სალომე ბაკურაძე დაიბადა 1984 წლის 9 ივლისს, ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქალაქ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლა, საფორტეპიანო განყოფილება. 2002-2006 წლებში სწავლობდა სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრის, ხოლო 2008 წელს ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით.
"ჩემი მუსიკისადმი სიყვარული, უპირველესად, ოჯახმა განაპირობა. დედა პროფესიონალი ვოკალისტი-მუსიკოსია. პირადად მე არ მახსოვს, მაგრამ მიყვებიან, რომ 3 წლისამ უკვე ზეპირად ვიცოდი დედის არიები. ასევე ხაზგასასმელია ის, რომ ჩემს ორივე ბაბუას განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემები ჰქონდა. დედაჩემის მამა სოლო-მომღერალი იყო, მეორე ბაბუას არ ჰქონდა პროფესიული მუსიკალური განათლება, მაგრამ შეეძლო ნებისმიერი მუსიკალური ხმა ემღერა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გენებიდან დაიწყო.
სკოლაში ყოველთვის ვიყავი ცენტრალური ფიგურა, რომელიც ღონისძიებებს მუსიკალურად აფორმებდა, ჩემი და კი აკომპანირებას მიწევდა. 9 წლის ასაკიდან ქუთაისში „კონსტანტ რეკორდ სტუდიაში“ მიმიყვანა დედამ. სტუდიიდან დაიწყო ჩემი პროფესიული ზრდა, სცენაზე გამოსვლა. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სცენაზე, ოპერისა და ბალეტის სცენაზე ვიდექი, მიმყავდა კონცერტები და ვმღეროდი სიმღერებს, რომელთაც ჩვენთვის – ბავშვებისთვის წერდა ჩვენი პედაგოგი. ასე დაიწყო ჩემი ანი და ბანი მუსიკაში." - იხსენებდა სალომე.
სალომე ბაკურაძემ 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში „ნუცას სკოლა“(TV იმედი) და გავიდა ნახევარ ფინალში. ამავე წელს „TV იმედის“ მიწვევით მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ შოუში „იმედის ტალღა“. 2006 წელს კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას მიწვევით იყო მისივე სახელობის კვინტეტის წევრი. 2006 წელს საქართველოს სახელით მოლდოვეთის საერთაშორისო კონკურსში „friends faces“ მიიღო მონაწილეობა და ლაურეატი გახდა. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო ამერიკული სატელევიზიო შოუს „pop idol“-ის ქართულ ანალოგში „რუსთავი 2-ზე, სადაც შოუს ფინალისტი გახდა და მე-2 ადგილი დაიკავა.
"რაკი მუსიკა ისედაც ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში, სულ სხვა მიმართულებით წავედი და ხელოვნებათმცოდნეობა ავირჩიე – კინო და თეატრმცოდნე გავხდი. როცა პროფესია ავირჩიე და მასზე გადავერთე, თითქოს ცოტა მინელდა ჩემი აქტივობა მუსიკის მიმართულებით… პირველ კურსზე ვიყავი, როცა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მომთხოვა, მიმეცა მისთვის ჩემი სიმღერის ჩანაწერი, რომელსაც დაურთავდა ჩემს ფოტოსურათს და გააგზავნიდა იმ პერიოდისთვის ახალ და უკვე საკმაოდ რეიტინგულ მუსიკალური პროექტ „ნუცას სკოლას“ კასტინგზე. რა თქმა უნდა, დამირეკეს, მივედი სიმღერის ცოცხლად შესრულების კასტინგზე. აღმოჩნდა, რომ ბიძინა კვერნაძის სიმღერის შესრულების პირველივე ბგერებიდან მოიხიბლა ჩემით ნუცა ჯანელიძე და ასე მოვხვდი ამ ტელეპროექტში. აქედან დაიწყო ჩემი შეხება პოპულარობასთან. ადამიანები, რომელთაც აქამდე მხოლოდ ეკრანიდან ვხედავდი და ვეთაყვანებოდი, უკვე ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ, მაძლევდნენ რჩევა-დარიგებებს, გულით მგულშემატკივრობდნენ, დადებით შეფასებებს მაძლევდნენ. მთელი საქართველო იყო ჩართული ამ პროექტში და ჩემი სახელიც ამ პროექტის საშუალებით გახდა ცნობილი."
2009 წელს იგი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მიიწვია მსოფლიოში ცნობილი შოუს „Two stars“ ქართულ ანალოგში. 2009 წელს „რუსთავი 2“-მა იგი მიიწვია „pop idol“-ის ანალოგ პროექტ „Geo star“ 2000-ში სეციალურ სტუმრად. 2008 წლის ფინალისტობის შემდეგ მას ინტენსიურად იწვევდნენ სხვადასხვა ტელეკომპანიები რეიტინგულ გადაცემებში. 2010 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მიიწვია მეგა შოუში „Bravo“, სადაც მან მაყურებლის და ჟიურის მხარდაჭერით გამარჯვება მოიპოვა.
სალომეს მეუღლე ლაშა ბასლანძეა. მათი სიყვარულის ამბავი ქობულეთში დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა. წყვილს ერთი შვილი, სანტი ჰყავს.
"ოჯახში ლაშა ძალიან დამთმობია. სახლის რემონტიც კი ისე გავაკეთეთ, როგორც მე მინდოდა. ოჯახში ყველაფერი ჩემზე აქვს მონდობილი. საჭმელიც რომ არ მოვამზადო, შეიძლება არც ეს იყოს მისი პრობლემა. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ზომავს და მიფრთხილდება. მაგალითად, სანტი სკოლაში რომ წავიდეს, ავტობუსი აკითხავს. ლაშამ კარგად იცის, რომ დილით ძილი ძალიან მიყვარს, გვიანაც ვიძინებ, ამიტომ შეუძლია, ადგეს, ბავშვი ასაუზმოს, ჩააცვას და ჩაიყვანოს ისე, საერთოდ არ შემაწუხოს…“