წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
ნიცა თავაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა კვარაცხელია რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდაწყვილი ურთიერთობა ტრადიციულად განვითარდა - სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა.
2023 წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელია იტალიიდან საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ფეხბურთელმა კვიპროსის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 16 ოქტომბერს კი რჩეულზე იქორწინა.
წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
ნიცა თავაძეს მედიასთან გამოჩენა არ უყვარს და არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი - ნიცამ 2022 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა დავით ტვილდიანის აახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო, თუმცა მალევე მოუწია ქვეყნის დატოვება და მომავალ მეუღლესთან ერთად იტალიაში წასვლა.
“ნიცა სამედიცინოს სტუდენტია, რომელიც ამიერიდან ნეაპოლში ცხოვრობს და სწავლას იტალიაში აგრძელებს. ნიცა მუდამ კვარას გვერდითაა. აი ასეთი გოგოა ნიცა, ხვიჩას სულ ამხნევებს და მუდამ სტადიონზეა. სასიხარულოა როცა ფეხბურთელს ასეთი მეორე ნახევარი ჰყავს და მასთან ერთად უხარია გუნდის წარმატება. ნიცას საქციელი მართლაც დასაფასებელია” – წერდა ერთ-ერთი იტალიური მედია ჯერ კიდევ მაშინ, როცა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი იყო.
ნიცას გვერდით ხშირად ჩანან მისი ოჯახის წევრები - ნიცას დედა მარიამ კაციტაძეა, რომელიც, ასევე იშვიათად ჩნდება კამერების წინ.
ნიცას ჰყავს უმშვენიერესი და, ნილა თავაძე, რომელმაც პირველი გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება გამორჩეული გარეგნობით. ნილა მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის დის გვერდითაა.
„ოჯახია ჩემი მოტივაციის წყარო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტს ეს ადამიანები ნერვიულობენ – ცუდი პერიოდია თუ კარგი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა... ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, კარგიც, მაგრამ… მადლობა ოჯახს, პირველ რიგში, ნიცას, სულ ჩემ გვერდით არიან. სანამ რამე შემიძლია, მათ გამო, ქართველი ადამიანების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, არაფერს დავიშურებ" - ამბობდა ხვიჩა კვარაცხელია.
2024 წლის 21 აგვისტოს ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მეუღლეს, ნიცა თავაძეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარას დამიანე დაარქვეს. ხვიჩამ სამშობიაროდან პირველი კადრებიც გაგვიზიარა: "ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე", - დაწერა მან.
დამიანე კვარაცხელიას დაბადებას მისი მშობლების მეგობრები და ოჯახის წევრები სამშობიაროს ეზოში ელოდებოდნენ. მოლოდინისა და პირველი სიხარულის კადრები კი სოციალურ ქსელში ნიცა თავაძის მეგობარმა გაგვიზიარა.
როგორც ცნობილია, ხვიჩა 20 აგვისტოს, შვილის დაბადებამდე ერთი დღით ადრე, იტალიიდან პირდაპირ რეისით გამოემგზავრა, რათა დამიანეს გაჩენის დროს მეუღლისა და შვილის გვერდით ყოფილიყო. ნაპოლიმ ფეხბურთელის პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამბავი გაითვალისწინა და ამის უფლება მისცა.
2024 წლის 19 ნოემბერს წყვილმა შვილი მონათლა. ნათლობა სამთავროში, იმავე მონასტერში შედგა, სადაც წყვილმა ჯვარი დაიწერა. ნათლობის შემდეგ კი მშობლებმა პატარა დამიანეს ფოტოები საჯაროდ პირველად გამოაქვეყნეს. ხვიჩამ და ნიცამ გულშემატკივრებს ოჯახური კადრებიც გაუზიარეს, სადაც მშობლებთან, და-ძმასთან და დამიანეს ნათლიებთან ერთად ჩანან.
"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უცებ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა - გავხდი მამა. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს. ყოველ დღე ბედნიერად ვიღვიძებ და ვიმედოვნებ, რომ ყველას მიეცემა შესაძლებლობა, განიცადოს ეს ბედნიერება ცხოვრებაში..." - ამბობდა ხვიჩა კვარაცხელია.
ნიცა თავაძე ინტერვიუებს არასდროს წერს, არც საკუთარი ცხოვრების დეტალებს აზიარებს სოციალურ ქსელში, თუმცა შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს პერიოდულად აქვეყნებს. ახალგაზრდა დედა ახალ ამპლუას თავს წარმატებით ართმევს და ახერხებს, მუდმივად იყოს ფორმაში.
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ხვიჩა კვარაცხელია PSG-ის ფეხბურთელი გახდა, მას ნიცასთა და პატარა დამიანესთან ერთად იტალიის დატოვება და საფრანგეთში გადასვლა მოუწია. ოჯახი ახლა ცხოვრებას პარიზში გააგრძელებს.