_ ეჰ, ახლა იმდენნაირი სათამაშოა, რა უნდა მაგის მორთვას. ჩვენ დროს არ იყო არაფერი, თორემ… კი იყო, მარა ზოგს კომუნისტების ვარსკვლავი ეხატა, ზოგს ორდენი და რა ვიცი, ათასი მამაძაღლობა. „კარდონის“ ჩიტებიც იყო, სხვადასხვაფრად შეღებილი. ვის როგორ ჰქონდა საშუალება, ისე ვაწყობდით. კანფეტებსაც კი ვკიდებდით ზედ და მანდარინებსაც, _ გაიცინა.
როგორი ბოხხმიანი სიცილი სცოდნია, სასიამოვნო. მომწონს, როცა მამაკაცი მამაკაცურად იცინის, ხვავრიელად.
_ თქვენი ნაჩუქარი კურდღელიც უნდა დავკიდო, _ საგანგებოდ აღვნიშნე.
_ აბა, თქვენ იცით, შვილებო. ახლა თქვენი დროა. ჩვენ ჩვენი უკვე ვნახეთ და უკან მოვიტოვეთ. წვიმები არ გაქვს, სონია, წვიმები?
_ არა, წვიმები არ მიყვარს, ამიტომ არასდროს ვყიდულობ. სამაგიეროდ, ფიფქები მაქვს, ბამბის.
_ რაო? ბამბის ფიფქებიო? რაღა დროსია, კაცო! ახლაც რთავენ ნაძვს ბამბის ფანტელებით? _ გაიკვირვა.
_ რა ვქნა, ბაბაკოს უყვარს, ბავშვობას მაგონებსო და აბა, როგორ ვეტყვი უარს, _ თავის მართლებასავით გამომივიდა.
_ მართალი ხარ, ბაბუ. ადასნაირ ბაბაკოს როგორ შეიძლება რამეზე უარი უთხრა. კარგი, ახალგაზრდებო, წავალ ახლა მე. დარჩენით არ დავრჩები. თქვენ თქვენებურად გაერთეთ, ჩემნაირი ბებერი არაფერში გჭირდებათ. აბა, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, სულ სიკეთე და სიხარული მოეტანოს თქვენთვის! _ დაგვლოცა კიტამ და მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაინც არ დარჩა.
_ ეგ ბამბის ფიფქები რას ნიშნავს? _ დაინტერესდა ბექა, როცა მარტონი დავრჩით.
_ რას და ამას, _ ვთქვი, ცელოფანიდან ბამბა ამოვიღე, გავწეწე და ხელისგულებზე დავიყარე, _ ეს უნდა დაადო ნაძვის ტოტებს და ფიფქების ასოციაცია შეიქმნება.
_ ვაა, რა საინტერესოა! პირველად მესმის.
_ გოიმი ხარ! _ გავეხუმრე.
_ ჰოდა, ახლა გავნათლდები. დავიწყოთ?
უცებ ბაბაკოს რომანი გამახსენდა. იქაც სწორედ ამ სიტყვას ამბობს კოტე, როცა დადუნა თავის ბინაში მიჰყავს ნაძვის ხის მოსართავად…
ნეილონის ნაძვის ხე მალევე ავაწყვე და სათამაშოების დაკიდებაც დავიწყეთ. რადგან ბექა ზემოთ ვერ მისწვდებოდა, მას ქვემოთ და შუა ნაწილში დაევალა ბურთების განაწილება, მე კი კენწეროდან ჩამოვყევი. თან ვლაპარაკობდით, თან ვსაქმიანობდით. ბოლოს ბამბის ფიფქებიც მიმოვფანტეთ ტოტებზე, ნათურებიც გადავანაწილეთ და მართლაც ულამაზესი გამოგვივიდა ახალი წლის მთავარი ხე.
_ მაგარი გამოვიდა, _ ბექამ მოწონების ნიშნად ცერი შემართა, _ ეს ბამბაც ძაან მოუხდა.
_ ჰო, მართლაც ლამაზია. შენი არ მოვრთოთ?
_ ჩემი? ჩვენ მაგ რიტუალს არ ვატარებთ სახლში. წლებია უკვე. _ უცებ მოეღრუბლა სახე.
_ რატომ?
_ რა ვიცი. პატარა არავინ გვყავს სახლში და რად გვინდა, _ მხრები აიჩეჩა და მზერა ამარიდა.
_ პატარა არც ჩვენ გვყავს, მაგრამ მაინც ვრთავთ. უბრალოდ, ახალ წელს უხდება ნაძვის ხე, მეტი კი არაფერი.
_ ნუ, რა ვიცი. ჩვენ არ გვაქვს. არც მინდა, რომ იცოდე.
ამაზე მეტი აღარ გვილაპარაკია. როცა საქმეს მოვრჩით, სადილზე დავპატიჟე. გავასინჯე საცივიც, ქათმის სალათაც, ტოლმაც, რამდენიმე ბლინიც შევწვი და ბოლოს ნამცხვარიც დავაყოლეთ.
_ სოონ, გავალ აწი, თორემ ჯდომით დავიღალე. ამდენ ხანს არასდროს ვმჯდარვარ, ზურგი მეტკინა. _ შემომჩივლა.
_ იმიტომ, რომ სახლიდან არ გადიხარ, _ დრო ვიხელთე და ჩავურტყი, _ გარეთ რომ გადიოდე ხანდახან, ასე უცებ აღარ დაიღლები, მაგრამ არა უშავს, ნელ-ნელა მაგასაც მივხედავთ მე და შენ. არა? _ თვალი ჩავუკარი და ეშმაკურად გავუღიმე, თვითონ რომ იცოდა, ისე.
სევდიანად შემომღიმა, თქმით არაფერი უთქვამს. მერე თავისთან ისე გავიყვანე, კიტას დახმარება არ დამჭირვებია, მშვიდობიანად „დავეშვით“ ჩემს სამსაფეხურიან „ტრამპლინზე“.
როცა უკან მოვბრუნდი, ჩემი საჩუქრების სკივრში სამაგიდო ნაძვის ხე ამოვქექე, ადრე ბაბაკოს აჩუქეს სამსახურში, მინიატიურული, კოხტა, ფერადი პატარა წინწკლებით, თითქოს ზედ სათამაშოები კიდიაო, მერე მაღაზიაში გავვარდი, ერთი ფერადი გირლანდაც ვიყიდე და ბექას შევუტანე.
რომ შევედი, ეძინა. ფრთხილად დავდე მის მაგიდაზე ნაძვის ხე, გირლანდაც კოხტად შემოვახვიე მისი კომპიუტერის სადგამს და ჩავრთე. ფერადმა ნათურებმა სასიამოვნო ციმციმი ატეხეს. კმაყოფილმა და ყურებამდე გაღიმებულმა ფეხაკრეფით დავტოვე იქაურობა. რომ გაიღვიძებდა, სიურპრიზი დახვდებოდა ჩემგან. ვიცოდი, ესიამოვნებოდა…
შემოვბრუნდი თუ არა, რადგან მეტი საქმე არაფერი მქონდა, ჩემს ლეპტოპს ვეცი და ბაბაკოს რომანს მივუბრუნდი:
„7 იანვარი
კოტეს გაცნობა ლატარიაში მოგებული პრიზივით მიხაროდა. პირველში ვერ შევძელი მისი მონახულება, რადგან შინიდან გასვლა ვერ მოვახერხე. ვერც მომდევნო დღეებში გავედი, რადგან ხან ვინ გვყავდა სტუმრად, ხან ვინ. მხოლოდ ექვსში გამომივიდა სახლიდან გაძრომა. პარკში ტკბილეულობა ჩავყარე და ასე მივადექი ჩემს ახალ ნაცნობს. თვალებდასივებული დამხვდა. მგონი, ძლივს მიცნო.
_ ააა, დადუ, შენ ხარ? _ ხელი აიქნია და შემოდიო, მანიშნა.
_ გილოცავ ახალ წელს. _ მორიდებით წარმოვთქვი.
_ მე კიდევ ხვალინდელ შობას გილოცავ. ბოდიში, მეძინა და ვერ ვარ ფორმაში.
_ არა უშავს, მერე რა? აი, შოკოლადები მოგიტანე. და კიდევ მზესუმზირა, მოხალული.
_ ოხ! მადლობა ყურადღებისთვის. მე რომ არაფერი მაქვს, რა შემოგთავაზო?
_ არაფერი არ მინდა. ყავა გაქვს?
_ ეგ კი, მაქვს.
_ ჰოდა, ყავა დავლიოთ და შოკოლადი მივაყოლოთ.
_ შამპანურიც მაქვს. ბიჭებმა ამოიტანეს და ერთი ბოთლი გაუხსნელი დევს მაცივარში.
_ შამპანურიც წავა. მეტი რაღაა საჭირო?
_ პურიც უნდა იყოს მგონი, და კვერცხიც. იცი კვერცხის შეწვა?
_ როგორ არ ვიცი.
_ მიდი, მაშინ, შეუდექი. მე მანამდე ვიბანავებ და მოვწესრიგდები. შენ სუფრა გაშალე და დამელოდე, კარგი?
_ კარგი, _ სიხარულით ფრთაშესხმულმა დავუქნიე თავი და სამზარეულოში გავედი.
სანამ კოტე გამოვიდოდა, კვერცხიც შევწვი, სუფრაც გავშალე და ლოგინიც დავულაგე. მერე სწრაფად მივხვეტ-მოვხვეტე იქაურობა და ვინ იცის, რამდენი დღის გაურეცხავი ჭურჭელი, ნიჟარაში უპატრონოდ რომ ეყარა, დავრეცხე.
ასე რომ, როცა კოტე გამოვიდა, იქაურობა ბოლომდე მოწესრიგებული დავახვედრე.
_ შენ ყველაფერში ეგეთი ყოჩაღი ხარ? _ ირიბად გამომხედა.
_ ყველაფერში ვერა, მაგრამ ასეთ რამეებში კი, _ ამაყად მივუგე შექებით ნასიამოვნებმა.
შემდეგ სუფრას მივუსხედით და ნაგვიანევად ვიახალწლევეთ. ორი ჭიქა რომ დავლიე, სიგარეტი მომინდა. დედაჩემის ჩუმად უკვე კარგა ხანია, ვეწევი. კოტეს არ გაჰკვირვებია, „სალემის“ კოლოფი რომ დავაძრე. ისე ჩვეულებრივად მიიღო ეს, თითქოს იცოდა, რომ ვეწეოდი. ერთადერთი იმაზე მისაყვედურა, ამ მენთოლიან საზიზღრობას როგორ ეწევიო. მეც შენს „მაგნას“ მაინც სჯობია-მეთქი, სამაგიერო გადავუხადე.
_ ძალიან ლამაზი გოგო ხარ, დადუნა, _ მითხრა, როცა შამპანური ბოლომდე გამოვცალეთ. _ სიამის კატასავით გამოიყურები, ოღონდ თვალების ფერი არ გიწყობს ხელს. _ მითხრა და ცალთვალმოჭუტულმა გამომხედა.
მის დამცინავ რეპლიკას სიგარეტის ბოლით შევუტიე. კოტეს ხველება აუტყდა.
_ რას აკეთებ, გოგო! გავიგუდე კინაღამ! _ სიცილით მითხრა და უცებ მსუბუქად წამომარტყა.
წამორტყმა ეგრე არ უნდა-მეთქი და მუშტები დავუშინე. ჩვენი ძიძგილაობა ჭიდაობაში გადაიზარდა. ჭიდაობა _ ბღლარძუნში, ბღლარძუნი კი… ალერსში და… ჩვენ შორის ყველაფერი მოხდა. ისე მინდოდა მისი მოფერება, ისე მიზიდავდა თავისი ძლიერი სხეულით, აღარაფერი მახსოვდა. ჩემს ტუჩებს იმაზე მეტი სურდათ, ვიდრე შეეძლოთ. იმაზე მეტი, ვიდრე იცოდნენ. არ ჩერდებოდნენ, მის ტუჩებს ეძებდნენ, პოულობდნენ, კოცნიდნენ, მერე ისევ შორდებოდნენ, თითქოს უფრო ტკბილი ადგილის მოძებნა მოსურვებიათ მის ტუჩებზეო… თითქოს თუთის ხე ამიშრიალდა სხეულში. ისიც მოწყურებით მკოცნიდა, გეგონებოდა, ჩემამდე ქალი არ ჰყოლიაო, თითქოს ტუჩებით სითბოს მაყრიდა სახეზე… თან მეალერსებოდა, თან ქათინაურებით მბომბავდა.
როცა ვნებისგან დავიცალეთ, კოტე ცოტა შეშფოთებული და ცოტა დაბნეულიც მეჩვენა. მობოდიშება დამიწყო, ასე არ უნდა მოვქცეულიყავიო. რა უნდა მექნა, იქით დავუწყე დამშვიდება, არა უშავს, ოდესმე ხომ მაინც ვიზამდი ამას, რა მნიშვნელობა აქვს, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან-მეთქი.
_ შენ ბავშვი ხარ ჯერ, რა დროს შენი სექსია, თან მე რა შენი ტოლი ვარ.
მისმა ნათქვამმა მომშხამა. სულაც არ მიმაჩნდა ჩემი თავი ბავშვად, მე უკვე ზრდასრული ქალი ვიყავი.
_ ბავშვობა დიდი ხანია წარსულს ჩავაბარე, რომ იცოდე! _ დავუბრიალე თვალები, _ და არც ისე დიდი სხვაობაა ჩვენ შორის. უფრო ასაკოვანი კაცებიც შეჰყვარებიათ ჩემს ტოლ გოგოებს. ასე რომ, ჩემი მიტოვება არც გაიფიქრო, იცოდე! _ ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად დავემუქრე.
_ რახან ჩემს ცხოვრებაში გვირაბის სინათლესავით გამოჩნდი, როგორ მიგატოვებ, ეგეთი უტვინოც არ ვარ, _ მითხრა და მიმიხუტა.
იმწუთას ჩემზე ბედნიერი ქალი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე.
_ მაგრამ არის ერთი რამ, რაც უნდა იცოდე და არ დაგიმალავ. მერე შენ გადაწყვიტე, გიღირს თუ არა ჩემთან ურთიერთობა.
_ ასეთი რა არის? ცოლი გყავს? _ გული შემეკუმშა.
_ არა, ცოლი არ მყავს, მაგრამ მე… როგორ გითხრა, ერთი უვარგისი კაცი ვარ. არ ვმუშაობ, არც პროფესია მაქვს, არც არავინ…
_ მერე რა? ეგ ისეთი არაფერია, რომ შენზე უარი მათქმევინოს.
_ და მე ნარკომანი ვარ, _ ამოთქვა ბოლოს.
თითქოს ტყვია მესროლეს, რომელმაც პირდაპირ ჩემს გულში გაიარა და უზარმაზარი ხვრელი დატოვა.
არა, ღმერთო! ოღონდ ეგ არა! ასეთი რამის მერე ვინ მომცემდა უფლებას, მის გვერდით მეცხოვრა? დედაჩემი ხომ გამფატრავდა. თეო კი დაცინვით ამიკლებდა, ნარკომანიღა აკლდა შენს რომანტიკულ ბუნებასო.
ამიერიდან ჩემი ცხოვრების ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე გაუსაძლისი დაბომბვის პერიოდი იწყებოდა და ეს კარგად მქონდა შეგნებული, მაგრამ კოტეზე უარის თქმას არ ვაპირებდი. წასული იყო ჩემი საქმე, თუმცა არაფერს ვნანობდი. ყველა სიძნელისთვის მზად ვიყავი, ოღონდ კოტეს არ მივეტოვებინე. ან ის, ან არავინ! დღეიდან ჩემი სიყვარულის დევიზი მხოლოდ ეს იქნებოდა!
მერე კარგა ხანს ვაკნატუნეთ ჩემი მიტანილი მოხალული მზესუმზირა. კოტე შიგადაშიგ გამომხედავდა და მეტყოდა: რომ იცოდე, როგორ მემზესუმზირები!..
1 თებერვალი
როგორც კი დროს გამოვნახავდი, კოტესთან გავრბოდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, დღის რომელ მონაკვეთში _ ის სულ სახლში იყო და მელოდებოდა. საოცარი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. ცუდი ის იყო, რომ ღამით ვერ ვახერხებდი მასთან დარჩენას, თუმცა ერთხელ ესეც გავაკეთე. შუაღამისას გავიპარე შინიდან და იმ დროს დავბრუნდი, როცა ღამე ფერს კარგავს და ფითრდება _ გამთენიისას, მამლის პირველ ყივილამდე, როგორც ჩვენს წინაპრებს უყვარდათ თქმა.
არა და არ მბეზრდებოდა მის გვერდით ყოფნა, მისი სევდა, მისი ტკივილი. მასაც უხაროდა ჩემი ნახვა. მოუთმენლად მელოდა. როგორც კი მივიდოდი, ეგრევე მეტყოდა, „როგორ მემზესუმზირები, ჩემო ბაჭიავ!“ და ეს სიტყვები ფრთებს მასხამდა, ვნებით მავსებდა და სიყვარულით მთანგავდა. ერთი საათის წამოსულიც რომ ვყოფილიყავი მისგან, უკვე მენატრებოდა. როცა მასთან მივდიოდი, გავრბოდი, რომ რაც შეიძლებოდა მალე მენახა. ვუზიდავდი ყველაფერს, რისი გატანაც სახლიდან შემეძლო, რათა საჭმელი არ მოჰკლებოდა. თუ რამე ფულს ჩავიგდებდი ხელში, ან სიგარეტს ვყიდულობდი მისთვის, ან ისე, ფულად ფულს ვაძლევდი, თუმცა ვიცოდი, რომ იმ თანხას აუცილებლად წამალში დახარჯავდა.
ცუდ ხასიათზე მხოლოდ მაშინ ვდგებოდი, როცა მის ბინაში უცხო კაცები მხვდებოდნენ _ მისი ძმაკაცები _ მისნაირი ჩაშვებული ნარკომანები. მათ დანახვაზე გული ამიმხედრდებოდა ხოლმე და ლამის შუათითი ეჩვენებინა ნიშნის მოგებით, შენზე ახიაო ყველაფერიო.
ასეთ დროს დიდხანს არ ვრჩებოდი. ვერ ვიტანდი მათ დანახვას და გავრბოდი. გავრბოდი კოტესგან, იმ სიტუაციისგან, იმ კაცებისგან… ცოტათი მეშინოდა კიდეც მათთან დარჩენის. ვინ იცის, რა აზრი მოუფრენს ცხოვრებაზე ხელაღებულ კაცს თავში? კოტე მამშვიდებდა, ნუ ბრაზობ, შენ არავინ არაფერს დაგიშავებს, სამზარეულოში გადი, იქ დამელოდე, ესენი მალე წავლენო, მაგრამ ჩემსას არ ვიშლიდი. ასეთ მომენტებში ალოგიკური ბრაზი მიპყრობდა _ ასე მეგონა, ისინი სიყვარულს მართმევდნენ, ჩემსა და კოტეს შორის დგებოდნენ და დაუკითხავად იჭრებოდნენ ჩვენს ცხოვრებაში.
სხვა დროს კი ყველაფერი კარგად მიდიოდა. თითქოს მფრინავ ობიექტში ვიჯექი, რომლის ავზშიც სიყვარული იყო ჩასხმული. და სანამ ავზი სავსე იყო, დავფრინავდი, ირაოებს ვაკეთებდი. როცა გამომელეოდა, ისევ კოტეს მივადგებოდი და ვეტყოდი, შეგიძლია ერთი კანისტრა სიყვარული მასესხო? და ისიც მაძლევდა, ოღონდ არა სესხად, არამედ საჩუქრად. მე კვლავ ვავსებდი ჩემს მფრინავ ობიექტს და ისევ ფრენას ვიწყებდი…
და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ იღბალმა თვალი არ ამარიდა.
ვარდისფერი სათვალე თურმე შიგნიდან ტყდება…
***
ოჰ, ასეთი მხიარული და უცხო ახალი წელი დიდი ხანია, არ გვქონია. ბლომად მოვგროვდით: მე, ბაბაკო, ჩარიტა, პეპელა და ბექა. კიტას ამოყვანაც მინდოდა, მაგრამ ბაბაკომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არავითარ შემთხვევაშიო. ჩარიტა ცალკე ეხვეწა, განზეც კი გაიყვანა და კარგა ხანს ეჩურჩულა, მაგრამ მაინც ვერ დაითანხმა. ამან იმაზე მეტად გამაოცა, ვიდრე უნდა გავოცებულიყავი. ჩემი სათნო ბაბაკო, უპოვართა ქომაგი და პირველი დამხმარე, ყველაზე დიდ მადლზე ამბობდა უარს.
ცოტა გამაბრაზა მისმა ქცევამ. სამაგიეროდ, სხვა მხრიდან მიუდგა ამ საქმეს. კალათა მოსაკითხით გაავსო და მითხრა, ჩაუტანეო. შენ თვითონ ჩაუტანე-მეთქი, ნაწყენი ტონით მივუგე. სიტყვა არ დაუძრავს, აიღო კალათა და გავიდა.
ვიცი, რომ ვაწყენინე, მაგრამ მეც ხომ მაწყენინა? რა, ქვეყანა დაიქცეოდა, ის საწყალი კაცი ჩვენთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს? განა ცოდო არ იყო მარტო? ასე კი ვფიქრობდი, მაგრამ ხმამაღლა ვერაფერს ვიტყოდი, რადგან ადა სრულიად საპირისპიროს მომახლიდა და მომაკეტინებდა _ მაიცდამაინც ახლა გაგახსენდა კიტა, მანამდე სად იყავი, სხვა დღესასწაულებზე არ იყო მარტო თუ როგორაა შენი საქმეო. და მართალიც იქნებოდა.
ბექას კიბეზე ამოყვანაში დამეხმარა-მეთქი, ვუთხარი, როცა საღამოს, სამსახურიდან შინ დაბრუნდა. ერთი კი უცნაურად შეიჭმუხნა შუბლი, როცა გაიგო, მაგრამ საყვედური არ დასცდენია, ვერც უკმაყოფილება შევატყვე, მხოლოდ ის მკითხა, ისიც მოგეხმარა ნაძვის მორთვაშიო? არა, არ დარჩა-მეთქი, მივუგე და ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი.
თუმცა ეს ამბავი მაშინვე გადამავიწყდა, როგორც კი ბექა და პეპელა შემოგვიერთდნენ. ყველა თავ-თავისი ძღვენით მოვიდა. ასე რომ, სუფრა იმაზე მდიდრული გამოჩნდა, ვიდრე მოველოდი. ადამ ეგრევე ბექას დაასვა თვალი, ერთი კაცი ხარ და შენ უნდა გვითამადოო, მაგრამ მან იუარა, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ თამადა, ახლა მითუმეტეს, საერთოდ არ ვსვამ, ამიტომ მე გამომრიცხეთო. რახან ასე არ გამოვიდა, ბაბამ სხვა წინადადება შესთავაზა სუფრის წევრებს, სათითაოდ ჩვენ-ჩვენი ვთქვათ და დავლიოთ, უფრო საინტერესო გამოვაო. ეს აზრი უკლებლივ ყველას მოგვეწონა და ქეიფიც გაჩაღდა.
მშვენივრად მოვულხინეთ. თორმეტი საათი ჯერ არც იყო, სალუტების გრუხუნმა რომ გადაფარა ჩვენი მხიარულება. ქალები, ჩემ გარდა, აივანზე გავარდნენ, მე ბექასთან დავრჩი.
_ პატარა ბავშვებივით არიან ამხელა ქალები, _ ჩაიცინა ბექამ, _ ისე გარბიან, თითქოს აქამდე უნახავი სანაობა უნდა ნახონ. მიკვირს, შენც რომ არ მიჰყევი უკან.
_ მე არ ვარ პატარა ბავშვი და იმიტომ, დიდი ხანია, ამათი ასაკიდან გამოვედი, _ გავიხუმრე, თან თავი აივნისკენ გადავაქნიე.
_ თუ გინდა გავიდეთ ჩვენც. ვიცი, რომ ჩემ გამო არ წახვედი.
_ მართლა არ მინდოდა, შენ არაფერ შუაში ხარ, _ გავუღიმე, _ რომ მინდოდეს, სამზარეულოს ფანჯრიდანაც მშვენივრად ჩანს.
_ მაშინ გავიდეთ სამზარეულოში, წამო, _ თქვა და ეტლი დაძრა, _ აუ, რა ბრახაბრუხია, ერთმანეთს ეჯიბრებიან მგონი, _ სიცილით დასძინა.
მისი ხათრით მეც მივუახლოვდი ფანჯარას და გამოვაღე. სალუტების წუილისა და შიშინის ხმა ოთახში შემოიჭრა.
_ ლამაზი კია ამ დროს ცა, არა? _ ბექამ მეოცნებე მზერით ცას ახედა.
_ სონია, გილოცავ, ბაბუ, ახალ წელს! _ მომესმა უეცრად ქვემოდან.
კიტა იყო. შუა ეზოში იდგა და ხელს გვიქნევდა, _ შენც გილოცავ, ოქრო ბიჭო! _ ფანჯარასთან მიგორებულ ბექასაც ამოსძახა.
ჩვენც მივულოცეთ და მოულოდნელად თავში თავხედურმა აზრმა გამკრა:
_ ბექა, ხომ არ ჩავიდეთ კიტასთან? ცოტას გავამხიარულებთ.
ბექამ ოდნავ გაკვირვებით ამომხედა, მაგრამ მერე თავი დამიქნია:
_ ჩავიდეთ, ჩვენი რა მიდის. ისე, მართლა ცოდოა მოხუცი, სულ მარტოა.
სასწრაფოდ ჩავიყარე ჟილეტის ჯიბეში შოკოლადები და სანამ ქალები შემოვიდოდნენ, მე და ბექა გავიძურწეთ.
რახან კიტამ დილით უკვე „გაკვალა“ ბექას ეტლისთვის გზა, ის ფიცრები ისევ ისე იყო გადებული ჩვენს საფეხურებზე, ასე რომ, უწვალებლად ჩავედით. სადარბაზოდან გასვლა არ გაგვძნელებია, რადგან გასასვლელში არც შემაღლებული ადგილი იყომ არც კიბე, ამიტომ სადარბაზოს კარის ზღურბლს კოხტად გადავაბიჯეთ.
კიტას გაოცებისგან თვალები ლამის დაუელმდა, როცა დაგვინახა. ისე დაიბნა, ხელები აუცახცახდა და რა გაეკეთებინა, არ იცოდა. მომეჩვენა თუ მართლა გაუბრწყინდა ცრემლი თვალებში, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რომ გაუხარდა, აშკარა იყო.
გაგრძელება იქნება