19 ივნისი
სახლიდან გავიპარე. თეოს დავუბარე, როცა წავალ, დედას და მამას მერე მოუყევი ჩემ შესახებ-მეთქი. არ მითქვამს, სად მივდიოდი, სად ვიქნებოდი. თავდაპირველად ისეთ მეგობართან გადავედი, ვისაც ჩემი ოჯახის წევრები არ იცნობდნენ. იყო ერთი გოგო, ჩემი ჯგუფელის მეგობარი, რომელიც ნაქირავებში ცხოვრობდა და მას შევუსახლდი. რადგან ზაფხული იყო, მუშაობა დავიწყე, რათა მშობიარობისთვის თანხა მომეგროვებინა. რაც შეეხება სწავლას, გაორმაგებული ენერგიით გავაგრძელე, მიუხედავად არდადეგებისა. მინდოდა ცხოვრებაში ყველაფერი გამომსვლოდა, წარმატებულიც ვყოფილიყავი და სახელიც გამეთქვა. გული მომეკლა იმ ადამიანებისთვის, ვინც მე მომიკლა გული! ვიცოდი, ამას აუცილებლად მივაღწევდი!
მაგრამ ჩემი ემოციური სივრცე ტკივილით იყო გადავსებული. დეპრესიას გვერდი ვერ ავუარე, რაც ჩემს თავში მწუხარების, ბრაზისა და შიშის ქვეცნობიერმა ჩახშობამ გამოიწვია. ძნელი აღმოჩნდა პირველი სერიოზული სიყვარულის დავიწყება. კოტე ჩემს გონებას არ შორდებოდა. ჩემს ქვეცნობიერსაც არ შორდებოდა. უფრო მეტიც, ჩემს ცხოვრებას არ შორდებოდა! ვიცოდი, როგორც მზე და მთვარე ვერ იქნებოდნენ ერთად, ისე ვერ ვიქნებოდით ჩვენც ერთად.
ჰო, სხვათა შორის, მზეს და მთვარეს ჩემებური ლეგენდაც კი მოვუგონე: ოდესღაც სამყაროში ორი პლანეტა არსებობდა _ პლანეტა მზისა და პლანეტა მთვარისა. მზის პლანეტას ულამაზესი და უმხურვალესი ასული ჰყავდა _ მზე, ხოლო მთვარისას _ მეომარი სულის უფლისწული მთვარე. მზეს და მთვარეს ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. მზე საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული, მთვარე ნადირობით არჩენდა ოჯახს. როგორც კი შეღამდებოდა, აიღებდა თავის ცივ იარაღს და სიბნელეში შეუმჩნევლად შეცურდებოდა. ამასობაში მზე დაორსულდა. როგორც კი გამთენია მოახლოვდებოდა, მთვარე შინისკენ გამოეშურებოდა და მზეც ბნელ ღამეს უნათებდა ქმარს, რათა სახლამდე მშვიდობით მოეღწია ნანადირევით დატვირთულს.
ერთ ღამეს უცნაური რამ მოხდა. უკან მობრუნებულ მთვარეს მზემ ვეღარ გაუნათა გზები. ვერ გაუნათა, რადგან მზე სწორედ მაშინ მშობიარობდა. მთვარეს გზა აერია. მოულოდნელად წინ საოცარი მშვენიერება გადაეღობა _ ცისკრის ვარსკვლავი ვენერა, რომელმაც მაცდურად გაუღიმა მონადირეს და იქვე მდგარ ღრუბლის სავარძელში მოსვენება შესთავაზა, თან მათრობელა შარბათით გაუმასპინძლდა. მთვარე დათანხმდა, ჩამოჯდა ვენერას გვერდით და შარბათიც სულმოუთქმელად გამოსცალა. მერე კი შემთვრალმა მთვარემ მზეს ვენერასთან უღალატა.
ამასობაში მზემ ცხრა ტყუპისცალი შობა. სიხარულისგან აღარ იყო მნათობი. აი, დაბრუნდება ჩემი მთვარე და ერთის ნაცვლად ათი სული ერთად დავხვდებით სახლშიო, მაგრამ მისი სიხარული მალე სევდამ შეცვალა _ სანამ მთვარე შინ დაბრუნდა, მანამ აუწყეს ქმრის ღალატის ამბავი.
განრისხდა მზე. დაავლო შვილებს ხელი და სამუდამოდ მიატოვა მთვარის საბრძანებელი. იგი ისევ თავის პლანეტაზე გადასახლდა და მთვარეს მასთან მიახლოებაც კი აუკრძალა.
დადარდიანდა მთვარე. გახდა, დაილია, გაფერმკრთალდა და დაპატარავდა, წელში მოიხარა და ნამგალს დაემსგავსა. ხანდახან შიკრიკები მოვიდოდნენ მასთან და ამცნობდნენ მზისა და მისი შვილების შესახებ ახალ-ახალ ამბავს. ეს ასულდგმულებდა მთვარეს. ისე უხაროდა თავისი ცოლისა და შვილების კარგად ყოფნა, რომ ხელახლა იკრეფდა ძალას, სიხარულით ივსებოდა და ცოტა ხნით ძველ, ძლევამოსილ მთვარეს ემსგავსებოდა, თუმცა ეს დიდხანს არ გრძელდებოდა. მერე კვლავ კაეშანს მიეცემოდა და ისევ ილეოდა.
მზემ არ აპატია მთვარეს ღალატი და ღამით არემარის განათებაც დაივიწყა. ახლა მხოლოდ დღისით გადმოდგებოდა ცის კაბადონზე, როცა მთვარეს ღრმა ძილით ეძინა, გამოიყვანდა თავის ცხრა ტყუპისცალს და სითბოსა და სიმხურვალის მოსაფრქვევად ყველა ერთად შეესეოდა პლანეტა დედამიწას, რომლის ლამაზი მწვანე საბურველი მზეს ასე მოსწონდა.
ვენერაც ვერ ბედავდა მზეს დანახვებოდა, ამიტომ მხოლოდ განთიადზე ბედავდა გამოსვლას, თან ისე შორს დასახლდა მზისგან, რომ ლამის დედამიწის თავზე დაიდო ბინა.
მას შემდეგ მზე და მთვარე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს.
არც მე და კოტე შევხვდებოდით!
2 აგვისტო
დღეს გავიგე, რომ თეო და კოტე თურმე აღარ არიან ერთად. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ დაშორდნენ. კიდევ კარგი, ჩემი დაც არ დაორსულდა, მაგრამ ის ისეთი კვაჭია, ალბათ იცავდა თავს, ჩემნაირი სულელი კი არ არის! ისიც გავიგე, რომ ჩემები თურმე თავგადაკლული მეძებენ. არ დაუტოვებიათ არცერთი ჩემი მეგობარი, მაგრამ ვერ მომაგნეს. ახლა სწავლა არ არის, ამიტომ იციან, უნივერსიტეტში რომ არ დავდივარ. სექტემბრიდან ისევ განაახლებენ ალბათ ძიების პროცესს. არ მადარდებს. ახლა იმ ხასიათზე ვარ, რომ არც დედა მახსოვს, არც მამა და არც არავინ. ქვას დავემსგავსე. არავინ და არაფერი ამქვეყნად არ მიყვარს, არც მაინტერესებს. მხოლოდ ჩემს შვილზე ვზრუნავ, რომელიც მოუსვენრად წრიალებს ჩემს მუცელში და ნიშანს მაძლევს, დე, აქ ვარ და ნურაფრის გეშინიაო. მართალია, ჯერ ცასა და დედამიწას შორის ვარ გამოკიდებული, მაგრამ შეუპოვრად მივიწევ ცისკენ. რაც მთავარია, თვითგანადგურებას შევეშვი და დეპრესიაც გავუყენე თავის დეპრესიულ გზას. მე ბედნიერებისკენ მივილტვი! მტკივნეული გრძნობები გავთიშე და მათ გარეშე გავაგრძელე ცხოვრება. ჩემ თვალწინ იბადება ჩემი „მეს“ ნაწილი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე ზრუნვას სწავლობს…“
როგორც კი კარის გაღების ხმა შემომესმა, ლეპტოპი დავხურე და წამოვხტი. ბაბაკოს შუა ოთახში შევეგებე.
_ რა იყო, რა დაფეთებული გამოვარდი? _ დაკვირვებით შემათვალიერა.
_ არაფერი. ჩამძინებია და უცებ ვერ მოვედი აზრზე. რომელი საათია? მგონი, გვიან მოხვედი, _ ფანჯარაში გავიხედე, ღამე ჩამოწოლილიყო, _ უი, რა დრო გასულა!
_ სხვათა შორის, საათის რომელიაო, უნდა გეკითხა. ტყუილად გასწავლი ამდენს, მაინც არ შეგდის მაგ თავში… ცხრა გახდა უკვე.
_ ვაა, დაღამებულა. რატომ დაგაგვიანდა?
_ ქეთევანის დაბადების დღე იყო და შემოვრჩით სამსახურში. ტორტი მოიტანა და კიდევ რაღაცები.
_ უიიი, რა მაგარია! დავურეკავ, მივულოცავ. დილით რატომ არ მითხარი?
_ თორემ შენც გამოიქცეოდი! _ ჩაიცინა და დივანზე ჩამომჯდარი მუხლების ზელვას შეუდგა, _ როგორ მიხურს ფეხები, _ ამოიოხრა, მერე მე ამომხედა, _ რას შვრება ჩვენი ბიჭი? _ ბექა იგულისხმა.
ტუჩები მოვმუწე.
_ არ ვიცი, დღეს არ გავსულვარ. _ უდარდელად მივუგე. მართლაც, მისი რომანის გადამკიდეს ბექა არც გამხსენებია.
_ როგორ მოხდა! რა იყო, იჩხუბეთ?
_ არა, რატომ. უბრალოდ, დღის პირველ ნახევარში ვერ მოვიცალე, მერე კი ჩამეძინა. გავალ ახლა. მოვიდა ნეტავ პეპელა?
_ დღეს გვიან მოდის, როგორც ვიცი. მიდი, იქ პარკში ფორთოხალია და წაუღე ერთი-ორი ცალი, ესიამოვნება.
_ ჰო, გავუტან, _ ვთქვი, პარკიდან ორი ცალი ფორთოხალი ამოვიღე და გავედი…
ოხ, როგორი მზერით დამხვდა. მის თვალებში ომის დაწყების სურვილი ამოვიკითხე. არ მაპატია ცხრამეტსაათიანი გაბუტვა.
_ როგორ ხარ? _ არ შევიმჩნიე.
სულაც არ მინდოდა მასთან ჩხუბი. ან კი რა დამიშავა? მართლაცდა, დიდი ამბავი, თუ მარიხუანა მოწია. ყოველდღე ხომ არ ეწევა? ათასში ერთხელ რა უჭირს? ცუდი გოგო ვარ, ტყუილუბრალოდ გავანაწყენე.
_ შენ? _ მოკლედ მოჭრა.
_ მეც, _ მის კითხვაში ჩამალულ პასუხს მეც პასუხში ჩამალული პასუხი გავეცი.
თავი ვერ შეიკავა და გაეღიმა. გაეღიმა და ორივეს დაგვავიწყდა წყენაც და გაბუტვაც. მისკენ დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. რაღაცნაირად შეტოკდა. ასეთ რეაქციას არ ველოდი. შევცბი. მაშინვე გავსწორდი და ერთიანად აჭარხლებული მის სავარძელში მოვკალათდი.
_ არასდროს მოიქცე აწი ასე! _ მითხრა და ეგრევე მივხვდი, რომ ორი რამ ერთად იგულისხმა _ არასდროს გავბუტვოდი და არასდროს მეკოცნა მისთვის…
***
ჩვენს ურთიერთობაში თითქოს შავმა კატამ გაირბინა. როცა ბექასთან შევდიოდი, უხალისოდ მელაპარაკებოდა, ზოგჯერ მეტყოდა, სამუშაო მაქვს და ცოტა გვიან შემოდიო, ან _ მე თვითონ დაგირეკავ, როცა მოვიცლიო. როცა საქმე არ ჰქონდა, ან ძილს იმიზეზებდა, ან კიდევ უგუნებობას და მაიძულებდა, დამეტოვებინა.
ვხვდებოდი მისი გარდასახვის მიზეზს. ჩემი არ იყოს, მასაც ეშინოდა, არ შევყვარებოდი. არადა, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა.
მეც ვებრძოდი თავს. ყველანაირ სცენარს განვიხილავდი გონებაში. კარგი, დავუშვათ, შეგვიყვარდა ერთმანეთი. გავყევი ცოლად, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა. და მერე რა? უნდა დავემშვიდობო ყველაფერს _ ნორმალურ ოჯახს, შვილის შეძენას, კარიერას, სიმშვიდეს და… ელემენტარულად _ გარეთ გასვლას, დაქალებთან შეკრებას და დროს ტარებას. ამის არც დრო მექნებოდა და არც ხალისი. ის კი ჩემთან ერთად არსად წამოვიდოდა. რომც წამოსულიყო, ვერ იხალისებდა. ამასთან, საშინელი ეჭვიანი იქნებოდა. განა თავის ყოფილ შეყვარებულზე ასე არ ილაპარაკა?
ჰო, ჩვენ ერთად მომავალი არ გვქონდა. მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, იქნებ რამე გამოსავალი მოგვენახა? იქნებ არსებობდა მისი განკურნების შანსი? ცოტათი მაინც. იმდენად ცოტათი, რომ ქალის დაორსულება შესძლებოდა. ხოხ! რა ცოტაა, არა? ვინმეს ჩემი ფიქრების წაკითხვის უნარი რომ ჰქონოდა, მეტყოდა, იდეალისტი ხარო. არა, არ ვარ იდეალისტი, არც არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, გამოსავალი მინდოდა მეპოვა.
მეც შევიცვალე. სევდამ დამრია ხელი. ვიცოდი, შეუძლებელს ვეპოტინებოდი და შებრძოლების უნარიც არ მქონდა. არ ვიცი, შეიძლება სულაც არ იყო ეს გრძნობა სიყვარული და ჩემი ლექტორის არ იყოს, მხოლოდ მოხიბლული ვიყავი მისით და ეს ხიბლი ჰგავდა სიყვარულს. ან _ შეჩვევის მომენტი იყო. არ ვიცი. ნეტავ საერთოდ არ გადმოსულიყვნენ ამ სახლში. ორივე მშვიდად ვიქნებოდით და არც მე გამიჩნდებოდა თავსატეხი და არც ბექას. ახლა კი ჩვენი ურთიერთობის საკითხი სასწორზე იყო შეგდებული. ან საერთოდ უნდა გაგვეწყვიტა კავშირი, ან საჭიროზე მეტად დავახლოებოდით ერთმანეთს.
არც ერთი მომწონდა და არც მეორე.
ბოლოს და ბოლოს, დავრჩენილიყავით მეგობრებად, განა რა დაშავდებოდა? ხომ გვსიამოვნებდა ერთად ყოფნა? სიყვარულზე ერთხელაც არ გვისაუბრია, გაკვრითაც კი არ გვიხსენებია, რას განვიცდიდით ერთმანეთის მიმართ, თუმცა არაფრის თქმა არ იყო საჭირო. ეს იგრძნობოდა. ეს გამოკვეთილად ჩანდა. აი, ეს იყო მთელი სირთულე.
პეპელა ხშირად გვსტუმრობდა და სულ იმაზე წუწუნებდა, რა ვქნა, როგორ მოვახერხო, რომ გარეთ გავიყვანო, იქნებ სხვანაირად შეხედოს ცხოვრებას, ხალისი დაუბრუნდეს და დარდს აღარ გადაჰყვესო. ადა და ჩარიტა გულს უკეთებდნენ, აცალე ცოტა, თვითონაც მოჰბეზრდება შინ ჯდომა და ერთხელაც მოითხოვს გარეთ გაყვანასო.
მაგრამ ეს „ერთხელაც“ ერთხელაც არ დადგა.
უცნაური ის იყო, რომ ბოლო დღეებში მისმა მეგობრებმაც ამოიკვეთეს ფეხი. არცერთი არ გამოსულა მის სანახავად. იმ დღის მერე, ჩემი თანდასწრებით მარიხუანა რომ მოწიეს, აღარ გამოჩენილან. ვერც ვეკითხებოდი მიზეზს, არ გამინაწყენდეს-მეთქი. არადა, რაღაც აშკარად მოხდა.
ბოლოს ტაქტიკის შეცვლა გადავწყვიტე. უდარდელად შევურბენდი ხოლმე დილაობით, რამეს აუცილებლად შევუტანდი, სასაცილო ამბებს მოვუყვებოდი და სანამ თვითონ მეტყოდა, დამტოვეო, ჩემი ნებით გამოვდიოდი. როგორც ჩანს, ამან ცოტა შეაშფოთა. ერთხელაც, როცა შევირბინე და უცებვე დავაპირე წამოსვლა, მთხოვა, დარჩი, არ წახვიდეო.
_ დღეს არ გაქვს სამუშაო? _ ვითომ ვერ მივუხვდი, დარჩენას რატომ მთხოვდა.
_ არა, ის შეკვეთა დავასრულე და გავზავნე, ფულიც ჩამირიცხეს.
_ აუფ! მაგარია. გამდიდრდებოდი აბა!
_ დაახლოებით, ოღონდ არ ვიცი, რაში დავხარჯო, _ ჩაიცინა.
_ რესტორანი დავხუროთ, _ გავეხუმრე.
_ არ მიყვარს რესტორანი და ხმაურიანი ადგილები. სიწყნარე და სიჩუმე უფრო მევასება.
_ მაშინ რა ვქნათ, იცი? _ დავიწყე და პაუზა გავწელე, თვალები მოვწკურე ეშმაკურად მხოლოდ.
_ რა? _ წარბებაწეული თვითონაც ეშმაკურად შემომაცქერდა.
_ დავსხდეთ და რამე წავიკითხოთ.
_ მაგალითად? _ გაოცებული სახე მიიღო.
_ მე მაქვს ერთი კარგი წიგნი, ოღონდ ჯერ დამთავრებული არ არის, მაგრამ ძალზე საინტერესოა. თან, მგონი, ჩემს ბაბაკოს ეხება. მინდა შენც წაგაკითხო, რადგან ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, ასეა თუ არა. შეიძლება ვცდები, მე კი არ მინდა შევცდე.
ტუჩი აიბზუა, თავი მოიქექა და მითხრა:
_ ჯერ შენს ბაბაკოზე მიამბე რამეები და წიგნი მერე წამაკითხე. აბა, მე რა ვიცი, ადას ეხება თუ ფოტინეს. საიდან უნდა გავიგო?
_ მაგაზე ადვილი რა არის? ახლავე მოგიყვები, _ დავბზრიალდი მის სავარძელზე და ბაბას შესახებ დავიწყე მოყოლა. ვახსენე ბაბუაჩემიც, რომელიც არავის არასდროს თვალით არ გვენახა და ისიც არ ვიცოდით, როგორც ქმარი, საერთოდ არსებობდა თუ არა.
_ ეჭვი მაქვს, არასდროს არ დაქორწინებულან. მგონი, ბაბას მამაჩემი ქორწინების გარეშე ჰყავს გაჩენილი და ამას მალავს.
_ რატომ გგონია?
_ იმიტომ, რომ სხვანაირად ახსნას ვერ ვუძებნი. კარგი, დავუშვათ, მიატოვა ქმარმა და წავიდა მისგან. დავიჯერო, ერთი ფოტო მაინც არ უნდა დარჩენოდა? ან შვილმა არ უნდა იცოდეს, მამამისი როგორ გამოიყურება? ვაიდა, ერთხელაც ქუჩაში გადაეყარონ ერთმანეთს, არ უნდა იცოდნენ, რომ მამა და შვილი არიან? ამაზე სიტყვას ვერ დააცდენინებ. მამაჩემიც ისე გაზარდა, იმანაც დაკარგა ინტერესი და ერთხელ არ ჰკითხავს, მამაჩემზე რამე მომიყევიო.
_ მდაა… ჩახლართული ისტორიაა მართლა. კარგი, თანახმა ვარ, მოიტანე შენი წიგნი და წავიკითხავ.
_ არა, ეგრე ვერა. წიგნად არაა ჯერ გამოცემული, იწერება. მოვპარე ბაბაკოს და ჩუმად ვკითხულობ. ლეპტოპში მაქვს შენახული და ან ღამე ვკითხულობ, ან დღე, როცა ადა სამსახურშია.
_ ბოლოს და ბოლოს, შენ მუშაობ მასთან თუ მხოლოდ გაფორმებული ხარ?
_ ვმუშაობ, როგორ არა, ოღონდ მთელი დატვირთვით არა. როცა რამეა წასაკითხი, გამომიგზავნის და მეც ვასწორებ. სულ ეგაა ჯერჯერობით. ახლა მაინც არ მინდა თავგადაკლულად ვიმუშაო. ერთი წელიც არ გასულა, რაც დავამთავრე, რა მეჩქარება?
_ რატომ არ გეჩქარება, არ გინდა კარიერა გაიკეთო?
_ მოვასწრებ. თუმცა დიდად არ მაღელვებს. გამოვა, ხომ კარგი, თუ არადა, არც ეგ მადარდებს. ეგ რომ მადარდებდეს, აქამდე ცხრაჯერ გავიქცეოდი მამაჩემთან, ისედაც სულ მეხვეწება, ჩემთან წამოდი და აქ დაგასაქმებ, ბევრად წინ წაგწევო, მაგრამ არც ეგ პერსპექტივა მხიბლავს.
_ უცნაური გოგო ხარ. _ გაიცინა.
_ რატომ? _ ვიწყინე.
_ იმიტომ, რომ შენ თვითონ არ იცი, რა გინდა.
_ როგორ არ ვიცი! რომ ვიცი, მამაჩემთან იმიტომაც არ მივდივარ. აი, ბაბაკოსთან ვიმუშავებ ინტენსიურად და მერე ნელ-ნელა დავწინაურდები. ჯერ ბევრი მაქვს სასწავლი. ასე უცებ მაღალ პოზიციაზე რომ მომსვას, არც მინდა. რატომ უნდა ვაფიქრებინო ვინმეს, ადას წყალობით დააწინაურესო? უნდა დავიმსახურო.
_ მერედა, როდის აპირებ მაგ ინტენსიურად მუშაობას? _ ლამის დამცინა.
_ როდის და სექტემბრიდან. მანამდე დავისვენებ. შენც გაგართობ. ბაბას საიდუმლოსაც ამოვხსნი და მორჩა, როცა ამ „პროგრამა-მინიმუმს“ შევასრულებ, მერე მაქსიმუმზეც გადავალ.
_ დიადი საქმეები ჩაგიფიქრებია! _ გულიანად გაიცინა, _ მიდი ახლა, მოიტანე ეგ შენი ლეპტოპი და დავიწყოთ კითხვა. რაღას ვუცდით?
გამიხარდა, რაღაცით რომ დავაინტერესე, სახლში გავვარდი, ლეპტოპი ამოვიიღლიავე და გამოვედი.
_ ახლა როგორ ვქნათ? _ დაბნეული მივაჩერდი.
_ რას ნიშნავს, როგორ ვქნათ?
_ ანუ როგორ წავიკითხოთ? ხმამაღლა?
სიცილი აუტყდა.
_ პატარა ბავშვს ზღაპრებს რომ უკითხავენ, ისე გინდა მეც წამიკითხო? ეგრე არ გამოვა. მოდი, მეილზე გადმომიგზავნე და მე თვითონ წავიკითხავ. აზრები კი მერე გავცვალოთ.
იდეა არ მომეწონა, ამიტომ თავი გავაქნიე.
_ ეგრე არ მაწყობს.
_ რატომ?
_ მინდა, რომ ერთად წავიკითხოთ.
_ და როგორ წარმოგიდგენია ეს?
_ როგორ და… _ უეცრად გავწითლდი, ისეთი რამ მომაფიქრდა, _ შენ გვერდით წამოვწვები და ერთად წავიკითხოთ. ერთი თავი შენ, ერთი მე.
გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა. ასე თუ გავთამამდებოდი, არ ელოდა.
_ მე უნდა მომიწვე გვერდით? _ დაჟინებით მომაჩერდა.
_ ჰო, რა იყო, მეგობრები არ ვართ? რა მოხდა მერე? _ თითქოს თამამად ვთქვი, მაგრამ ჩემი დამემართა, გული ლამის კოჭებში ჩამიძვრა.
_ რა ვიცი… _ მცირეოდენი პაუზის შემდეგ მომიგო, _ თუ შენ მიგაჩნია, რომ ასე აჯობებს, იყოს ასე. მოდი, წამოწექი, _ თქვა და გვერდით გაწევა სცადა.
_ არ გინდა, ისედაც დავეტევი, შენს ტახტზე ორი კი არა, სამი ადამიანიც თავისუფლად დაეტევა.
_ სად გიშოვო ახლა მესამე? _ გაიცინა და ჩვენ შორის წარმოქმნილი უეცარი დაძაბულობა წამში გაფანტა.
მეც თამამად ავდექი, გვერდით მივუწექი, ლეპტოპი მუხლებზე დავიდე და ბაბაკოს რომანის კითხვას თავიდან შევუდექი…
მშვენივრად გავერთეთ. ბექა ჩემზე უფრო დაინტერესდა. მართლა ჰგავს ბებიაშენის ისტორიასო, შენიშნა, როცა რამდენიმე თავი ჩავათავეთ. ხან მე ვკითხულობდი, ხან ბექა. წამითაც არ გვიგრძნია უხერხულობა, თითქოს მთელი ცხოვრება ასე გაგვეტარებინოს, ერთმანეთის გვერდით მიწოლილებს რომანების კითხვაში.
_ ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ გავიგოთ, მართლა ადას ამბავია ამ რომანში მოთხრობილი თუ ფოტინესი? _ არა და არ ეშვებოდა ამ „ფოტინეს“.
_ ეგ რომ ვიცოდე, მკითხაობა აღარ დამჭირდებოდა.
_ ჰოდა, როგორ გავარკვიოთ?
_ არც ეგ ვიცი.
_ პირდაპირ რომ დააჯახო შენს ბაბაკოს, შენი ამბავი ვიცი-თქო?
ამის გაგონებაზე შემაკანკალა.
_ ხომ არ გაგიჟდი! გამორიცხულია. მიტყეპა არ ამცდება. _ ნერვიულობისგან გამეცინა.
_ იცი რა? ბევრი რაღაც ემთხვევა. კი აქვს ვითომ გადაკეთებული რაღაცები, მაგალითად, დედამ გაზარდა და არა ბებიამ, მამაც ჰყავს გაკვრით ნახსენები. ეგ თავისი დაც, კაცი რომ დააწერა, რომელიც სინამდვილეში მისი მეგობარია, ერთ დროს დასავით რომ უყვარდა და ერთ სახლში იზრდებოდნენ, მაგრამ ასე ვერაფერსაც ვერ გავარვევთ. მოდი, ჯერ ბოლომდე წავიკითხოთ და ვნახოთ, მერე და მერე რა ხდება.
_ საქმეც ისაა, რომ ბოლომდე არ აქვს დამთავრებული. ესეც, ხომ ხედავ, ნაჭერ-ნაჭერ არის დაწერილი. ბოლოს დაალაგებს ალბათ.
_ ჰოდა, როცა დაალაგებს, სინათლეც გამოჩნდება გვირაბის ბოლოს.
_ სხვა რა გზა გვაქვს, უნდა დაველოდოთ. _ მხრები ავიწურე და ლეპტოპი დავხურე, _ დღეს მორჩა, მეტი აღარ შემიძლია. _ ვთქვი და ასადგომად წამოვიწიე.
_ მიდიხარ?
_ ჰო, გავალ. აწი ბაბაც მოვა და შინ რომ არ დავხვდები, არ მოეწონება. ხვალ ისევ მოვალ, თუ საქმე არაფერი გაქვს…
_ არაფერი. მოდი, დაგელოდები, _ წინადადების დასრულება არ მაცალა, ისე მითხრა.
უკვე ვეღარ ძლებდა უჩემოდ.
მეც მაგ დღეში ვიყავი…
გაგრძელება იქნება ორშაბათს