არ შევპასუხებივარ. ვიცოდი, აუცილებლად მოვიდოდა ის დრო, როცა თეოც გაუცრუებდა იმედებს და მის იდუმალ ცხოვრებასაც აეხდებოდა ფარდა. ოღონდ ამას მე ვერ შევესწრებოდი, რადგან მათთან არ ვიქნებოდი. რადგან საერთოდაც შორს ვიქნებოდი. ჰო, სერიოზულად გადავწყვიტე, როგორც კი სწავლას დავამთავრებდი, საზღვარგარეთ წავსულიყავი, ემიგრაციაში, დროებით გავცლოდი აქაურობას, ცოტა ფული დამეგროვებინა და უკან დაბრუნებულს ყველაფერი თავიდან დამეწყო, როგორც უკვე ჩამოყალიბებულ ადამიანს.
ამასობაში ჩემი მუცელი გაბერილ ბუშტს დაემსგავსა. უკვე მეექვსე თვეში ვიყავი და ვიცოდი, რომ ჩემ შიგნით პატარა გოგონა იყო მოკალათებული, რომელიც თავის ამქვეყნად მოვლენის დროს მოუსვენრად ელოდა…“
_ აი, აქაც როგორი საპირისპირო უწერია, ხვდები? _ თქვა ბექამ, როცა ის თავი ჩავამთავრე და გავჩუმდი.
_ რას გულისხმობ? _ თავი მისკენ მივაბრუნე და შევხედე.
_ ვითომ გოგონას რომ ელოდება. ადას ხომ სინამდვილეში მხოლოდ მამაშენი ჰყავს.
_ უი, ხო, მაგას არ დავუკვირდი, _ ახლა კი დავიდა ჩემს გონებამდე.
_ მე კიდევ ყველა წვრილმანს ვაკვირდები, იქნებ სადმე მივაგნოთ საიდუმლოს გასაღებს, _ მიპასუხა ბექამ და რადგან თვითონ ფეხების მოხრა არ შეეძლო, ჩემს მუხლებზე მოთავსებული ლეპტოპი თავისკენ ოდნავ შეაბრუნა, შემდეგ თავზე გადადიო, მანიშნა და კითხვა მან გააგრძელა:
„19 ოქტომბერი
არ ვიცი, რამ წამომიარა. რაც თავი მახსოვს, წითელ კაფეში არ შევსულვარ, დღეს კი, ლექციების დამთავრებისთანავე შევაჭერი. აქ ყველაფერს წითელს გთავაზობენ _ წითელი ღვინო, წითელი ჩაი, წითელი ნამცხვარი და წითელი კერძები თუ წვნიანი. მეც წითელი ჩაი და ერთი ნაჭერი მარწყვის ტორტი ავიღე, წითელი მინანქრითა და წითელი ბეზეთი მორთული. სიამოვნებით მივირთმევდი ჟოლოს ჩაის, თან ტორტსაც ნება-ნება ვაყოლებდი კოვზმომარჯვებული.
უეცრად ვიღაცამ უკნიდან ხელები მომხვია. არც შევტოკებულვარ და არც წამოხტომა მიცდია, რადგან ვიცანი ეს შეხება, ამ ხელების კანის სურნელი, სუნთქვის რიტმი. ზეპირად მახსოვდა. დღემდე.
თვალები დავხუჭე და რამდენიმე წამით ტელერეპორტაცია განვიცადე _ იქ მოვხვდი, კოტეს ბინაში, მის მკლავებში მომწყვდეული. სანამ თვალებს გავახელდი და რამეს ვიტყოდი, ის მკოცნიდა. მკოცნიდა დაჟინებით, ისე, როგორც ექვსი თვის წინ. ჰმ… თურმე ჩვენი გრძნობები არსადაც არ გამქრალა. მე ის ისევე მიყვარდა, როგორც ადრე. ამწუთას ყველაფერი ძველებურად იყო. მისი შეხება თავბრუდამხვევ ჟრუანტელს მგვრიდა. მერე ხელი შემიშვა და ჩემ წინ დაჯდა.
_ სად დაიკარგე? _ გულუბრყვილო ღიმილით მკითხა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, თითქოს სულ რაღაც ორი დღეა, არ ვუნახავვარ.
_ არსად, აქ ვარ, _ მხრების აჩეჩით მივუგე და თვალი თვალში ისრის უსწრაფესად გავუყარე.
_ რატომ მიმატოვე? _ მორიგი შეკითხვა დამისვა.
_ ეს რა, დაკითხვაა და თუ მეგობრული საუბარი? _ ავიმრიზე.
_ მეგობრული დაკითხვა, _ თვალი არ დაუხამხამებია, ისე მიპასუხა.
ახვარი! ვაჩვენებ, როგორ უნდა ჩემს ნერვებზე თამაში!
_ მე შენ არ მიმიტოვებიხარ. უბრალოდ, დანაკარგებს ვითვლიდი, _ გამძაფრებული ირონიით მივუგე და ირონიითვე გავუღიმე.
_ წამოგზრდია მუცელი, _ ან არ ჩაუღრმავდა ჩემს პასუხს, ან არ მოისურვა ამაზე ყურადღების გამახვილება, რადგან საუბარი ჩემს მუცელზე გადაიტანა, სადაც მისი შვილი იჯდა, _ მაინც გადაწყვიტე გაჩენა, არა? რამდენი თვის ხარ? როდის ელოდები?
აშკარად არ განსჯიდა ჩემს საქციელს, თუმცა არც მიწონებდა. მის ხმაში განგაშიც გამოსჭვიოდა, შიშიც და დაბნეულობაც. სხვათა შორის, მეც ამავე გრძნობებს განვიცდიდი, როცა ჩემს გადაწყვეტილებაზე დავფიქრდებოდი.
_ შენთვის ეს წესით არ უნდა იყოს საინტერესო, _ აგდებული ტონით წარმოვთქვი და ტორტის ნაჭერი პირისკენ გავაქანე, თუმცა ამწუთას სულაც არ მეტორტებოდა.
_ რატომ არ მაინტერესებს? მაინტერესებს. ან შენ რა იცი, რომ არ მაინტერესებს? შენი ყველაფერი მაინტერესებს. ისიც კი, წითლად რომ გაქვს ტუჩები მოთხვრილი.
_ ეგ დიდების ზღაპრებიდანაა, ამიტომ თეოს მოუყევი, მე ჯერ პატარა ვარ, თანაც წითელ კაფეში ვზივარ, ამიტომ მხოლოდ წითელქუდას ზღაპარს ვცნობ.
_ გეყოფა, დადუ! წამოდი ჩემთან, ცოლად შეგირთავ და ამით დავამთავროთ მტრობა.
_ რა-ა? მტრობა? _ სიძულვილით სავსე მზერა ვესროლე ერთადერთ სიყვარულს, _ შენ ჩემი მტერი არ ხარ, არც არასდროს ყოფილხარ. ალბათ მე ვარ შენთვის მტერი, შენ ასე ფიქრობ, რადგან თქვენს სასიყვარულო თამაშებს გამოვეთიშე! _ ნელ-ნელა ვფეთქდებოდი და ეს რომ არ მომხდარიყო, მაქსიმალურად ვამშვიდებდი შიგნიდან ჩემს გონებასაც, ხმასაც და სხეულსაც. სამაგიეროდ, ჩაი ისეთი ხმაურით მოვხვრიპე, ვინც კი კაფეში იყო, ყველამ მე შემომხედა.
_ რა სასიყვარულო თამაშებს, რას მელაპარაკები! ხომ იცი, რომ შენ გარდა სხვა ქალს არასდროს ვცნობდი? _ თავის გამართლებას შეეცადა.
გამეცინა.
_ მართლა? აბა ჩემს დასთან რატომ გორაობდი სამოცდაცხრა პოზაში? _ უარესად შეუვალი გავხდი, _ არ შეგრცხვა მაინც? თანაც ჩემს ღვიძლ დასთან! _ ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოვთქვი და ტორტით გაგლესილი კოვზი ცხვირწინ დავუტრიალე.
_ ეგ მაგას ჰკითხე. ძალით არავინ მიხმარია. თვითონ მოისურვა ასე, მე კი კაცი ვარ და უკან არ დავიხიე.
კბილი კბილს დავაჭირე, რომ არ მეყვირა. ღირსი იყო, ყველაზე უშვერი სიტყვებით გამომელანძღა, მაგრამ საკუთარ თავმოყვარეობას არ გადავაბიჯე, მისნაირს თავს როგორ გავუყადრებდი, ამიტომ მაქსიმალურად სიმშვიდეშენარჩუნებულმა ხმადაბლა ამოვთქვი:
_ ჩვენ შორის ზედმეტად ბევრი მოგონება და ზედმეტად ბევრი ტკივილია ჩამდგარი, რომლის გადალახვაც ჩემს ძალებს აღემატება. ამიტომ მე შენ არასდროს დაგიბრუნდები. არც ამ ბავშვს განახვებ არასდროს. არც ამის მამობას გაღირსებ! ის ვერასდროს გაიგებს, მამამისი ვინ იყო, ამიტომ არც არასდროს ეყვარები! ახლა კი ადექი და გადი აქედან, თორემ…
_ თორემ რა? _ შემომიბრუნა კითხვა სახეარეულმა და ალეწილმა, ჩემგან ამდენს და ასეთს არ ელოდა.
_ თორემ მე გავალ, რისი სურვილიც არ მაქვს, რადგან ტორტი ბოლომდე არ მიჭამია და არც ჩაის სმა დამიმთავრებია. ნუ შემაწყვეტინებ ამ რიტუალს. წადი! _ ლამის სისინით წარმოვთქვი და ნება-ნება გავაგრძელე ჭამა, მაგრამ მას უკვე აღარ ვუყურებდი, ადამიანს, რომელსაც ჩემი სიცოცხლე ვანდე, მთელი ჩემი ცხოვრება ვანდე, ჩემი უკიდეგანო სიყვარული ვანდე… მან კი გამთელა, მაგრამ მისდაუნებურად, ყველაზე სანუკვარი საჩუქარი მიბოძა _ შვილი!
ალბათ ამიტომაც არ მძულდა.
ალბათ ამიტომაც მიყვარდა…
ადგა და წავიდა. უსიტყვოდ, ულაპარაკოდ, უსაყვედუროდ.
წავიდა და ყველაფერი საბოლოოდ დაამთავრა. ვიგრძენი, რომ მეც დავმთავრდი. მისი წასვლა ღაწვებზე დადენილი ცრემლებით აღვნიშნე…
მალევე გამოვედი კაფედან და იმ მოუსვენრობისგანაც გავთავისუფლდი, რაც უკვე რამდენიმე წუთია მაწუხებდა _ მე აქაურობას უნდა მოვშორებოდი, რომ ჩვენი კვლავ შეხვედრა _ საგანგებოდ თუ შემთხვევით _ აღარ განმეორებულიყო, რადგან…
ისე მიყვარდა, რომ ცდუნებას ვერ გავუძლებდი. ის კი ჩემ გვერდით ყოფნას არ იმსახურებდა…“
_ ვაუუუ, _ მგელივით დაიყმუვლა ბექამ, როცა ბოლო წინადადება ჩაამთავრა, _ ეს რა იყო, კაცო, ვააა!
ისე ვიყავი დამუნჯებული, ხმას ვერ ვიღებდი. ამ ინკოგნიტო ქალის ამბავმა ჩემი სულის ყველა სიმამდე ჩააღწია და ბოლომდე შეარხია.
_ ასე მოქცევა მხოლოდ ბაბაკოსნაირ ქალს შეეძლო, სხვას არავის, _ მტკიცებით ფორმაში წარმოვთქვი. უკვე აღარ მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩემი ბაბას თავგადასავალს ვკითხულობდით.
_ ეგ არაფერს ამტკიცებს. ადა მწერალია და საკუთარი აზრები გადააქვს ნაწარმოებში, რა გიკვირს? ყველა მწერალი ისე წერს, როგორც ფიქრობს. მისი გმირებიც ისე იქცევიან, როგორც თვითონ მოიქცეოდა კონკრეტულ სიტუაციაში. არა მგონია, ეს შენთვის უცხო იყოს.
_ მესმი, მაგრამ… _ აზრის დამთავრება ვერ მოვასწარი, რომ უცებ ბექას ბინის კარი გაიღო და ბაბას ხმა გაისმა:
_ სონია, ბექა, აქ ხართ? _ და საძინებლის კარიც შემოაღო.
არასდროს დამავიწყდება მისი სახე, უეცრად ფაიფურის სტატუას რომ დაემსგავსა. ქვად იქცა თითქოს _ არცერთი ნაკვთი არ ერხეოდა სახეზე, თვალებიც კი ფაიფურის გაუხდა.
წარმომიდგენია, რამხელა მოულოდნელობა იქნებოდა მისთვის, ბექას გვერდით წამოწოლილი რომ დამინახა. ხომ იცოდა, რომ ჩვენ შორის ვერაფერიც ვერ მოხდებოდა, მაგრამ მაინც.
ეგრევე წამოვხტი, ლეპტოპი ტკაცანით დავხურე და საწოლიდან გადმოვბობღდი.
_ მჭირდები… სასწრაფოდ. _ მხოლოდ ეს მითხრა, მერე კი ბექას მიუბრუნდა, _ გამარჯობა, ბექა!
ისიც მიესალმა და კიდევ რაღაც უთხრა, რაც არ გამიგონია, რადგან სასწრაფოდ დავტოვე ოთახი და გასასვლელს მივაშურე.
სახლში შესულმა ლეპტოპი ჩემს საძინებელში გავიტანე და სასტუმრო ოთახში შემოვბრუნდი. დივანზე დავჯექი და ბაბას დაველოდე.
შემოვიდა. წამითაც არ შემოუხედავს ჩემთვის, ამჯერად მზერითაც არ უგრძნობინებია, რომ ნანახით უკმაყოფილო იყო. უფრო მეტიც _ აღშფოთებული, დაშოკილი. „სიჩუმის იმპერატორმა“ თავის ჩვეულ სტილს არ უღალატა. ჭურჭლის ვიტრინის უჯრებს ეცა, სათითაოდ გამოაღო სამივე და რაღაცის ძებნას შეუდგა. იქნებ სულაც უაზროდ იქექებოდა, რომ ამით ბრაზი დაეოკებინა და ჩემთვის მწარე-მწარე არ ეთქვა?
_ ბაბა, შენ არ იფიქრო, რომ… _ გადავწყვიტე, საუბარი მე წამომეწყო.
_ რა? _ თავის მოუბრუნებლად მკითხა და დაწყებული „საქმე“ გააგრძელა.
_ უბრალოდ, სურათებს ვათვალიერებდით ერთად. ხომ იცი, რომ ჩვენ შორის ვერაფერი ვერ მოხდება.
უცებ შეწყვიტა უჯრებში ქექვა, მკვეთრად მოტრიალდა ჩემკენ და თავისი საფირმო მომაკვდინებელი მზერა გამოისროლა.
_ განა რამე გითხარი? _ ამ ერთმა შეკითხვამ, საშინელი სარკაზმით ნათქვამმა, დივანზევე მიმასიკვდილა.
_ არა, მაგრამ… ისეთი სახე გქონდა, მივხვდი, რაც იფიქრე.
_ სონია! _ ზედმეტად ხმამაღლა დამიძახა და ეგრევე გაყიდა თავისი თავი, ის უკიდურესად ნერვიულობდა, _ საქმეც ისაა, რომ თქვენ შორის ვერაფერი ვერ მოხდება, _ მომაყარა და ტუმბაზე ჩამოჯდა, რაც ადრე არასდროს გაუკეთებია, _ მაგრამ მაინც რაღაცისკენ მიიწევ, თან ისე, რომ შედეგს არ უკვირდები. ხომ ხვდები, რომ ასე განვითარებული ურთიერთობა ბოლოს სიყვარულამდე მივა? ან შენი თავი არ გეცოდება, ან ის ბიჭი? ნუ მომჩერებიხარ ასე! რა, გმირობისთვის ემზადები? გგონია, რომ ბოლომდე გაუძლებ? ვერა, ვერ გაუძლებ! თავს მსხვერპლად ვერ შესწირავ, სულ რომ სიგიჟემდე გიყვარდეს! იმიტომ, რომ არ ხარ იმ ასაკში, შეგნებულად გადადგა ასეთი ნაბიჯი! ნამეტანი ახალგაზრდა ხარ მსხვერპლშეწირვისთვის. ერთხელაც მოგბეზრდება და გამოიქცევი! ან სადმე ვიღაცას გაიცნობ, გული აგიჯანყდება და აუცილებლად იფიქრებ ღალატზე. და გადადგამ კიდევაც ამ ნაბიჯს! მერე? შენთვის არც არაფერი. ადგები და წამოხვალ. მიატოვებ! და ის? იმას რა მოელის? შენ კარგი, უშველი თავს, მაგრამ ბექამ როგორ უნდა უშველოს? იფიქრე ამაზე! დაფიქრდი! და მაპატიე, რომ საერთოდაც, გელაპარაკე ამ საკითხზე. მე შენთან ლაპარაკი არ უნდა მჭირდებოდეს, რადგან ჩვენ ზოგადად, არ ვლაპარაკობთ ასეთ რამეებზე. ჩვენ, უბრალოდ, გვესმის ერთმანეთის და ეს საკმარისია! _ თქვა და ისე ღრმად და ტკივილიანად ამოიკვნესა, სუნთქვა გამიჩერდა. პირველად ვნახე ასე ქადაგად დავარდნილი ბაბაკო. ეს ადა არ იყო. ეს მისი სტილი არ იყო. ეს არ ჰგავდა მას. რაღაც სხვა ხდებოდა, რასაც ვერ ჩავწვდი.
გაგრძელება იქნება