"უწინ მე მეგონა საუკუნე რაღაც საოცრება. ახლა? ახლა არაფერი ყოფილა საუკუნე. დრო მიდის, იცვლება ცხოვრება, ადამიანები, ეს გარდაუვალი კანონია. ასეა! შეიცვლება თაობები, შეიცვლება ცოტა ცეკვებიც, მაგრამ ილიკო სუხიშვილის, სოლიკო ვირსალაძის და ჩემი, ნინო რამიშვილის სიყვარულით, აღელვებით ნაამბობი პატარა ერის ისტორია ხალხში დარჩება".
ნინო რამიშვილი დაიბადა 1910 წელს, ქალაქ ბაქოში. მისი ოჯახი რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში.12 წლის ასაკიდან ხუთი წლის მანძილზე (1922-1927) სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში, სადაც 1937 წლამდე მოღვაწეობდა. ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერეტებსა და რუსულსა და ევროპულ ბალეტებში.
1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში. ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი ხდება.
"იცით, რით ვარ ბედნიერი? დავიბადე არაჩვეულებრივ დღეს, ნათლისღებას. ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, იმიტომ, რომ მამაჩემი უმეტესად გადასახლებაში იყო და ჩვენ სოფელში წავედით, მაგრამ რამდენი ხანი ვიქნებოდით იმ სოფელში? როცა ქალაქში დავბრუნდით, სახლში აღარ შეგვიშვეს, იქ ვიღაც ბოლშევიკი შებრძანდა და ერთი სკამი და სინიც კი არ დაუბრუნებია. მას შემდეგ კეცხოველის ქუჩაზე ვცხოვრობდი" (ნინო რამიშვილის მოგონებიდან).
ილიკო სუხიშვილი სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა, 1907 წელს. მამა ადრე გარდაეცვალა. დედას უჭირდა მარტოს ოჯახის გაძღოლა, სოფლად ხომ აუარებელი საქმეა მუდამ, ამიტომ საცხოვრებლად თბილისში გადმოინაცვლეს. ილიკო 9 წლის იყო, მუშაობა რომ დაიწყო. ცდილობდა, დედას დიდი კაცივით გვერდში დადგომოდა. ხან მოხარშულ წაბლს ყიდდა, ხან - გაზეთებს. ერთი ჩვევა დასჩემდა - სულ ფეხის წვერებზე დადიოდა.
10 წლის იყო, ცეკვით რომ დაიწყო ოჯახის რჩენა: გორკის ბაღში, რესტორანში ასრულებდა ქართული ცეკვის ილეთებს. ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა პატარა ბიჭს და დიდხანს, დიდხანს არ უშვებდა "სცენიდან". მალე მიხვდა, რა გზასაც უნდა დასდგომოდა... 1924 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის საცეკვაო სტუდია და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიიღეს ქართული ცეკვის სოლისტად.
სწორედ იმ წელს, როცა 17 წლის ილიკომ მუშაობა დაიწყო, პერინის სტუდიის გოგონები ოპერისა და ბალეტის დიდ სცენაზე გამოვიდნენ. წარმოდგენას ილიკოც ესწრებოდა. ყველაზე მეტად ნინო მოეწონა... ეს იყო მათი პირველი შეხვედრა.
მალე პერინის სტუდიაში ილიკოც მიიღეს. როცა ქართულ ცეკვაზე მიდგა საქმე, ილოკომ ნინოსთან ერთად "ქართულის" შესრულებაზე უარი თქვა. მას ეგონა, რომ ბალერინა ნინო ვერ შეძლებდა "ქართულს". ნინო განაწყენდა, - ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი როგორ შეიტანეო და... გაიბუტნენ! ისინი ისევ პერინიმ შეარიგა - ერთად აცეკვა "ქართული" და მას შემდეგ მათი სახელები ცალ-ცალკე აღარავის უხსენებია...
ოპერის გარდა, ესტრადაზეც ცეკვავდნენ და კინოთეტრებშიც, - სეანსების წინ. ილიკო ყოველ ცეკვაზე ახალ-ახალ ილეთებს ქმნიდა და მოცეკვავეები მის შესრულებულ საცეკვაო ბევრ ილეთს "ილოურს" ეძახდნენ. დღემდეა შემორჩენილი მათ მიერ შესრულებული დუეტის კინოფირი - ორივეს ჩოხა აცვია, ილიკოს შავი, ნინოს კი - თეთრი, ცეკვავენ დიდი გატაცებით, თავდავიწყებით. შავჩოხიანს ტოლს არ უდებს თეთრჩოხიანი... თავიდან მაყურებელმა არც კი იცოდა, რომ თეთრჩოხიანი ქალი იყო.
ნინოს მშობლებს არ უნდოდათ ღარიბი გორელი სიძედ, ამიტომაც ქალიშვილს არჩევანს უწუნებდნენ, უშლიდნენ მასთან ურთიერთობას, მაგრამ ნინო მათ წინააღმდეგ წავიდა. ექვსწლიანი რომანის მერე ისინი დაქორწინდნენ.
სიკვდილის წინ ილიკომ თავის ერთადერთ შვილს, თენგიზს დაუბარა: ყველაფერი გააკეთე, რომ ჩვენი აფიშა კედლიდან არ გაქრესო... დღეს ანსამბლს სუხიშვილების მესამე თაობა უდგას სათავეში.