ბექას გაუხარდა, რომ დამინახა, თვალები აუბრჭყვიალდა. შეულამაზებლად გადმოვულაგე ჩემი ემოციები.
_ იცი, რა ლამაზია? სულ გინდა უყურო, თვალს ვერ მოაცილებ. _ შთაბეჭდილებებს ვერ ვმალავდი სონიაზე მოყოლისას.
_ ადაზე უკეთესია? _ ისიც დაინტერესდა.
_ უუჰ! ბევრად. რაღაცნაირი ევროპული სილამაზე აქვს, არც ქართველს ჰგავს ბოლომდე და არც უკრაინელს. ერთადერთი, ცხვირი აქვს სლავური, აპრეხილი.
_ ვახ, რას დამაინტრიგე ახლა, რა გინდოდა? _ გაიცინა ბექამ, _ ადაზე ლამაზი ქალი იშვიათად მინახავს, თან ამ ასაკის. მაგაზე უკეთესი როგორაა? რა, სოფი ლორენია?
გამეცინა.
_ ზუსტად ეგეთი აღნაგობისაა, რომ იცოდე! აშხვართული, დიდი მკერდით, ცისფერი დიდრონი თვალებით, მსუქანა კვასკვასა ტუჩებით. მაგარი ქალია, ერთი სიტყვით, რა! აი, ნახავ შენ თვითონ და მიხვდები, რომ არ ვაჭარბებ.
_ ძალიანაც კარგი. ესე იგი, ჩვენ უკვე ვიცით, ვინაა დადუნა, ვიცით ვინაა თეო, მაგრამ არ ვიცით ვინაა კოტე. აი, რა დაგვრჩა გასარკვევი.
_ ჰოოო, _ შეფიქრიანებულად მივუგე, _ მაგას მგონი, ვერასდროს გავიგებთ.
_ რატომ გგონია?
_ აბა, ვინ გვეტყვის? მე შენ გეტყვი, უცებ არ წავიდნენ მის სანახავად. საერთოდაც, ცოცხალია კი? იქნებ უკვე გარდაიცვალა.
_ გაირკვევა, როცა იქნება. მოთმინება, ქალბატონო, მოთმინება! _ „დამაწყნარა“ ბექამ, _ ნოუთბუკი არ წამოგიღია?
_ უი, არა, არც გამხსენებია. თანაც, ახლა ვერც წავიკითხავთ, უცებ ისევ არ შემოგვისწროს. კიდევ რომ დამინახოს შენთან წამოკოტრიალებული… _ ვთქვი და ენაზე ვიკბინე, რომ წამომცდა.
_ რა, რამე გითხრა? გეჩხუბა? _ კოპები დაისხა შუბლზე ბექამ.
_ არა, არა, არაფერი არ უთქვამს, მაგრამ კიდევ რომ დამინახოს, მერე შეიძლება მისაყვედუროს, _ გამოვასწორე წეღანდელი შეცდომა.
_ გასაგებია. მაშინ რითი გავერთოთ ახლა მე და შენ?
მხრები ავიჩეჩე. ლეპტოპი რაღაცნაირად უხერხულობისგან გვიხსნიდა, ახლა კი მართლა არ ვიცოდი, სხვა რა უნდა გვეკეთებინა. თითქოს რაღაც შეიცვალა ჩვენს ურთიერთობაში, თითქოს ვიძაბებოდით, როცა ერთად ვრჩებოდით, თუმცა კი გვსიამოვნებდა ერთმანეთის გვერდით ყოფნა.
_ შენი ლეპტოპი რომ ჩავრთოთ ან ეს კომპიუტერი და რამე ფილმს ვუყუროთ?
პატარა ბიჭივით დაიჯღანა.
_ ფილმის ხასიათზე არ ვარ. ახალი წელი მაინც მოდიოდეს, ნაძვის ხეს მოვრთავდით, _ თქვა უცებ, _ ბამბის ფიფქებით, _ დააყოლა.
ფხუკუნი ამიტყდა.
_ არ მითხრა, რომ შენც მოგეწონა ეგ ფანტელები, თორემ გავაფრენ იცოდე!
_ აუ, მართლა დამევასა, იცი? საკაიფო რამეა. ახლა ისეთ ფოი-ფოი ნაძვის ხეებს დგამენ, საერთოდ არ მომწონს. ძაან ხელოვნურია. ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც ტუჩებდაბერილი ქალები.
ორივეს სიცილი აგვიტყდა ამ შედარებაზე.
_ არადა, ადრე მართლა სხვანაირად რთავდნენ ნაძვს და სათამაშოებიც სხვანაირი იყო, ისე. შუშის ბურთები, ცხოველები, ფრინველები.
_ კანფეტები, მანდარინები… _ გავაგრძელე და ისევ გაგვეცინა.
_ აუ, მოწევა მომინდა. გამოაღე იქ უჯრა, _ მზერით მიმითითა კომპიუტერის მაგიდის უჯრისკენ, _ ერთი ღერი უნდა იდოს წესით.
გამოვაღე. იდო. ზუსტად ერთი ღერი „კენტი“, რვა ნომერი.
_ სანთებელაც იქნება მანდ. _ ხმა უცნაურად შეეცვალა. ვერ მივხვდი, რა დაემართა.
სანთებელაც იდო. ისიც ამოვიღე. მისკენ რომ გავიხედე, შევამჩნიე, რომ თვალები დაეხუჭა.
_ მოუკიდე და მომაწოდე, კარგი?
მოვუკიდე. მივაწოდე. ორი _ საჩვენებელი და შუათითი გამომიშვირა _ მათ შუა ჩავუდე მოკიდებული სიგარეტი.
ნაფაზი დაარტყა. ერთი, ორი, სამი.
„კენტის“ ბოლი ჰაერში აიჭრა. ცხოვრებაში პირველად დავაკვირდი სიგარეტის ბოლს. თითქოს შენელებული ცეკვავდა. აბლაბუდასავით ცისფერი გამჭვირვალე უფორმო მასა ქაოსურად იხლართებოდა, როკავდა, ბორგავდა თითქოს.
კიდევ ნაფაზი. ოთხი, ხუთი, ექვსი.
ბოლი გაბევრდა და ბორგვასაც უმატა. მაღლა და მაღლა მიიწევდა, ზემოთ, ჭერისკენ…
_ მომეცი შენი ხელი, _ სიგარეტიანი ხელი ბექამ უეცრად ჩემკენ გამოიწოდა.
ისეთი უცნაური გრძნობით იყო ეს სიტყვები ნათქვამი, შევკრთი, გულმა არითმიას მოუხმო.
ნელა გავუწოდე ხელი, თან ერთიანად დავიჭიმე. მან სიგარეტი მეორე ხელში გადაიტანა, მერე თავის თითებში ჩაბღუჯა ჩემი თითები, ოდნავ მომიჭირა და ბოლოს მკერდზე დაიდო, ზუსტად იმ ადგილას, სადაც მისი გული მეგულებოდა.
_ მათბობს, _ ჩურჩულით ამოთქვა და თვალები ისევ დახუჭა, სიგარეტი კი თითებში ჩაისრისა და უკვე ჩამწვარი იატაკზე დააგდო…
სუნთქვა შემიგუბდა. ამ ერთმა სიტყვამ სიამოვნების იმხელა ბურუსში გამხვია, მზერა დამიბინდა, თითქოს მეც დახუჭული მქონოდა თვალები.
უეცრად აკრძალულმა სურვილმა წამომიარა. ბექას საწოლზე გადავჯექი და ორივე ხელისგული მის მკერდზე გავასრიალე.
თვალები არ გაუხელია, მხოლოდ დაიგმინა. ტკივილი რომ გაუსაძლისი ხდება და უკიდურესობამდე მისული დაიკვნესებ, სწორედ ისე, ოღონდ მამაკაცურად, რადგან ეს არ იყო კვნესა, ეს გმინვა იყო.
მოულოდნელად ჩემი თითები თავის ხელებში ჩაიჭირა და გამაჩერა. უფრო და უფრო მიჭერდა თავის ძლიერ თითებს, თან უცახცახებდა. მერე ჩემი ორივე ხელი ტუჩებთან მიიტანა და სათითაოდ ყველა თითს აკოცა. თუმცა ეს არ იყო კოცნა, მხოლოდ ადებდა ტუჩს და ყოვნდებოდა, სანამ ათივე თითი არ დაიარა.
მეტი ვეღარ მოვითმინე. მისკენ გადავიხარე და მის ტუჩებზე მივიტანე იერიში. მეც დამეხუჭა თვალები, თუმცა ვიგრძენი მისი ტუჩების გაოცება _ წამიერი ყოყმანი, ამყოლოდა თუ არა.
ამყვა…
სიტყვებით ვერ აღვწერ ალბათ, როგორი გრძნობით მკოცნიდა. პირველად ვიგრძენი ნამდვილი მამაკაცის ნამდვილი კოცნის გემო. ეს არ იყო მხოლოდ ვნებით, ეს სიყვარულით გაჟღენთილი კოცნა იყო. როგორც მშიერი, ისე დამაცხრა. ჩემი ტუჩების ყველა წერტილს იკვლევდა თითქოს, თან ენასაც აშველებდა. ასე მეგონა, ეშინოდა, ერთი უჯრედიც არ დარჩენოდა დაუკოცნავი…
ვკოცნიდით ერთმანეთს და ვნაყრდებოდით. სხვა არც არაფერი შეგვეძლო და არც გვინდოდა. ის, რაც ხდებოდა, ორივეს გვაკმაყოფილებდა. ის, რაც ხდებოდა, ორივეს გვსიამოვნებდა. ის, რაც ხდებოდა, ორივეს გვავსებდა, გვაბრუებდა, თავს გვაკარგვინებდა.
და ორივენი სადღაც ვიყავით გამოკიდებული _ ცასა და დედამიწას შორის, იქ, სადაც ატმოსფერო მთავრდება და სტრატოსფერო იწყება _ ერთმანეთის ალერსით გაგიჟებულებს სუნთქვა გვიძნელდებოდა…
როგორც იქნა, თავს მოვერიე და მის ტუჩებს მოვწყდი. მის მკლავებსაც მოვწყდი, მძლავრად რომ შემოხვეოდა ჩემს ზურგს. გავსწორდი და ისევ ბექას სავარძელში გადავჯექი.
ორივე გახშირებულად ვსუნთქავდით. სახე ისე მიხურდა, ვიცოდი, როგორი აღაჟღაჟებულიც ვიქნებოდი, სარკეში რომ ჩამეხედა.
ბექასაც არ ადგა კარგი დღე. თვალები არ გაუხელია. იწვა ასე, დახუჭული თვალებით, მკერდი ღრმად და ჩქარ-ჩქარა აუდ-ჩაუდიოდა, მისი სუნთქვის ხმა კი მთელ ოთახში ისმოდა, ხმამაღალი სუნთქვის, არეული სუნთქვის.
სიჩუმე გაუსაძლისი გახდა. რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. ვერცერთი წინადადება, რომელიც გონებაში შევაკოწიწე, ამ სიტუაციას არ მიესადაგებოდა.
უცებ თვითონ თქვა:
_ წადი, სონია, მარტო დამტოვე!
გავშეშდი. ადგილიდან ვერ დავიძარი. მიმიხვდა, რომ წასვლა მიჭირდა.
_ წადი, გთხოვ… და ხვალ მოდი, ან მერე, სხვა დროს. ახლა მარტო მინდა ვიყო. გთხოვ!
_ ჯერ ვერ გავალ, ბექა! ასე ვერავის დავენახვები, _ გაბზარული ხმით ვუპასუხე და სამზარეულოში გავიძურწე, სადაც ფანჯარა გამოვაღე და სახე მარტის სუსხიან ნიავს შევუშვირე.
არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ სახე ისევ ისე მქონდა გახურებული, ალბათ გაწითლებულიც. გული საოცარი გუგუნით მიძგერდა, თითქოს მოთქვამსო.
_ ყავას დალევ? _ გავძახე, როგორმე უნდა განმემუხტა დაძაბულობა.
_ დავლევ, ამაღამ დაძინება მაინც არ მიწერია, _ გამომძახა.
მეშველა! მთავარია, რომ საქმე გამომიჩნდა. ორი ფინჯანი მოვადუღე და გავიტანე.
რომ გავედი, სწორედ მაშინ გაახილა თვალები და შემომხედა. ჯიქურ შემოიჭრა ჩემს მზერაში. იმის სიტყვასიტყვით წაკითხვა სურდა, რას ვგრძნობდი, რა განცდებით ვიყავი შეპყრობილი. ამის გამოცნობა სულაც არ იყო ძნელი, ყველაფერი სახეზე მეწერა, ტუჩებზე, თვალებზე…
ბექასთვის განკუთვნილი ფინჯანი იმ სადგამზე დავდგი, რომელზეც ლეპტოპს დებდა ხოლმე წამოწოლილი. სანამ სადგამს მკერდზე დავუდებდი, თავი ავუწიე და ბალიში შევუმაღლე, რომ უფრო მოხერხებულად დაელია ყავა. მისმა სიახლოვემ კვლავ შემბორკა, მაგრამ უკვე გამოფხიზლებული თავს ვაკონტროლებდი. არ შეიძლებოდა იმის გამეორება, რაც წეღან მოხდა.
_ მადლობა, _ მხოლოდ ეს მითხრა და მზერა ამარიდა.
უხმოდ დავლიეთ ყავა, სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.
მერე ფინჯნები სამზარეულოში გავიტანე და გავრეცხე. ვიგრძენი, სახე თანდათან როგორ დამიცხრა. ისე აღარ მიხურდა. უკან რომ შემოვბრუნდი, სააბაზანოში გავედი, რათა სარკეში ჩამეხედა და ჩემი მდგომარეობა შემეფასებინა.
სარკიდან მეორე სონია იდუმალი მზერით შემომცქეროდა, თითქოს ნიშნს მიგებდა, შტერო, გესმის მაინც, რა ჩაიდინეო?
ცივი წყალი მოვუშვი და სახეზე შევისხი. ვიცოდი, ამ წყალს ბექას სურნელიც გაჰყვებოდა, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა, თორემ მისი სურნელი მოსვენებას დამიკარგავდა.
რატომ ვაკოცე? _ უსიტყვოდ ვეკითხებოდი სარკის სონიას, თან ჩემს სველ სახეს შევცქეროდი, _ მიყვარს? არა, არ გიყვარსო, იმ სონიამ მითხრა, უბრალოდ, უკაცობისგან ხარ დამშეული და იმის ბრალიაო. მაშინ სიყვარული რაღაა? მგონი მიყვარს, მაგრამ ვკრძალავ ამ სიყვარულს, უხილავ ნაჭუჭში ვამწყვდევ, რომ გარეთ არ გამოვიდეს, იმ სიგარეტის ბოლივით ჰაერში არ აიჭრას და ბორგვა არ დაიწყოს, ვეკამათებოდი სარკის სონიას…
როცა დავრწმუნდი, რომ საბოლოოდ დავმშვიდდი, გამოვედი და წავალ-მეთქი, ბექას ვუთხარი. პასუხი არ გაუცია, თვალები მილულა მხოლოდ.
წამოვედი…
ბევრი მძაფრი ემოცია დამიგროვდა დღეს.
ამაღამ დაძინება არც მე მეწერა…
გაგრძელება იქნება