პარიზის მაღალი მოდის კვირეული ტრადიციულად Schiaparelli-ის ჩვენებით გაიხსნა. ბრენდის კრეტიულმა დირექტორმა, დანიელ როუზბერმა ჯერ კიდევ Schiaparelli-სთან თანამშრომლობის დასაწყისში განაცხადა, რომ ელზა სკიაპარელის მემკვიდრეობის გაგრძელებას აპირებდა, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად გრძნობდა ხელოვნებას მოდაში.
ჩვენებაზე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ამერიკელი სუპერ მოდელების კენდალ ჯენერის და ალექს კონსანის გამოჩენამ. სტუმრის ამპლუაში მოგვევლინენ ყველასთვის ცნობილი მოდელები: კარლა ბრუნი, ფარიდა ხელფა,ნატალია ვადიანოვა.
ელზა სკიაპარელი
“ვიფიქრე, რომ მხატვრობის ან ქანდაკების ნაცვლად (ორივე მშვენივრად გამომდიოდა), შემეძლო კაბებისა და კოსტიუმების შექმნა, ტანსაცმლის დიზაინი ჩემთვის პროფესია არ არის, ეს ხელოვნებაა. მივხვდი, რომ ეს არის ყველაზე რთული და დაუკმაყოფილებელი ხელოვნება, რადგანაც შეიქმნება თუ არა სამოსი, იგი უკვე წარსულის ნაწილი ხდება. კაბის შექმნის გასაოცარი პროცესი, ის, თუ როგორ ეხამება ზოგიერთი ქსოვილი ერთმანეთს – რაც უნდა კარგი ინტერეპრეტაციის უნარი გქონდეს, მაინც გიტოვებს ოდნავი იმედგაცრუების გრძნობას. გარკვეულწილად, უარესიცაა, თუ კმაყოფილი ხარ, რადგან როცა ტანისამოსს შექმნი, ის უკვე შენ აღარ გეკუთვნის. კაბას ნახატივით ვერ დაკიდებ კედელზე და ვერც წიგნივით შეინახავ ხელუხლებლად, დიდხანს და საიმედოდ“.
ელზა სკიაპარელი რომში დაიბადა. მისი დედა, მარია-ლუიზა, ნეაპოლიტანი არისტოკრატი იყო. მამა, ჩელესტინო, წარმოშობით პიემონტელი, არისტოკრატი სწავლული იყო, რომელიც ძირითადად ისლამურ სამყაროსა და შუა საუკუნეების პერიოდს შეისწავლიდა. იგი დეკანი იყო რომის უნივერსიტეტში, სადაც მოგვიანებით ელზა ფილოსოფიას სწავლობდა. მისი ძმა, ჯოვანი სკიაპარელი, ასტრონომი იყო, რომელმაც მარსის არხები აღმოაჩინა.
კოკო შანელთან ერთად სკიაპარელი მსოფლიო ომებს შორის პერიოდის მოდის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ფიგურად მიიჩნევა. სკიაპარელის დიზაინი სიურრეალისტთა, მათ შორის სალვადორ დალისა და ჟან კოქტოს, შემოქმედების ძლიერ გავლენას განიცდიდა, რომლებთანაც იგი ხშირად თანამშრომლობდა. მისი სამოსის კლიენტებს შორის იყო ცნობილი ამერიკელი მსახიობი მეი უესტი. სკიაპარელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებულ მოდის ცვლილებებს არ მოერგო, რის გამოც საკუთარი მოდის სახლის დახურვა მოუწია.