2024 წლის 14 იანვარს დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ გადადგომის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისად, მისი ვაჟი ფრედერიკ X დანიის ახალი მეფე გახდა.
დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა პარლამენტის აივნიდან ფრედერიკ X მეფედ უკვე გამოაცხადა: „გაუმარჯოს მეფე ფრედერიკ მეათეს“, – აღნიშნა მან.
„დედაჩემი, მისი უდიდებულესობა მარგრეტე II მეფობდა 52 წლის განმავლობაში. ჩემი სურვილია, გავხდე ხვალინდელი გამაერთიანებელი მეფე. ეს არის ამოცანა, რომელსაც სიამაყით, პატივისცემით და დიდი სიხარულით ვიღებ“, – აღნიშნა ფრედერიკ X-მ მეფედ გამოცხადებისას.
მეფემ თავისი დედოფალი 20 წლის წინ იპოვა, თუმცა ახალგაზრდობაში, სანამ მერის გაიცნობდა, მედია პრინცის რომანებზე გამუდმებით წერდა.
პირველი სიყვარული
1986 წელს პრინც ფრედერიკს პირველად შეუყვარდება - მისი სკოლის მეგობარი მი ეგმონტი. ამ ურთიერთობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ამბობენ, რომ თინეიჯერობის ასაკში დაიწყეს შეხვედრა. თუმცა, Daily Mail-ის ცნობით, მეი და ფრედერიკი ერთმანეთს სათხილამურო შვებულებიდან რამდენიმე კვირაში დაშორდნენ. მაგრამ მი ეგმონტი არ გამქრალა სამეფო სცენიდან. როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ კარგი კავშირი აქვს სამეფო ოჯახთან. 2012 წელს მან და მისმა მეუღლემ მარკ პატერსონმა მონაწილეობა მიიღეს პრინც იოაკიმის ქალიშვილის, გრაფინია ათენას ნათლობაშიც კი.
"დანიელი ქეით მიდლტონი"
ფრედერიკის პირველ ოფიციალურ შეყვარებულად ნინა კლინკერ იორგენსენი ითვლება. ისინი 1990 წელს ორჰუსის უნივერსიტეტში შეხვდნენ, სადაც პრინცი პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. ნინა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო.
თუმცა, მათი ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. დღეს ნინა სერთიფიცირებული კინორეჟისორი და ტელეპროდიუსერია. ერთ დროს ტელეკომპანია TV2-ის წამყვანად მუშაობდა.
აკრძალული სიყვარული
მოდელი კატია სტორჰოლმ ნილსენი და პრინცი ფრედერიკი 1993 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. მათი ურთიერთობის სამი წლის განმავლობაში კატია შეყვარებულს თან ახლდა სამეფო ღონისძიებებზე. თავის 2007 წელს წიგნში 1015 København K, ავტორი ტრინე ვილემანი წერდა, რომ კატია მნიშვნელოვანი საყრდენი იყო ტახტის მემკვიდრისთვის.
როგორც ამბობდნენ, ფრედერიკმა კატიას ხელიც სთხოვა, თუმცა პრინცის დედა ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
ქორწინება
ფრედერიკს ავსტრალიელი წარმოშობის ცოლი - დედოფალი მერი და ოთხი შვილი ჰყავს. ტახტის ახალი მემკვიდრე, პრინცი კრისტიანია.
მეფე ფრედერიკ X-მ მერი 2000 წლის ოლიმპიური თამაშების დროს, სიდნეის ერთ-ერთ ბარში სრულიად შემთხვევით გაიცნო. ჰობარტში, ტასმანიაში დაბადებული მერი ელიზაბეტ დონალდსონი რიგითი გაყიდვების აგენტი იყო. ახალგაზრდა ქალს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ბარში რეალურ პრინცს ესაუბრებოდა.
წყვილმა გრანდიოზული ქორწილი 2004 წელს კოპენჰაგენის საკათედრო ტაძარში გადაიხადა. ორი წლის შემდეგ კი მათი პირველი ვაჟი, პრინცი კრისტიანი დაიბადა, რომელიც ახლა ტახტის მემკვიდრეა.
ისინი ოთხ შვილს: 18 წლის კრისტიანს, 16 წლის იზაბელას და 13 წლის ტყუპებს, ვინსენტსა და ჟოზეფინას მოკრძალებულად ზრდიან. დადიან საჯარო სკოლებში და არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობენ.