ლიზა წიკლაური ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. ის მაყურებელს უკვე არაერთი წელია, რაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერიდან ესალმება და საქართველოსა თუ მსოფლიოს მნიშვნელოვან სიახლეებს აცნობს. გოგო გამორჩეული გარეგნობით, მუდმივად მოღიმარი სახითა და დადებითი განწყობით ბევრისთვის საყვარელი სახეა. ამ სტატიაში შევეცდებით, ის უფრო ახლოს გაგაცნოთ და განახოთ, როგორია ლიზა ეკრანს მიღმა.
"ჟურნალისტიკაში ჩემი პირველი ნაბიჯები ძალიან რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ საწყის ეტაპზე, ყოველთვის განსაკუთრებით ბევრი შრომაა საჭირო. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის დამთავრების შემდეგ, მაშინდელ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მოვედი პრაქტიკაზე. თავიდანვე საინფორმაციოში ვიყავი და კულტურის განხრით ვმუშაობდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ცოტა რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ სოციალურ-პოლიტიკური სფეროც მაინტერესებდა და ამ მიმართულებებზე გადავედი", - ამბობდა ლიზა.
ლიზა წიკლაური ამბობდა, რომ ამ პროფესიაზე ბავშვობაში არასდროს უოცნებია. მისი გატაცება ჩოგბურთი იყო და სურდა, ამ სფეროში გამხდარიყო წარმატებული.
"ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი ამბავი სრულიად დაუგეგმავად მოხდა და ეს პროფესიაც ასე ავირჩიე. ოჯახში დედაც, ბებიაც ექიმები არიან და როცა არჩევანის გაკეთების დრო მოვიდა, ძალიან მსუბუქად შემომთავაზეს ეს ვარიანტი. ზუსტად ვიცოდი, რომ ექიმობა ერთადერთი პროფესია იყო, რომელიც არ მინდოდა..."
"დღემდე დაუვიწყარია ჩემთვის მივლინება იერუსალიმში აღდგომის დღესასწაულზე. ვისაც იქ უმუშავია, კარგად იცის, რამდენად რთულია ეს, მაგრამ ისეთი საოცრებაა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ორჯერ ვიყავი იქ გადაღებაზე და ყველაზე დიდი ემოციები, სწორედ, ამ დღეებს უკავშირდება.
ზოგადად კი, ყოველი დღით ბედნიერი ვარ. შეიძლება, ეს ვინმესთვის უცნაური იყოს. ტელევიზიაში ახალი დაწყებული რომ მქონდა მუშაობა, თანამშრომელმა თქვა, ლიზა სულ კარგ ხასიათზე და გაღიმებული რანაირად არისო? შეიძლება, სულ არ გეღიმებოდეს, მაგრამ მაინც უნდა გაიღიმო და ამის საფუძველიც მალე გამოჩნდება. მართლა ყოველდღიურად ბედნიერი ვარ იმით, რომ მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი, მათთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს არაა ცარიელი სიტყვები. საოცარი მეგობრები და რაც ყველაზე მთავარია, ღმერთი მყავს. ასე, რომ არაფერი მაქვს საწუწუნო."
"არასდროს მენანება თანხა თავის მოვლის საშუალებებისთვის. კიდევ უფრო სერიოზული სისუსტეა სუნამოები და საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს. ამას წინათ დავთვალე და ორმოცდაათზე მეტი სუნამო მაქვს. რაღაც პერიოდებით ამოვიჩემებ ხოლმე ორ-სამ მათგანს, მაგრამ ჩემი კოლექცია მუდმივად იზრდება. თავის მოვლას რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად მძიმე, საეთერო მაკიაჟს ვიკეთებ, კანს კარგად ვუვლი ჩემი კანის ტიპისთვის საუკეთესო პროდუქციით. ქირურგიული ჩარევების ჯერჯერობით ძალიან მეშინია და სანამ გამოუვალი მდგომარეობა არ მექნება, მაგ ნაბიჯს ვერ გადავდგამ. ასე რომ, სუნამოები, პარფიუმერია და კრემები ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარია, რაც ყველამ იცის."