_ ამისთვის არ მოვბრუნებულვარ სამსახურიდან. არც მიფიქრია, თუ ოდესმე მსგავს პოზაში გიხილავდით. შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის, ის შენია და შენ უნდა განაგო, შენ უნდა მართო. ცხრაასჯერ მითქვამს ეს და მაინც მიწევს გამეორება, მაგრამ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ არ უნდა დაუშვა. ასე მხოლოდ ქათმისტვინა ქალები იქცევიან. შენ არ ხარ ქათმისტვინა, მე შენ ჭკვიანი მგონიხარ. ამიტომ ისე მოიქეცი, როგორც ჭკვიან ქალს შეეფერება. არაფრის თქმას არ ვაპირებდი, შენ რომ არ წამოგეწყო. ახლა სხვა რამე მაწუხებს. ახლა ძალიან მჭირდები და უნდა დამეხმარო.
გულზე რაღაცამ მარწუხებივით მომიჭირა.
_ რა ხდება? ავად ხარ? _ არ ვიცოდი, სხვა რა უნდა მეფიქრა. წამებში გამიელვა გონებაში უამრავმა საშინელებამ, _ როგორ დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი და რა უბედურებაც წინ გველოდა.
_ არა, ავად არ ვარ. უბრალოდ, დაბნეული ვარ. ამწუთას არც კარგად ვარ და არც ცუდად. ერთი სიტყვით, არ ვიცი, როგორ ვარ.
_ ბოლოს და ბოლოს, არ მეტყვი, რა ხდება? _ წამოვფრინდი დივნიდან, სრულიად გადამავიწყდა ბექა, რომელიც ახლა მარტო იყო და ალბათ ჩემზე არანაკლებ ნერვიულობდა.
_ სონიაა ჩამოსული. სასტუმროდან დამირეკეს. უნდა წავიდე და წამოვიყვანო. შენ უნდა გამომყვე, გთხოვ.
ლამის პირი დავაღე. განა სულ არ ნატრობდა, ნეტავ ჩემთან იყოსო? ნეტავ ვიცოდე, სადაა, რომ შევეხმიანოო? რა იყო აქ სანერვიულო? ბაბას მდგომარეობამ მისი რომანი გამახსენა. როგორ ჰგავდა ის სიტუაცია ამას. უეცრად გამინათდა გონება. აი, თურმე რატომაც ნერვიულობს! თეო ნამდვილად სონია იყო. ამას უკვე წყალი არ გაუვიდოდა. ამიტომ არ ამბობდა, რატომ წავიდა სონია საქართველოდან, რატომ მიატოვა ადამიანები, ვისთანაც იზრდებოდა და ვინც ძალიან, ძალიან უყვარდა _ ადაც და დედამისიც, ანუ ჩემი დიდი ბებია!
არაფერი შევიმჩნიე, ჩემი გაოგნებაც მივჩქმალე დახრილ წამწამებში და რბილად წარმოვთქვი:
_ თხოვნა რად მინდა, ბაბაკო! გამოგყვები, აბა რას ვიზამ. ნუ ნერვიულობ. კარგია, რომ იქაურობას თავი დააღწია და წამოვიდა. აქ უსაფრთხოდ მაინც იქნება და გვერდითაც გეყოლება. შენი სურვილიც ეგ არ იყო?
_ ჰო, ჰო, მართალი ხარ, _ მიპასუხა აფორიაქებულმა, _ ჩარიტას ვუთხრა ვითომ?
_ ჩარიტა რა შუაშია?
_ ა? რა ვიცი, აბა. ისიც იცნობს სონიას, ჩვენ ხომ ერთად ვიზრდებოდით.
_ ბაბა, არ გვინდა ჩარიტა, ჩვენ წავიდეთ. ჩარიტას გზიდან დავურეკოთ და ვთხოვოთ, აქ დაგვხვდეს, ჩვენს მოსვლამდე სუფრა გაშალოს, _ ვეუბნებოდი და ჩემი თავის მიკვირდა. პირველად ხდებოდა, რომ მე ჩემს სათაყვანებელ ბაბაკოს რჩევებს ვაძლევდი, მე, 21 წლის ღლაპი!
_ მართალი ხარ, სონია, მართალი ხარ, _ ჩაილაპარაკა, თან აშკარად სხვა რამეზე ფიქრობდა, _ ოღონდ საჭესთან შენ უნდა დაჯდე. ისე ვინერვიულე, აქამდე ძლივს მოვაღწიე. უკვე ჯარიმაც მომივიდა, სადღაც რაღაც დავარღვიე ალბათ. არც მახსოვს, სად ან რა. ხელები მიკანკალებდა. ხომ გესმის… რამდენი წელია არ მინახავს. ვერ ვგრძნობ, ასე რა მანერვიულებს. ალბათ სიხარული, არა? _ თითქოს მებოდიშებოდა.
_ ბაბა, წეღან რაღაცას ეძებდი. მიდი, გააგრძელე ძებნა, მე კი მანამ ჩავიცვამ და ბექასაც შევურბენ. არ მინდა იფიქროს, რომ ჩვენ ერთმანეთი დავხოცეთ, შენ რომ შემოგვისწარი იმის გამო.
_ ჰო, მართალი ხარ… კარგი, მიდი, _ მომიგო არეულმა და კვლავ უჯრებს ეცა. მაინც არ მითხრა, რას ეძებდა. მე კი ცნობისმოყვარეობა გამიმძაფრდა. ასეთს რას ეძებდა?
სწრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი. სპორტულად ჩავიცვი, ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. მერე ბექასთან გადავედი. ვუთხარი, არ ენერვიულა. ადა ჯიგარი ქალია, ასეთი რამეები არ უკვირს, საყვედურიც არ დასცდენია-მეთქი. თან ისე ლაღად ვამბობდი ამ ყველაფერს, ეჭვი არ შეჰპარვოდა. არ მინდოდა ცხოვრებაგანადგურებულს ამაზეც ენერვიულა. გამოსვლის წინ ლოყაზე ვაკოცე და შევპირდი, რომ დილით ისევ ვესტუმრებოდი ჩემი ლეპტოპით.
როცა მოვბრუნდი, ადა ისევ ტუმბაზე ჩამომჯდარი დამხვდა. თავადის ქალი ადა აფაქიძე და ასე დაბნეული? ძნელი დასაჯერებელი იყო. ხელში რაღაც ეჭირა. დავაკვირდი… აი, საოცრება! ის „რაღაც“ საყურე აღმოჩნდა _ რგოლი, რომელზეც ხუთი ქართული ასო იყო ჩამოკონწიალებული. მიხვდით ალბათ… „სონია“. აი, ახლა უკვე მეც მეჩქარებოდა სონიას ნახვა. მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ბაბაკოს წარსულის მეტოქე, ქალი, რომელმაც ადას ცხოვრება დაუნგრია…
***
ჰოლში უამრავი ადამიანი ირეოდა. ირგვლივ ქართული, რუსული და უკრაინული ლაპარაკი ისმოდა. არც იყო გასაკვირი. უკრაინელები ერთმანეთს უკრაინულად ესაუბრებოდნენ, ქართველებს _ რუსულად, ხოლო ქართველები ქართველებს _ ქართულად. თვალებით ვეძებდი დიდ სონიას, დარწმუნებული ვიყავი, რომ დანახვისთანავე ვიცნობდი. მისი არცერთი ფოტო არ გვქონდა სახლში. ყოველ შემთხვევაში, მე ვერსად ვიპოვე, თორემ ბაბას შეიძლება სადმე გადამალულიც კი ჰქონდა.
ბაბაკოს ნერვიულობისგან ოხშივარი ასდიოდა. სახე აპილპილებოდა, ოფლი ასხამდა. ჩემი ლამაზი ბებია ისეთი უმწეო ჩანდა ამწუთას, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ორადორი დასკვნა გამოვიტანე _ თურმე ყველა ძლიერ ქალში იმალება მეორე _ სუსტი ქალი. ან პირიქით, ყველა ქალი სუსტია და ძლიერის ნიღაბს ირგებს, თანაც ნიჭიერად…
ადა თავის პირადობის მოწმობას კარტივით ატრიალებდა თითებში და ხან ერთ თანამშრომელს შეეკითხებოდა რაღაცას, ხან მეორეს, მე კი სათითაოდ ყველა ბაბას ასაკის ქალს ვაკვირდებოდი, იქნებ რომელიმეში სონია ამომეცნო.
როგორც იქნა, გვაღირსეს მასთან შეხვედრა. საოცრად დაბალმა გოგომ, მე ვიტყოდი, ლილიპუტმა, შუაზე გაჭრილ მრგვალ კვახს რომ მიუგავდა სახე, იმ ოთახის კარი გააღო, რომელსაც ნომერი 6 ეწერა და რავინსკაია, შენთან არიანო, ისეთ მჭახე ხმაზე შესძახა, ლამის შევხტი.
და აი, ისიც…
არ ველოდი, ასეთი თუ იქნებოდა. ულამაზესი. საოცრად ბაცი ცისფერი თვალები ჰქონდა. უკვე გაჭაღარავებული გრძელი თმა, ზამთრის კავკასიონივით რომ დათრვილვოდა, უკრაინულად დაევარცხნა _ მსხვილი ნაწნავი თავზე გველივით შემოეხვია. სისხლივით წითელი ტუჩები უთრთოდა, პაჭუა უკრაინული ცხვირის ნესტოებს კი მოუსვენრად ათამაშებდა, თითქოს ტიკებმა შემოუტიაო. მარტის კვალობაზე უჩვეულოდ გარუჯულიყო. ბაბაკოზე ლამის ერთი თავით მაღალი იყო თან. კი დაემჩნია ომს მისთვის თავისი მძიმე კვალი, მაგრამ ბოლომდე გატეხილი არ ჩანდა. ვიცოდი, რომ ადაზე ცოტათი უმცროსი იყო, სულ რამდენიმე თვით, მაგრამ ბაბაზე ბევრად ასაკოვანს ჰგავდა. თუმცა სონია მაინც ისე ბრწყინავდა სხვების ფონზე, მიუხედავად ასაკისა, ნებისმიერ მამაკაცს დააბრმავებდა. შეუძლებლად ლამაზი ქალი აღმოჩნდა.
ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. არცერთი ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა. იდგნენ და ელოდნენ. რას? ალბათ პირველი ვინ გადადგამდა ნაბიჯს. ბოლოს ადა დაიძრა. ხელები უცნაურად გაშალა, მერე მისკენ გაიშვირა და… ერთმანეთს ჩაეხუტნენ. წამიც და ორი ულამაზესი ქალი ულამაზესად ტიროდა.
პირველად ვიხილე აცრემლებული ბაბაკო. სონიას ხომ ისედაც პირველად ვხედავდი, მაგრამ ორივეს ისე უხდებოდა ტირილი, თვალს ვერ ვწყვეტდი. სიტყვაც არ დაუძრავთ, ხმაც არ გაუღიათ. ასე უხმოდ, ცრემლებითა და ზურგზე ხელისგულების გასმა-გამოსმით საუბრობდნენ. მხოლოდ მე ვხვდებოდი, რასაც ამბობდნენ _ თუ როგორ მოენატრათ ერთმანეთი, როგორ ნანობდნენ წარსულს, როგორ პატიობდნენ ამდენწლიან დაშორებას და მართალია, ვერ დაივიწყეს, მაგრამ ვერც შეიძულეს ერთმანეთი. ის, რაც ცუდი იყო, წარსულში დარჩა. ის, რაც კარგი იყო, ამ დრომდე შემორჩა. მართალია, რაღაც გაიბზარა, რაღაც ძალიან ძვირფასი და სათუთი, მაგრამ არ გატეხილა…
გული ამიჩუყდა. ცრემლი მეც მომადგა თვალებზე, თუმცა არ მიტირია. მერე სონიამ მხარზე გადახვია ხელი ადას და იმ ოთახისკენ წაიყვანა, საიდანაც წეღან გამოვიდა. ბაბამ ხელი ასწია, თითები აამოძრავა და მოუბრუნებლად მანიშნა, წამოგვყევიო.
გავყევი.
ოთახში სულ ქალები იყვნენ. უკრაინელები. სხვადასხვა ასაკის. ყველას წუხილი და ომის მსახვრალი ხელი აღბეჭდოდა სახეზე. ყველას ეტყობოდა, როგორ უჭირდათ სხვა ქვეყანაში.
შევედით თუ არა, ყველამ ჩვენ მოგვაპყრო ცნობისმოყვარე მზერა.
ბაბა რუსულად მიესალმა. ისინიც გარს შემოეხვივნენ. როგორც ჩანს, იცოდნენ, ვინ იყო და ელოდებოდნენ მის გამოჩენას.
მერე სონია თავისი ჩანთებისა და ჩემოდნების ერთ ადგილზე დალაგებას შეუდგა. მე გვიან შემამჩნია.
_ უი, ეს ვინაა? შენი გოგოა, ადა? _ ისეთი გამართული ქართულით იკითხა, გაოცება ვერ დავმალე, თუმცა მაშინვე გამახსენდა, რომ ის ბავშვობიდან აქ იზრდებოდა და ქართული მისთვის თითქმის მშობლიური ენა იყო.
_ არა, შვილიშვილია ჩემი, სონია! _ ღიმილით მიუგო ბაბაკომ.
დიდი სონია ვერ მიხვდა, რომ მეც სონია მერქვა, რადგან მასზე ამ სახელის წარმოთქმას შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ალბათ იფიქრა, რომ ადამ მას მიმართა სახელით.
_ რა ლამაზი გოგოა, _ აღტაცებით წამოიძახა სონიამ და ხელებგაშლილი ჩემკენ წამოვიდა, _ ღმერთო, როგორ გგავს! მთლად ასე როგორ დაიმსგავსე, რა სასწაულია! _ გააგრძელა და მომიახლოვდა თუ არა, გადამეხვია და თბილად ჩამიხუტა, მერე თითებით ჩემი მხრები ჩაიჭირა, დაკვირვებით შემომხედა და მკითხა, _ რა გქვია, პატარა ადა?
_ სონია, _ მივუგე და გავუღიმე.
გაოცება შენელებული კადრით რომ გადაიღო, რამდენ ნიუანსს დაინახავ თურმე ადამიანი. მისი თვალები, ტუჩები, წარბები, შუბლი, ცხვირიც კი ვერ მალავდა გაკვირვებას. თითქოს კანი გადაუჭიმესო, ისე გაუფართოვდა სახე და მასთან ერთად ლამაზი თვალები.
_ სონია გქვია? _ საკონტროლო შეკითხვა დამისვა. ალბათ დაუჯერებელი იყო ეს მისთვის.
თავი დავუქნიე და კიდევ გავუღიმე, ამჯერად შეთქმულივით, „მე ყველაფერი ვიცი“ ღიმილით.
ისევ ჩამიხუტა. ახლა უფრო ძალუმად და თავზე მაკოცა.
_ სონია, დროზე გავიდეთ აქედან, საშინელი ხმაურია და კიდევ უფრო საშინელი ჰაერი, ვიხუთები, _ თქვა ბაბაკომ და სონიამაც ხელი შემიშვა.
ორი გორგოლაჭებიანი ჩემოდანი და ერთი ზურგჩანთა ჰქონდა სონიას. ქალებმა ჩემოდნები თვითონ დაირიგეს, ზურგჩანთა მე მომაჩეჩეს და გამოვედით. ახლაღა შევამჩნიე, რა ნაკლიც ჰქონდა სონიას _ სიარულის მამაკაცური მანერა, კაცივით დადიოდა, რაც სასტიკად არ უხდებოდა მის გარეგნობას, ცოტა მოუხეშავს აჩენდა.
ბარგს საბარგულში მივუჩინეთ ადგილი და მანქანაში ჩავსხედით. სონია და სონია წინ _ მე საჭესთან, ის _ ჩემ გვერდით, ბაბაკო კი უკან მოთავსდა, ოდნავ გვერდზე გადაიხარა და სიმძიმის ცენტრი მარჯვენა ხელზე გადაიტანა, რომელსაც დაეყრდნო.
არცერთი აღარ ტიროდა, თუმცა ორივეს იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე. ნეტავ რას ფიქრობდა ამწუთას ან ერთი, ან მეორე? ნეტავ მათი ფიქრების წაკითხვა შემძლებოდა…
***
კიდევ უფრო საინტერესო იყო ჩარიტასა და სონიას შეხვედრა. ამჯერად უამრავი რამ ითქვა, _ რა ბედნიერებაა, რომ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, რომ ისევ ერთად იქნებოდნენ, რომ სულ არ შეცვლილან და ძველებურად კარგად გამოიყურებოდნენ.
კოცნითა და მოფერებით გული რომ იჯერეს, ადამ სტუმარი თავის საძინებელში დააბინავა და არ მიიღო მისი პროტესტი, ცალკე ოთახში დავწვებიო. ჩარიტამაც კი შესთავაზა, ჩემთან წავიყვან, მარტო ვცხოვრობ და ხმის გამცემი მაინც მეყოლებაო, მაგრამ ბაბაკომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ჯერ აქ იყოს, ჩემ გვერდით და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. ეს ისეთი მკაცრი ტონით წარმოთქვა, თითქოს სამსახურში იმყოფებოდა და თავის თანამშრომლებს შენიშვნას აძლევდა ცუდად შესრულებული სამუშაოსთვის.
ჩარიტამ სუფრა გაშლილი დაგვახვედრა. რა თქმა უნდა, ჩემთვის „აკრძალულ“ თემებზე არ უსაუბრიათ. ძველი დრო გაიხსენეს, როცა სამივენი პატარა გოგოები იყვნენ და ერთად ერთობოდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ არა მე, იმ ტაბუდადებულ თემასაც შეეხებოდნენ. ან იქნებ არც?
_ ერთი გოგო მყავს, გათხოვილია. სამი თვეა, რაც პოლონეთში გადავიდნენ. შვილი არ ჰყავთ. რა ვიცი, კარგად მოვეწყვეთო, დამირეკეს. ჩემი სიძე ძალიან მსუქანია, ბრძოლა არ შეუძლია, თორემ აქამდე უკვე გაიწვევდნენ. ამიტომაც გაერიდნენ იქააურობას. მე ბინა ვერ დავტოვე. ეჰ, ბოლოს მაინც მომიწია. კორპუსი რომ დაიბომბა, მივხვდი, გასაქცევად მქონდა საქმე. სად უნდა წავსულიყავი? ისევ აქეთ ვარჩიე. ჩემთვის აქაურობა ყველაზე ნაცნობი ადგილია. სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ შემიძლია, მომკალი, თუ გინდა. საშინელებები გადავიტანე, სანამ აქ ჩამოვაღწევდი. სხვ დროს მოგიყვებით. კინაღამ მომკლეს, სანამ პოლონეთის საზღვარს მივაღწევდი. ირამ არ წახვიდეო, მთხოვა, მაგრამ იქ ვერ გავჩერდებოდი. თან მომენატრეთ. ძალიან მინდოდა თქვენი ნახვა. ვიცოდი, რომ მიმიღებდით… შენი შვილი საითაა, ადა? _ სწრაფად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე სონიამ და წითელი ღვინო ხარბად მოსვა, დიდი ყლუპით.
_ შორსაა აქედან, ამერიკაში მუშაობს, _ მშრალად უპასუხა ბაბამ, _ მეორე ცოლი ჰყავს და არის თავისთვის. ხშირად გვირეკავს, ფულს გვიგზავნის. სხვა რა ვიცი, კარგი ბიჭი მყავს, მთავარი ესაა. უბრალოდ, შორსაა ძალიან და ეს მაწუხებს.
_ მთავარი ისაა, რომ კარგადაა. მერე რა, რომ შორსაა, _ ჩაერთო საუბარში ჩარიტა, _ შენ რომ შვილი გყავს, ბევრმა ვერ დაიკვეხნოს. ოქრო ბიჭია, თვითნაბადი ოქრო! ონ ნაშ უმნიკ! _ საჩვენებელი თითი შემართა.
_ რა კარგია, როგორ მიხარია, _ სინანულნარევი ხმით წარმოთქვა სონიამ, _ ვის ჰგავს, ადა, შენ თუ… _ და აღარ გააგრძელა.
_ მე! _ ისე უკმეხად მიახალა ბაბამ, კინაღამ გამეცინა.
წამით სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. მივხვდი, ამათ ბევრი სალაპარაკო ჰქონდათ დაგროვებული, მე აშკარად ზედმეტი ვიყავი, ამიტომ ავდექი.
_ ბექასთან გავალ მე, თუ არ გეწყინებათ.
_ გადი და დიდხანს არ დარჩე, ძალიან გთხოვ! _ გაფრთხილება გაერია ხმაში ბაბას, _ სხვა თუ არაფერი, სტუმარი გვყავს, _ დააყოლა ბოლოს, თუმცა რა ძნელი მისახვედრი იყო, რატომაც მთხოვდა მალე დაბრუნებას.
_ შემიძლია საერთოდაც არ წავიდე, _ ცოტა არ იყოს, გავბრაზდი და ისევ დავჯექი.
_ ნუ, ჩტო ს ტაბოი, ადაჩკა, დუშკა მაია! გავიდეს, რა მოხდა. ახალგაზრდაა, მოიწყინა, ვერ უყურებ? ჩვენნაირ ბებრებთან რა გააჩერებს სიცოცხლით სავსე ბავშვს. მიდი, შვილო, გადი, არ უსმინო ბებიაშენს. დაბნეულია ჯერ, ხომ ხედავ, გონს ვერ მოსულა. _ ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად შენიშნა ჩარიტამ და თვალი ჩამიკრა.
გაგრძელება იქნება