საღამოს ბაბას ჩარიტაც თან მოჰყვა. შეიკეტნენ სამზარეულოში და კარგა ხანს რაღაცაზე ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. როცა მე შევედი, ორივე საეჭვოდ გაჩუმდა. მინდოდა მეკითხა, ხელი ხომ არ შეგიშალეთ-მეთქი, რომ კარზე კაკუნი გაისმა. გასაღებად გავემართე. სადარბაზოში პეპელა იდგა.
_ სონია, გამარჯობა, შვილო! ადა სახლშია?
_ კი, აქ არის, პეპელა დეიდა, მობრძანდით. _ შემოვიპატიჟე, _ სამზარეულოშია არიან, ჩარიტაც ჩვენთანაა.
პეპელას სევდიანი სახე ჰქონდა, ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა.
_ რა იყო, გოგო, რა გჭირს? _ ადა მაშინვე ფეხზე წამოხტა.
_ არაფერი. ვიჩხუბეთ წეღან და აქეთ გამოვეშურე, ადასთან ცოტა გულს გადავაყოლებ-მეთქი.
_ რაზე იჩხუბეთ?
_ რაზე და, ფანჯარასაც არ აღებს. საშინელი სუნი დააყენა ოთახში. გარეთ ხომ არ გადის და ოთახსაც არ ანიავებს. არ ვიცი, რა მოვუხერხო, ლამისაა თავი მოვიკლა! _ ატირდა პეპელა.
_ პეპელა დეიდა, მაგ საქმეს მე მოვაგვარებ, თქვენ არ ინერვიულოთ, _ უეცრად იდეა დამებადა, _ ამ საღამოს გავიყვან და გავასეირნებ.
_ უჰ, კარგი ერთი, _ ხელი აიქნია ბაბაკომ, _ ეგ რომ ასე ადვილი იყოს, აქამდეც გაიყვანდი. ისეთი რა უნდა უთხრა, რომ დაგთანხმდეს?
_ ეგ მე ვიცი. აი, ნახეთ, თუ არ დავითანხმო! _ დავიტრაბახე და ბექასკენ ავიღე გეზი.
შუბლშეკრული დამხვდა.
_ რაო, თავი შეგაცოდათ? _ უკმეხად მკითხა.
_ ცუდად ექცევი დედაშენს. ასე არ შეიძლება, ბექა.
_ შენ ნუ მასწავლი დედაჩემს როგორ მოვექცე, გაიგე?
_ ახლა კარგად მომისმინე! _ საჩვენებელი თითი დავუქნიე, _ მართალს ამბობს პეპელა, რადგან მეც მაგ აზრის ვარ. ამდენი წოლისგან ხომ ხედავ, სუნი აგივიდა! _ არ დავინდე, _ ასე როგორ შეიძლება? ცოტა უნდა გაიარო, გამოიარო, გარეთ გახვიდე, ჰაერი ჩაყლაპო…
_ მაგიტომაც არ ჩერდები ჩემთან ბოლო დროს დიდხანს? ამიტომ გარბიხარ, სონია? _ ისე ყრუდ გაისმა მისი ორივე შეკითხვა, გული დამიმძიმდა. მე საერთოდ ვერ ვგრძნობდი ვერანაირ სუნს, როგორც ჩანს, მივეჩვიე. ამის გამო არ წამომიწყია ეს ლაპარაკი, უბრალოდ, მინდოდა როგორმე დამეყოლიებინა და გარეთ გამეტყუებინა.
_ ეგ როგორ იფიქრე? _ ვუსაყვედურე, _ დიდხანს იმიტომ არ ვჩერდები, რომ შენ თვითონ ამიკრძალე. მიზეზი არ გელევა, ხან გეძინება, ხან ცუდ ხასიათზე ხარ და ხანაც სამუშაო გაქვს. თორემ მე ერთი სული მაქვს, გათენდება თუ არა, შემოგიარო და რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე შენ გვერდით. თუ ასე ფიქრობ, წავალ და არასდროს აღარ შემოვალ! _ შევუტიე.
შეცბა. ასეთ თავდასხმას არ ელოდა.
_ კარგი, ჰო. შენ წყენინება სულაც არ მინდოდა.
_ ჰოდა, თუ არ გინდოდა, თხოვნა მაქვს შენთან და უარი არ მითხრა, კარგი?
_ რა თხოვნა?
_ შემპირდი, რომ შემისრულებ. ისეთი არაფერია, რასაც ვერ შეასრულებ. მხოლოდ უნდა მოისურვო. შემპირდი!
_ კარგი, ჰო, გპირდები, _ როგორც ჩანს, იფიქრა, ფანჯრის გაღებას მომთხოვს ალბათო, მე კი არც ვაციე, არც ვაცხელე და თხოვნა თავხედურად გავაჟღერე:
_ ამაღამ მე და შენ გარეთ გავდივართ. ღამის თბილისში გავისეირნოთ. _ და როცა შეპასუხება გადაწყვიტა სრულიად გაოგნებულმა, მივაყარე და მივაყარე, _ მორჩა, პირობა მოცემული გაქვს, სიტყვას ვერ გადახვალ! მანქანით წავალთ, შენს ეტლს წავიღებთ. თან გვიან გავიდეთ, როცა ნაკლები მოძრაობა იქნება. ხომ გიყვარს სიჩუმე და სიწყნარე? ჰოდა, განახვებ ამ ყველაფერს!
დამუნჯებული მომაჩერდა. ერთხანს ასე მიყურა, მერე კი დახშული ხმით მკითხა:
_ საინტერესოა, ჩემი გასეირნება როგორ წარმოგიდგენია?
_ ეგ ჩემზე იყოს. შენ მოემზადე მხოლოდ. ზუსტად თორმეტ საათზე გავიდეთ, ოკ?
_ შენს ხელში კარგი რამე არ მელოდება, როგორც ვატყობ, _ გაღიმება სცადა, მაგრამ დიდად არ გამოუვიდა.
_ ვნახოთ. იქნებ გელოდება და ჯერ არ იცი! _ ნიშნის მოგებით მივუგე და ეგრევე წამოვედი, მის პასუხს არ დაველოდე იმის შიშით, არ გადაიფიქროს-მეთქი.
ქალებს რომ ვუთხარი, რაც მოხდა, პირი დააღეს. პეპელა წამოფრინდა სკამიდან და კოცნით დამახრჩო.
_ მთავარია, ჩამაყვანინოთ და მანქანაში ჩავსვათ.
_ მერე რას აპირებ? _ გაოგნდა ადა.
_ მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ. თქვენ აქ დამეხმარეთ, დანარჩენზე არ იდარდოთ.
***
ზუსტად თორმეტზე გავედით. მე და პეპელამ წინა სავარძელზე დავსვით ბექა და ეტლი უკან, საბარგულში ჩავდეთ. ბაბაკომ მანქანის გასაღები ხელში დამაკავა და მიჩურჩულა, გზაში ფრთხილად იარე, ხომ იცი, მარტო არ ხარ, ხეიბარი ბიჭი გიზის გვერდზეო.
წავედით. ბექას მთელი გზა ხმა არ ამოუღია, დაძაბული იჯდა. მეც არაფერს ვამბობდი, მობილურიდან მუსიკები ჩავრთე და ხმას ავუწიე. რაღაცნაირად უხერხულად ვიყავი მეც.
რუსთაველზე გავედით. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, პატრულის მანქანას ვეძებდი და ჩემდა ბედად, დავინახე კიდევაც. მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ. ეგრევე გავაჩერე, თან ისეთ ადგილას, სადაც გაჩერება არ შეიძლებოდა და გადმოვედი. პატრულის მანქანამ ეგრევე ჩვენ წინ წააჩერა. მეც ეგ მინდოდა. ვიღაც ახმახი ბიჭი გადმოვიდა და მომიახლოვდა.
_ გამარჯობათ! _ ღიმილით მივესალმე.
_ რამე პრობლემა გაქვთ? _ მკითხა მან და „დეტალურად“ შემათვალიერა.
_ კი, მაქვს და უნდა დამეხმაროთ.
_ აქ მანქანის გაჩერება რომ არ შეიძლება? საბუთები, თუ შეიძლება! _ პატრულისთვის დამახასიათებელი ტონი არ შეუცვლია პატრულს. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ვეკეკლუცებოდი და მანქანის გაჩერების უფლებას „დავტყუებდი“.
მართვის მოწმობა უკვე ხელში მეჭირა, გავუწოდე და თან ავლაპარაკდი:
_ ვიცი, რომ არ შეიძლება და ამაში უნდა დამეხმაროთ. სალონში ინვალიდი ბიჭი მიზის, რომელიც მინდა რუსთაველზე გავასეირნო. ეტლში უნდა ჩავსვა. დამეხმარეთ, გთხოვთ, ჩემი მანქანა კი თქვენ გადააყენეთ, სადაც საჭიროა, იქ. მერე, როცა გავასეირნებ, დაგირეკავთ და ისევ შევხვდებით. გთხოვთ, უარი არ მითხრათ. დღეს დაბადების დღე აქვს და მინდა რაღაც სასიამოვნო გავუკეთო. თქვენი სახელი?
_ ბადრი.
_ სასიამოვნოა, ბადრი, მე სონია მქვია. დამეხმარებით?
ამასობაში მეორე პატრულიც გადმოვიდა. მიხვდა, რაღაც უცნაური რომ ხდებოდა და ისიც მოგვიახლოვდა.
ბადრიმ განზე გაიყვანა მეწყვილე და რაღაც გადაულაპარაკა. ის მეორე ამასობაში თვალს არ მაცილებდა. მერე თავი დაუქნია და კვლავ ჩემკენ გამოემართნენ.
ყველაფერი მოგვარდა. ბექა ეტლში გადასვეს და ტროტუარზეც ჩამაყვანინეს. ბადრის მობილურის ნომერი ჩავიწერე, რომ სეირნობის მერე მისთვის დამერეკა და მანქანა უკან მოეყვანა. მერე ბადრი ჩემი მანქანის საჭეს მიუჯდა, ის მეორე კი თავის მანქანაში დაბრუნდა. მე და ბექა ნელა დავუყევით რუსთაველს. არც ახლა ვიღებდით ხმას, უბრალოდ, მივსეირნობდით. რესპუბლიკის მოედნამდე ჩავედით და უკან მოვტრიალდით. ციოდა, თებერვლის სუსხიანი ქარი სახეში გვცემდა, მაგრამ სიცივეს ვერცერთი ვერ ვგრძნობდით. თითქოს ჩვენი შინაგანი იმპულსები, ასე რომ გადახლართულიყვნენ ერთმანეთში, ორივეს გვათბობდა.
ოპერის თეატრთან რომ მოვედით, გავჩერდით.
_ მოგეწონა? _ ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოვიღე ხმა.
ბექამ ამომხედა და ჩაიღიმა.
_ უმაგრესი ვიღაცა ხარ. ამას არ დაგივიწყებ. _ ისეთი გულში ჩამწვდომი ხმით მითხრა, შემაკანკალა.
ზოგჯერ რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს. მისთვის ეს იმხელა ამბავი იყო, გადახარშვა გაუჭირდა.
_ წასვლის დროა, არა? რას იტყვი?
_ კი, წავიდეთ. დღეისთვის საკმარისია, _ დამეთანხმა.
„დღეისთვის“ მეხამუშა. როგორც ჩანს, ისე მოეწონა, სხვა დროსაც არ იტყოდა ასეთ გასეირნებაზე უარს.
ბადრის დავურეკე და ეგრევე ოპერასთან გაჩნდა. მეორე მანქანაც უკან მოჰყვებოდა.
ისევ დამეხმარნენ. ბექა მანქანაში გადავსვით და სულ „უღრმესი მადლობები“ ვუხადე პატრულის ბიჭებს. ისინიც თბილად დამემშვიდობნენ. სხვა დროსაც თუ მოგინდეს, დაგვირეკე და აქ დაგხვდებით, ოღონდ ჩვენი მორიგეობის დროსო, შემომთავაზეს.
უკანა გზაც მუნჯებივით გამოვიარეთ. გავაჩერე თუ არა ჩვენს სახლთან მანქანა, ბექამ თავი მოაბრუნა.
_ სონია, მადლობის ნიშნად შეიძლება გაკოცო?
_ შეიძლება, _ თავი დავუქნიე და მისკენ გადავიწიე, მაგრამ ისე უხერხულად მოგვივიდა ერთმანეთთან სახეების მიახლოება, რომ მისი ტუჩები ლოყას კი არა, პირდაპირ ჩემს ტუჩებს შეეჯახა. სასწრაფოდ შეუცვალა მიმართულება თავის ტუჩებს და ლოყა ლოყაზე მომადო. მომადო და საჭიროზე მეტხანს დააყოვნა, მერე კი მაკოცა…
რა ცხელი ტუჩები ჰქონდა…
***
მას შემდეგ კიდევ ორჯერ გავედით მე და ბექა სასეირნოდ. ორივეჯერ ბადრის მორიგეობის დროს და ორივეჯერ ღამის თორმეტის მერე. საოცრად გულისხმიერი აღმოჩნდა პატრული ბადრი, ისე გულღიად გვესალმებოდა და გველაპარაკებოდა, თითქოს ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს. მესამედ რომ გავედით რუსთაველზე, შემოგვთავაზა, არ მოგბეზრდათ ეს ერთი და იგივე, წამოდით, მთაწმინდაზე აგიყვანთ და ღამის თბილისს იქიდან გადმოხედეთო. მისი აზრი მეც მომეწონა და ბექასაც. თვითონ დაჯდა ჩემი მანქანის საჭესთან და აგვიყვანა. საერთოდ არ გასჭირვებია ბექას მანქანიდან გადმოყვანა და ეტლში გადასმა. სასიამოვნო ისიც იყო, რომ თავადვე დაატარებდა, მე რომ არ დავღლილიყავი. თან კურიოზებს გვიყვებოდა თავისი მორიგეობებიდან.
ერთი სიტყვით, მესამედ დასამახსოვრებელი სეირნობა გამოგვივიდა. როცა მთაწმინდიდან ჩამოვედით, უკვე ღამის ორი საათი იყო. და აი, კურიოზი ჩვენც შეგვემთხვა _ სხვა პატრულმა გაგვაჩერა. სამივეს სიცილი აგვიტყდა და მას მერეც ვიცინოდით, როცა ყველაფერი გაირკვა.
აი, ასეთ შთამბეჭდავ დროს ტარებაში გაილია თებერვალი და მარტმაც შემოგვანათა თავისი იისფერი თვალებით. რა ვქნა, ჩემს წარმოდგენაში მარტი იისფერი თვეა.
დილით, როგორც კი ბაბაკო გავისტუმრე, ლეპტოპი ავიღე და ბექას მივადექი.
_ გილოცავ პირველ მარტს! _ შესძახა ჩემი შესვლისთანავე ბექამ და მზერით თავის მაგიდას გადასწვდა, რომელიც მთლიანად კომპიუტერს და მის აქსესუარებს დაეკავებინათ. მეც მექანიკურად გავაყოლე თვალი მისი მზერის ტრაექტორიას და უცებ „ვაუ“ აღმომხდა _ იმ უცნაური მოწყობილობის გვერდით, რომლის დანიშნულება არ ვიცოდი და არც არასდროს მიკითხავს, იისფერი ლარნაკი იდო იების ვეებერთელა თაიგულით.
_ ვინ მოგართვა? _ არც მიფიქრია, თუ ჩემთვის იქნებოდა განკუთვნილი.
_ მე შენ მოგართვი, _ კმაყოფილი ღიმილით მითხრა.
ოხ, რა ხმაურიანი ყოფილა ჩემი სიხარული! ალბათ ეზოშიც კი ისმოდა ჩემი გაბმული „აააა! არ არსებოოოოობს!“ ისე გამიხარდა, ისე, ისე, რომ ჯერ იების ვეება კონაში ჩავრგე ტუჩ-ცხვირი და მისი სურნელი შევისრუტე, მერე ბექას მივვარდი, ჩავეხუტე და პირდაპირ ყელში ვაკოცე. ვიგრძენი, როგორ შეტოკდა და მივხვდი, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. წამით სიჩუმე ჩამოვარდა, წამით. თან უხერხული, ჰაერი თითქოს დაიმუხტა ამ უხერხულობით.
_ არ იცი, როგორ გამახარე, _ შეცვლილი ხმით ვთქვი.
_ არ იცი, როგორი იის სურნელი აგდის, _ შეცვლილი ხმით მითხრა.
იმისთვის, რომ როგორმე გამენეიტრალებინა შექმნილი სიტუაცია, წარბები შევათამაშე, ბაბაკოსავით ერთი მაღლა ავწიე, მეორე დაბლა დავუშვი და უშნო ხუმრობისთვის რომ გაჰკრავენ ადამიანს ხელს, ისე გავკარი მუშტი მხარზე, ოღონდ მსუბუქად.
_ საძაგელო! _ დავაყოლე თან.
სიცილი აუტყდა და დაძაბულობაც გაქრა. რახან ამ წამიერ ინტიმურობას გაგრძელება აღარ მოჰყოლია, პატარა ბავშვის სიცელქით ავხტი მის საწოლზე, გვერდით მივუწექი და ლეპტოპი მოვიმარჯვე.
_ გავაგრძელოთ? სამი დღეა, არ წაგვიკითხავს! _ ისე ხალისიანად წარმოვთქვი, თითქოს წეღან ჩვენს ნეირონებს ვნებიანი ციებ-ცხელება არ განეცადოთ.
_ გავაგრძელოთ. _ დამეთანხმა და ხელები თავქვეშ ამოიდო, _ ახლა შენ წაიკითხე და მე მოგისმენ. ჰო, ისე, ეგ იები ბიჭებს მოვატანინე შენთვის.
ჩამეღიმა. ისეთ დღეში იყო, აშკარად თავს იმართლებდა, თან წაკითხვის თავიც აღარ ჰქონდა. დიდად არც მე ვიყავი კითხვის იშტაზე, მაგრამ ამწუთას ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ორივესთვის.
ნოუთბუქი ჩავრთე, ჩანაწერები ეკრანზე გამოვიტანე, საჭირო თავს მივაგენი, ჩავახველე და დავიწყე… უფრო სწორად, გავაგრძელე:
„13 ოქტომბერი
კი მიპოვეს ჩემებმა, მაგრამ სახლში დაბრუნებაზე სასტიკი უარი გამოვუცხადე. თეოს დანახვა არ მინდოდა. არ შემეძლო მისთვის შემეხედა, არც ძველებური ურთიერთობის აღდგენა შემეძლო, თუმცა სამაგალითო დები არასდროს ვყოფილვართ. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ჩემზე უფროსი იყო და თავს ნებას აძლევდა, შენიშვნები მოეცა, რჩევებით „გავემდიდრებინე“, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უარეს შეცდომებს უშვებდა. მას ეპატიებოდა, მე კი არა. ამის გამო ყოველი ჩვენი მცდელობა, ურთიერთობა დაგველაგებინა და თითით საჩვენებელი დობა გვქონოდა, ჩხუბით, კამათითა და ერთმანეთის ლანძღვით მთავრდებოდა.
დედაჩემმა უკვვე იცოდა, ორსულად რომ ვიყავი. ალბათ მამაჩემმაც, თუმცა როცა თავს დამადგნენ, ეს ამბავი არცერთს არ უხსენებია. ერთადერთი, რაც მთხოვეს, შინ დაბრუნდი და სწავლას მიხედეო. სწავლას ისედაც მივხედე, შინ დაბრუნებას კი არ ვაპირებდი. ეს მტკიცედ გადავწყვიტე. მერე მამა წავიდა და დედა დარჩა. აი, მაშინ კი მოხსნა გუდას პირი და დაიწყო და დაიწყო. ოღონდ არა საყვედურები, არა შეგონებები, არა ლანძღვა, არა წუწუნი. მხოლოდ იმაზე ილაპარაკა, რომ რახან ბავშვის გაჩენა მინდოდა, კარგი კვება დამჭირდებოდა, მეტი ყურადღება, ხელშეწყობა, ახლობლების გვერდში დგომა, რომ ის ამისთვის მზად იყო და უკან არაფერზე დაიხევდა. თეოც ახსენა, სულ შენზე ლაპარაკობს, ძალიან მოენატრე, მისი ხათრით მაინც დაბრუნდი, მოიწყინა შენმა დამ უშენოდო. გულში გამეცინა. მაშინვე მივხვდი, რომ რასაც მეუბნებოდა, ყველაფერი სიყალბე და ტყუილი იყო. როგორც კი დავბრუნდებოდი, ცხვირში ძმრად ამომადენდა უკანონო ბავშვს რომ ვაჩენდი, ცხოვრება რომ გავიმრუდე, ვიღაცას რომ დავუწექი, საახლობლოში ოჯახი რომ შევარცხვინე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთავარი ის იყო, რომ წიხლს მარტო თვითონ კი არა, თეოც დამაჭერდა. არადა, დედაჩემისთვის ჩემი უფროსი და სამაგალითო ქალიშვილი იყო...
გაგრძელება იქნება