მომღერალი ნინო ჩხეიძე არა მარტო საზოგადოებას, არამედ ოჯახის წევრებსაც კი არ უნახავთ სახელდახელოდ ჩაცმული, მოუწესრიგებელი და გაუპრანჭავი. როგორც თავად ამბობს, ეს მის ხასიათშია და ადრეული ასაკიდან ცდილობს, საკუთარ სხეულსა და გარეგნობაზე განსაკუთრებულად იზრუნოს.
პატარაობიდან მიყვარდა გაპრანჭვა. ორი წლის რომ ვიყავი, გამორჩეულად მომწონდა ცისფერი, ფუშფუშა კაბა, ჩავიცვამდი და სტუმრად დავდიოდი მეზობლებში. მიყვარდა, გაპრანჭული რომ ვიყავი – ამ კაბაში ვიქცევდი ყურადღებას და ყველა მეუბნებოდა, რა ლამაზი ხარო (იცინის). ერთი სიტყვით, განსაკუთრებულად მიყვარდა პატარა ასაკიდან გაპრანჭვა. ჩემი საყვარელი გართობა იყო დედის საქორწინო კაბის მორგება და ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. სუნამოებს ვისხამდი, ვიკეთებდი მაკიაჟს და ვიყავი ბედნიერი...
– სერიოზულად რა ასაკიდან დაიწყე თავის მოვლა და გაპრანჭვა?
– ძალიან ადრიანი ასაკიდან დავიწყე თავის მოვლა, ალბათ, 11-12 წლის ასაკში და სულ გამორჩეულად ვიცვამდი. პირველი პროცედურა, რაც ჩავიტარე, წარბები ამოვიღე და მქონდა საშინლად. იმის მერე აღარ ამომივიდა და ძალიან ვინანე. ბუნებრივად წაბლისფერი თმა მაქვს და 15 წლის ასაკში შავად შევიღებე. ძალიან დიდი კონტრასტი იყო, ძალიან შემცვალა, მომწონდა. ისე მოვირგე, იმის მერე, ალბათ, ათი-თხუთმეტი წელი შავი თმა ვატარე. ძალიან კარგი თმის სტრუქტურა მქონდა და გარდატეხის ასაკში გამცვივდა. ალბათ, ჩვენს დროს ამდენი საკვები დანამატი რომ არ არსებობდა, იმის ბრალი იყო. სახლის პირობებში ვიკეთებდი ნიღბებს, ვხმარობდი აბუსალათინის ზეთს, A და B ვიტამინს და კვერცხის გულს ვიზელდი თმაში და დაფნისა და მუხის ქერქის ნახარშებს ვივლებდი. მოკლედ, თმას განსაკუთრებულად ვუვლიდი. დღეს უკვე ბევრი საშუალებაა თმის მოვლისთვის, რაც მაშინ არ იყო. არც ძვირი ჯდება, მთავარია, მონდომება, თორემ სახლის პირობებშიც გადასარევად შეგიძლია, თავს მიხედო, გამოიმუშაო რუტინა, არ დაგეზაროს და ლამაზად გამოიყურებოდე. რა თქმა უნდა, მეც მაქვს პერიოდები, როცა სიზარმაცე შემომიტევს, გადაღლილი ვარ და განსაკუთრებულად არ ვუვლი თავს, რაც ახლა მჭირს. მაგრამ, არის პერიოდები, როცა ძალიან ვაქცევ თავის მოვლას ყურადღებას. თუმცა, რაც არ უნდა მოდუნებული და დაღლილი ვიყო, მოუწესრიგებელს სახლში ვერ მნახავთ, სულ ფორმაში ვარ. სახლის ტანსაცმელი არ მაქვს და ეს ბებიამ მასწავლა. მეუბნებოდა: ქალს სახლის და საგარეო ტანსაცმელი არ უნდა ჰქონდეს, სულ გაპრანჭული უნდა იყოსო. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში გიპიურითა და მაქმანებით დავდივარ, მაგრამ ლამაზი ტანსაცმელი მაცვია.
– ხშირად გიწევს გადაღებები, ჩაწერები და კონცერტებზე გამოსვლა. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული, მძიმე, სასცენო მაკიაჟის გაკეთება. ამ ყოველივემ სახის კანზე ხომ არ იქონია გავლენა?
– სახის კანს განსაკუთრებულად ვუვლი. სულ ვცდილობ, ხარისხიანი კოსმეტიკა გამოვიყენო და არასოდეს ვიტოვებ სახეზე მაკიაჟს, როგორც კი სახლში მოვდივარ, მაშინვე ვიბან. ყოველთვის ვხმარობ ღამისა და დღის საცხს. მიყვარს კანის კომპლექსური მოვლა, რომელიც დავიწყე, დაახლოებით, 25 წლიდან – დაწყებული აპარატურით, დამთავრებული ბოტოქსით. თუ რაიმეს კორექტირება უფრო გაალამაზებს ადამიანს, რატომ უნდა თქვას უარი? თუმცა, არც გადაზედმეტება ვარგა. სულ ვცდილობ, ბალანსი დავიცვა, არ შევყვე და ბევრი არ მომივიდეს. თუმცა, ჩემს სახეს ისეთ სპეციალისტს ვანდობ, ამის საფრთხე არ მემუქრება. იმდენად კარგ საფეხურზეა ჩვენთან ესთეტიკური კოსმეტოლოგია, რომ რაც წლები მემატება, უფრო და უფრო მომწონს ჩემი თავი და გარეგნობა, ვერ ვიტყვი, ოცი წლის ასაკში უფრო კარგი სახის კანი მქონდა, ვიდრე ახლა-მეთქი. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ სახის მასაჟი საოცრად მოქმედებს კანზე და დადებითი შედეგები აქვს. ბოლო წელია, ვიკეთებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ წლების წინ გავიკეთე ტუჩი, უფრო სწორად, მოვხვდი სპეციალისტთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რატომღაც მჭირდებოდა ტუჩის გადიდება და გამიკეთა ბიოპოლიმერი. დღემდე მაქვს და ძალიან არ მომწონს. ეს ჩემი არჩევანი არ იყო, ეს იყო არაპროფესიონალის არჩევანი. ეს პრეპარატი არ გაიწოვება, ქირურგიულად ხდება მისი ამოღება, რაც საკმაოდ რთულია. ამაში თავს ვიდანაშაულებ, რომ ვენდე, სუსტად მოვიქეცი და მივეცი იმ ექიმს ჩემზე ექსპერიმენტის გაკეთების უფლება.
– ზოგადად, წლების მატება და გარეგნობაში ცვლილებები არ გაშინებს?
– წლების მატება ჩემში შიშს არ იწვევს. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხარ, მნიშვნელობა აქვს, როგორი ხასიათის ხარ, როგორ განწყობაზე და როგორი აურა გაქვს.
წაიკითხეთ სრულად: tbiliselebi.ge