ამბობენ, სიყვარული დროთა განმავლობაში ფერს იცვლის, ხუნდება და გრძნობაც ნელდებაო. ამ აზრს თაკო ჩარკვიანი არ ეთანხმება, რადგან მისთვის სიყვარული, ამაღლებულ გრძნობასთან ერთად, მყარ მეგობრულ პრინციპებს ესაბამება. მისი და ჯონი გიგანის 30-წლიანი სიყვარული და ოჯახური თანაცხოვრება, არამცთუ გახუნდა, პირიქით, გამყარდა და მეტი საინტერესო ფერი შეიძინა.
- ახლა რომ უკან ვიხედები, ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა გამოვიარე, ტყუილების გარეშე. ასაკს, გამოცდილებასთან ერთად, უთუოდ მოაქვს მოთმინება, რომელსაც ბევრი სიბრძნეს ეძახის. თუმცა, მოთმინება სხვაა და სიჩუმე სხვა. ერთხელ, მახსოვს, ახლობელი შემხვდა და საყვედურივით მითხრა: სიჩუმე უფრო მომგებიანიაო... ფეხით ამოვიარე სახლამდე გზა და ჩემთვის ვფიქრობდი: ნუთუ წამგებიანია საუბარი, თქმა და ბრძოლა? არავითარ შემთხვევაში, მე არ ვიცხოვრე წამგებიანად, სიჩუმე არასოდეს შემძლებია. ერთი წამით წარმოიდგინეთ, მოაზროვნე ადამიანები საჭირო მომენტში რომ გაჩუმებულიყვნენ, ხომ არ იქნებოდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი? ამიტომ, ვფიქრობ, სიჩუმეს, უბრალოდ, ყური უნდა მიუგდო.
მამაჩემს აქვს საინტერესოდ ნათქვამი: „ყური მიუგდე, მეგობარო, იმ დიდ სიჩუმეს, იგი სავსეა ტალღის ხმაურით და სინანულით“. ასე რომ, სიმყუდროვეში, სიჩუმეს შეიძლება, ყური მიუგდო და გაყუჩდე, გადაავლო თვალი მოვლენებს, რაღაც დღეები გეტკინოს, გეწყინოს, შეიგრძნო, შეინანიო, მაგრამ ბრძოლა აუცილებლად უნდა განაგრძო. მე ასე მგონია სწორი. ვფიქრობ, სიტყვა „კმაყოფილება“ ცხოვრებისთვის ყოვლად შეუსაბამოა, ჩემი განვლილი ცხოვრებისთვის უფრო „საინტერესო“ მგონია სწორი და შესაბამისი.
– რას ფიქრობთ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაში გაგიმართლათ?
– ყველაზე მეტად ცხოვრებაში გამიმართლა, რომ მყავდა ჯანსუღი, მყავს მამუკა, მყავს დედა, მყავს ჩემი ვაჟკაცი მეუღლე და შვილი ირმა გიგანი – ამაზე მეტი გამართლება რაღა უნდა იყოს. მგონია, რომ იმ საინტერესო განვლილ წლებში, უთუოდ გამიმართლა. ჩემს მოთხრობების კრებულს წავუმძღვარე: მადლობელი ვარ ჩემი სახლის, რომელშიც ვიგულისხმე ის ადამიანები, ვისაც ვიცნობდი, მიყვარდა, ვისთანაც მიმღერია, ვისი სიტყვა, ლექსი, სიმღერა მომისმენია და სითბო და სიყვარული მიგრძნია, ის დიდი სამეგობრო წრე. ამ დიდი სიყვარულისთვის მადლიერი ვარ იმ ჩემი მოთხრობების გმირების, რომლებიც რეალურები არიან და ისე განვიცადე ისინი, რომ ჩემს მოთხრობებში შემოვიდნენ.
ამ ყველაფრის მადლობელი ვარ. თუმცა, ტკივილი რომელიც მოგყვება, ესაა ცხოვრება, ეს არის ის, რაც უნდა მიიღო და პირჯვარი გადაიწერო, თუ უზარმაზარი ხანჯალი არ გაგირჭო ცხოვრებამ გულში და მთელი ცხოვრება ღია ჭრილობა არ დაგრჩა. თუ ასეთი რამ ცხოვრების განმავლობაში არ მიიღე, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა და კმაყოფილი უნდა იყო ადამიანი.
– ცნობილი ოჯახის შვილი იყავით, გათამამებული, გამორჩეული გარეგნობის და ნიჭიერი გოგო. ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ. როგორ გამოხატავდნენ თქვენდამი სიყვარულს?
– სკოლის პერიოდში ყვავილები მოჰქონდათ, თაიგულები. იყო სახლის ფანჯრებთან სიმღერებიც. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ იოლი ხასიათი არ მქონდა, მძიმე არტილერია ვიყავი და არ იყო ასე ადვილი ჩემი გულის მონადირება. ჯონი რომ გავიცანი, მას მერე ოცდაათი წელი გავიდა და რომ მეუბნებიან, სიყვარული წლების განმავლობაში ხომ ნელდებაო, მეღიმება. სიყვარული კი არ ნელდება, წლების მატებასთან ერთად, ღრმავდება. ამას ემატება უდიდესი მეგობრობა და ვამბობ ხოლმე, მის გარეშე ერთი დღეც არ მაცოცხლა-მეთქი.
– რამდენი წლის იყავით, როცა ოჯახი შექმენით?
– ოცდარვა წლის ვიყავი და მე და ჯონიმ აბსოლუტურად შეგნებულად შევქმენით ოჯახი. სხვათა შორის, სრული შემთხვევითობა იყო ჩემი და ჯონის გაცნობა. ჩემს ძმისშვილს, მამუკას გოგონას, ირინოლას ჰქონდა გამოსაშვები საღამო. დედა და მამა ქალაქში არ იმყოფებოდნენ. მე კი წყნეთში ბავშვს გამოსაშვები საღამოსთვის ვამზადებდი. კარი გავაღე ოთახის გასანიავებლად და დავინახე მანქანამ აიარა და გივი სიხარულიძის ხმა გავიგე, კოტეჯს ეძებდა. გავძახე: აქ არის-მეთქი. კარგად მახსოვს, გამომეტყველება ადამიანის, რომელიც მის გვერდით იდგა – გაჩერდა და არ ინძრეოდა. ეს ბიჭი იყო ჯონი. არ მივაქციე ყურადღება. ჩემთან მეგობრები მოვიდნენ და გივი და ჯონი უკან რომ ბრუნდებოდნენ, შემომიარეს. ქართველების ამბავი ხომ იცით? გაიშალა სუფრა, დაიწყო ქეიფი. გულწრფელად ვამბობ, ჯონისთვის არც შემიხედავს სხვა თვალით. მეორე დღეს მეგობართან ერთად ვიყავი. ირინოლა რომ გამოსაშვები საღამოდან დაბრუნდა, ფარდა გადასწია და მეუბნება: გუშინ რომ სიმპათიური ბიჭი იყო, ის ბიჭი მოვიდაო.
კარი გავაღე: იდგა კარში, მართლაც სიმპათიური ბიჭი და აი, მაშინ კი დავაკვირდი და მომეწონა. ყვავილები და უამრავი ტკბილეულობა მოგვართვა. მერე ხუმრობდა: იმიტომ მოგიტანეთ იმდენი, ორი კვირა გეყოფოდათ და ამ ხნის განმავლობაში ხომ მაინც გაგახსენდებოდი და მახსენებდიო. დღესაც კი ეუბნება ირინოლას: შენ რომ არ ყოფილიყავი, მამიდაშენი არც კი გამოიხედავდა ფანჯრიდან, შენ მიაქცევინე ყურადღება და იმიტომ მიყვარხარ უფრო მეტადო. სხვათა შორის, იმ დღიდან რამდენიმე თვე გავიდა და ისევ გივი სიხარულიძის ზარი გაისმა – სასტუმრო „საქართველოში“ პრეზენტაციის გადაღება მთხოვა. მაშინ მუსიკალურ რედაქციაში საავტორო გადაცემა მქონდა, ამიტომ ეს ზარი უცხო არ იყო, დიზაინერი და მხატვარი მივიყვანე, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ იქ მისულს ჯონი დამხვდებოდა კაბინეტში. საქმიანი, ოფიციალური საუბარი შედგა და სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა ასეთი საუბარი. მხატვარი და დიზაინერი დავტოვე და მალევე გამოვბრუნდი. ტაქსიში რომ ვჯდებოდი, ჯონი დამეწია, მთხოვა, ჩემი ავტომობილით წაგიყვანო და უარი ვუთხარი. ჩემი ჭკუით, დავსაჯე. ხომ, გითხარით, მძიმე არტილერია ვარ-მეთქი. მერე გოგოებმა მითხრეს, რომ წამოხტა და გავარდა კაბინეტიდან, გივიმ თქვა: ისე არ აინტერესებს ჯონის ახლა ეს პრეზენტაცია, როგორც მე მაო ძედუნიო. რამდენიმე დღეში გავაღე კარი და თაიგულით დამხვდა. მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ საოცარი, ძალიან ღრმა და ვაჟკაცი ადამიანია. თავისი თვისებებით ისე მომხიბლა და შემაყვარა თავი, უკვე ოცდაათი წელია, ერთად ვართ და მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ვერცერთი წამი. ყველა, ვინც მე მიყვარს, მასაც უზომოდ უყვარს, უთბილესი ადამიანია და ვინც მას იცნობს, დამეთანხმება.
ემოციურები ვართ, ორივე ჯიუტი ხასიათის და რასაკვირველია, ჩვენ შორის კამათიც ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი იქვე მთავრდება, ყოველგვარი გაგრძელების გარეშე. კამათსაც ხომ გააჩნია, რატომ და რისთვის? საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ და იმ დროს რომ ვღელავდი და ვეკამათებოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვუფრთხილდებოდი. თუ არ გიყვარს, არც უფრთხილდები და არც ეკამათები.
წყარო:tbiliselebi.ge