20 იანვრიდან წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური შედევრი „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ სპეციალურ ფასად, 10 ლარად შეიძინონ. ახალი გამოცემა „პალიტრა L“-ის სერიის - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში გამოვიდა და მე-13 ტომის სახით იქნება ხელმისაწვდომი.
წიგნი გერმანულიდან ქართულად ერეკლე ტატიშვილმა თარგმნა, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, ნიცშეს აზროვნების სიღრმე და ფილოსოფიური ხედვა სრულად აღიქვას.
რატომ უნდა წავიკითხოთ „ასე იტყოდა ზარატუსტრა“?
ნიცშეს ეს ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური რომანია, რომელიც ზარატუსტრას – კაცობრიობის მასწავლებლის – გამოცხადებებს, მოძღვრებებსა და ცხოვრებისეულ აზროვნებას გადმოსცემს. ამ წიგნში ავტორი გვთავაზობს საკუთარ ფილოსოფიურ კონცეფციებს, როგორიცაა ზეკაცი, ღვთის სიკვდილი და მარადიული დაბრუნება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ნაწარმოები, ავტორმა 1883-1885 წლებში ოთხ წიგნად გამოსცა. ეს ფილოსოფიური რომანი პოეტური და ალეგორიული ფორმით გადმოსცემს ნიცშეს მსოფლმხედველობას.
წიგნის მთავარი პერსონაჟი ზარატუსტრა – მოგზაური ბრძენია, რომელიც ათწლიანი განმარტოების შემდეგ მთიდან ჩამოდის, რათა მკაცრი და გამოწვევებით სავსე ჭეშმარიტებები გაუზიაროს ადამიანებს. ის მოგზაურობს, ქადაგებს და ცდილობს, ხალხი მორალური ტრადიციებისგან გათავისუფლოს და ახალი ღირებულებები დაამკვიდროს. ზარატუსტრა სხვადასხვა ადამიანთან საუბრობს, მათ შორის მმართველებთან, მღვდლებთან, მხატვრებთან და უბრალო ხალხთან. ზოგიერთ მათგანთან მისმა მოძღვრებამ არ იმუშავა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის განმარტოების აუცილებლობასა და კაცობრიობის გაუგებრობას.
„ასე იტყოდა ზარატუსტრა“ 20 იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად – 10 ლარად გაიყიდება. მისი შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ ქსელში და პრესის გავრცელების ობიექტებში.
შეგახსენებთ, რომ სერიის ფარგლებში გამოსაცემ წიგნებს თავად მკითხველი, სპეციალური გამოკითხვის შედეგად ირჩევს.
არ გაუშვათ ხელიდან უნიკალური შესაძლებლობა, შეავსოთ თქვენი ბიბლიოთეკა ნიცშეს ფილოსოფიური შედევრით!
R