ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი ვიდეო ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„მიჭირს და რთულია, მაგრამ დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი დრო გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. „ნაპოლი“ ჩემი სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ახლა თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია.
პირველი გოლი და განცდები არასოდეს დამავიწყდება. ჩემი პირველი ნაბიჯები „სტადიო მარადონაზე“ და თქვენი შეძახილები, ემოციები და მუხტი განსაკუთრებული იყო როგორც საშინაო, ასევე საგარეო მატჩებში.
ნეაპოლი საფეხბურთო ქალაქია, რომელიც ცხოვრობს მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ მაისურის ტარება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც კლუბში მუშაობს: მწვრთნელებს, სტაფის თითოეულ წევრს, ჩემს თანაგუნდელებს და, რაც მთავარია, გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, მაგრამ თქვენ სამუდამოდ დარჩებით ჩემს გულში და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ისევ შევხვდებით.
ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა, წარმატებები გისურვოთ და ამ ქალაქს, ამ ხალხს სკუდეტო მოუტანოთ.
ეს სტადიონი, ეს ადგილი, ფანების თითოეული შეძახილი უკვე მოგონებად გადაიქცა, რომელსაც ხშირად გავიხსენებ. აქ მოვედი როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა, აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, უამრავი ადამიანის სიყვარულით. დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი. ნიცა, რომელიც მუდამ ჩემ გვერდითაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა. როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს.
თავიდან აქ მარტო ჩამოვედი, ახლა სამნი ვართ. ძალიან საინტერესო ქალაქია, თითქოს ყველა ადგილს თავისი ისტორია აქვს. ძალიან თბილი ხალხია, ჩემი აზრით, ქართველებს ძალიან ჰგვანან.
წასვლამდე ყველაზე მეტად აქ მოსვლა (დიეგო მარადონას მურალთან) მინდოდა. ეს განსაკუთრებული ადგილია. აქ განსაკუთრებულად იგრძნობა, რას ნიშნავს ამ ქალაქისთვის დიეგო. ამ ადგილს განსაკუთრებული ძალა და ენერგია აქვს.
ნახვამდის, დიეგო! ნახვამდის, „ნაპოლი““, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
გავრცელებული ინფორმაციით, ის „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდება.
ხვიჩა კვარაცხელიასთვის და ნიცა თავაძისთვის ნაპოლი მართლაც მეორე სახლი იყო. ნიცამ საყვარელი ქალაქის ულამაზესი ხედის კადრები გამოაქვეყნა და ნაპოლის ასე დაემშვიდობა: "მე შენ მიყვარხარ", - დაწერა მან. წყვილი პატარა დამიანესთან ერთად უკვე საფრანგეთშია.
ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში, თბილისის საფეხბურთო აკადემიის „ოლიმპიკის“ ბავშვთა გუნდში დაიწყო, სადაც მისი მწვრთნელები იყვნენ გიგლა და დათო იმნაძეები. შემდეგ თამაშობდა „ავაზაში“, სადაც მისი მწვრთნელი ანზორ ზუკაკიშვილი იყო. 2013 წლიდან კი თბილისის „დინამოს“ აკადემიის ბავშვთა და შემდეგ ახალგაზრდულ გუნდებში, სადაც მისი მწვრთნელები იყვნენ სულიკო დავითაშვილი, ლადო კაკაშვილი და სხვა სპეციალისტები.
პროფესიონალური კარიერა 2017 წელს თბილისის „დინამოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 29 სექტემბერს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ, ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 1–1 დამთავრდა. ხვიჩა მოედანზე 18 ნომრით შემოვიდა, როდესაც შეხვედრის 62-ე წუთზე აკაკი შულაია შეცვალა და თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც მიითვალა — 83-ე წუთზე მისი პასით ბექა ქავთარაძემ ანგარიში გაათანაბრა და „დინამო“ დამარცხებისგან იხსნა.