მოულოდნელად დენის დარტყმასავით შემაკანკალა _ კოტეს კამოდზე საყურეს მოვკარი თვალი. საყურეს, რომელიც არასდროს არავის საყურეში არ შემეშლებოდა. დაბადების დღეზე რომ ვაჩუქე ჩემს დას, ის იყო. სპეციალურად მისთვის ჩამოვასხმევინე ოქრომჭედელს _ მისი სახელის სამი ასო, ანუ თეო, ინგლისური ასოებით ერთმანეთის მიყოლებით სიგრძეზე იყო ჩამოკონწიალებული.
ჩვეულებრივზე ერთი ტონით ხმამაღლა ჩამეცინა.
_ რა გაცინებს? _ ის პერიოდულად ფეხს ინაცვლებდა. როგორც თვალებს, ისე დგომის პოზასაც ვერ უხერხებდა ვერაფერს. ამას ცმუკვა ჰქვია დედაჩემის ენაზე.
_ არაფერი. ლამაზი საყურეა, _ სიცილით წარმოვთქვი და თვალებით ვანიშნე საყურეზე, _ უთხარი, წასვლისას არ დარჩეს, თორემ მეწყინება. _ და გამოვტრიალდი. თითქოს ეს „წვრილმანი მსხვილმანი“ ყოფილიყო ყველაზე საწყენი.
_ მოიცა, რა საყურე, ვის რა უნდა ვუთხრა, _ სცადა თავის დაძვრენა თუ გამართლება თუ არ ვიცი, რა ჰქვია. არც თვითონ იცოდა.
არ მივტრიალებულვარ. არც პასუხი გამიცია. პასუხის გაცემით თავი არ შევიწუხე, წამით შევბრუნდი, თვალი თვალში გავუყარე და მხოლოდ წარბები ავჭიმე ისე მაღლა, ალბათ შუბლს ავაცილე.
ჩემმა მოშვილდულმა წარბებმა ყველაფერი უთხრა.
და წავედი. მისგან. სამუდამოდ. ბავშვი კი დავიტოვე. მისი მოშორება იმ წუთიდან გულშიც არ გამივლია.
შურისძიების ჩემებური მეთოდი შევარჩიე. თუ ჩემთან არ იქნება, ვერც მასთან იქნება. თუ დარჩება მასთან, მე შვილი დამრჩება მისგან.
აწყობს ეს მდგომარეობა? როგორც ინებებს. ეს მისი გადასაწყვეტია…“
ამ თავის წაკითხვამ ლამის მომცელა. ამაზე საშინელება რა უნდა წაიკითხო? წარმოიდგინეთ ორი და, ორივე ერთ მამაკაცს ხვდება. ორივე მისი საყვარელია. ერთი ორსულადაა მისგან, მეორე… ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? როგორ შეიძლება ასეთი რამე ხდებოდეს? ხომ იცოდა თეომ, რომ დადუნას კოტე უყვარდა და ერთად იყვნენ? თუ მას მანამდე ჰქონდა იმ კაცთან ურთიერთობა, რატომ არ გააფრთხილა თავისი და, იმ კაცს მე ვხვდები და არც გაიფიქრო მასთან დაახლოებაო? ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მერე რა მოხდა, მაგრამ უკვე გვიან იყო, მეძინებოდა და კითხვა ვეღარ გავაგრძელე. თან შიშმა შემიპყრო _ შემთხვევით ბაბაკო თავის თავგადასავალს ხომ არ ჰყვება?
***
ბექასთან უკვე ყოველდღე შევდიოდი. ისე მივეჩვიეთ ერთმანეთს, ერთი საათის უნახავადაც ვერ ვძლებდით. პეპელა სულ მლოცავდა, იმედიანად და მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, ყოველდღე შეაკითხავ ჩემს ბიჭს და თავს მარტოსულად არ იგრძნობსო. მხოლოდ მაშინ ვერ ვნახულობდი, როცა მისი მეგობრები მოდიოდნენ. თუმცა არც ისე ხშირად სტუმრობდნენ, მაგრამ ის იშვიათად მოსვლაც კი ნერვებს მიწეწავდა. რამდენჯერ დამირეკა და მთხოვა, შემოდი, ჩემს მეგობრებს გაგაცნობო, მაგრამ ყოველთვის რაღაც მოვიმიზეზე. რატომღაც, მათი გაცნობა დიდად არ მხიბლავდა. თუმცა ერთ დღეს სწორედ მაშინ დაადგნენ თავს, როცა ერთად ვიყავით. ორნი იყვნენ _ მაღალი, გამხდარი, უსიმპათიურესი მათე და დაბალი, პუტკუნა, უსაყვარლესი მორტი. მორტი, მართალია, მისი მეტსახელი იყო, მაგრამ ძალიან კი უხდებოდა. როგორც შემდეგ გავიგე, მის ძაღლს ერქვა ასე და იმდენად ჰგავდნენ ძაღლი და პატრონი ერთმანეთს, რომ მისი სახელი შეარქვეს. თანაც, ლუკა, სინამდვილეში ასე ერქვა, წარამარა თავის ძაღლზე ლაპარაკობდა და ამით ყველას ნერვებს უშლიდა.
არ გამოდიოდა ლამაზად, მაშინვე ავმდგარიყავი და ბიჭები მარტო დამეტოვებინა, თანაც ბექამ მთხოვა, მის ძმაკაცებს ყავით გავმასპინძლდებოდი.
სანამ მე ყავას ვადუღებდი, ბექას ოთახიდან მხოლოდ სიჩუმის ხმა გამოდიოდა. რატომღაც, გავიფიქრე, ალბათ ჩემზე ჩურჩულებენ და ამიტომაც არ ისმის ლაპარაკი-მეთქი, მაგრამ როცა ყავა გავიტანე, ცხვირში საშინლად მწარე და უსიამოვნო სუნი მეცა. მივხვდი, რაც ხდებოდა _ ბიჭები მარიხუანას ეწეოდნენ. თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა. სხვა თუ არაფერი, ოთახიდან ამ სუნის განდევნა ძალზე რთული იქნებოდა. ბექა ხომ, ფაქტობრივად, ფანჯარას არასდროს აღებდა, აივანზე გამავალ კარზე რომ არაფერი ვთქვა.
როგორც ჩანს, რეაქცია სახეზე დამეტყო, რადგან ბექამ მორიდებული ღიმილით მითხრა:
_ ამ ერთხელ და მორჩა, მეტჯერ აღარ, გპირდები!
მხრები ავიჩეჩე, ვაგრძნობინე, რა ჩემი საქმეა, რაც გინდათ ის გიქნიათ-მეთქი და მაშინვე წასასვლელად მოვემზადე.
_ კარგი რა, შე ჩემა, რა იყო, _ აიფოფრა მაღალი, უსიმპათიურესი მათე, _ სონია გამოსული გოგო ჩანს, ეგეთები გაუკვირდება? არა, სონია? _ „მხარი ამიბის“ მზერით გამომხედა.
ორაზროვნად გავიღიმე. სულაც არ მესიამოვნა, ასე უცებ რომ გამიშინაურდა. აშკარად მიჩვეული იყო ქალებთან სწრაფად დაახლოებას.
_ გამოტყდი, ჩუმ-ჩუმად შენც ხომ ეწევი ხოლმე? _ მხიარული ტონით მკითხა და თვალიც ჩამიკრა.
_ გამოგიტყდებით და, „ჩუმ-ჩუმად“ და თანაც „ხოლმე“ არ ვეწევი, რადგან საერთოდ არ ვეწევი და არც არასდროს მომიწევია. _ წარბები ზუსტად ბაბაკოსავით ავზიდე და კარისკენ დავიძარი, _ წავედი!
_ მოიცა! _ გამაჩერა ბექას ხმამ და თავი მოვაბრუნე. მისმა მზერამ აშკარად მოიწყინა, დანისლული თვალებით მომჩერებოდა, _ რატომ გარბიხარ?
_ არ გავრბივარ, გავდივარ, _ ნაძალადევი ღიმილით ვუპასუხე.
_ არა, არააა! _ წამოიძახა უცებ მათემ, _ ვინც არ უნდა იყოს ის, „ცვეტში“ გაუმართლა, რა!
_ ვიის? _ მხარზე ხელი გაჰკრა მორტიმ.
_ იმას, ვისთანაც სონია დარჩება.
_ სად უნდა დარჩეს? _ ვერ მიუხვდა ძმაკაცი.
_ ეგ სონიამ იცის და მე. და ბექამაც, _ რიხიანად უპასუხა მათემ და კვლავ თვალი ჩამიკრა.
_ წავედი, ბექა, მერე შემოვალ. ნახვამდის, ბექას მეგობრებო! _ დავემშვიდობე სტუმრებს და სწრაფად დავტოვე იქაურობა.
საშინელ ხასიათზე დავდექი. მათეს გადაკრულად ნათქვამი სულაც არ მესიამოვნა. როგორც ჩანს, მართლა ილაპარაკეს ჩემზე. რა თქვა ბექამ? როგორ დამახასიათა? იქნებ მისი ნათქვამის პასუხად წამოროშა მაგ დაცენტრილმა ის წინადადება? ვისთანაც სონია დარჩებაო. კრეტინი!
მორჩა! აღარ შევალ მასთან. არასოდეს! იჭორავა ალბათ ჩემზე. რა ჰგონია, ყოველდღე რომ შევდივარ, შემიყვარდა? დამაცადოს! აი, რომ აღარ მოვიკითხავ, მერე ნახოს, როგორ უნდა ჩემზე ჭორაობა!
ვთქვი და გავაკეთე კიდევაც. მობილური გამოვრთე, რომ არ დაერეკა ან მესიჯი არ მოეწერა და მთელი დღე ცხვირი არ გამიყვია გარეთ.
საღამოს, ბაბა რომ დაბრუნდა, ეგრევე შემატყო, რაღაც რიგზე რომ არ მქონდა და რა გჭირსო, მკითხა.
მეც მოვუყევი, რაც მჭირდა. უფრო სწორად, მხოლოდ ის ვუთხარი, როგორ ინახულეს ბექა ძმაკაცებმა და „პლანი“ როგორ მოაწევინეს.
_ მერე შენ რა? _ გაიკვირვა, _ ვინ არ ეწევა დღეს მარიხუანას, რა იყო აქ გასაბრაზებელი?
_ მისთვის არ შეიძლება, ბაბაკო! ბიჭი წამლებს სვამს, მაგისთანა შხამს თუ დააყოლებს, კარგად როგორ გახდება?
_ სონია, ეგ შენი ბიჭი კარგად ვერასდროს ვერ გახდება. მის მდგომარეობაში მყოფისთვის შეიძლება უკეთესიც იყოს განტვირთვის ასეთი საშუალება. ხანდახან მარიხუანა სასარგებლოც კი არის გონებისთვის, იცი შენ? ჰოლანდიაში კერძებში სანელებლადაც იყენებენ თურმე. ამიტომ მაგაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ და მორჩი ცხვირის ჩამოშვებას. თანაც, ეს შენ არ გეხება. გამომივიდა აქ მენტორი! _ გაღიზიანდა ადა.
გასაგები იყო, რატომაც. არ მოეწონა, ბექაზე ასე რომ ვზრუნავდი. ალბათ იმასაც გაჰკრა ფიქრმა, ვაითუ ერთმანეთი შეუყვარდეთო. იცოდა, თუ ასე მოხდებოდა, რამხელა საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებოდი.
ჰო, საშიშროება იყო, აბა რა. ჩემი ასაკის გოგოსთვის მსხვერლის გაღება იქნებოდა ბექაზე არჩევანის შეჩერება. ამაზე ბევრი მქონდა ნაფიქრი, ამიტომ გონებაშიც კი არ ვუშვებდი აზრს, შემყვარებოდა. თუმცა როდის იყო, სიყვარული ვინმეს რამეს ეკითხებოდა?
იმ დღემ უღიმღამოდ ჩაიარა. არაფრით ხასიათი არ გამომიკეთდა, ამიტომ შეღამდა თუ არა, საწოლს მივაშურე, საბანში ჩავიფუთნე და ძილს მივაბარე თავი, ბაბაკოს წიგნის გაგრძელების სურვილიც გამიქრა.
***
მეორე დღეს დილიდან ეკლებზე ვიჯექი. ტელეფონი ჩავრთე. მხოლოდ ორი ზარი იყო ბექასგან შემოსული და არცერთი მესიჯი. ჰმ… გაბრაზებულა ბიჭი! ჰოდა, იყოს. ცოცხალი თავით არც დავურეკავ და არც გადავალ! მიხვდეს, რატომაც ვარ გაბუტული.
არადა, თავიდან ვერ ამოვიგდე მასზე ფიქრი. ბოლოს მივაგენი გამოსავალს _ სასტუმრო ოთახში დივანზე მივწექი და „ქალის კოდის“ კითხვა გავაგრძელე:
„20 მაისი
წუხელ თეო რომელ საათზე დაბრუნდა შინ, არ გამიგია. ალბათ შემოიძურწა და მაშინვე თავის ოთახს მიაშურა. გაბერილი ვიყავი ცალკე ბრაზით, ცალკე ბოღმით. ნეტავ როდის მოასწრო მისი გაცნობა? იქნებ სულაც ჩემზე ადრე გაიცნო? მაშინ რატომ არ მითხრა? ხომ შეეძლო, სანამ შევტოპავდი, მანამ გავეფრთხილებინე, რომ შეცდომა არ დამეშვა? ვკვდებოდი, ისე მაინტერესებდა, რა პასუხს გამცემდა. ამიტომ ამ დილით, როგორც კი ჩვენები სახლიდან გავიდნენ, ეგრევე მის ოთახში შევაჭერი. ჯერაც ეძინა. საბანი უხეშად გადავხადე და გულზე ხელდაკრეფილი დაველოდე, როდის გადმოტრიალდებოდა.
შენელებული კადრივით ამოძრავდა და ვითომ ნამძინარევი მზერით ამომხედა. არადა, მივხვდი, სულაც არ ეძინა. ზუსტად ამ მომენტს ელოდებოდა. იცოდა, რომ შევუვარდებოდი.
_ რა გეტაკა? რას მაღვიძებ, საქმე დაგელია? _ ხმაც კი მოიმძინარა.
აფერისტი! ამან მე რა უნდა გამომაპაროს!
_ დიდი ხანია მასთან სექსაობ? _ პირდაპირ ჭრილობაზე დავარტყი.
_ რა-ა? _ ვითომ გაიკვირვა.
_ რაც გაიგონე! მიპასუხე!
_ ვისთან ვსექსაობ, გოგო, შენ ხომ არ გაუტიე!
_ ვისთან და კოტესთან!
_ მგონი გაგიჟდი. ვინაა კოტე, საერთოდ არ ვიცნობ იმ შენს კოტეს, რა მოგელანდა? _ საბანი ისევ გადაიფარა, მაგრამ ზურგი არ შეუქცევია, გულაღმა გაწვა და შეეცადა, თვალებში შემოეხედა.
_ მართლა? აბა შენი საყურე როგორ აღმოჩნდა მის ბინაში?
_ რომელი საყურე, რას მიედები! _ ხმას აუწია.
_ რომელიც მე გაჩუქე! შენი სახელი რომ აწერია!
_ ოოოჰ! ეგ საყურე რომ დავკარგე, არ მითქვამს შენთვის? თვეზე მეტია უკვე. ცალი დავკარგ… _ უცებ შუაზე გაუწყდა სიტყვა. უნდოდა ეთქვა, ცალი დავკარგეო, მაგრამ მე ხომ ორივე ერთად ვნახე. მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და უკვე ვეღარც გამოასწორებდა.
_ არ გვინდა ერთმანეთის მოტყუება, თეო, _ შემრიგებლური ტონით გავაგრძელე, რადგან აგრესიულად ვერაფერს დავტყუებდი, _ უბრალოდ, მითხარი, რა ხდება და თავს დაგანებებ. იმას უკვე დავანებე თავი, შენთვის დამითმია, მე აღარაფერში მჭირდება.
დაჟინებით შემომაცქერდა, ხომ არ მატყუებსო. მე კი არ ვიტყუებოდი და ეს სახეზე მეწერა. ლოგინზე წამოიწია, ბალიშს მიეყრდნო, საბანი ყელამდე აიწია, თვალები დახარა და თქვა:
_ შემთხვევით გავიცანი ამასწინათ. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ნუ, მოხდა რა. მეც არ ველოდი, ისე უცებ.
_ და ისე უცებ როგორ აღმოჩნდი მის საწოლში?
_ ნუ მეჩხუბები, გთხოვ. ეგ კაცი ყოველთვის მომწონდა. უბრალოდ, არ ვიცნობდი და არც საერთო ნაცნობები გვყავდა. ახლა გავიცანი და…
_ მომიყევი, როგორ გაიცანი და როდის! _ საწოლზე ჩამოვუჯექი, ვითომ აღარ მადარდებდა, რაც მოხდა. ასე უფრო ავალაპარაკებდი.
_ ერთი კვირის წინ. შენ გამო მივედი. მინდოდა დავლაპარაკებოდი, რომ შენთვის თავი დაენებებინა. მასთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანს, რომ იცოდე.
_ და შენ? შენ მოგიტანს?
პასუხი ვერ გამცა, მხოლოდ დაბნეული მზერა მომაპყრო.
_ იცი რა? _ როგორც იქნა, ალაპარაკდა, _ შენ ასაკითაც არ შეგეფერება. იმის იმედი არ გქონდეს, რომ ცოლად მოგიყვანს.
_ აჰააა! შენ, რა თქმა უნდა, შეგეფერება და ბაზარი არაა, მის ცოლობასაც გამოჰკრავ ხელს, ხომ?
არც ამჯერად მიპასუხა.
_ კარგი, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ფეხებზე მკიდია, რომ იცოდე. მარტო ის მინდა იცოდე, რომ მეც მაქვს მასთან სექსი. ამას დამატებული, ორსულად ვარ მისგან და ამ ბავშვს ვაჩენ! დანარჩენი შენ იცი!
ღმერთო, რა ამაზრზენი რეაქცია ჰქონდა. სახე მოეღრიცა, თვალები გადმოეკარკლა, პირი დააღო, აშკარად რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერაფერიც ვერ თქვა.
_ წავედი. იმ ვაჟბატონსაც გადაეცი, რომ აბორტის გაკეთებას არ ვაპირებ. ასე დამაბარა, გადავიფიქრე-თქო, ამის თქმა არ დაგავიწყდეს. ასე რომ, მაგ საყურის გადამალვას აზრი არა აქვს, ჩამოიკონწიალე შენებურად! _ წავკბინე და წავკბინე. მერე კი ავდექი და მედიდურად გამოვედი მისი საძინებლიდან.
ახლა ერთი თავით მასზე მაღლა ვიდექი. გემრიელად ვიძიე შური და ცოტათი გულზეც მომეშვა.
29 მაისი
ვარდობისთვე მთავრდება. ჩემს ცნობიერებაში მაისი ალისფერი თვეა. ჰოდა, შემზიზღდა ალისფერიც და მაისიც.
ჩემი და კოტეს ურთიერთობა დამთავრდა. როცა ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება, ნაცვლად იმისა, რომ მის შენარჩუნებას ან გახანგრძლივებას შეეცადო, აჯობებს წასვლის ხელოვნება ისწავლო. თუ ურთიერთობა მოკვდა, ყოველ ხუთ წუთში პულსის გასინჯვას რაღა აზრი აქვს? მკვდარია? შეეშვი! ადექი და წადი!
განა რა მოხდა ისეთი? დიდი ამბავი, თუ ქალწულობა დავკარგე და ორსულად ვარ. ჩემი პრობლემები სამყაროს ისტორიაში კომენტარსაც კი არ იმსახურებს. ჩემზე უარეს დღეში მილიონობით ადამიანია. მე შვილი მაინც მეყოლება. აი, გავა ათი წელი და როცა ჩემი შვილი ცხრა წლის გახდება, დარწმუნებული ვარ, იმის გახსენებაც კი გამიჭირდება, რა ერქვა იმ კაცს, ვისგანაც დავორსულდი. არა, ეს არ არის „დრო საუკეთესო მკურნალიას“ სიმღერიდან, მაგრამ მასთან დაშორება უფრო ფართო პერსპექტივებს მისახავს. მასთან მართლა არ მექნებოდა მომავალი. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი წასვლაა, ყველაფრის წარსულში დატოვება. აი, მერე დრო ყველაფერს დაალაგებს.
დღეების განმავლობაში ასე ვფიქრობდი და ამგვარ რამეებში ვცდილობდი დამერწმუნებინა ჩემი თავი, მაგრამ დიდად არ გამომდიოდა… მინდოდა მიმელეწ-მომელეწა ჩემი გრძნობები, დამემსხვრია, გამეცამტვერებინა, აალებულისთვის წყალი დამესხა და ფერფლად მექცია, მაგრამ როგორ? ბოლოს მივხვდი, როგორაც. სახლიდან უნდა წავსულიყავი. უნდა მოვშორებოდი იმ ადგილს, რომელიც კოტეს გამახსენებდა. სახლშიც გაუსაძლისი გახდა დარჩენა. თეო გამირბოდა, მეც არ ვეკონტაქტებოდი. ჩვენი ბინა ძალიან პატარა აღმოჩნდა ჩვენ ორისთვის _ აშკარად ვერ ვეტეოდით. ვერცერთი ომის სისასტიკე ვერ შეედრება ორი ქალის ომს ერთი მამაკაცისთვის. ჩვენ უხმოდ და უმოქმედოდ ვებრძოდით ერთმანეთს. არა, არ შემძულებია, ისევ ისე მიყვარდა, როგორც ადრე, ის და იყო ჩემი და კოტეს გამო ვერ შევიძულებდი, მაგრამ ძველი ურთიერთობის აღდგენასაც ვერ ვახერხებდი.
რაღაც უნდა მეღონა. რაღაც კოდი უნდა შემეყვანა ჩემს გონებაში და იმას მივყოლოდი. პირველ რიგში, უნდა დამეფარა ჩემი გრძნობები და უარი მეთქვა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ეს უდიდესი მარცხი იქნებოდა და მის გამკლავებას ძნელად თუ შევძლებდი, მაგრამ მაინც ასე ჯობდა, რადგან სხვა მხრივ ვიყავი გამარჯვებული _ მე ბავშვს ვაჩენდი, ბავშვს, რომელმაც თეოსა და კოტეს შორის ხიდი ჩატეხა. ისინი ერთად ვერ იქნებოდნენ.
გაგრძელება იქნება