"რეიტინგს" არაერთხელ მოუყოლია ამ ქართველი მსახიობის წარმატებებზე, რომელმაც ჰოლივუდში მშვენიერი კარიერა გაიკეთა. ელენე სატინი (რომლის ნამდვილი გვარი სხირტლაძეა) ჰოლივუდში უკვე ყველამ იცის. მისი ბოლო წარმატებული პროექტია სერიალი "ჯადოსნური ქალაქი", რომელშიც ოლგა კურილენკოს უწევს პარტნიორობას.
იხილეთ ფოტოგალერეა
როგორც გაირკვა, ელენეს პირადი ცხოვრების აწყობაც გადაუწყვეტია. ამერიკულმა ჟურნალმა "ფიფლმა" დაადასტურა, რომ ელენე დაინიშნა. მისი რჩეული ამერიკელი მომღერალი ტაისონ რიტერია. ტაისონი ამერიკული ჯგუფი The All American Rejects-ის სოლისტი და გიტარისტია, რომელსაც მოდელად მუშაობაც მოუსწრია. სხვათა შორის, მუსიკისგან შორს არც ელენეა.
ქართველი მსახიობი შესანიშნავად უკრავს გიტარაზე და მღერის. მისი დედა ოპერის მომღერალია და მის მუსიკალურ ნიჭს დიდად უწყობდა ხელს. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, ელენე დაქორწინების შემდეგ ქმრის გვერდითაც კი ვიხილოთ სცენაზე.
ელენე სოციალურ ქსელებში ნიშნობის ბეჭდითაც გამოჩნდა - მის თითს დიდი ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებს. ერთ-ერთ საიტზე ელენემ ამ ფოტოს ასე მიაწერა: "მომავალი მისის რიტერი".
თვით ამერიკელი მომღერალიც არ მალავს, რომ ბედნიერია მშვენიერი ქალბატონის გვერდით.
როგორც რიტერმა "ტვიტერში" თავის გვერდზე დაწერა, საყვარელ ქალს ცოლობა რომანტიკულად სთხოვა: "სახურავზე ვიდექით, ოღონდ არავინ ჩამოვარდნილა. ის ტიროდა და მე მას ხელი ვთხოვე. როგორც იქნა, ჩემი პატარძალი ვიპოვე. ყველა ჩემს მეგობარსა და თაყვანისმცემელს ვუძღვნი მადლობას მოლოცვისთვის. სამყარო ძალიან კეთილია", - წერს ტაისონი, რომელსაც მანამდე არაერთ ცნობილ ქალბატონთან ჰქონია რომანი, თუმცა, როგორც ამტკიცებს, ელენე მისი სერიოზული და საბოლოო სიყვარულია.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი "რეიტინგი" (გამოდის ორშაბათობით)