მართლაც, ნანას ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი თანამგზავრი ბაბუა იყო.
"გაგიმარჯოს, გელა“..
ბევრი წერის გამო, შუა თითის შიგნითა ნაწილი გებურცებოდა ხოლმე. მახსოვს პირველად, რომ გავამახვილე ყურადღება, მითხარი – ეს მშრომელი კაცის ხელიაო.
მახსოვს როგორ მომიტანე კონკიას ვარდისფერი ნათურებიანი ჩემოდანი და როგორ მეხმარებოდი ამ ჩემოდნის ჯერ აეროპორტში და მერე ბეიქერ სთრითზე ტარებაში. ადაპტირებულ ბიბლიას წამმზომით რომ მაბეჭდვინებდი? რამდენს ვწუწუნებდი, მაგრამ სულ დაუზარებლად მიხსნიდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ დროში გამომმუშავებოდა სწრაფი ბეჭდვის ტექნიკა.
გამოცდებს რომ მიტარებდი, წარმატებით ჩაბარებისას ყოველთვის მიჯილდოებდი.
დილით კიდე 40 წელი ერთი და იმავეს ჭამდი. რამდენჯერაც ვეცადე, რომ რამე ახალი შემომეთავაზებინა, ან მეჩვენებინა, რამდენად უფრო მარტივია ფაფის მიკროტალღურში მომზადება, მაინც ამჯობინებდი ფაფის ქვაბში მოხარშვას – უფრო სასიამოვნოა საუზმისთვის შრომაო. ამით ჯანსაღი რუტინის ფასი მასწავლე.
ნანას [გელა ჩარკვიანის მეუღლე] გარდაცვალების მერე მისი დაბადების დღე დიდ ზეიმად აქციე. ყველას ჩვენ-ჩვენ საქმეს გვავალებდი, რომ ნანასთვის იდეალური დღე მოგვეწყო.
სადილს ერთ ჭიქა თეთრს და ერთ ჭიქა წითელს ატანდი.
ღამე თუ გაგეღვიძებოდა და ნახავდი, რომ მეც მეღვიძა, შემომივლიდი და მეტყოდი: "early bird catches the worm" და გაბრუნდებოდი საძინებელში.
ეს ის მხარეებია, რომლებიც ბევრმა არ იცის შენზე, ის მხარეები, რომლებიც იმ ჰიპერინტელექტუალ, დაუღალავ, მიზანმიმართულ და ხელოვან ადამიანს – გელა ჩარკვიანს ჩემს ბაბუას ხდის.
რით დაგიმსახურე?
ჩემს ბედიანობაში ეჭვი არავის არ ეპარება, მაგრამ მე და შენ ბედზე ბევრად მეტი გვაკავშირებდა. ისე მოხდა, რომ ჩემი და შენი ურთიერთობა არ ჰგავდა არც ერთ სხვას.
მე და შენ თითქმის ყოველდღე ვმესიჯობდით. არ მოვიტყუები და ბევრი დრო დავუთმეთ შენთვის მესიჯობის სწავლას. მეუბნებოდი: „ამაში ნამდვილად მჯობნი, თაგვოო”.. მაგ დროს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის ეს. შენი ყოველი “Whats up my little mouse?” მახარებდა. ყოველი მონაწერი კი, უფრო და უფრო გვაახლოებდა.
რამდენი ადამიანი გიხსენებს, როგორც მათ განმანათლებელს. რა მაგარია, რომ როგორც მასწავლებელი, დარჩი ამდენ ადამიანს, მაგრამ რა ვქნა და არ შემიძლია, რომ გულში არ ჩავიცინო. ჩემთვის ხომ სულ სხვა დონის მასწავლებელი იყავი?! ყველაზე მეტი მე დამიტოვე. ამდენი ბლოკნოტი სავსე ყოვლისმომცველი ცოდნით, რომელიც ქმნის ჩემი ცნობიერის და ქვეცნობიერს ძირითად ნაწილს და ამდენი მოგონება შენი ყოველდღიურობიდან, რომელიც ბევრად მეტის მომცველია, ვიდრე უმეტესი წიგნი.
მახსოვს, როგორ გაგიხარდა, რომ ფილოსოფიით ვიყავი დაინტერესებული და როგორ გაგიკვირდა შენი ცნობილი სალათის გაკეთებისას, როგორ მოგიყევი ვიდგენშტეინის თეზისებზე. სადილზე თუ უბრალოდ დიდ ოთახში ჯდომისას, ბევრჯერ გვილაპარაკია ქალის როლზე ოჯახში, ინტელექტუალურ სფეროში და, ზოგადად, კაცობრიობაში. ძალიან სუფთად მაქვს ჩაბეჭდილი, თუ როგორი ქალი და ზოგადად, ადამიანი გინდოდა რომ გავმხდარიყავი. მადლობა!
შენ ჩემი მარკუს ავრელიუსი ხარ. სტოიციზმის, შრომის და სიღრმის უმაღლესი მაგალითი. მარკუს ავრელიუსს ჰყავდა შვილი, კომოდუსი, რომლის წარმატების მხოლოდ მარკუსს სჯეროდა და ყველაფერს შვრებოდა, რომ თავისი დიადი ცოდნა და გამოცდილება მისთვის გადაეცა. როგორც ვიცით, კომოდუსმა ვერ გაამართლა იმპერატორი მამის გეგმები და რომის ოქროს ხანას ბოლო მოუღო. უნდა მოახერხო, რომ მარკუს ავრელიუსის ამხელა სტანდარტი, დაუზარებელი შრომა და მონდომება წყალში ჩაყარო.
შენ კი ხარ ჩემი მარკუსი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაპირებ კომოდუსობას! გპირდები, რომ არ ჩავახშობ ჩვენს ოქროს ხანას და ყველაფერი, რაც თაობების განმავლობაში მე გადმომეცით, გადავცემ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს!
ჩემი წინსვლა ახლა იწყება და ვწუხვარ, რომ აქ არ იქნები, რომ მოგიმესიჯო ჩემი ყოველი წარმატება. მე კი პირველად არ მაქვს ეს გრძნობა, რომ გამომაკლდა ისეთი ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა ჩემი წინსვლა. ორი წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი, როგორიც თუნდაც შენ მნახე, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ ის სულ ჩემთან იყო და დღემდე მადევნებს თვალს… ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღიმებთ ჩემს წარმატებაზე…
სენეკას თანახმად – როგორც ცეცხლი ცდის ოქროს, უბედურება ცდის ძლიერ ადამიანს. ძალიან დამწყვიტე გული შენი წასვლით, მაგრამ სირთულის მიუხედავად, უნდა გადავდო სენტიმენტები გვერდზე, რადგან ვიცი, რომ შენ და ირაკლის ასე გენდომებოდათ. უკვე საქმე მეძახის და გპირდებით, რომ აუცილებლად გაამაყებთ… სხვა რა დამრჩენია.
თქვენ იცით, აბა! ბევრი ღვინო არ მოგივიდეთ.
მიყვარხართ, თქვენი პატარა ნანა“.