_
ძალიან კი გაუჭირდა გადმოტრიალება. კინაღამ ვუთხარი, ხომ არ მოგეხმარო-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე, შემეშინდა, თავი დამცირებულად არ ეგრძნო.
_ შენ თუ გიყვარს ან გიყვარდა ვინმე? _ ახლა მე დავსვი „პრობლემური“ კითხვა.
_ ერთ დროს მეც მიყვარდა. ახლა აღარ. შენი არ იყოს, არ მსიამოვნებს იმ პერიოდის გახსენება, ამიტომ მეც სხვა დროს მოგიყვები, კარგი? _ ორაზროვად გამიღიმა.
_ კარგი, როგორც გინდა, _ ზუსტად მისივე სიტყვები გავუმეორე და ნიშნის მოგებით გავუღიმე.
ამაზე გაეცინა. მეც გამეცინა. მერე კიდევ კარგა ხანს ვილაპარაკეთ. გაიხსენა წარსული, როგორ დაცოცავდა კლდეებზე, რა კურიოზები გადახდენია, მთელი ამბები გადმომილაგა. ასე რომ, სამი თუ ოთხი საათი დავყავი მის გვერდით და წამითაც არ მომიწყენია.
ორივე ვგრძნობდით, რომ შესანიშნავად ვეწყობოდით ერთმანეთს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე, მარტივად, ბუნებრივად. ერთმანეთთან თამაში და ნიღბის მორგება არ გვჭირდებოდა.
***
შემდეგ სადილის დრო მოახლოვდა და ერთადაც ვისადილეთ. აღმოჩნდა, რომ ღომი მასაც ჰყვარებია, ამიტომ გადმოვედი ჩემთან, ღომი გავაფიცხე, ხარჩო შევაცხელე, ისევ მასთან გავედი ჩემი ძღვენით და გემრიელად ვისადილეთ.
სადღაც ოთხი საათი ხდებოდა, რომ წამოვედი. ისეთი სავსე ვიყავი მის გვერდით გატარებული დროით, ისეთი მომსუყებული, იმდენად კმაყოფილი, რომ პირზე ღიმილი არ მშორდებოდა.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ასე თუ შევეჩვიე, მერე რა მელოდება? ხომ შეიძლება ერთმანეთი შეგვიყვარდეს? მერე რა ვქნათ, გამოსავალი რა იქნება? აი, ეს ყველაზე მეტად მაფიქრებდა, თუმცა არ მინდოდა ამ შემაშინებელ ფიქრზე ყურადღება გამემახვილებინა. როგორმე უნდა მეცადა, სიყვარულამდე არ მიმეყვანა საქმე და არც ბექასთვის მიმეცა ამის უფლება.
მაგრამ როგორ? მოვახერხებდი კი? და რატომაც არა? ძმაკაცების მეტი რა მყავდა? მათთან არ დამმუქრებია სიყვარულობანა და რაღა ბექასთან დამემუქრებოდა ეს?
თუმცა დაფიქრება აშკარად მმართებდა…
***
ადას ვერ დავუმალავდი, იმ დღეს ბექასთან რომ ვიყავი გადასული. ჯერ ერთი, ისედაც არაფერს ვუმალავდი და მეორეც _ ჩვენი იმ დღის სადილი მე და ბექამ შევსანსლეთ. რა უნდა მეთქვა, რატომ გაქრა ღომი და ხარჩოო, რომ მკითხავდა? ამიტომ მოვუყევი, რაც მოხდა. უხმოდ მისმენდა, ერთი სიტყვაც არ დასცდენია. არც სახეზე შესტყობია, მომიწონა საქციელი თუ დამიწუნა. მეც ლაღად ვუყვებოდი, დასამალი არაფერი მქონდა. როცა დავამთავრე, მხოლოდ მაშინ გამიღიმა და ორადორი სიტყვა წარმოთქვა:
_ კარგი მყავხარ!
ჩემი საოცარი ბაბაკო. სხვა რომ ყოფილიყო, შეგონებებით ამავსებდა. სწორედ იმაზე მიმითითებდა, რაც მეც მაშინებდა _ არიქა, არ დაუახლოვდე, არ შეგიყვარდეს. ხომ იცი, ცოლად ვერ გაჰყვები, ქმრობას ვერ გაგიწევს, ამიტომ მოერიდე, თორემ მერე გვიან იქნებაო. მსგავსი არაფერი. მხოლოდ ის აღნიშნა, რაც ჩემი მხრიდან მოსაწონი იყო _ ვინახულე, გავამხიარულე, მარტოობისგან ვიხსენი, ვასადილე… დანარჩენი უკვე ჩემს გონებას უნდა ეფიქრა, არჩევანის თავისუფლება დამიტოვა, რადგან ის, რაც წესით და კანონით უნდა ეთქვა, მე უკვე ვიცოდი, ამიტომ უტვინო უნდა ვყოფილიყავი, ეს ვერ გამეაზრებინა. როგორც თვითონ იცოდა თქმა, ჭკვიანს შეგონება არ სჭირდება, სულელს კი ისედაც ვერ უშველის, რადგან მაინც თავისას გააკეთებს და შენსას არ დაიჯერებსო.
აი, ასეთია ჩემი „სიჩუმის იმპერატორი“. თავისი სიჩუმით მითხრა მთავარი სათქმელი…
გვიანობამდე ვისხედით და ვსაუბრობდით. იმ დღეს ჩარიტა არ გადმოსულა, მხოლოდ პეპელამ შემოგვირბინა გვიან საღამოს და მადლობად დაიღვარა, ჩემი ბექა გინახულებია დღესო, თან სავსე პარკი მანდარინი მოგვიტანა, ხეთისაა, მეგრელებმა მაჩუქეს და თქვენც გიწილადეთო. მერე ბოდიში იხადა, გუშინ ზედმეტი მომივიდა და ლოთი არ გეგონოთო, რაზეც ბევრი ვიცინეთ.
_ პეპელა, რომ იცოდე, მასე რამდენჯერ დავმთვრალვარ, მაგას არ იტყოდი. რა მოხდა მერე, შე ქალო, უცხოსთან ხომ არ იყავი? ერთად დავლიეთ ყველამ და მოვილხინეთ. ჯერ სადა ხარ, აი, ხვალ ახალი წელი თენდება და ქეიფი და დათრობა მერე ნახე შენ. გუშინ ცალი ფეხით გახვედი აქედან, ხვალ ღამე კიდევ ზურგზე მოგიკიდებთ და ისე გაგიტანთ.
პეპელას ესიამოვნა ბაბაკოს ნათქვამი და აშკარად გულზე მოეშვა. ალბათ მთელი დღე დარდობდა, ცუდად გამომივიდა იმდენი დალევაო. ის ხომ ჯერ წესიერად არ იცნობდა ადას, არ იცოდა, როგორი ბაჯაღლო ოქროს გული უცემდა მკერდში…
***
31 დეკემბერი გათენდა, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და საქმიანი დღე, რადგან ნაძვის ხე უნდა მომერთო. ეს საქმე ტრადიციულად მხოლოდ მე მაბარია. ბაბაკო დღესაც მუშაობს, ამიტომ, როცა საღამოს მოვა, უკვე მორთული უნდა დავახვედრო. რაც მთავარია, ბამბის ფიფქები არ უნდა დამავიწყდეს. სულ არ მეხალისება ეს ხელოვნური ფანტელები, მაგრამ ბაბას ხათრს ვერ ვუტეხ. ერთადერთი, რასაც ჩემგან ითხოვს, მხოლოდ ესაა. ისე, ჩვენ შორის დარჩეს და, მართლა უხდება ნაძვის ხეს, ტყუილად ვწუწუნებ. ბაბას თაობას იმდენი რამ გამოუვლია, არაა გასაკვირი, ამისთანა რაღაცების ნოსტალგია ჰქონდეს. მე რომ მისი ხნის გავხდები, ალბათ მეც მექნება რაღაცის ნოსტალგია, თუმცა ჯერ არ ვიცი, რის.
წუხელ ადას რომანის დანარჩენი თავები ვერ წავიკითხე, რადგან გვიანობამდე ვსაქმიანობდით ორივე, საახალწლო კერძებს ვამზადებდით. მხოლოდ ხაჭაპური დარჩა გამოსაცხობი და ღომი გასაკეთებელი, რასაც საღამოს მივხედავთ. ისე, შევაპარე წუხელ, კიტა ცოდოა, მარტო რატომ უნდა შეხვდეს ახალ წელს, ისიც ამოვიყვანოთ-მეთქი. გაოცებისგან თვალები ლამის გადმოუცვივდა ბუდიდან, არ ელოდა ჩემგან ასეთ რამეს. არასდროს გამჩენია მსგავსი სურვილი და ალბათ იფიქრა, ახლა რაღა მოელანდაო. არაფერიც არ მომელანდა, უბრალოდ, ბოლო ჟამს მისი უფრო ახლოს გაცნობის სურვილი ამეკვიატა. სულაც არ ჩანს ცუდი ადამიანი. ეს ერთი. საყვარელი, ბუნჩულა მოხუცია. ეს ორი. მე ძალიან ვუყვარვარ. ეს სამი. ბევრ რამეში ეხმარება ბაბაკოს. ეს ოთხი. უწყინარია, არავის არაფერს უშავებს. ეს ხუთი. ცნობისმოყვარეობა მკლავს, რა გამოიარა, როგორ იცხოვრა, ვინ ჰყავს, რისთვის არსებობს. ეს ექვსი. ცოტაა? არა, არ არის ცოტა. ჰოდა, რა მოხდება, თუ უფრო ახლოს გავიცნობთ? არც არაფერი.
არ ვიცი, ადა რას გადაწყვეტს, მაგრამ მე კი დიდი სურვილი მაქვს, მოვიპატიჟოთ. ჩვენ ყოველ ახალ წელს სამნი ვხვდებით _ ჩარიტა სულ მოდის ჩვენთან. ის მარტო ცხოვრობს და ამიტომ ჩვენთან ერთად ხვდება ხოლმე ახალ წელს, _ ძველსაც და ახალსაც. საერთოდაც, ყველა დღესასწაულს ერთად აღვნიშნავთ. მისი დაბადების დღეც კი ჩვენს ბინაში აღინიშნება. მასაც კიტასავით არავინ ჰყავს. გათხოვილი არასდროს ყოფილა, შინაბერაა, თანაც მწარე შინაბერა. ბაბაკოს თქმით, „ჩაქცეული ქალწულია“, კაცი თავის სიცოცხლეში სათოფეზე არ გაუკარებიაო. ასე რომ, ჩვენ ვართ მისთვის ყველაფერი. ერთი დედმამიშვილი ჰყავს, უმცროსი ძმა, რომელიც სადღაც რუსეთში ცხოვრობს, რუსი ცოლი ჰყავს და ათასში ერთხელ თუ მოიკითხავს თავის დას, ჩამოსვლით კი საერთოდ არ იწუხებს თავს. ჩარიტა ამბობს, სიკვდილის პირას რომ მივალ, მერე დამეცემიან თავს, ჩემი ქონების დაპატრონება მოუნდებათო. დიდი ვერაფერი ქონება აქვს, მხოლოდ ერთოთახიანი ბინა, მაგრამ ვინ მამაძაღლი იტყვის ამაზე უარს? ბოლოს და ბოლოს, თბილისის ბინაა, სოფლის სახლი ხომ არა.
ერთი სიტყვით, დილის რიტუალს მოვრჩი და დროა, საქმეს შევუდგე, მაგრამ ვგრძნობ, რაღაც მაკლია. რაღაც სურს ჩემს ქვეცნობიერს და ვერ გამიცნობიერებია, რა. ნაძვის გაშლაც მეზარება და სათამაშოების ამოლაგებაც, რაც ადრე არ დამმართნია. უცებ ჩემი მობილური აწრიპინდა. შეტყობინება მოვიდა. ბექა მწერდა, რას აკეთებო.
ბექა! აი, რა მინდა. მასთან ერთად მსურს ნაძვის ხის მორთვა. მინდა დამეხმაროს და ერთად გავალამაზოთ ახალი წლის მთავარი ხე. ნეტავ თუ გამომყვება? როგორმე დავიყოლიებ. უნდა დავიყოლიო.
პასუხი არ მიმიწერია, ისე გავიჭერი გარეთ და სანამ შევიდოდი, დავაკაკუნე. როცა გამომძახა, შემოდიო, ღიმილით შევაღე კარი და ეგრევე „ვესროლე“:
_ წამო, ჩემთან გავიდეთ! დილა მშვიდობისა.
წარბები ასწია და გაოცებული მომაჩერდა.
_ შენთან? მშვიდობის დილა სონიას!
_ ხო. ნახვის მორთვაში დამეხმარე, გთხოვ. უარს არ ვართ, იცოდე, თორემ მაგრად მეწყინება.
_ კი მოგეხმარებოდი, მაგრამ აბა, მე როგორ? რანაირად წამოვიდე?
_ მაგას მე მოვაგვარებ. სულ სამი საფეხური გვექნება ასასვლელი, მეტი კი არა.
_ ეგ გასაგებია, მაგრამ შენ ამ „კალიასკით“, თან ჩემი სიმძიმის ტვირთით სამი საფეხურის ავლას ეხუმრები?
_ რატომ არა? რა დიდი ამბავი ეგაა? მოგერევი, ეჭვი არ შეგეპაროს, _ სასაცილოდ დავეჯღანე.
_ კაი ბატონო, მიდი, სცადე, _ ისე უყოყმანოდ დამთანხმდა, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა.
_ ოღონდ შენ გადი. არ მინდა მიყურო, როგორ ვჯდები ჩემს „ავტომობილში“, _ დარცხვენით გამიღიმა.
_ კარგი რა, გუშინ არ მეუბნებოდი, ჩვენ უცხოები აღარ ვართო? მაგაშიც დაგეხმარები.
_ არა, სონია, ჩემით ჩავჯდები. არ მინდა მიყურო, სწორად გამიგე. _ იმდენი სევდა გაურია ორ წინადადებაში, ხმა დაუმძიმდა.
მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოში გავედი, თან ჩავიბურტყუნე, აქვე ვიქნები და დამიძახე-მეთქი.
იქ რამდენიმე წუთი დავყავი. ჩქამიც არ გამოსულა მისი ოთახიდან. ასე უხმაუროდ ნეტავ როგორ ახერხებდა ეტლში გადაჩოჩებას? ინტერესი კლავდა.
_ მოდი, მზად ვარ! _ როგორც იქნა, დამიძახა.
_ წავედით?
_ წავედით, _ თავი დამიქნია და ეტლი კარისკენ შეატრიალა.
სადარბაზოში გასვლა არ გასჭირვებია, არც ჩემი დახმარება დასჭირვებია, მაგრამ როგორც კი ჩემი ბინის ასასვლელ სამ საფეხურს მივადექით, დაამუხრუჭა.
_ აბა, ვნახოთ, თუ მომერევი, _ გამეხუმრა, თავი უკან გადასწია და ქვემოდან ამომაცქერდა.
რა სასიამოვნო იყო მისი ლამაზი თვალების ყურება. თითქოს ორ ლურჯ ტბას დავყურებდი ზემოდან.
იხტიბარი არ გავიტეხე და მის ეტლს შემართულად „ვეკვეთე“, მაგრამ ნურას უკაცრავად! ვერაფრით ვერ ავიყვანე საფეხურებზე. პირველ საფეხურზე რომ შევაყენე, მეორეზე როგორ უნდა გადამეყვანა? მივხვდი, უძლური ვიყავი.
_ აბა, მე რას გეუბნებოდი! ორი კაცი მაინც უნდა ამას, შენნაირი სიფრიფანა მე ჰაერში როგორ ამწევს?
_ პანდუსი სჭირდება აქაურობას, _ გამოვიტანე დასკვნა.
_ ახალი ამბავი! _ ჩაიცინა, _ მერედა, სადაა? ახლა ხომ არ აპირებ შემთხვევით გაკეთებას?
_ მოიცა, მე ვიცი, რაც უნდა ვქნა! _ უცებ გამინათდა გონება, _ აქ იყავი, ახლავე მოვალ! _ შევძახე და გარეთ გავვარდი.
კიტას მივადექი, ავუხსენი, რაც მინდოდა და დახმარება ვთხოვე. რატომღაც, სულ არ გაჰკვირვებია, როცა მომისმინა. თავი დააკანტურა მხოლოდ და წელზე დოინჯი შემოიყარა, თითქოს რაღაცას ფიქრობსო.
_ მოიცა! _ საჩვენებელი თითი აღმართა კარგი მეცნიერივით და იქვე, ბაღში ერთმანეთზე დაწყობილ მოკლე-მოკლედ გადაჭრილ ფიცრებს მიაშურა. ორი ცალი შეარჩია, შედარებით გრძელი რომელიც იყო, ერთმანეთზე დააწყო, ხელში დაიჭირა და წავიდეთო, მითხრა.
ვააა, რა კარგად მოიფიქრა! მე რატომ არ მომივიდა ეს აზრი? ან ბექამ რატომ ვერ ჩამაწოდა იდეა?
_ გამარჯობა, ბაბუ! _ ომახიანად მიესალმა კიტა ბექას.
_ გაგიმარჯოთ, ძია კაცო!
_ აბა, ცოტა უკან დახიე ეგ ფაეტონი, შენს გაზრდას! _ ხუმრობით მიმართა ბიჭს და როცა ბექამ ეტლი უკან გასწია, მკვირცხლად ჩამოდო ორივე ფიცარი საფეხურებზე.
_ სონია, შვილო, ადი ახლა შენ მაღლა და მაგ ფიცრებზე დადექი, ოღონდ შუაში, რომ არ აგვიყირავდეს. მე და ეს ოქრო ბიჭი კი ნელ-ნელა ამოვალთ!
მართლაც, ისე გემრიელად და გრიხინ-გრიხინით ამოიყვანა სამივე საფეხურზე ბექა თავის ეტლიანად, საერთოდ არ გასჭირვებია.
ორი წუთიც და ბექა უკვე ჩემს ბინაში იყო.
_ აჰა, ესეც ასე! გასვლისას დამიძახე, ბაბუ, და ჩაყვანაშიც წაგეხმარებით ცოტას, _ მითხრა კიტამ.
_ თუ საქმე არაფერი გაქვთ, თქვენც დარჩით, ბატონო კიტა. ჩვენ ნაძვის ხე უნდა მოვრთოთ, _ შევთავაზე მოხუცს.
_ ნაძვის ხე? ოო, კარგი ამბავია ეგ, მეც მიყვარდა ერთ დროს ნაძვის სათამაშოებით გაწყობა. აი, თქვენხელა რომ ვიყავი, _ ორივეს გაგვიღიმა, _ აბა, სადაა ან ნაძვი, ან სათამაშოები?
_ აგერაა ყუთში, ჯერ ასაწყობია.
გაგრძელება იქნება