უკვე მთელმა სოფელმა იცოდა, რომ `რუსი~ გოგონა ელისაბედის შვილების ძიძა იყო, თვით ფოსტის უფროსმა მარომაც კი, რომლის ენაჭარტალობამ კატია იძულებული გახადა, გარკვეული დროით ანდრიას ოჯახში დარჩენილიყო. მარომაც კი დაიჯერა ეს ზღაპარი და ერთხელ, ტყის პირას მოსეირნე კატიას რომ გამოელაპარაკა, საიდუმლოდ ისიც კი უთხრა, თუ მანდ რამე არ მოგეწონება, სამუშაოს შოვნაში დაგეხმარებიო. მერე იმითაც დაინტერესდა, ჭავჭავაძეები რამდენს გიხდიანო, მაგრამ კატიამ ვერაფერი უპასუხა, რადგან მას არავინ არაფერს უხდიდა. დაბნეულმა თავი გვერდზე გადახარა, უკმაყოფილო არ ვარო. შემიძლია ისეთი ოჯახი მოგიძებნო, სადაც უფრო მეტს გადაგიხდიანო, _ უჩურჩულა მარომ და მხარზე ხელი მოუთათუნა.
არა, კატიას არ სჭირდებოდა სამსახური. მან იცოდა, რომ როცა ამ სახლიდან წავიდოდა, არასდროს მოისურვებდა იმ ადამიანებთან მუშაობას, ვინც თუნდაც წამით მოაგონებდა ყოფილ ქმარს.
ფიქრებში წასული ჭიშკარში გავიდა და გეზი ტყისკენ აიღო. თანდათან შეანელა ნაბიჯი და გარემოს თვალიერებით შეიქცია თავი. მოსწონდა ის ადგილი, სადაც გასეირნება ჩამოსვლის დღიდან აიჩემა. მწიფე ალუბლები თვალს სტაცებდა, თუმცა ერთხელაც არ მოსურვებია, მოეწყვიტა და დაეგემოვნებინა. ბოლო წლებში ცუდი კვების გამო კუჭის ტკივილს უჩიოდა და მწკლარტეს, მჟავესა და მწარეს ვერაფერს ჭამდა.
ბავშვები ბეტისთან დარჩნენ, ამიტომ ახლა თავისუფალი დრო თავზე საყრელად ჰქონდა. ეს დიდი ფუფუნება იყო მისთვის. რომ არა ანდრია, საწუხარი დიდად რა ჰქონდა? _ ტანსაცმელი, თავშესაფარი და საჭმელ-სასმელი არ აკლდა.
თითქმის მთელი კვირა მოღრუბლული დღეები დაიჭირა, აი, დღეს კი მზემ ღრუბლები გაარღვია და გამოანათა. სწორედ ამით ისარგებლა კატიამ, ალუბლების ხეივანს დაუყვა და სუფთა ჰაერი ხარბად ჩაყლაპა. ალუბალი თითქმის მოლეულიყო და ძირს ცვიოდა. უკვირდა კატიას, რატომ არავინ კრეფდა ასეთ გემრიელს ხილს.
შეგნებულად არ დაუყვა მთავარ გზას, რომ ვინმეს არ გადაჰყროდა. მოაბეზრეს თავი შეკითხვებით, ვინც კი შეხვდებოდა, ყველა მის გაცნობას და გამოლაპარაკებას ცდილობდა. ასეთი ცნობისმოყვარეობა კატიას არ უკვირდა, ბერიოზკაშიც ასე იყო, ყველას ყველაფერი აინტერესებდა, რაც გარშემო ხდებოდა. განსაკუთრებით იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც უცხოები იყვნენ სოფელში.
არ იცოდა, ასე სანამ გაგრძელდებოდა. ან როცა აქაურობას თავს დააღწევდა, რა უნდა ეღონა? რამე უნდა მოეფიქრებინა. ბოლოს და ბოლოს, ინგლისურს ფლობდა კარგად, იქნებ ამ მიმართულებით ეშოვა სამსახური თბილისში. კარგი იქნებოდა, სადმე საელჩოში მოწყობილიყო. ამის გაფიქრებაზე შეაჟრჟოლა. ანდრია გაახსენდა, რომელიც შორეულ წლებში სწორედ საელჩოში მუშაობდა. ეჰ… მაშინ მისი ქმარი ინგლისში რომ არ წასულიყო, ვინ იცის, იქნებ ამ დღეში არ ჩავარდნილიყო. ქმარს იგი ისე უყვარდა, არაფრის დიდებით არ მიატოვებდა. კატია ამაში დარწმუნებული იყო.
რაც ბეტის დაუახლოვდა, უფრო თავდაჯერებული გახდა. ყოფილი მული ისეთ რჩევებს აძლევდა, ყოველთვის რომ გამოადგებოდა. ახლა ის აღარ იყო უბედური, კონკიასავით შემოსილი საცოდავი ქალი, ბერიოზკადან რომ ჩამოვიდა. ის ქალი გაქრა და ჩამოქნილ, კოხტა, მომხიბვლელ ლამაზმანად გარდაიქმნა, რომელსაც ულამაზესი ფაფუკი თმა და შეუდარებლად ლამაზი თვალები ჰქონდა. მას ახლა არც არავის შეცოდება სჭირდებოდა, არც არავის დახმარება.
კარგა ხანს ისეირნა ტყის პირას, მერე კი სახლისკენ შებრუნდა და ნაბიჯს აუჩქარა. უეცრად მამაკაცი შეამჩნია, რომელიც პირდაპირ მისკენ მოიჩქაროდა. მის წითურ თმას მზის სხივების შუქზე ცეცხლისფერი დასდებოდა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ ქალაქელი არ გახლდათ. ისე გამოიყურებოდა, როგორც სოფელში მცხოვრები მამაკაცები, თითქოს პეწი აკლდა. უცნობს გაღიმებისას საფეთქლებთან სხივებით გაეშალა ნაოჭები და ღია ფერის თვალები კიდევ უფრო გაუცისკროვნდა.
_ კარგი ამინდია, არა?.. მოგესალმებით, _ მოახლოებისთანავე შეეხმიანა უცნობი.
მამაკაცი ქალს გაუსწორდა და გაჩერდა. კატიას ყურში მოხვდა მისი ძლიერი კახური კილო, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ეს კაცი ამ სოფელში დაბადებულ-გაზრდილი უნდა ყოფილიყო და ქალაქელობის არაფერი ეცხო, როგორც, მაგალითად, მის ანდრიას.
_ ქართული კარგად არ ვიცი, _ მორიდებულად ჩაილაპარაკა ქალმა და გაიღიმა. ღიმილმა მის ლოყებზე პატარა ფოსოები გააჩინა.
უცნობმა ხელები გაშალა, არა უშავს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავო და რუსულად ალაპარაკდა.
_ როგორც ჩანს, აქაური არ ხართ, ხომ? ვისთან ხართ სტუმრად? შვებულებას კახეთში ატარებთ? _ დააყარა შეკითხვები მამაკაცმა.
_ არა. ჭავჭავაძეებთან ვცხოვრობ. ბეტის ბავშვების მომვლელი ვარ.
_ ბეტი? ბეტი ვინაა?
_ უკაცრავად, ელისაბედის, _ კატიას მორცხვად გაეცინა, როცა მიხვდა, რომ მულის სახლის გადარქმევის ამბავი სოფელში ჯერაც არ იცოდნენ.
_ ააა, გასაგებია. მსმენია თქვენზე. გავიცნოთ ერთმანეთი. მე რობერტი მქვია, რობერტ ნონიაშვილი, თუმცა აქ ყველა რობის მეძახის.
კატიას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. რაღა მაინცდამაინც ანდრიას კონკურენტს შეეფეთა? მაგრამ თავი მაშინვე ხელში აიყვანა და თქვა:
_ მე კატია მქვია, გვარად კოვალენკო ვარ.
ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კატიას, ეს კაცი რუსულად ასე სუფთად რომ საუბრობდა, ანდრიასავით ქართული აქცენტი არ დაჰკრავდა. სამაგიეროდ, ქართულად საუბრისას მკვეთრი კახური კილო ჰქონდა. ამ კილოს კი არჩევდა კატია. ახსოვს, ანდრიამ კახეთში რომ ჩამოიყვანა, სულ სხვანაირი ქართული გაიგონა მაშინ და გაოცდა, რა უცნაურად ლაპარაკობენ აქაურებიო. მაშინ აუხსნა ანდრიამ, ეს კახური კილოა, რაც თბილისურისგან ბევრად განსხვავდებაო. ისიც ახსოვდა, ბიჭო-ს მაგივრად კახელები ჯო-ს რომ ამბობდნენ და უნებლიეთ გაეღიმა, თუმცა ახალი ნაცნობი ლაპარაკისას ჯო-ს არ ხმარობდა. ქალმა უფრო და უფრო აუჩქარა ნაბიჯს, რომ სახლამდე რაც შეიძლება სწრაფად მიეღწია. რობისთან ურთიერთობის გაბმა დიდად არ ხიბლავდა. შეეშინდა, ამ ნაცნობობას ვინმემ კუდი არ გამოაბასო.
მაგრამ მამაკაცი ფეხდაფეხ მიჰყვა.
_ ალბათ უკვე გეცოდინებათ, მე და ანდრია კონკურენტები რომ ვართ, არა? ერთ საარჩევნო უბანში ვიყრით კენჭს.
კატიამ ამოიოხრა და შეჩერდა.
_ რაც ჩამოვედი, მას მერე მხოლოდ ეს მესმის.
_ მართლა? უცნაურია, _ ეშმაკურად გახედა რობიმ, _ და თქვენი აზრით, ვინ გაიმარჯვებს?
ქალი სერიოზულად შეაფიქრიანა ამ შეკითხვამ.
_ გამარჯვება ალბათ მცირეოდენი უპირატესობით მოხდება, მაგრამ ვის სასარგებლოდ, ეს მე არ ვიცი და არცაა ჩემი საქმე.
_ რატომ, რატომ? არ გინდათ თქვენმა პატრონმა გაიმარჯვოს?
_ ის ჩემი პატრონია არაა, მე უბრალოდ, დაქირავებული მოსამსახურე ვარ. ჩემი მოვალეობაა, ბავშვებს მივხედო, პოლიტიკა არ მაინტერესებს.
_ კარგია, რომ არ გაინტერესებთ. ჩვეულებრივი ადამიანებისათვის მას პოზიტივი არ მოაქვს. პოლიტიკის გამო ჩვენთან ოჯახებიც კი დანგრეულა.
_ ეგ როგორ? _ კატია უცებ შეჩერდა და მამაკაცს მიაჩერდა.
_ ჩვეულებრივად. ცოლი ერთ პარტიას ემხრობა, ქმარი _ მეორეს. ან შვილები _ ერთ პარტიას, მშობლები _ სხვას. ამის გამო ოჯახში უსიამოვნებები იჩენს ხოლმე თავს.
_ ა, ახლა გასაგებია.
_ თუმცა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ბავშვურ თამაშს ჰგავს უკრაინასთან შედარებით. იქ ახლა ცუდი ამბები ხდება.
_ კი, ხდება, მაგრამ მალე ალბათ ჩვენც მოვიპოვებთ თავისუფლებას. უკრაინელები ადვილად არ ნებდებიან.
_ რა თქმა უნდა, მაგაში წამითაც არ მეპარება ეჭვი, ამით ქართველები და უკრაინელები ერთმანეთს ვგავართ, _ გულწრფელი თანაგრძნობა გაისმა რობის ხმაში და კატიაც უმალ ნდობით განიმსჭვალა ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ, თუმცა სიფრთხილე მაინც გამოიჩინა, როცა რობი შეეკითხა:
_ და აქ რატომ ჩამოხვედით? ლტოლვილი ხომ არ ხართ?
_ სახლი აგვიფეთქდა, ჩემი მშობლები ნანგრევებში მოჰყვნენ. თბილისში მეგობარი მყავს, რომელიც ჩამოსვლაში დამეხმარა, მერე კი აქ მომაწყო სამუშაოდ… დროებით, რა თქმა უნდა. მალე ისევ თბილისში დავბრუნდები და სამსახურს იქ დავიწყებ. _ სწრაფად გამოაცხო კატიამ ტყუილი.
_ თქვენმა მეგობარმა რატომ გირჩიათ მაინცდამაინც საქართველო? _ ჩაეძია რობი, მაგრამ ქალი არ დაიბნა:
_ იმიტომ, რომ ქართველები ზედმეტ კითხვებს არ სვამენ, _ მოკლედ და მკვახედ მოუჭრა.
_ ო, ეს მე გადმომიკარით, არა? _ გაიღიმა ანდრიას სიმპათიურმა კონკურენტმა, _ მაგრამ მე მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო არ შეგეკითხეთ. უბრალოდ, თქვენმა პიროვნებამ დამაინტერესა. მაპატიეთ, თუ გაწყენინეთ.
_ პატიება მიღებულია, _ ამაყად განუცხადა კატიამ, _ ახლა კი, ბოდიშს გიხდით, მაგრამ შინ უნდა დავბრუნდე. ბავშვებს უნდა მივხედო, _ თქვა და პასუხს არ დალოდებია, ისე გააგრძელა გზა.
მორჩა, მეტჯერ გარეთ აღარ გამოვა. დღესაც არ უნდა გამოსულიყო. ეს მისთვის სარისკო ნაბიჯია და უნდა მოერიდოს. ვინ იცის, როდის, სად, ვისთან დაუფიქრებლად რა წამოსცდება. განსაკუთრებით ამ ტიპთან ნაცნობობა არ ღირს, ეს ძალზე საშიშია.
მაგრამ კატიამ ვერ შეძლო საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის შესრულება, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ბავშვებთან ერთად სოფელში გავიდა და მაღაზიის წინ კამათი გამართეს, რა უფრო გემრიელი იყო, ხილის მარმელადი თუ ირისის კანფეტი, უკნიდან ხმა გაისმა.
გაგრძელება იქნება