ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ცნობილი დიზაინერია. ავთანდილს იტალიასა და სხვა დიდ ქვეყნებში უკვე წლებია იცნობენ, საქართველოში კი მისი სამოსი კარგად ფასობს. დიზაინერს და მის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძეს, ერთი ქალიშვილი, ანასტასია ჰყავთ.
ავთანდილის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი სწორედ ანასტასიაა, რომელიც პარიზში სწავლობს და როგორც დიზაინერი ამბობს, იმაზე უკეთესი ადამიანია, როგორიც თავად წარმოედგინა. ამის შესახებ დიზაინერმა "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა:
"ანასტასია, მისი თაობა და მასზე პატარები – ჩვენი გადმოსახედიდან და ჩვენი პერიოდის აღზრდიდან გამომდინარე, მათგან ყველაფერი სასწავლი გვაქვს. ვუსმენ და ვეკითხები აზრს. ჩემთვის ბედნიერებაა, როცა თავად ამბობს, რომ ჩვენ დიდი მეგობრები ვართ. მიყვარს მის მეგობრებთან ურთიერთობა და ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც ისინი კითხულობენ, ავთო მოვა თუ არა სახლშიო, როცა ჩვენთან არიან.
ყველაფერი იცვლება, როცა ახალი სიცოცხლე ჩნდება შენს ცხოვრებაში, რომელიც შენი ნაწილია. ზოგადად, ცხოვრების ხედვაც იცვლება, მზრუნველობის სხვა ხაზი გეხსნება, შენდა უნებურად, სულ რომ უვარგისი მშობელი იყო, აბსოლუტურად ახალი კოდი იხსნება, რომელიც მანამდე შენთვის იყო უცხო და პირადად შენ გეხება. ხომ გვიკვირდა ჩვენი მშობლებისგან, რატომ აკეთებდნენ ამას თუ იმას, ბრძოლებიც გვქონდა გარდატეხის ასაკში, როცა შვილი შეგეძინება, მერე ხვდები, რატომ ზრუნავ ასე გაასმაგებულად. მანამდე შენთვის უცხო იყო, რატომ ნერვიულობდა დედა, როცა გვიან მიდიოდი სახლში ან საერთოდ არ მიდიოდი...
ანასტასია უფრო უკეთესია, ვიდრე ვოცნებობდი! მე ყოველთვის ვარ ხოლმე დამკვირვებელი. მაინტერესებს, როგორ მოიქცევა ამა თუ იმ მოცემულობაში. მე და ხათუნას ყოველთვის ასეთი პრინციპი გვქონდა, როცა ბავშვი სიარულს იწყებს, შენ კი არ უნდა ატარო, ადროვო სიარული და იყო ახლოს, რომ თუ წაიქცა, დაეხმარო და ააყენო. ვფიქრობ, მშობლის პოზიციიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მგონია, რომ ანასტასია ნებისმიერ მოცემულობაში ისე იქცევა, როგორც უნდა მოიქცეს ნამდვილი ადამიანი. თუ, ღმერთმა ნუ დააჭირვოს და დასჭირდება დახმარება, ჩვენ გვერდით ვართ, უბრალოდ, ვადროვებთ ცხოვრებას…ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა პარიზში და იქ ცხოვრობს უკვე მეორე წელია.
დასაწყისში ხან მე ჩავდიოდი, ხან – ხათუნა. ნელ-ნელა შევამცირეთ. ახლა დამოუკიდებელი გოგოა. აქ რომ ჩამოდის, საჭმელსაც მიმზადებს, მეკითხება, რა მინდა, ამას არასდროს აკეთებდა", - ასე ახასიათებს ანასტასია ცქვიტინიძეს მამა, ავთანდილ ცქვიტინიძე.
ხათუნა თოთლაძე 2014 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს პოპულარობა არ იზიდავს და ცოტამ თუ იცის მისი წარმატებული კარიერის შესახებ. ის წლებია სამინისტროს თანამშრომელია და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს. 37 წლის თოთლაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ცნობილი დიზაინერის მეუღლე ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმულობის სტილით. მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად მონაწილეობს შეხვედრებსა თუ მიღებებში, სადაც ძირითადად ჩაცმულობის ოფიციალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას.ხათუნა თოთლაძე 2014 წლის 17 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.