მომღერალ ლიზი დარასელიას ცხოვრებაში საოცარი ამბები ხდება. ბოლო პერიოდში ლიზი განსაკუთრებით ხშირად ჩანს ეკრანზე, შოუებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე და მაყურებელს თავი გამორჩეულად შეაყვარა.
უბედნიერესი ვარ. ძალიან დიდი ხანი მინდოდა, საავტორო სიმღერა მქონოდა და რამდენიმე დღის წინ გამოვუშვი. ჩემს სიმღერას ჰქვია „მერამდენე ღამე“. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თამთა ჭელიძეს, რადგან ამ საქმის სულისჩამდგმელი სწორედ ის არის. ეს სიმღერა ყველა შეყვარებულ ადამიანზეა.
პარალელურად, „ნიკოს შოუს ბენდის“ წევრი ვარ და ამასთან ერთად, როგორც იცით, მყავს საკუთარი ბენდი, რომელიც ძალიან აქტიურია. ჩვენ ხშირად გვიწვევენ კორპორაციულ ღონისძიებებზე და ვცდილობთ, პოზიტივი შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენს ბენდს ჰქვია.
საავტორო სიმღერაზე ყოველთვის ვფიქრობდი და მიხარია, რომ გამომივიდა, თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩემს გულშემატკივარს კიდევ ბევრი ნამუშევარი ელის. ახლა კიდევ ერთ საავტორო სიმღერაზე ვმუშაობ, რომელსაც ორ თვეში იხილავთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ.
– გრძნობ, რომ უკვე, როგორც ვიტალი დარასელიას შვილიშვილად კი აღარ მოგიხსენიებენ, ხალხს საკუთარი კარიერით გააცანი თავი?
– ამას ვგრძნობ, მაგრამ მე ყოველთვის ვიქნები ვიტალი დარასელიას შვილიშვილი. ამით ძალიან ამაყი ვარ. სიმღერას რაც შეეხება, მგონია, რომ ამ სფეროში, მე, როგორც ლიზი დარასელიამ, დავიმკვიდრე სახელი და უკვე მცნობენ, როგორც მომღერალს. ახლახან კიდევ „ქავერ შოუშიც“ მივიღე მონაწილეობა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მარცხსაც შევეგუე. ეს მარცხიც სასიკეთო აღმოჩნდა ჩემთვის. მას შემდეგ ბევრი კარგი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში.
– ძალიან აქტიური გოგო ხარ.
– კი, მართლა ძალიან აქტიური ვარ. იმდენად აქტიური, რომ ოჯახის წევრებს ხშირად ვეღარ ვნახულობ. ახლაც ბათუმში ვარ, ძირითადად, ბათუმსა და თბილისს შორის მიწევს სიარული. კორპორაციულები, საღამოები, შოუები, სულ რაღაც ხდება. საერთოდ, მე ასეთი ადამიანი ვარ – არ მიყვარს უსაქმურად ყოფნა. ვაღიარებ, ძალიან გადაღლილი ვარ, როცა დრო მაქვს, ვცდილობ, მეგობრები მოვინახულო, მაგრამ აღარ მაქვს ისეთი ცხოვრების რიტმი, როგორიც ადრე, მაგრამ დაღლილობის მიუხედავად, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, განვიცდი, რომ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ძველებური სიხშირით ვეღარ ვნახულობ, მაგრამ მე ისიც ნათქვამი მაქვს, რომ მინდა, ბიზნესლედი გავხდე და მე თუ რამეს ვიტყვი, იმას აუცილებლად შევასრულებ. ამისთვის კი ბევრი შრომაა საჭირო. ჯერ საავტორო სიმღერებს ვახმარ მთელ ძალისხმევას, მაგრამ ამის შემდეგ ბიზნესის დროც მოვა.
– როგორ ისვენებ და ერთობი?
– ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს, მეუბნებიან: შენთვის რა მარტივია, მღერი, ცეკვავ რა გენაღვლება, სულ გართობაში ხარო. არადა, ასე არ არის. ისეთი რიტმით ვმუშაობთ, იმდენ რეპეტიციას გავდივართ, ეს დიდ შრომას მოითხოვს. როცა კარგ ბენდს წარმოადგენ, ყველას აინტერესებ და მეტი შემოთავაზება გაქვს. თუ ამ საკითხს ძალიან მარტივად და ზედაპირულად უყურებ, მაშინ ვერ მიაღწევ იმას, რაც ახლა მე მაქვს. ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის მარტივი. აქედან გამომდინარე, დასვენების დრო ნაკლებად მრჩება, მაგრამ როცა თავისუფალ დროს ვპოულობ, მაშინ ყველაზე დიდ სიამოვნებას ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა მანიჭებს, დროის მათთან გატარება მაბედნიერებს.
– „ნიკოს ბენდი“ ვახსენეთ. უკვე ჩამოყალიბებული ბენდის წევრობა არ იქნებოდა მარტივი.
– კი, რადგან გოგო სოლისტები მანამდე სხვები იყვნენ, რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მაყურებელი მათ იყო მიჩვეული. გინდა თუ არა, როდესაც ახალი ხარ, შეიძლება, ცოტა წნეხის ქვეშ მოექცე და ვინც და როგორიც არ უნდა იყო, მაყურებელს გაუჭირდეს შენი მიღება. მაყურებელს უჭირს ერთიდან მეორეზე გადართვა, მაგრამ მე ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი. საბედნიეროდ, კარგად ავეწყვეთ. ძალიან კარგი ადამიანები არიან ბენდის დანარჩენი წევრები, ბოლომდე გვერდით მიდგანან და ამისთვის დიდი მადლობელი ვარ.
წაიკითხეთ სრულად: tbiliselebi.ge