პრობლემა აქ წამოგვეჭრა. ჩვენი ეგრეთ წოდებული სარდაფი, რომელიც ბაბამ ბინად გადააკეთა, სანახევროდ მიწის ქვეშ იყო, რათა ადამიანი წელში გამართულიყო, ამიტომ აქ გვიწევდა ორი საფეხურით დაბლა ჩასვლა, თუმცა უკვე ისე გვქონდა „დამხეცებული“ ეს საქმე, არც აქ გაგვჭირვებია. კიტამ ფიცრების გროვიდან ეგრევე მოაცუნცულა ორი მოკლე ფიცარი და ბექა მშვიდობიანად ჩავიყვანეთ დაბლა.
საწყალ კიტას სუფრა გაეშალა. უფრო სწორად, რაც ადამ ჩაუტანა, ყველაფერი მაგიდაზე დაეხვავებინა და მოელხინა კიდევაც. მაშინვე ეცა თავის თეფშს და ნიჟარაში გადაუძახა, მერე კი ახალი თეფშები გამოიღო კარადიდან და დადო, თან ბოდიშებით მიგვიპატიჟა, არავის ველოდი, თორემ უფრო ლამაზად გავაწყობდი სუფრასო.
ჭამა საერთოდ არ მინდოდა. არც ბექას, მაგრამ მაგიდას მაინც მივუსხედით. კიტამ ჭიქები ღვინით შეავსო და ახალი წელი მოგვილოცა. ბოლოს დააყოლა:
_ ცხოვრებაზე ხელი არასდროს არ ჩაიქნიოთ, ბაბუ! ყოველთვის მოეჭიდეთ იმას, რასაც გრძნობთ, რომ ხელმოსაჭიდია და არ გაიწირებით. იქონიეთ იმ ადამიანის იმედი, ვისაც ენდობით და არ დააღალატოთ. თავში არასდროს აგივარდეთ ის, რაც კარგია თქვენში და რის გამოც გაფასებენ ან გაღმერთებენ. ყოველთვის ჩაჰკიდეთ ხელი იმ ადამიანს, რომელიც გვერდში დაგიდგებათ და არასდროს გაუშვათ. მე ჩემი უმეცრებით ბევრი შეცდომა დავუშვი ცხოვრებაში, რასაც ამ სიბერეში ვიმკი. იყო დრო, ყველას ჩემთან უნდოდა ყოფნა, ჩემთან ქეიფი, ჩემთან დროს ტარება. მომენტს არ უშვებდნენ ხელიდან, ოღონდ ჩემთან შეკრებილიყვნენ, მაგრამ ხომ ხედავთ, ახლა რა ხდება. ჭლექიანს რომ გაურბიან, ისე გამირბის ყველა, თუმცა თქვენ რა იცით, არ იცნობთ იმ ადამიანებს და კარგია, რომ არ იცნობთ. რომ არა ადა, ახლა მართლა არ ვიქნებოდი ცოცხალი და არც სასაფლაოზე მომკითხავი მეყოლებოდა. აწი არ მეშინია. სხვები თუ არა, ის მაინც ვიცი, რომ თქვენ ამოხვალთ ჩემს საფლავზე, თუნდაც წელიწადში ერთხელ. დაგლოცავთ, შვილებო! _ და გულაჩუყებულმა ჭიქა ბოლომდე დაცალა.
ჩემდა გასაკვირად, ბექამაც დალია. აკი საერთოდ არ ვსვამო? როგორც ჩანს, ძალიან შეეცოდა კიტა თავისი აღსარებით.
ერთი ჭიქა მეც დავლიე და კიტას მივაჩერდი:
_ რთული ცხოვრება გქონდათ? _ ვკითხე ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
დანანებით ჩაიღიმა, ღვინით დასველებული ტუჩები ხელისგულით მოიწმინდა და მომიგო:
_ მე თვითონ გავირთულე, შვილო, ჩემი უგუნურებით. ბედის გამოცდას ვერ გავუძელი. არადა, ახლა შეიძლება ჩემს შვილსა და შვილიშვილთან ერთად ვმჯდარიყავი ჩემს ოჯახში და ისე მომელხინა. არა უშავს, შეცდომებზე სწავლობს ადამიანი.
_ ეგრეა, ძიაკაცო, რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო ბრძენდება ადამიანი. მერე და მერე ნაკლებ შეცდომას უშვებს. _ თქვა ბექამ.
_ ოპ! მაგი არ თქვა, თუ კაცი ხარ! _ ხელი ისე გაშალა კიტამ, თითქოს ბექას შეჩერებას აპირებსო, _ ეს არ არის სიმართლე. ადამიანები ისეთივე სულელები ვრჩებით, როგორიც ვიყავით და უამრავი შეცდომის დაშვებას ვაგრძელებთ. უბრალოდ, ახალ, განსხვავებულ შეცდომებს ვუშვებთ. რა თქმა უნდა, გამოცდილებიდან ვსწავლობთ და შეიძლება აღარ დავუშვათ იგივე შეცდომები, რომლებიც წარსულში დაგვიშვია, მაგრამ ჩნდება ახალი გარემოებები, ახალი სიძნელეები, რომლებიც გვაიძულებს, წავიბორძიკოთ ან მიწაზე დავენარცხოთ. მთავარი ისაა, რომ შეცდომების მიუხედავად, მივუტევოთ ჩვენს თავს და შევეგუოთ იმას, რომ ეს ყველაფერი ასაკის მატების ბრალია და არა დაბრძენების. აბა, მიიხედეთ უკან! ხომ ხედავთ თქვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს? ხედავთ, აბა რა! მაგრამ აი, წინ რომ გაიხედავთ, მაშინ რა ხდება? ვერ ვხედავთ იმ შეცდომებს, ეგერ ე! ჰორიზონტზე რომ იკვეთება, რომელიც ხვალ და ზეგ უნდა დავუშვათ. სიბრძნე ის კი არ არის, შეცდომა არ დავუშვათ, არამედ ისაა, რომ ვისწავლოთ მათი გამოსწორება და ამ პროცესიდან ღირსეულად და ჭკვიანურად გამოვიდეთ.
ვუსმენდი კიტას და უფრო და უფრო გაოგნებული ვრჩებოდი. თურმე როგორი განათლებული ყოფილა, რა კარგად მსჯელობს. არადა, ერთი ტლუ მოხუცი მეგონა. აი, ხომ ვამბობდი, საინტერესო ცხოვრება ექნება გამოვლილი-მეთქი. როგორ მინდოდა უფრო მეტი ელაპარაკა თავის თავზე, ბოლომდე გახსნილიყო და ახალგაზრდობის ამბები მოეყოლა.
_ ეჰ, ყველა შეცდომის გამოსწორება რომ შეიძლებოდეს… _ თითქოს ფიქრი ხმამაღლა წამოსცდაო, ისე ჩაილაპარაკა ბექამ.
_ ჰოდა, სწორედ ეს არის ახალგაზრდობა, _ შანსი, დაუშვა ყველა შესაძლო შეცდომა და რომელსაც ვერ გამოასწორებ, ისინი მომავალში თავიდან აიცილო. _ დამოძღვრა ჩვენმა მდგმურმა.
_ ბატონო კიტა, გყვარებიათ ოდესმე? _ გულმა არ მომითმინა, ეს არ მეკითხა.
ამის კითხვა და სევდა ისე ნელა ჩაუდგა თვალებში, როგორც ნისლი ჩამოაწვება ხოლმე მთის კალთებს. ამოიხვნეშა. თვალები დახარა, მაგიდის გადასაფარებელს წაეტანა, მისი კუთხე ხელში მოჭმუჭნა, შემდეგ ისევ გაასწორა თითებით და მერეღა შემომხედა:
_ მყვარებია, სონია, მყვარებია… და ეს გახდა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა… მოდი, აღარ გვინდა ამ ახალ წელს მტკივნეული ამბების გახსენება. რაღა დროს ჩემი სიყვარულია, რაც იყო, უკან დარჩა. ახლა თქვენია დრო, თქვენ უნდა შეხაროდეთ სიცოცხლეს, ერთმანეთს, უნდა გაუფრთხილდეთ მეგობრობას, სიყვარულს, ოჯახის წევრებს… ყველას, ვინც თქვენთვის ძვირფასია და სათანადოდ უნდა დააფასოთ ისინი…
კარგა ხანს შემოვრჩით კიტასთან. საინტერესო საუბარი კი გამოგვივიდა. ბექაც აჰყვა ბერიკაცს და რამდენიმე ჭიქა გულიანად დალია. მერე თვითონაც გაიხსენა თავისი ახალგაზრდობა, იმაზეც ილაპარაკა, როგორ აღმოჩნდა ინვალიდის ეტლში. ლამის ვიტირე, ძლივს ვიკავებდი თავს. კულმინაცია ამ ამბისა ის იყო, როგორ დაშორდა შეყვარებულს, ქალს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა.
_ ავუკრძალე ჩემთან მოსვლა. მე მას ვერაფერს მივცემდი. აბა, რა ხეირი უნდა ენახა ჩემ გვერდით? შვილსაც კი ვერ გააჩენდა. რომ დამეტოვებინა და ცოლად შემერთო, მერე ეჭვები მომიღებდა ბოლოს, არიქა, ვინმე ხომ არ გაიჩინა და სხვას ხომ არ ხვდება-მეთქი. ხომ გესმით, რასაც ვგულისხმობ. ამიტომ მანამ დავშორდი მას, სანამ ამ ტკივილამდე მივიდოდი. ასე ჯობდა მისთვისაც და ჩემთვისაც. სწორადაც მოვიქეცი. დღეს უკვე გათხოვილია და შვილიც ჰყავს. ახლა ბედნიერია, ჩემ გვერდით კი ბედნიერი ვერასდროს იქნებოდა, ბოლოს მაინც წავიდოდა და დამტოვებდა, რასაც ვერ გადავიტანდი.
როცა ბექამ თხრობა დაამთავრა, საშინელი სიჩუმე ჩამოწვა. არ ვიცოდი, რა მეთქვა. როგორც ჩანს, არც კიტამ იცოდა. ბოლოს ხელი მოუთათუნა ბიჭს მხარზე და ესღა უთხრა:
_ ჩვენ ყველანი ჩვენ-ჩვენს წილ ტვირთს ვეზიდებით, შვილო, სანამ მიქელა მოგვაკითხავს. არავინ იცის, ჩვენი ყოველი მომდევნო ნაბიჯი სწორია თუ მცდარი. უბრალოდ, იმ მომენტში იმ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რასაც ბედისწერა გვკარნახობს. მთლად ჩვენი ბრალიც არაა, როცა რაღაც არასწორად გამოგვდის. გული არ გაიტეხო, ბაბუ, ჩემსავით არ ჩაეშვა, თორემ ა, ხომ ხედავ, სანამდე დავედი. ცხოვრებას არ უნდა შეუშინდე, ხელი არ უნდა ჩაიქნიო. არ უნდა იფიქრო, მოსახდენი მაინც მოხდებაო. ყველა ადამიანის გონებაში იზრდება სარეველები, რომლებსაც ჩვენი ფსიქიკის კარგი მხარეების დაპყრობა სურთ. არ მისცეთ ამ სარეველებს გამრავლების საშუალება. მუდამ საღ აზრს მოუხმეთ და ისე იმოქმედეთ. იბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო კარგი გახადოთ. არ დაიზაროთ ეს, დამიჯერეთ! _ დაამთავრა და კიდევ ერთი ჭიქა ბოლომდე დაცალა…
როცა უკან მოვბრუნდით, არავის უკითხავს, სად იყავითო. როგორც ჩანს, მიხვდნენ, სადაც ვიქნებოდით. ჩვენ ისევ ჩვენ-ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით და უეცრად ბექამ აღტყინებით წამოიძახა:
_ აბა, რა დავლიეთ? ჩამოასხით, სადღეგრძელო უნდა ვთქვა. თუ ქეიფია, ქეიფი იყოს! _ და ხელისგულები ერთმანეთს აუსვ-დაუსვა, თან მე შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
ჩარიტა, ადა და პეპელა პირდაღებულები მიაჩერდნენ ჯერ ერთმანეთს, მერე ბექას, რომელსაც დალევის საღერღელი აშლოდა.
ქეიფი გაგრძელდა…
***
ოთხი ხდებოდა, რომ ავიშალეთ. ბექა და პეპელა თავიანთ კარამდე მივაცილეთ, ჩარიტა კი ჩვენთან დარჩა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, სხვა დროსაც დარჩენილა. ბაბაკოს საძინებელში მისთვის თეთრეული ყოველთვის ცალკე იყო გადანახული.
ქალებს მაგიდის ალაგებაში არ მივხმარებივარ. არა იმიტომ, რომ დავიღალე ან მეძინებოდა, უბრალოდ, ზედმეტი ვიქნებოდი. ჩემს ოთახში გავედი და ჩავწექი. კარგა ხანს მესმოდა გარედან ჩარიტასა და ბაბას ხმა, რასაც შიგადაშიგ წყლის ჩხრიალი ენაცვლებოდა.
ბოლოს ხმებიც მიწყდა და შუქიც ჩაქრა. ქალებმა თავიანთ ლოგინებს მიაშურეს. კარგა ხანს ვაყურადებდი ღამის სიბნელეს და როცა საბოლოოდ მიწყნარდა ყველაფერი, როცა ღამემაც კი ძილს მისცა თავი, ჩემს ლეპტოპს გადავწვდი. წინ ახალი თავგადასავალი მელოდა:
„19 მაისი
ორსულად ვარ. რამდენიმე დღეა, გული მერევა და სუნებზე გართულება მაქვს. ვერაფერს ვჭამ, განსაკუთრებთი შემწვარ-მოხრაკული მიშლის ნერვებს. ამასწინათ კინაღამ დედაჩემს გადავარწყიე თავზე. როგორ შემეშინდა, არაფერს მიმიხვდეს-მეთქი. წავედი გუშინ გინეკოლოგთან, ჩემი დაქალი მუშაობს პოლიკლინიკაში, ექთანია და იმან მიმიყვანა. ჩემდა ჭირად, კაცი აღმოჩნდა. როცა მოვუყევი, რაც მჭირდა, ეგრევე მკითხა, ქალიშვილი ხარო? არა-მეთქი, ვუპასუხე. მერე ადგა და თავისი რეზინისხელთათმნიანი თითები არ მთხარა შიგნით? ისე მეტკინა, შევკივლე. ორსულად ხარო, მითხრა, ჯერ პატარაა ნაყოფი, ამიტომ თუ გაჩენა გინდა, ექოსკოპია გაიკეთე და თუ არ გინდა გაჩენა, მაინც გაიკეთეო, ვითომ გამეხუმრა…
ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მაინც ვიტოვებდი იმედს, იქნებ ვცდები-მეთქი. ავღრიალდი. ჩემი ცრემლები, რომ იტყვიან, ზღვას ერთვოდა. ნინია მაწყნარებდა, რა მოხდა მერე, უთხარი შენს შეყვარებულს, რაც ხდება და იქნებ შეგირთოს ცოლად, წინასწარ თავს რატომ იკლავო.
ჰოდა, მეც მივადექი კოტეს ახალი ამბით. რომ გაიგო, ორსულად ვიყავი, ელდანაცემივით შემომაჩერდა.
_ დადუ, ხომ არ გაგიჟდი! რა ორსულობა, რის ორსულობა! გესმის, რას ამბობ?
უმწეოდ მივაჩერდი. მესმოდა, მაგრამ რა მექნა? რჩევის საკითხავად ამიტომაც მივადექი. რაც არ უნდა ეთქვა, ნებისმიერი პასუხისთვის მზად ვიყავი. თუ გაუხარდებოდა და მეტყოდა, დარჩი ჩემთან და გახდი ჩემი ცოლიო, ხომ კარგი. თუ მომთხოვდა, აბორტი გაიკეთეო, ამაზეც თანახმა ვიყავი, ოღონდ ხელი არ ეკრა და ჩვენი ურთიერთობა არ დამთავრებულიყო. უკვე სიგიჟემდე მიყვარდა, მისით ვსუნთქავდი მხოლოდ.
_ რა ვქნა, კოტე, მოვიცილო?
_ აბა რა უნდა ქნა? მაგას კითხვა უნდა? _ ისეთი საყვედური გაურია ნათქვამს, თითქოს დიდი სისულელე წამომცდენოდეს.
_ იქნებ…
_ რა იქნებ, დადუნა, რა იქნებ! შვილისთვის მცხელა ახლა მე? ან რა მამა დადგება ჩემგან, რომელი მამობისთვის მზად მე მნახე? რა ხეირი უნდა ნახოს ჩემმა შვილმა ჩემს ხელში? ნარკომანი ვარ, გოგო, ვერ ხედავ? არ იცი, რომ ეს ცხოვრება ფეხებზე მკიდია? რომც მოგიყვანო ცოლად, რომც გააჩინო ეს ბავშვი, მაინც არ დარჩები ჩემთან ბოლომდე. ერთ დღესაც დაჰკრავ ფეხს და გაიქცევი. გადასარევად გესმის ეს შენც! ამიტომ მეტი აღარ მალაპარაკო, გაიგე? ახლა არც შენ გაწყობს შვილი. პატარა ხარ ჯერ, უნდა ისწავლო, დაამთავრო, კარიერაზე იფიქრო, ცხოვრება აიწყო. დამიჯერე, ასე ჯობია. როგორმე ვიშოვი ამ დღეებში ფულს და მოგცემ. რამდენი უნდა მაგის აბორტს, გითხრა ექიმმა? ხოდა, ძალიან კარგი. ორ-სამ დღეში რაღაცას გავახერხებ. დაგირეკავ და მივხედოთ მაგ საქმეს, კარგი? შენ ხომ ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ, მზესუმზირა გოგო!
წამოვედი მისგან დამძიმებული, გაუბედურებული. ყველა ოცნება ერთ წამში დამემსხვრა. ამწუთას ყველაფრის ერთად მეშინოდა _ ცალკე აბორტის გაკეთების; ცალკე იმის, ამ შემთხვევას ჩვენი ურთიერთობა არ გაეცივებინა; ცალკე დედაჩემის, რამეს არ მიმხვდარიყო; ცალკე ჩემი დის, რომელიც კოტეს სულ დაცინვით მოიხსენიებდა, როგორც კი დამიმარტოხელებდა. რა ჯანდაბამ მათქმევინა მისთვის, კოტეს რომ ვხვდებოდი? რას ვუყვებოდი, თუ უტვინო არ ვარ? რა საჭირო იყო ჯერ ჩვენი ურთიერთობის გამომზეურება? თეო მომენტს არ უშვებს ხელიდან, ოღონდ კოტეს დასცინოს და მასთან ერთად მეც. თითქოს განზრახ ცდილობს დააკნინოს ჩემს თვალში, რათა შემზიზღდეს, სხვა თვალით შევხედო, შევიძულო და ჩამოვშორდე. კი, ნამდვილად ეს უნდა. რა ჰგონია? რადგან ჩემზე უფროსია, ჩემზე ჭკვიანიცაა? ფიქრობს ალბათ, დადუნა ვერ ხვდება, საით ვუმიზნებო. ეგონოს, თუ ასე უხარია! ყველაფერსაც ვხვდები და მის არცერთ ფრაზას, რომლითაც კოტეს დამცირებას ცდილობს, ჩემთვის ძალა არა აქვს. ამით მას ვერ შემაძულებს. ის ერთადერთია, ვისთვისაც ამქვეყნად ვცოცხლობ. ეს კი სულ სხვა ძალას მმატებს…
22 მაისი
არ დამიმესიჯა. არც დამირეკა. იქნებ გადაიფიქრა და არ უნდა, რომ ბავშვი მოვიშორო? ხომ შეიძლება ჩემი ცოლად შერთვა ჭკუაში დასჯდომოდა? იქნებ ძმაკაცებმაც ურჩიეს, არ მოაშლევინო მუცელი, მოიყვანე ცოლად და თუ ერთმანეთი გიყვართ, ყველაფერს გაუძლებთ, ყველა პრობლემას შეეჭიდებით და ეტაპობრივად მოაგვარებთო?
ამ იმედით სავსე მივადექი მის ბინას. დილიდან შუქი არ იყო, შესაბამისად, ზარი არ მუშაობდა და დავაკაკუნე. მის ბინას მდფ-ის კარი ჰქონდა, ამიტომ გარედან ოდნავი ფაჩუნის ხმაც არ გამოგეპარებოდა. ახლაც თითქოს ჩუმი შეძახილის ხმა გავიგონე, მერე ჩურჩული, მერე სკამი წაიქცა, თითქოს ვიღაც დაეჯახა. მხოლოდ ამის შემდეგ გაისმა მისი ხმა:
_ ვინ არის?
_ მე ვარ.
დაახლოებით წუთი მოანდომა კარის გაღებას. თავისი თეთრი, უკვე სითეთრედაკარგული პირსახოცის ხალათი ეცვა, იდგა მკერდმოღეღილი და გაოფლილი. ცდილობდა თანაბრად ესუნთქა, მაგრამ არ გამოსდიოდა, მკერდი ისე აუდ-ჩაუდიოდა, თავხედურად გასცემდა მის საიდუმლოს. ქოჩორი თითებით გადაივარცხნა:
_ რა გჭირს? _ ხმა გამებზარა.
მზერა ამარიდა.
_ არაფერი, ვვარჯიშობდი, მერე ჩამძინებია და აი, გაოფლილს გამეღვიძა. მგონი, კოშმარს ვხედავდი, შენ რომ დააკაკუნე.
თვალები ეჭვით დავტენე და მზერითაც ვესროლე და და ღიმილითაც, შურდულის კენჭივით გავარტყი, თანაც კაკალ გულში.
_ როდის იყო ვარჯიშობდი? ეს რაღაც ახალია ჩემთვის.
_ შენთვის ახალია, ჩემთვის არა, _ უკმეხად მომიგო.
გაღმა შეედავეს პრინციპი შეარჩია, რათა რაღაც გადაეფარა. მე კი ის რაღაც არ მასვენებდა. როგორ მინდოდა გამეგო, რას მალავდა. რახან შიგნით არ მიშვებდა, ოთახს საკონტროლო მზერა მოვავლე. ჩემმა ეჭვმა მთლიანად გაავსო იქაურობა და კოტეს დივანს მიადგა, რომლის მხოლოდ კუდი ჩანდა. აშკარად იქ, საბანქვეშ იმალებოდა ის რაღაც, მაგრამ ძებნას ხომ არ დავუწყებდი, თავი არ გავიბანძე, თორემ შემეძლო უეცრად შევვარდნილიყავი შეყვარებულის ბინაში.
გაგრძელება იქნება