– ვინ არის ეკა ნიჟარაძე?
არავინ განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი. სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია, რომელმაც არც თუ ისე მარტივი, მაგრამ ძალიან საინტერესო გზა განვლო. დიდი იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ ბევრი კარგი რამ მელოდება.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მაკმაყოფილებს და ღმერთის, ბედისა და ადამიანების, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში მხვდებიან, ძალიან მადლიერი ვარ.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ახლახან ძალიან ახლო მეგობარი დავკარგე, ჩემი ბავშვობის მეგობარი. ეს ძალიან მტკივნეულია...
– ემოციების გამოხატვისას თავშეკავებული ხართ?
– თავშეკავებული ვარ. მართლა ძალიან ბევრ რამეზე ვიკავებ თავს. ეს ჩემი ხასიათის თვისებაა. საოცრად მომთმენი ვარ. მით უმეტეს, თუ საქმე ფიზიკურ ტკივილს ეხება. ბავშვობიდან ასეა. ოთხი წლის რომ ვიყავი, თავი გავიტეხე და ნაკერები პირდაპირ, გაყუჩების გარეშე დამადეს. დედაც იხსენებდა ხოლმე, რომ გაოგნებულები მიყურებდნენ და მეც მახსოვს, რომ მიკერავდნენ და მტკიოდა. ოთხი წლის ბავშვს შუბლზე ნაკერებს რომ გადებენ, ბუნებრივია, გეტკინება, მაგრამ გავუძელი.
წყენას რაც შეეხება, ამასაც ვითმენდი ხოლმე, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, მივხვდი, რომ აღარ უნდა მოვითმინო. რაღაცებს უკვე ვეღარ ვიტან. ადრე შემეძლო, ბევრი რამ გამეტარებინა და ადამიანისთვის არ მეთქვა, თუ მისგან რამე მეწყინა და ძალიან მალე მე თვითონაც მავიწყდებოდა. დღესაც არ შევდივარ კონფლიქტში, ჩხუბს არ დავიწყებ და ადამიანს არ დავკარგავ, მაგრამ ვეტყვი, თუ ჩემ მიმართ არასწორად მოიქცა, რომ მეწყინა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს. შემიძლია, წლები ვითმინო, მაგრამ მერე, ყელში რომ ამომივა, ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ მოვიკვეთ ადამიანს. როდესაც ადამიანი ვერ ხვდება, რომ მე რაღაცებს „ვუტარებ“, ვცდილობ, რომ ყურადღება არ მივაქციო, ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ოცჯერ და 150–ჯერ და ამას ჩემს ვალდებულებად იღებს, ჩემი მოთმინებაც იწურება და მაშინ საბოლოო წერტილს დავუსვამ ყველაფერს მასთან დაკავშირებით.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?
– ბევრ კარგ რამეს. ძალიან მიყვარს ფულის ხარჯვა. ზუსტად ვიცი, რომ მაქსიმუმ, ერთი კვირა დამჭირდებოდა დასახარჯავად. თუმცა, აუცილებლად აზრიანად დავხარჯავდი. რაჭაში ვიყიდდი ძველ, ლამაზ სახლს. ჩემი კახეთის სახლს დავამთავრებდი, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. დედაჩემს წავიყვანდი სამოგზაუროდ მსოფლიო მასშტაბით. ბევრს დავეხმარებოდი. ისედაც ვცდილობ, შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარო, ვისაც ეს სჭირდება და ამისთვის მეტი შესაძლებლობა მექნებოდა.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– არა, არასდროს. მე მპარავდნენ ხოლმე რაღაცებს. პატარა ვიყავი, 8-9 წლის და რომ მივხვდი, ერთი გოგონა ჩემს ნივთებს მპარავდა, ძალიან ვინერვიულე. ფაქტზე დავიჭირე, მაგრამ ანერვიულებულმა ვერაფერი ვუთხარი. სხვათა შორის, თვითონ დიდად არ შემცბარა.
ვაიმე, ისე, მეც მომიპარავს სოფელში სიმინდის ტარო და ლეღვი. ერთხელ მაგარ შარში გავეხვიე. ლეღვის მოსაპარად ავედი მეზობლის ხეზე. ვიცოდი, რომ პატრონი სახლში არ იყო. ხეზე ავძვერი და ჭამა დავიწყე. ტოტი, რომელზეც ვიდექი, მოტყდა. პატარა და მსუბუქი ვიყავი, მაგრამ ლეღვის ტოტები ადვილად ტყდება. ერთი რომ მოტყდა, მეორე ტოტზე გადავხტი, ისიც მოტყდა და მესამეზე გადავედი. მოკლედ, გადავფცქვენი მთელი ხე, მაიმუნივით დავძვრებოდი ტოტებზე. მერე ძალიან შემეშინდა და დავიმალე. საღამოს უნდა მოსულიყო სახლში პატრონი და გული მისკდებოდა, მეგონა, რომ მოვიდოდა და ნახავდა, მომკლავდა. გადავრჩი, ჩხუბიც არ ყოფილა.
– პაემანზე სახალისო ამბავი გადაგხდენიათ?
– სახალისო არ ვიცი რამდენად იყო, საერთოდაც არა, პრინციპში, არც პაემანი იყო, მაგრამ ერთი ისტორია მახსენდება: მე და ჩემი მეგობარი ოპერაში ვიყავით. გამოვედით და გარეთ ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი დამხვდა. ისე მოხდა, რომ მომიტაცეს. საშინლად გავბრაზდი. მაშინ 17 წლის ვიყავი. იმ ბიჭს გამოცდილი თანმხლები პირი ჰყავდა, რომლის ნუსხაშიც არაერთი მოტაცებული გოგო ყოფილა. ჩემი მეგობარი ოპერის ბაღში დატოვეს, მე მომიტაცეს. ისე გავმწარდი და მანქანაში ისეთი საოცრებები ჩავიდინე, რომ სადღაც ნატახტრიდან მომაბრუნეს, იძულებულები გახდნენ. გაწიწმატებულზე მეტი ჰქვია ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას. გზაში მანქანიდან გადმოვუხტი, ფეხით მოვდიოდი და ბოლოს მოატრიალეს, კარგი, კარგი, დაგაბრუნებთო. დამაბრუნეს ოპერასთან, სადაც ჩემი მეგობარი ისევ მელოდა. ეს ზუსტად ის მეგობარია, რომელიც ახლახან დავკარგე.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ჩემი შვილებია ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა და ღირსება, შვილიშვილები და ოჯახი. მარცხად არ ვიცი, რა დავასახელო. ძალიან არაამბიციური ადამიანი ვარ და ვერ ვიტყვი, რომ დიდი მარცხები განმიცდია. რომც ყოფილიყო, არ მახსოვს. ამას არანაირად არ განვიცდი, ტრაგედიად არ აღვიქვამ. მარცხის შემდეგ ყოველთვის კარგი მოდის, ამაში დარწმუნებული ვარ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.
წაიკითხეთ სრულად: tbiliselebi.ge