ჯანეტ ქერდიყოშვილი ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. ამის შემდეგ მშვენიერი ქართველი გოგონას პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. მასთან ხშირად წერდნენ ინტერვიუებს და იწვევდნენ გადაცემებში. 2012 წელს ის პროფესიონალ მოცეკვავე ირაკლი საბაძესთან ერთად მონაწილეობას პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" იღებდა.
ჯანეტ ქერდიყოშვილმა ძალები სცენაზე მოგვიანებით კიდევ სცადა, ოღონდ მომღერლის ამპლუაში. ის რუსეთში გაემგზავრა: "კონკურსში "ვია გრაში მინდა" ფინალამდე გავედი, ყველა ტური გავიარე, რაც გასავლელი იყო და როდესაც 24 გოგოს შორის მოვხვდი და უკვე კონტრაქტზე უნდა მომეწერა ხელი, გადავწყვიტე, სახლში წამოვსულიყავი. ჩემი ოჯახი არ იყო მომხრე, "ვია გრას" წევრი გავმხდარიყავი და მხარში არ მედგნენ. უარი მთლად ამიტომაც არ მითქვამს, რომ გითხრათ, ძალიან მინდოდა მისი წევრობა, ერთი სული მქონდა, იქ როდის მოვხვდებოდი და ძალიან სერიოზულად ვუყურებდი იმ შოუს-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ მაინტერესებდა, თუ რას შევძლებდი", - ამბობდა მოდელი.
რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ კი ჯანეტი მაყურებელმა განსხვავებულ ამპლუაში იხილა - ის "იმედის" ეთერში "დღის შოუს" ერთ-ერთ წამყვანად მოგვევლინა. მაშინ ჯანეტ ქერდიყოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. ამბობდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი კარიერა და განვითარება იყო, დაოჯახება კი მეორე პლანზე ჰქონდა გადაწეული.
2013 წელს ჟურნალ LUXURY-ის ბლოგზე ყველაზე ლამაზი ქართველების რეიტინგი გამოქვეყნდა. სომხური ყოველთვიური ჟურნალის რეიტინგში პირველი ადგილი "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა დაიკავა.
მოგვიანებით ჯანეტმა საქართველო "მის სამყაროს" კონკურსზე წარადგინა. "მის სამყარო 2015" ფილიპინების წარმომადგენელი პინა ალონსო ვურტცბახი გახდა. მაშინ ჯანეტმა სოციალურ ქსელში ვრცელი კომენტარი გააკეთა:
"ჩემო კარგებო, სამწუხაროდ, ასეთი არჩევანი გააკეთეს და მე აღმოვჩნდი 15 კონკურსანტს მიღმა, მაგრამ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი მხარდაჭერა ჯერ არავისზე მინახავს. თქვენ ნამდვილად იმსახურებდით საუკეთესო ადგილს! მიყვარხართ და კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი გვერდში დგომისთვის!" - წერდა მოდელი.
მას შემდეგ ჯანეტმა აქტიური სამოდელო კარიერა აღარ გააგრძელა. 2016 წელს ის სასწავლებლად იტალიაში წავიდა და მარაგონის უნივერსიტეტში ჩააბარა. ჯანეტი დიზაინერობას აპირებდა.
"ახალი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები, ახალი გამოცდილება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. პეტერბურგის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ვოცნებობდი, რომ ევროპის წამყვანი მოდისა და დიზაინის სკოლაში ჩამებარებინა, რომელიც ისეთ ცნობილ ადამიანებს აქვთ დამთავრებული, როგორებიც არიან, ფრანკო მოშინო, დომენიკო დოლჩე, სტეფანო გუერიერო, ალესანდრო დე ბენედეტი და სხვები. მაგრამ მშობლებმა საქართველოში წამიყვანეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ვიმუშავე წამყვან არხზე ტელეწამყვანად და ახლობლების მხარდაჭერით გადავწყვიტე, წავსულიყავი მილანში და ამესრულებინა ჩემი დიდი ხნის ოცნება. მისურვეთ წარმატებები, ჩემო ძვირფასებო", - წერდა მაშინ ჯანეტი. სწორედ ამ უნივერსიტეტში სწავლბდა ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძეც.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანეტმა ქვეყანა დატოვა, ის ქართველებისთვის მაინც საინტერესო ფიგურად დარჩა. მასთან ხშირად წერდნენ ინტერვიუებს და მისი ევროპული ცხოვრებით ინტერესდებოდნენ:
"მოდელობა არასდროს მინდოდა, ყოველთვის დიზაინერობაზე ვოცნებობდი, მიყვარდა ლუქების აწყობა, მაგრამ აქამდე არ მომეცა საყვარელი საქმის კეთების საშუალება. უნივერსიტეტში დღეში 12 საათი ვიყავით, დამღლელი იყო ამ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს აკეთებ შეუძლებელი არაფერია", - ამბობდა მაშინ ჯანეტ ქერდიყოშვილი.
"მინდა პირველი ჩვენება ევროპაში მქონდეს. ჯერჯერობით ლონდონში დავამთავრებ მაგისტრატურას, მე ვიცი როგორ შევქმნა პროდუქტი, მაგრამ არ ვიცი როგორ გავყიდო ის, ამიტომ მარკეტინგის კუთხით ვისწავლი. შემდეგ სტაფს შევკრავ და მოვაწყობ ჩვენებას", - ასეთი იყო "მის საქართველოს" გეგმები, თუმცა ამბობდა, რომ ამ ყველაფრისთვის დიდი ფინანსები იყო საჭირო და გათხოვების შემდეგ ყველაფერს ქმრის "მხრებზე დადებდა".
2019 წლის აპრილში ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ "მის საქართველო" პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე დაინიშნა. წყვილი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა - ისინი ჯერ ავსტრიაში პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრნენ, შემდეგ კი თაფლობის თვე იტალიაში გაატარეს.
"ნოე თბილისში იყო, მე - მოსკოვში. ამიტომ თავიდან ტელეფონით გვქონდა კომუნიკაცია... წლებია, ერთმანეთს შორიდან ვიცნობთ, უბრალოდ, მანამდე მეგობრული კონტაქტიც კი არ გვქონია. ერთად ყოფნის გადაწყვეტილების მიღება ცხოვრებაში ძალიან რთულია, თუმცა იმდენად ერთნაირი ღირებულებები და ხასიათი გვაქვს, რომ ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია.
ნოესგან ხელის თხოვნა ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის... ყველა გოგო თავის ცხოვრებაში ამ მომენტზე ოცნებობს და ბედნიერი ვარ, რომ ნოემ ყველაფერი სწორად და ლამაზად გააკეთა", - ამბობდა მაშინ ჯანეტი.
ევროპული არდადეგების შემდეგ წყვილმა ქორწილისთვის მზადება დაიწყო. 2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. 2020 წელს ჯანეტსა და ნოეს პირველი შვილი, ანნა სულაბერიძე შეეძინათ. გოგონა განსაკუთრებული გარეგნობით მალევე გახდა პოპულარული და მშობლები მის ფოტოებს ადა ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ.
"2020 წლის 28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარსებობდი ამქვეყნად. მენანება ძიძისთვის ბავშვის გაზრდის წამებიც კი, დედა მეხმარება", - ამბობდა ჯანეტი. 2024 წელს ჯანეტს მეორე ქალიშვილი, ლილი შეეძინა. ახლა მისი მთავარი საქმე შვილების აღზრდაა, რაშიც ბოლომდეა ჩართული.
"საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული ჩემი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელი მომენტი გახდა. მან შეცვალა ჩემი წარმოდგენა საკუთარ თავზე და შემმატა თავდაჯერებულობა, შემიმცირა თვითკრიტიკა, მასწავლა საკუთარი თავის და ჩემი ინდივიდუალობის დაფასება. თუმცა, ყოველთვის ვახსენებ საკუთარ თავს, რომ სილამაზე არამხოლოდ გარეგნობაა, ეს შინაგანი სამყაროცაა, რომელსაც ასევე სჭირდება განვითარება და შენარჩუნება", - ასე აფასებს ის დღეს განვლილ გზას.
ჯანეტი ახერხებს, იყოს კარგი დედა და მეუღლე, დრო დაუთმოს საკუთარი თავის მოვლასა და განვითარებას - მან ბოლო პერიოდში გახსნა ორი ბიზნესი, დიზაინის სტუდია და ჯანსაღი დეტოქს კვების ბრენდი, ამასთან, აქტიურია სოციალურ ქსელში და საზოგადოებისთვის დღემდე საინტერესო პერსონაა.