ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა 5 თებერვალს იუბილარია. ის 58 წლის გახდა. ია უკვე მრავალი წელია, მაყურებლისთვის საყვარელი და, ამავდროულად, საინტერესო ფიგურაა. მას საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა თუ ოჯახის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ. საინტერესო ამბებსა და ისტორიებს ია ფარულავას შესახებ კიდევ ერთხელ გაგაცნობთ.
ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას, თიკოს როლი შეასრულა.
მამამისი, ოთარ ფარულავა, ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე იყო. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს.
ია ფარულავას ბავშვობა ფერად და მხიარულ პერიოდად ახსოვს, სადაც ხელოვნება და კულტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მამის გავლენით, ის და მისი ძმა ხშირად ათვალიერებდნენ რენესანსის მხატვრების ნამუშევრებს და უსმენდნენ კლასიკურ მუსიკას, რაც მათ ესთეტიკურ აღქმაზე დიდ გავლენას ახდენდა.
ია ფარულავას ერთ-ერთ ინტერვიუში დედასაც იხსენებდა და ამბობდა, რომ განსაკუთრებული გარეგნობის ქალი იყო: "დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო - მოდელი და მოცეკვავე. დედასაც ვგავარ და მამასაც. როდესაც მოსკოვში მოდის ჩვენება გაიმართა, ამ ჩვენებაში მონაწილეობას დედაჩემიც იღებდა. ტოქსიკური დედა იყო - თვითონ ვერ განახორციელა თავისი დიდი ოცნებები, არაჩვეულებრივად მღეროდა. ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა. თავისი თავის რეალიზება ვერ შეძლო და ამიტომ ცოტა ტოქსიკური იყო. თავისი მიზნები შვილებს გადასცა - და ჩვენც ისეთები გავხდით, როგორიც მას სურდა".
ია ფარულავა ძმასთან ერთად გატარებულ ბავშვობას ყოველთვის დადებითად იხსენებდა, თუმცა მისი ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ თითქმის არასდროს საუბრობს. მან საკუთარ გადაცემაში ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ძმა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ემსხვერპლა: "2011 წლის ახალი წლის ღამეს ჩემი ღვიძლმა ძმამ ნარკოტიკი მიიღო და გარდაიცვალა. გარშემო არავინ იყო, რომ დახმარებოდა. უფრო სწორედ, იყო, მაგრამ ეგონათ, რომ ეძინა, გამოუცდელი ბავშვები იყვნენ", - გაიხსენა იამ. "შავი ფერი ჩაცმულობაში მსოფლიო დიზაინერების მიერ ფერთა მეფედ არის აღიარებული, მაგრამ ცხოვრებაში ეს ფერი მაშინ დგება, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება. რაც შეეხება ჩემი ძმის დაღუპვას, მაშინდელ ჩემს მდგომარეობას ვერანაირ ფერს ვერ ვუსადაგებ", - ამბობდა მსახიობი.
ია ფარულავა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების პერიოდს "ყვითელ" ფერს ადარებს - სიცხადე, ოპტიმიზმი, ორიგინალობა - ასეთი იყო ეს პერიოდი მსახიობისთვის.
"როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და სამსახიობო ოსტატობაში 5-იანი მივიღე, ბატონი მიშა თუმანიშვილის ჯგუფში ვაბარებდი, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში დაბალი შეფასება მქონდა და არ მიღებდნენ. ამის გამო ბატონმა მიშამ იბრძოლა, რადგანაც მსახიობის ოსტატობაში 5-იანი მქონდა მიღებული. მოკლედ, ეს პერიოდი იყო ოპტიმიზმით სავსე ყვითელი ფერი, პირველი კურსის 1-ელი სემესტრი, რომელიც დამთავრდა ოთხ თვეში, ანუ იანვარში, როცა პირველად გავთხოვდი... მერე ცხოვრება რაღაც საშინელი რუხი გახდა იმიტომ, რომ გაჩნდა პრობლემები, იყო მთელი დავიდარაბა, მეუბნებოდნენ მიმეტოვებინა თეატრალური ინსტიტუტი. ამბობდნენ, ჩვენს რძალს სამედიცინოზე ჩავაბარებინოთო. ცუდი და ჩამკვდარი ეტაპი დამეწყო, რაც 5 წელი გაგრძელდა..." - იხსენებდა ია ფარულავა.
"1993 წელს ლოს-ანჯელესში ჩემი პედაგოგი გიორგი ჟდანოვი გავიცანი. ის იყო სიმშვიდის მომტანი ხანა, ამასთანავე, მამობრივი მზრუნველობით სავსე. იმ პერიოდმა იმედი ჩამისახა, გამაწონასწორა, სიახლე შემძინა. ეს შემოქმედებითი ზრდის ეტაპი 1998 წლამდე გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც დიდ სირთულეებს ვაწყდებოდი. მარტოხელა გოგოსთვის არ იყო ადვილი ამერიკაში ცხოვრება, როგორც ფინანსურად, ისე სოციალურად..." - ამბობდა მსახიობი.
90-იან წლებში ია ფარულავა საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. თავდაპირველად სიეტლში ცხოვრობდა, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში გადავიდა. ამ პერიოდში იგი რუსული წარმოშობის ცნობილ თეატრალურ პედაგოგთან, გეორგ ჟდანოვთან გადიოდა სამსახიობო მასტერკლასებს. ამერიკაში ყოფნისას ია ფარულავა მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლებსა და დაბალბიუჯეტიან ფილმებში. ამ გამოცდილებამ მას საშუალება მისცა, გაეღრმავებინა თავისი პროფესიული უნარები და დაემყარებინა კავშირები საერთაშორისო კინოინდუსტრიაში.
ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.
1998 წელს ია ფარულავა საქართველოში დაბრუნდა და, როგორც თავად განმარტავდა, ამის მიზეზი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო:
"ერთი ადამიანის სიყვარული იყო ნამდვილი, რომლის გამოც 1998 წელს მე გავბედე და ამერიკიდან ჩამოვედი. მაშინ ხალხი ამ ქვეყნიდან გარბოდა, მე კი ჩამოვედი. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მანიპულაციის მსხვერპლი ვიყავი და არ ვაქცევდი ყურადღებას ნიშნებს. სხვაგან ფუფუნებაში ყოფნას ჩემს ქვეყანაში მირჩევნია ყოფნა, ვერ გავძლებ სხვაგან... არსად არ მაქვს ეს ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის გამო ჩამოვედი საქართველოში. ძალით ჩამომიყვანა. ჩემს საქმროს უთხრა, ია ცოლად მომყავს და საქართველოში მიმყავსო. როგორც ყველა თავის ქალს, მეც ცუდად მომექცა... მიშაზე, როგორც პოლიტიკოსზე, მე ცუდს ვერ ვიტყვი; როგორც პიროვნებაზე - კი", - იხსენებდა მსახიობი.
ია ფარულავას პირადი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა. ის ოთხჯერ იყო დაქორწინებული და არაერთი რომანი ჰქონდა.
პირველი ქორწინება რამაზ ჩანტლაძესთან შედგა, როდესაც ია ახალგაზრდა იყო. მათი ურთიერთობა რთული აღმოჩნდა რამაზის ეჭვიანობისა და ფიზიკური ძალადობის გამო, რის შედეგადაც წყვილი დაშორდა.
ამერიკაში ყოფნისას იამ მეორედ იქორწინა ჟურნალისტ კრის რაიზერზე, თუმცა, მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა და ია საქართველოში დაბრუნდა.
მესამე ქორწინება ბიზნესმენ ფადი ასლისთან შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების თვალში იდეალურ წყვილად ითვლებოდნენ, მათი ურთიერთობა დასრულდა. ია და ფადი დღემდე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას.
მეოთხედ მსახიობი ტარიელ სუარზე დაქორწინდა. ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო, როცა ერთ-ერთი პოპულარული შოუს ჟიურიში მყოფ იას საყვარელმა მამაკაცმა სცენიდან მოულოდნელად სთხოვა ხელი. ტარიელისა და იას ურთიერთობაში იყო დაშორება, თუმცა ისინი შერიგდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა, თუმცა დეტალები საჯაროდ არ განხილულა.
ია ფარულავას რომანები და პირადი ცხოვრება ხშირად იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა ის ყოველთვის ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და საკუთარი ცხოვრების მართვის უნარს.
ამჟამად ია ფარულავა მართავს საკუთარ ბიზნესს, აქტიურია სოციალურ ქსელში და ინსტაგრამზე უამრავი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მის ყოველდღიურ ვიდეოებს ელოდებიან.