ის უკვე რამდენიმე წელია, აღარ ჩნდება ტელეეკრანებზე. იშვიათად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს სოციალურ ქსელებშიც.
როგორია ნინო ხოშტარიას განვლილი გზა და ცხოვრება სამშობლოსგან შორს
ნინო ხოშტარია ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ეკრანებზე გამოჩნდა და საკუთარი პროფესიონალიზმით მალევე მოიგო მაყურებლის გული. ალბათ, ყველას კარგად ემახსოვრება საბავშვო ინტელექტუალური პროექტი "ყველაზე ჭკვიანი", რომლის წამყვანიც იყო ნინო ხოშტარია. მას შემდეგ ის არაერთ შოუს, თოქ-შოუსა თუ გადაცემას უძღვებოდა და დადებითი ენერგიით და გამორჩეული საუბრის მანერით ის ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ტელესახედ იქცა. ის იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი გადაცემის, მათ შორის, "ჯეობარის", "ეკივოკისა" და კიდევ რამდენიმე გადაცემის წამყვანი.
2019 წლისთვის ნინო ხოშტარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად შუადღის გადაცემა "სხვა შუადღე" მიჰყავდა, თუმცა სარედაქციო ცვლილებების გამო ნინომ არხი დატოვა და აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობასაც ჩამოშორდა. "რუსთავი 2"-ში ნინო 25 წლის მანძილზე მუშაობდა:
"25-დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ", - წერდა მაშინ ტელეწამყვანი.
მას შემდეგ ნინო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ვერსად ნახავთ მის ახალ ინტერვიუებსაც. ნინო დროდადრო აქვეყნებს ფოტოებს აშშ-დან, მონაკოდან და ესპანეთიდან. ის ბევრს მოგზაურობს და ხშირადაა ოჯახის წევრებთან ერთად. ნინო სულ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა და მისთვის ეს ამპლუა განსაკუთრებით საყვარელი აღმოჩნდა. შვილიშვილთან, უსაყვარლეს პაოლოსთან ერთად დიდ დროს ატარებს და მის ფოტოებსაც ხშირად გვიზიარებს. ახლა მისი ცხოვრება კამერებისგან დაფარული, თუმცა მშვიდი და სასიამოვნოა.