ევროვიზია 2025 წელს 13, 15 და 17 მაისს გაიმართება და გრანდიოზული შოუსთვის მზადება უკვე დაწყებულია. შვეიცარიამ კონკურსის მასპინძლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2024 წლის კონკურსზე შვეიცარიის წარმომადგენელმა, Nemo-მ სიმღერით The Code გაიმარჯვა. მან 591 ქულა მიიღო.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.
უკვე ცნობილია, როგორი იქნება სცენა, სადაც 38 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება.
წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევროვიზიის 69-ე შოუ გაიმართება. მას სამი ქალი წამყვანი ეყოლება: ჰაზელ ბრუგერი, მიშელ ჰუნციკერი და სანდრა სტუდერი.ევროვიზია 2025-ის სლოგანია United By Music, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც „მუსიკით გაერთიანებული“.
ქართველი მაყურებელი "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს ყოველთვის დიდი მოლოდინითა და იმედებით ხვდება. საქართველოს დებიუტი ევროვიზიაზე 2007 წლის შედგა. პირველი წარმომადგენელი იყო სოფო ხალვაში სიმღერით „Visionary Dream“. ბოლო, 2024 წლის ევროვიზია კი შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართა. ჩვენი ქვეყანა ნუცა ბუზალაძემ წარადგინა. საქართველო "ევროვიზია 2024"-ის კონკურსზე 34 ქულით 21-ე ადგილზე გავიდა.
ვინ წარადგენს საქართველოს წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე? - ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყო. როგორც გაირკვა, საზოგადოება აქტიურად გულშემატკივრობს ქართველ მომღერალ ბარბარა სამხარაძეს:
"ბევრი შეტყობინება მომდის, რასაც ძალიან ვაფასებ და მადლობას გიხდით, რომ ჩემს ევროვიზიაზე წარდგენას განიხილავთ – ეს ჩემთვის დიდი პატივია.თუმცა, ამ ეტაპზე რესურსი არ მაქვს და არც მზადყოფნა, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდე.პირობას გაძლევთ, მომავალ წელს ვიბრძოლებ იმისთვის რომ საქართველო წარვადგინო და ვიმედოვნებ, რომ შანსი მომეცემა და შევძლებ, ვიყო თქვენი ხმა.ამჯერად კი, მთელი გულით მინდა, რომ საქართველო ნინი აირისმა წარადგინოს – მჯერა, რომ მას შეუძლია ღირსეული და გამორჩეული გამოსვლა", - დაწერა ბარბარა სამხარაძემ.
ნინი ბრეგვაძე, სასცენო სახელით ნინი აირისი ასევე ქართველი მსმენელის ფავორიტი მომღერალია:
"ჩემო უძვირფასესო ქართველებო, ხალხის დიდი თხოვნიდან გამომდინარე და, ასევე, ჩემი სურვილით, ვყოფილიყავი საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე, დავწერე სიმღერა და გავუგზავნე პირველ არხს! ველოდები პასუხს! მიყვარხართ", - დაწერა ნინი ბრეგვაძემ.
მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი "ევროვიზია 2025"-ის კანდიდატად ქართველ მომღერალ თათია კობალაძეს განიხილავს:
"ევროვიზიაზე უნდა წავიდეს თათია კობალაძე. იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე ან უკეთ მღერის, ან ნაკლებად, არა, დღეს ყველა კარგად მღერის! მაგრამ თათიას აქვს მებრძოლი ხასიათი. სულ რაღაც 2 კვირის წინ ამოიკვეთა სიმსივნე და მისი სული ისევ ანთებულია კონკურსისკენ, სადაც დიდი გამოცდილებით სარგებლობს და აქვს კონკურსების იმუნიტეტი!
სიმღერა კი ჩემი დაწერილია, მაგრამ რომც არ იყოს, მაინც თათია არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო ქალებს მისცემს იმედს და დაამტკიცებს, რომ კიბო განაჩენი არ არის. სიმღერაც ამაზე გვაქვს და, ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შემთხვევა და იმედია იმ ადამიანებისთვის, ვინც თათიასავით უშიშარი არ არის და ყველაფერი დასრულებული ჰგონია! თქვენ რას იტყვით, მეგობრებო? თათიას აქვს ის ენერგია, რომ წარმატება მოგვიტანოს!" - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
თქვენ ვის ისურვებდით საქართველოს წარმომადგენლად "ევროვიზია 2025"-ზე?