ნანიკო ხაზარაძემ ნანკა გვარის ინტერნეტ-გადაცემაში ისაუბრა:
"52 წლის ასაკში პირველად მომეცა საშუალება, ჩემი ბუდე მომეწყო. არასდროს ავად არ ვყოფილვარ, სიცხე ან ვირუსი არ მქონია, არ ვიცი ფიზიკური ცუდად ყოფნა რა არის. რაც შეეხება, მენტალურ ჯანმრთელობას, აქ დიდი პრობლემები მქონდა - პირველი დიდი დარტყმა 21 წლის ასაკში მქონდა, პანიკური შეტევები დამეწყო.
ყველას გონია, როცა წამალს სვამ სამყაროს მიმართ დამოკიდებულება გეცვლება. ასე არაა, ზუსტად ისე ფიქრობ, როგორც ადრე - უბრალოდ, ორგანიზმში გამოიყოფა ის ჰორმონები, რომელიც ხელს გიწყობს უფრო ბედნიერი იყო. როცა მდგომარეობა სტაბილურია, პრობლემებსაც მარტივად უმკლავდები."
ნანიკო ხაზარაძემ გაიხსენა ის პერიოდიც, როცა შეყვარებული იყო 8 წლით უმცროს ადამიანზე, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობდა. მას დაოჯახებაზე ფიქრი და ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირდა, ამაში კი დედა დაეხმარა. როგორც თავად იხსენებს, დედა ხედავდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო, ერთ დღესაც წერილი დაახვედრა, სადაც წერდა, რომ დრო იყო, ეს გაკეთებინა, რადგან შემდეგ მარტო არ დარჩენილიყო.
ნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. 2007-2008 წლებში მიჰყავდა გადაცემა „ნანიკოს შოუ“. გადაღებულია 5 ფილმში.
ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა განქორწინებით.
განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო.
ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე.
მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.