4 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს რვა პირი, მათ შორის 54 წლის ვეფხია კასრაძე, რომელიც კვლავ პატიმრობაში რჩება. ბრალდებული თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს. მან შიმშილობა დაიწყო, რის გამოც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის მიზნით, სამარტოო საკანში გადაიყვანეს.
ვეფხია კასრაძე ცხინვალის თეატრის მსახიობია. ის სოფელ ერგნეთში გაიზარდა. იბრძოდა ჯერ აფხაზეთის, შემდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. აქვს ვეტერანის სტატუსი. როგორც თავად აღნიშნავს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ მიუტოვებია სახლი საოკუპაციო ხაზთან, აქვე მოაწყო ფერმა და მეურნეობაც.
აღსანიშნავია, რომ ვეფხია კასრაძე პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრია და 2024 წლის არჩევნებზე შიდა ქართლის კოორდინატორიც იყო.
ჯგუფურ ძალადობაში ბრალი ვეფხია კასრაძეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით წარუდგინეს. ვიდეოში კასრაძესთან ერთად ჩანს „ლელოს“ კიდევ ერთი წევრი - ვასილ კაძელაშვილი, რომელსაც თსუ-ის სტუდენტ ზვიად ცეცხლაძესთან ერთად ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. ვიდეოჩანაწერი მედიით გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედის“ მტკიცებით, ჩანაწერში ჩანს, რომ ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი „ქართული ოცნების“ წევრებსა და მათი ოჯახის წევრებზე ძალადობას გეგმავდნენ. აღნიშნულზე დაყრდნობით პროკურატურამ ჩამოთვლილ პირებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის მუხლით წაუყენა ბრალი.
აღსანიშნავია, რომ ვეფხია კასრაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2025 წლის 16 იანვარსაა ჩანიშნული.