საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ში ვიზიტისას ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსითა და აქსესუარებით იყო წარმოდგენილი: მათ შრის იყვნენ: თამუნა ინგოროყვა, ნინო სეფიაშვილი, სიტუაციონისტი, ჯანაშია, ქეთი ჩხიკვაძე... ჩამონათვალში შეხვდებით დიზაინერ ნინა ზარქუასაც, რის გამოც ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტად იქცა.
"ურჩიეთ, ზარქუა აღარ ჩაიცვას", "ვინ ზრუნავს მის ჩაცმულობაზე?" "ზარქუა რატომ?" - წერდნენ კომენტარებში.
ამის მიზეზი ისაა, რომ დიზაინერი ნინა ზარქუა არის ირაკლი ზარქუას და. ირაკლი ზარქუა არის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ირაკლი ზარქუამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
American Enterprise Institute-ში გამართული დისკუსიის დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთან აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის „ჩართულობის ნაკლებობამ“ შესაძლოა რუსეთს საქართველოში საკუთარი ინტერესების წინ წაწევისკენ უბიძგა.
„ჩართულობის ნაკლებობა იყო, რამაც შესაძლოა წაახალისა რუსეთი, რომ უფრო პროაქტიული ყოფილიყო რეგიონში და ეცადა, რომ ეს მარიონეტული რეჟიმი სულ უფრო პრორუსული გამხდარიყო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა. მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა.
2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. თუმცა მან დაბრუნებაც დააანონსა და ის ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებლად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. ზურაბიშვილმა არჩევნები მეორე ტურში მოიგო და საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.
მას პირველი მეუღლისგან, ნიკოლოზ გორჯესტანისგან (გუგუშვილი), რომელიც 22 წლის ასაკში რომში გაიცნო, ორი შვილი - თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ.
სალომე ზურაბიშვილის უფროსი შვილი თეიმურაზ გორჯესტანი პროფესიით დიპლომატია და დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში მუშაობს. თეიმურაზი დედის გაპრეზიდენტების შემდეგ დაოჯახდა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ჰყავს ერთი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი.