„პალიტრა L“ ყოველთვიურად გვთავაზობს საკითხავი წიგნების სიას, რომელიც მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს, საბავშვო თუ სამეცნიერო ლიტერატურას.
მიმდინარე თვეში გამომცემლობამ კვლავ წარმოგვიდგინა სხვადასხვა ჟანრისა და ეპოქის ლიტერატურა, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს:
ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ბავშვობის მეგობრები ვიდეოთამაშის შექმნას გადაწყვეტენ. ასე იწყება მათი თანამშრომლობა ვიდეოთამაშების დიზაინის რთულ და მშვენიერ სამყაროში, რომელიც ბარიერებითაა აღსავსე. სირთულეებითაა დატვირთული როგორც თავად თამაშის შექმნის პროცესი, ისე ორ ამბიციურ ხელოვანს შორის ურთიერთობა, რომელიც ხანდახან ტოქსიკურობის ზღვარს სცდება. ეს არის ამბავი ერთდროულად ვიდეოთამაშებსა და შექსპირზე, ტრაგედიებსა და „ილიადაზე“, პიროვნულ მეგობრობასა და საქმიან დაპირისპირებაზე. წიგნი დააინტერესებს ყველას, იმის მიუხედავად, ხშირად თამაშობენ ვიდეოთამაშებს თუ ცხოვრებაში ერთხელაც არ უცდიათ."
„ჭიამაიას სისხლი“ კრებულია, რომლის ყველა მოთხრობაში სიუჟეტი დანაშაულის ირგვლივ ტრიალებს, თუმცა მუდამ იცვლება რაკურსი: ავტორი ცდილობს ხან დამნაშავის თვალით დაგვანახოს ამბავი, ხან მსხვერპლის, ხან მათი დედების, ხან მსხვერპლის შვილის და ხანაც სულაც ციხის თარჯიმნის.
მოთხრობები ეხება თანამედროვეობის მტკივნეულ საკითხებს: დევნილობის თემით დაწყებული, სუიციდის და ფემიციდის პრობლემებით დასრულებული, მაგრამ მწერალი მხოლოდ ამ სივრცეში არ არის ჩაკეტილი. მას განწყობის და ხელწერის შეცვლაც შეუძლია. ამის ნიმუშია არაჩვეულებრივი მოთხრობა „ქვა, ფურცელი, მაკრატელი", სადაც გაცოცხლებული საკანცელარიო ნივთები თავიანთი დიალოგებით კომიკურ გარემოს ქმნის.
ნინო ორტიგა ჭინჭარაულის რომანში აწმყო და წარსული მჭიდროდაა ერთმანეთს გადაჯაჭვული, ხოლო პერსონაჟები დროდადრო გამოიხმობენ ბავშვობის მოგონებებს, როგორც აწმყოში გზის გამკვალავსა და ერთგვარ ღუზას, რომელსაც შეიძლება მოეჭიდონ მაშინ, როცა ძალიან უჭირთ. „ლეთარგია” მილენიალებს ეძღვნება, ახალგაზრდებს, რომელთაც საქართველოსთვის ძნელ და ბნელ დროს გაიარეს ბავშვობა. რომანი გვიყვება სასტიკ და ცოტა დაუჯერებელ ამბავს, ერთ სამეგობროს რომ გადახდა თავს. აქ მნიშვნელოვანი და მძლავრია მისტიკური ნაკადი, რომელიც წიგნს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის. ამ წიგნში ავტორი წამოჭრის ფაქიზ და მგრძნობიარე პრობლემებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებისთვის დღესაც ისევე მწვავე და მტკივნეულია, როგორც უახლოეს წარსულში.
ფრანსუაზ საგანი კლასიკოსი მწერალია, რომლის შემოქმედებაც აშიშვლებს ადამიანურ განცდებს.
რომანის შინაარსი: დომინიკი სტუდენტია. მოხდენილი, გონებაგახსნილი, ფიქრიანი და მეოცნებე გოგონა უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას სწავლობს და ბედნიერია ბერტრანთან, თავის შეყვარებულთან, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს. მაგრამ ამ ერთი შეხედვით იდეალურ ურთიერთობაში დომინიკი ხანდახან უკიდეგანოდ მოწყენილია, ხანდახან კი „ბედნიერების საშინელი განცდა" ეუფლება. ერთ დღესაც ამ ნაზ და სენტიმენტალურ ყოველდღიურობაში შემოდის ლუკი, ნაცრისფერთვალებიანი სიმპათიური მამაკაცი დაღლილი გამომეტყველებით, ბერტრანის ბიძა. და ყველაფერი იცვლება – იწყება თავბრუდამხვევი, კაშკაშა მზითა და სუფთა ჰაერით სავსე სიყვარულის ამბავი, რომელსაც ფრანსუაზ საგანი ისე ხედავს და გვიყვება, როგორც მხოლოდ მას შეუძლია – თვალისთვის უხილავი დეტალების შემჩნევით და უფაქიზესი სიმახვილით.
თუ აღმოსავლური ლიტერატურითა და კულტურით ხართ დაინტერესებული, „ფარშევანგი და ბეღურა“ ბაჰრეინისა და ზოგადად რეგიონში არსებული ვითარების შესახებ გარკვეულ წარმოდგენებს შეგიქმნით.
ბაჰრეინი, ერთ დროს ნავთობის მდიდარი მარაგით იყო აყვავებული, ახლა კი გაღატაკებული კუნძულოვანი სახელმწიფოა სპარსეთის ყურეში. აქ ირანს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიანთი ინტერესები აქვთ, ორივე ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას: ირანი - ტერორისტების დაფინანსებითა და იარაღის მიწოდებით, ოფიციალური ვაშინგტონი კი კორექტულად, შეფარვით მოქმედებს.
გამოცდილი ჯაშუშის, შეინ კოლინზის, უკანასკნელი მისია თავდაყირა დგება. მისდა უნებურად, ის „არაბული გაზაფხულის“ ერთ-ერთი მონაწილე გახდა, საყვარელი ქალიც დაკარგა და თავისიანებმაც გაწირეს. ახლა ისღა დარჩენია, იპოვოს ის საიდუმლოებით მოცული საზღვარი, სადაც მთავრდება ბაჰრეინის საიდუმლოებანი და იწყება ამერიკის შეერთებული შტატების.
კლასიკოსები ბავშვებისთვის - ის, რასაც არ ელოდით ლევ ტოლსტოი, ვირჯინია ვულფი, ჯეკ ლონდონი, უილიამ ფოლკნერი, ოსკარ უაილდი, ჯ.რ.რ. ტოლკინი... თავიანთი შემოქმედებით მათ სამუდამო კვალი დატოვეს მილიონობით ადამიანის აზროვნებასა და შემეცნებაზე. დიახ, მილიონობით ადამიანი კითხულობდა და კითხულობს მათ შემოქმედებით მემკვიდრეობას, მაგრამ ხშირად ვერც კი წარმოუდგენია, რომ ისინი ხანდახან ბავშვებისთვისაც წერდნენ.
ეს მშვენიერი წიგნი, კატოსა და მისი მეგობრების - სამყაროს მაშველების მისტიკურ ამბებს მოგვითხრობს, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს მეგობრობისა და ურთიერთსიყვარულს
პატარა კატო დიდი ცნობისმოყვარე და ფანტაზიორი გოგონაა, უყვარს მეგობრები და ცხოველები. მისი თანაკლასელებიც ძალიან საინტერესო ბავშვები არიან. ეს სიკეთით სავსე წიგნი ბავშვებს ერთმანეთის მხარდაჭერას ასწავლის.
„პალიტრა L-ის“ მიერ შემოთავაზებული იანვრის თვის წიგნებისა და სხვა ნაწარმოებების სანახავად მიჰყევით ბმულს.
R