„მის საქართველო 2012“, "მის სამყაროსა“ და "მის მსოფლიოს" მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.
თამთა შედანიას პირადი ცხოვრება
უმშვენიერესი თამთა პირველად ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო დაქორწინებული და მისგან ერთი გოგონა, მია ჰყავს. მია ძალიან ჰგავს დედას და თამთა ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთ შვილზე ოცნებობდა.
თამთამ მეორედ ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანზე იქორწინა: "ცხოვრებაში ძალიან ბევრ სხვადასხვა სტილის ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის, უცხოელსაც და ამიტომ ადამიანების ამოცნობა მშვენივრად მეხერხება. ადამიანების, განსაკუთრებით, მამაკაცების უმრავლესობა, გაფასებს მხოლოდ სილამაზით, მაგრამ ბევრი იმას ვერ ხვდება, რომ ადამიანში მთავარი სულია და არა გარეგნობა. ადამიანში პიროვნება უნდა დაინახო და არა მისი ლამაზი ნატურა, რაც, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის ადამიანებს ემართებათ. ის პიროვნება, რომელთანაც ახლა მაქვს ურთიერთობა, არის გაწონასწორებული, განათლებული, დაღვინებული და იცის, როგორ უნდა აგრძნობინოს მანდილოსანს თავი ქალად" - ამბობდა მოდელი.
თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ ერთი საერთო შვილი, კირა ჰყავთ, რომელიც 2021 წელს შეეძინათ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა, ახლა კი მათ ბედნიერ ოჯახში სასიხარულო სიახლეა - თამთა მესამე შვილს ელოდება. თამთა ახალ ფოტოს აქვეყნებს ტაილანდიდან, წარწერით: "სამი თვის ორსული..."
თამთა შედანიას კარიერა
თამთა შედანიას სამოდელო კარიერა 14 წლიდან დაიწყო და განვითარდა. 2012 წელს თამთა გახდა „მის საქართველო“. საქართველო წარადგინა „მის მსოფლიო 2013“-ზე. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო „მის სამყარო“-ზე.
წარმატებულმა მოდელმა დიდი გზა გაიარა, ახლა კი მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას: საკუთარი სამოდელო სააგენტო და აკადემია დააფუძნა: "დიდი ხანია, ჩემი სააგენტოს და აკადემიის შექმნაზე ვფიქრობდი. გეგმის მიხედვით, ყველაფერს ეტაპობრივად ვახორციელებდი. მინდოდა, ჩემი ცოდნისთვის, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებისთვის თავი მომეყარა და ერთი მიმართულებით გამეშვა - დამწყები მოდელებისთვის შანსი მიმეცა, საქართველოდან საზღვარგარეთ, იმ ცნობილ სააგენტოებში წასულიყვნენ, სადაც თავად ვმუშაობდი და მსოფლიოს მასშტაბით, წარმატებული მოდელი ვიყავი.
ჩემი აკადემიით შანსს ყველას ვაძლევ, რომ ცოდნა გავუზიარო და საშუალება მივცე, დაამუშაონ საკუთარი "მინუსები", ისწავლონ, განვითარდნენ... მსურდა, სიღრმისეული, საგანმანათლებლო აკადემია შემექმნა, რომელიც მოსწავლეებს პიროვნული ზრდის მიმართულებით ტრანსფორმირების საშუალებას მისცემდა. ამიტომ 4 ტიპის ლექცია გავაერთიანე, რომელიც ერთმანეთთან ძალიან პროპორციულად "ჯდება" და ზუსტად იმ "პროდუქტს" ვიღებთ, რაც ადამიანის ტრანსფორმირებას სჭირდება", - ამბობდა თამთა.