ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება მიიღო. ცერემონია საფრანგეთის კულტურის სამინისტროში ჩატარდა. ჯილდო გვასალიას კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ გადასცა.
Ordre des Arts et des Lettres, ანუ ხელოვნების რაინდის წოდება საფრანგეთში პრესტიჟული ჯილდოა. ეს პატივი საფრანგეთის მთავრობის მიერ ენიჭება იმ პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხელოვნებაში, კულტურასა თუ ლიტერატურაში, როგორც საფრანგეთში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
საფრანგეთში ხელოვნების და ლიტერატურის რაინდის (Chevalier des Arts et des Lettres) წოდება მინიჭებული აქვთ მსოფლიო მასშტაბით ბევრ ცნობილ პიროვნებას, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩნენ კულტურისა და ხელოვნების სფეროში. მათ შორის არიან მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები, რეჟისორები და სხვები.
ქართველებიდან, საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის რაინდის წოდება მიღებული აქვთ:
ეს ჯილდო არის საფრანგეთის მთავრობის ერთ-ერთი უმაღლესი კულტურული აღიარება და განსაკუთრებული პატივი პიროვნებისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელოვნების განვითარებაში.
დემნა გვასალია ეროვნებით ქართველია, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა აქვს. დაიბადა სოხუმში 1981 წლის 25 მარტს. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიატი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.
წაიკითხეთ ვრცლად დემნა გვასალიას ოჯახისა და კარიერის შესახებ აქ: დევნილობა, მუქარა ოჯახის წევრებისგან, თბილისის საპატიო მოქალაქეობა და მსოფლიო აღიარება - ქართველი დიზაინერის ცხოვრების საინტერესო მომენტები
გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, რათა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომლებმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყეს. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან, წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად იგი პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში "მარჯიელაში" დაიწყო.
დემნა გვასალიამ პარიზში, "მარჯიელას" ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას "ლუი ვიტონში" მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).
2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა და დღემდე ამ პოზიციას იკავებს.